21 აგვისტოს მეამბოხე პრინცესას 93 წელი შეუსრულდებოდა. თაყვანისმცემლები მას "ინგლისელ ვარდს" ეძახდნენ - მარგარეტი იყო იმპულსური, ყოველთვის ამბობდა იმას, რასაც სწორად თვლიდა. მისი არისტოკრატული ქედმაღლობა ხშირად იმდენად გადაჭარბებული იყო, რომ ახლო მეგობრებიც კი ვერ ეგუებოდნენ. ბევრს სვამდა, 15 წლიდან ეწეოდა და დაუფიქრებლად იწყებდა წარმავალ რომანებს.
მის გვერდით მხოლოდ ერთი ადამიანი იყო - პიტერ ტაუნსენდი - სიმპათიური ოფიცერი, მეორე მსოფლიო ომის გმირი, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. პიტერი მარგარეტზე 16 წლით უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, წლები გადიოდა და მათი სიყვარული ერთმანეთის მიმართ მხოლოდ ძლიერდებოდა.
წყვილი იძულებული გახდა, დაემალა რომანი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამჟღავნდა. ქორწილზე საუბარი არ ყოფილა: კაცი განქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. გარდა ამისა, ის არისტოკრატულ ოჯახს არ ეკუთვნოდა. დედოფალმა მარგარეტს ულტიმატუმი წაუყენა: თაუნსენდთან ქორწინების შემთხვევაში, მას ყველა სამეფო პრივილეგია ჩამოერთმეოდა. მარგარეტმა მიატოვა კაპიტანზე დაქორწინების განზრახვა, ქვეყნის წინაშე ვალდებულებების მოტივით - ღამის კლუბების ხშირი სტუმარი გახდა, საიდანაც მხოლოდ დილით ბრუნდებოდა, ალკოჰოლი შეიყვარა და დღეში 60-მდე სიგარეტს ეწეოდა.
მედია ეპითეტებს არ აკლებდა და დედოფლის უმცროს დას „გაფუჭებულს“, „მომაბეზრებელს“ და „ცინიკურს“ უწოდებდა. პრინცესა ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა: "თუ ერთი და დედოფალია, სიკეთის გამოვლინება, მაშინ მეორე განკუთვნილია ბოროტებისთვის.“
გავიდა წლები, მარგარეტის ცხოვრების წესი კი არ იცვლებოდა. ერთადერთი, ვინც მისი ყურადღების მიპყრობა შეძლო, ფოტოგრაფი ენტონი არმსტრონგ-ჯონსი იყო.
1960 წლის 6 მაისს, სამეფო ოჯახის ისტორიაში პირველად, პრინცესას ქორწილი ტელევიზიით გადაიცემოდა.
ქორწინებას, რომელიც 18 წელი გაგრძელდა, ძნელად შეიძლება ეწოდოს წარმატებული: ორი რთული პერსონაჟი და დიდი ეგო ვერ ეწყობოდა ერთმანეთს და მალე ორივემ სხვასთან გააჩაღა რომანი. მარგარეტის ყურადღება ქმრის მეგობარმა ენტონი ბარტონმა მიიპყრო. პრინცესა იმდენად გათავხედდა, რომ ბარტონის ცოლს დაურეკა და ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად უყვარდა მისი ქმარი. ბარტონმა ცოლთან დაშორებაზე უარი თქვა და მარგარეტმაც ახალი რომანის ძიება დაიწყო.
მალე გზაზე გრძელთმიანი ჰიპი როდერიკ ლეველინი გამოჩნდა, რომელიც პრინცესაზე 17 წლით უმცროსი იყო. მარგარეტთან ერთად როდი (როგორც მას ახლობლები ეძახდნენ) ისვენებდა მოდურ კურორტებზე, ესწრებოდა კერძო წვეულებებს მსოფლიოს ცნობილ სახეებთან ერთად - ზოგადად, ტკბებოდა ცხოვრებით.
უმცროსი დის სისულელეებით დაღლილმა ელიზაბეტ II-მ უარი თქვა მისთვის წლიური 219 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე. მარგარეტი მალე ქმარს დაშორდა - ეს იყო პირველი განქორწინება ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბოლო 400 წლის განმავლობაში!
ფუფუნების მიუხედავად, პრინცესა ყოველთვის იტანჯებოდა მარტოობით. ამას განსაკუთრებით ძლიერად გრძნობდა სიცოცხლის ბოლო წლებში.
1991 წელს მან პირველი ინსულტი განიცადა. მაშინვე მოუწია ალკოჰოლისა და სიგარეტის დავიწყება. წვეულებებზე აღარ დადიოდა, მამაკაცებმა მისდამი ინტერესი დაკარგეს. თავად მარგარეტმა კი ცხოვრების მიმართ ინტერესი დაკარგა. ამის მიზეზი 1998 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა. აბაზანის მიღებისას პრინცესას ფეხები მძიმედ დაეწვა. დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ქალს მხოლოდ ინვალიდის ეტლით შეეძლო გადაადგილება. პრინცესა მარგარეტი 2002 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა.