„ჩემი ძმისშვილი, ირინოლა, წყნეთში მყავდა აყვანილი და ერთი დღით დავრჩი. სწორედ იმ დღეს კოტეჯის ღია კართან ვიდექი და მანქანამ გაიარა. რომელიღაც კოტეჯს ეძებდნენ და მივასწავლე. იმ ავტომობილში ისხდნენ გივი სიხარულიძე და ერთი ბიჭი, რომელსაც უკითხავს, ეს გოგონა ვინ არისო? დაახლოებით 15-20 წუთში მობრუნდნენ. ბატონი გივისთვის უთხოვია, გამაცანიო... ჩემთან მეგობრები იყვნენ სტუმრად, ინსტრუმენტი გვქონდა, ვუკრავდით და მხიარული საღამო შედგა. მერე გაქრა, რადგან საერთო ნაცნობები თითქმის არ გვყავდა და ისევ ბატონმა გივიმ დარეკა, - სასტუმრო "საქართველოში" პრეზენტაციაა და გეპატიჟებიო. მაშინ ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და საკუთარი ჟურნალი მქონდა. იქნებ შენს გოგონებს სთხოვო, პრეზენტაციისთვის დიზაინის საკითხებში დაგვეხმარონო. კარგი-მეთქი. მივედით, გავაკეთეთ ყველაფერი და გაირკვა, რომ თურმე სასტუმროს მეპატრონე სწორედ ის ბიჭია. ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი” - ასე იხსენებდა პუბლიცისტი და პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი მეუღლესთან, ჯონი გიგანთან შეხვედრას.
წყვილი უკვე ერთად ყოფნის 30 წელს აღნიშნავს. ამის შესახებ თაკომ სოციალურ ქსელში დაწერა; „ფერიცვალებას გილოცავთ, ჩვენთვის ეს დღე კი აღმოჩნდა ბედნიერი და აგერ უკვე 30 წელია მოვდივართ“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანსა და ჯონი გიგანს ერთი შვილი, ირმა ჰყავთ. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა.
როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მას ოჯახში ძალიან გაუმართლა: „ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი” - ამბობდა ის.