ოფლი გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კანში არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა. შედგება წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. მასთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება და ორგანიზმს აგრილებს. კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება, ყველაზე ხშირად - ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვედა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი.
ოფლი ადამიანისთვის თითქოს ჩვეულებრივი რამ არის ზაფხულში, როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა მაღალ ნიშნულს აღწევს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს ოფლს ჭარბი რაოდენობით გამოჰყოფენ.
რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ოფლიანობა, ამ თემაზე ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:
- ჯანმრთელი ადამიანი ფიზიოლოგიურად დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით, 400-500 გრამამდე ოფლს გამოჰყოფს, მაგრამ ეს შესამჩნევი არ არის, რადგანაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირიდან მისი შრობა. თუმცა, როცა უკვე ოფლიანობა პათოლოგიურად მიგვაჩნია (ღამის პერიოდში, ძილის დროს ადამიანი დიდი რაოდენობით ოფლს გამოჰყოფს), დასაფიქრებელია.
ამასთან, ზაფხულის სეზონზე, ცხადია, დიდი რაოდენობით წყალს ვიღებთ და შესაბამისად, ოფლსაც ასეთივე რაოდენობით გამოვყოფთ, - ეს ერთმანეთთან კავშირშია. ოფლის გამოყოფის გამო დეჰიდრატაცია რომ არ განვითარდეს, ზაფხულის სეზონზე წყლის მიღება უნდა გაიზარდოს...
მაგრამ როცა ზაფხულში ადამიანებს ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ და თან, ლოკალურად (სხეულის გარკვეულ ადგილებში), შეიძლება იყოს სისტემურიც (მთელი სხეულის ზედაპირზე) - ორივე მათგანი სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება, რაც შესაძლოა, ენდოკრინული პათოლოგიების, როგორიც არის ფარისებრი ჯირკვალი, სიმსუქნე (ჭარბი წონა), შაქრიანი დიაბეტი ან კალციუმის დონის დაქვეითება, მიზეზი აღმოჩნდეს; ხოლო წელიწადის ნებისმიერ დროს ოფლიანობა ასევე დამოკიდებულია ვიტამინების დეფიციტთან. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში მკვეთრადაა ეს გამოხატული...
როდესაც ადამიანს ჭარბი ოფლიანობა აწუხებს, მისი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს - რა მიზეზით არის გამოწვეული აღნიშნული პრობლემა. გარდა ენდოკრინული სისტემისა, ოფლიანობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ნევროლოგიურ სტატუსთან, როდესაც ადამიანს გარკვეული ემოციური ლაბილობა აქვს ან ფსიქოემოციური სტატუსია მომატებული, ადვილად აგზნებადია და ა.შ. ამ საკითხში შეიძლება ჩაერთოს როგორ ენდოკრინოლოგი, ასევე ნევროლოგი.
- თუ არ დადასტურდა ენდოკრინული სისტემის პოათოლოგია და არც ნევროლოგიური სტატუსი, როგორ უნდა ვუშველოთ პრობლემას?
- ამ შემთხვვეაში უნდა ჩაერთოს კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი... ხოლო როდესაც საუბარია ჭარბ ოფლიანობაზე, როდესაც საქმე ენდოკრინოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს, ამ დროს აუცილებელია, გამოვიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის სტატუსი, როგორც მისი ჰიპო ფუნქცია, ისე ჰიპერფუნქცია, - ორივე შემთხვევა ჭარბოფლიანობას იწვევს, მაგრამ ეს არ არის ლოკალური სახის, რომელიმე კონკრეტული სხეულის ნაწილზე, არამედ ოფლიანობა სისტემურია (სხეულის ზედაპირს ფარავს).
- მაგალითად, ოფლი მხოლოდ კისრის მიდამოში რაზე მიანიშნებს?
- ეს ხდება ლოკალურად, როცა გარკვეულ ნაწილებში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება ხდება, რაც ჭარბ ოფლიანობას იწვევს. ამ დროს შესაძლოა ლოკალური მკურნალობა სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, დეოდორანტებით მოხდეს.