ჟიზელ ბიუნდჰენი ბრაზილიელი სუპერმოდელია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როცა Victoria's Secret-ის შოუებში იღებდა მონაწილეობას. "ყოფილი ანგელოზი" ამჯერად Vogue Brazil-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა და მისი მთავარი გმირი გახდა.

ჟიზელმა გადაღებისას პატარა შავი კაბა და მინიმალური მაკიაჟი მოირგო, ჟურნალთან ინტერვიუში კი საკუთარ ხანგრძლივ კარიერასა და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.
მოდელმა აღნიშნა, რომ პატარა ასაკიდანვე საკუთარი პრინციპები და ღირებულებები ჩამოუყალიბდა, რომელთა ერთგულიც ბოლომდე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, მაინც ახერხებდა, თავი გაერთმია რთული დავალებებისთვის. ამას თან ერთვოდა ჯანმრთელობის პრობლემები - პანიკური შეტევები - რომლებსაც ყავით, ალკოჰოლითა და სიგარეტით ებრძოდა.
"მე რთული გზა გავიარე, სანამ მივხვდებოდი, რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება" - თქვა მან ინტერვიუში.

ჟიზელ ბიუნდჰენმა ყოფილ მეუღლესთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა:
"დაშორება არასოდესაა ადვილი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მედია შენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. სტრესთან გამკლავებაში შვილებზე ზრუნვა და საოცნებო პროექტებზე ფიქრი დამეხმარა" - ამბობს მოდელი.
ჟიზელ ბიუნდჰენი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრედი 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ბიუნდჰენმა და ბრედმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე დაწერეს.

"ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი შვილები, რომლებიც მთელი გულით მიყვარს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ ერთად აღზრდას, რათა მივცეთ სიყვარული, მზრუნველობა და ის ყურადღება, რასაც ძალიან იმსახურებენ" - წერდა სუპერმოდელი.
ბრედის თქმით, ის და ჟიზელი ერთმანეთს "ცხოვრების ახალ თავებში" ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ და გარშემომყოფებისგან პირადი სივრცის დაცვას მოითხოვენ.
ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - 12 წლის ბენჟამინი და 9 წლის ვივიანი. ტომს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ჯეკი ჰყავს.
