2017 წლის 11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა. ამ დღიდან თითქმის 6 წელი გავიდა, მაგრამ ქართული კინოს მშვენებად წოდებული მსახიობის შესახებ ისევ ბევრს საუბრობენ. მისი, როგორც ბრწყინვალე მსახიობის, კარგი მეგობრისა თუ უბრალოდ მშვენიერი ქალის დავიწყება ხომ მართლაც შეუძლებელია.
კინოში პირველად ექვსი წლის ასაკში გადაიღეს, მოკლემეტრაჟიან ფილმში "უსახელო უფლისციხელი", მაშინ ლიკა ქავჟარაძე კადრში რამდენჯერმე გამოჩნდა სხვა ბავშვებთან ერთად. შემდეგ იყო ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "შადრევანი" და "მშვენიერი კოსტიუმი". 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია ქართულ ფილმში. სწორედ ამ წელს გამოჩნდა ლიკა ქავჟარაძე ლანა ღოღობერიძის ფილმში "როცა აყვავდა ნუში", 12 წლის გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის ტოტი მოჰქონდა ქუჩაში, გამოჩნდა ამ ეპიზოდში და იქცა ფილმის ერთგვარ სიმბოლოდ.
თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე" ლიკამ 16 წლისამ ითამაშა. ფილმის გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე რეჟისორთან ერთად თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ ლიკა ქავჟარაძეზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ "ნატვრის ხეა" ის ფილმი, რომლის დამსახურებითაც მსახიობმა საკუთარი სახელი და გვარი ქართული კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა. ხშირად ამბობენ იმასაც, რომ ფილმის მთავარი გმირის, მარიტას ტრაგიკული ბედი ლიკა ქავჟარაძემ რეალურ ცხოვრებაშიც გაიზიარა. ის პირად ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა სულიერ სიმარტოვეზე, სევდასა და მელანქოლიაზე. ლიკას ერთი ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი დარჩა.
ქართული კინოს კიდევ ერთი გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტი ზურა ყიფშიძეა. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
ამ ორი გამორჩეული ნიჭისა და გარეგნობის მსახიობის, ზურა ყიფშიძისა და ლიკა ქავჟარაძის ტანდემი რეჟისორ ევგენი გინზბურგის მიუზიკლში "არგონავტები" შედგა. ფილმი 1986 წელსაა გადაღებული და მასში ლიკა მედეას, ზურა კი - იაზონის როლს ასრულებს. უმშვენიერესი წყვილის ულამაზესი §კადრები სოციალურ ქსელში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა გაგვიზიარა: