"იქნებ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, ასე არ განმეცადა შენი წასვლა... მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში, დავიღალე, დედა...“ - სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას წერილში. პირად დარდებსა და პრობლემებს მაყურებელს არასდროს აჩვენებდა და მაინც ახერხებდა, შეექმნა ყველასთვის საყვარელი, დაუვიწყარი როლები თეატრსა თუ კინოში.
ხელოვნების სიყვარული მამისგან, დიმიტრი თაყაიშვილისგან დაჰყვა, რომელიც თეატრისა და პოეზიის დიდი მოყვარული იყო. პატარა სესილიასაც სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. შვიდი წლის პატარა გოგონა უკვე სპექტაკლში „ყვავილთა შორის“ ყვავილისა და ანგელოზის როლს თამაშობდა.
1924-26 წლებში სესილია თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. როცა ვასოს სესილია პირველად დაუნახავს, მაშინვე მოხიბლულა. მერე, ერთ საღამოს, სახლში გაუცილებია: „მეუბნებოდა, ამ ცას, ამ ვარსკვლავებს, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა ყეფით, ვასო ამომეფარა და ყვირილი დაიწყო... მე სიცილი ამივარდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი და ახლა ქუჩის ფინიამ შეგაშინა-მეთქი?!“ - იხსენებდა სესილია თაყაიშვილი.
სესილიას ვასოსთან ერთადერთი შვილი - დავითი შეეძინა. 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი სესილია მეუღლეს დაშორდა. "მეორე სართულიდან გადმოყარა ჩემოდნები. ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" - იხსენებდა ვასო გოძიაშვილი წლების შემდეგ.
ვერ აპატია ღალატი მეუღლეს, მაგრამ სიყვარულს ცხოვრების ბოლომდე უერთგულა - სესილია თაყაიშვილი აღარ დაქორწინებულა, ვასო გოძიაშვილმა კი რამდენჯერმე შექმნა ოჯახი. მსახიობი პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობდა, თუმცა ამ განშორებამ მასზე რომ დიდი და მძიმე კვალი დატოვა, ეს მის წერილებში ჩანდა.
"ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი. აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა. საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების?! ვცდილობ, იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო?
ეს პირველი წერილია, დედიკო.
თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ, რომ შვილები თავს გევლებოდა".
"ჩემო დედიკო!
მაპატიე, რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე, თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა... ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე, დედიკო, გეხვეწები.... შემიმსუბუქე დარდი.... ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო".
"ჩემო დედა!
1956 წელი, 16 თებერვალი. შენ აღარ ხარ. როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა. რა უბედური ვიყავი. ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი იყავი. შენ არაჩვეულებრივი დედა იყავი. დიდ გაჭირვებაში გაგვზარდე ჩვენ. როცა გასვენებდით, იყო საშინელი ქარი, ქარბუქი. მოგყვებოდი და ვტიროდი. გემშვიდობებოდი. მინდოდა შენი გათბობა, შენ ალბათ გციოდა, ჩემო დედიკო. სხვა არავინ არ მახსოვს, შენი სახე მახსოვს მარტო, ლამაზი, შავი ხავერდის კაბაში. ოჰ, რა ძნელი იყო ჩემთვის, თითქოს პატარა გავხდი, თითქოს ძუძუ მინდოდა. რაც ჩაგასვენე ცივ მიწაში, იმ დღიდან არ მშორდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით ხარ. თითქოს ვეხები შენს სხეულს".
სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო და წერილებს იმ ფოტოს უკან ინახავდა. აქვე იპოვეს მისი "ანდერძიც", რომელიც ახლა ხელოვნების სასახლის ფონდში ინახება:
"სამოცდათვრამეტი წლის ვარ"
ბევრი ვიცხოვრე, ბევრი განვიცადე, ბევრი სიხარულიც ვნახე. მეყოფა ეხლა. ავადმყოფობა მქონდა ძალზე ვერაგი, ძნელი, რომელმაც გამინახევრა ცხოვრება. რაც გავაკეთე ხელოვნებაში, ათჯერ გავაკეთებდი მეტს და საინტერესოს. მაგრამ ვეღარ გავუძელი მძიმე ავადმყოფობას. ჩემი თხოვნაა, მე იმედი მაქვს, ამას შემისრულებთ. არაფრის დიდებით თეატრში ან კლუბში არ გადამიყვანოთ, არ არის საჭირო.
დამიჯერეთ და ამისრულეთ, მყუდროდ მამყოფეთ ჩემ სახლში... არავითარ შემთხვევაში პანთეონში არ დამასაფლაოთ, აგიხსნით, რატო, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოთ, ღირსი ვარ თუ არა, რად გინდათ ეს, რად გინდათ, რომ ვინმემ სთქვას, არ იყო ღირსიო. რატო იბითურებთ თავს ან რატო უნდა ჩამაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იქნებოდა დედას გვერდით ვაკეში, მაგრამ იქ უკვე დავასაფლავე საყვარელი აკაკი (სესილია თაყაიშვილის ძმა. – რედ.). მაშინ საბურთალოში, ის მუხა რომ არის, ძალიან შორს არის, თქვენ მანქანა არა გყავთ და მეცოდებით.
ყველაზე უკეთესი [მაინც] საბურთალოა. ჩემს საფლავს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს, არავითარი ქვა, რკინის მოაჯირი და ზედ გაკრული, როგორიც დედას აქვს. მხოლოდ ითხოვეთ ორი ადგილი, რომ ჩემს გვერდით იყოს ვინმე.
ბევრს ნუ იტირებთ, გაუფრთხილდით ერთიმეორეს, არავითარი ქელეხი. არ გაილანძღოთ თავი. ჩამაცვით შავი კაბა.
მინაწერი:
დამიჯერეთ, პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან. ამოთხარონ და შიგ შემდონ. სირცხვილი არ იქნება. არ გინდათ ფოკუსები. დამიჯერეთ, ისე ჭკვიანურად გამოიყურებით, გთხოვთ".