მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა, კინოინდუსტრიაში უკვე იკვეთება არაერთი წარმატებული პროექტი. კინომოყვარულთათვის კი ეს წელი განსაკუთრებით საინტერესო იყო, დაწყებული გრეტა გერვინგის „ბარბის“ გასაოცარი ფილმითა თუ კრისტოპერ ნოლანის „ოპენჰაიმერით“. ვინც ჯერ კიდევ არ გასცნობია 2023 წლის რჩეულ ფილმებს, ეს ჩამონათვალი მათთვისაა:
ვეს ანდერსონი ჩვეულ ფორმაშია! ფილმში asteroid city რეჟისორი მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითა და თხრობის, გადმოცემის მანერით გვიყვება ომისშემდგომი ამერიკისა და მხატვრული ლიტერატურის რამდენიმე ფენის შესახებ. მათ, ვისი გულიც ფილმმა პირველივე ჯერზე ვერ დაიპყრო, ვფიქრობ, საჭიროა ასტეროიდს მეორე შანსი მისცეთ.

გრეტა გერვინგის ახალ ფილმში გასაოცარი მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ. საინტერესოდაა გამოყენებული ისეთი საკულტო სათამაშო, როგორიც ბარბია. ორმაგი სტანტარტების დასამსხვრევად, იმ სტერეოტიპებსა და წინაღობებზე სასაუბროდ, რაც ქალის ცხოვრებას კაპიტალისტურ პატრიარქატში თან ახლავს. ყველაფერი ეს კი იდეალური სიმბოლიზმითაა შეფუთული ვარდისფერ სამყაროში, ფერადი ქსოვილებისა და თვალისმომჭრელი გარემოს თანხლებით.

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი ,,ოპენჰაიმერი’’ ფიზიკოს-თეორეტიკოსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სიუჟეტს საინტერესოს სწორედ ის ავტობიოგრაფიული წიგნი ხდის, რომლის მიხედვითაც ფილმია გადაღებული. ეს რეჟისორის პირველი შავ-თეთრი ფილმია. მთავარ როლში კილიან მერფის თანხლებით ემილი ბლანტის, მეთ დეიმონის, რობერტ დაუნი-უმცროსის, რემი მალეკისა და ფლორენს პიუს ნახვის შესაძლებლობაც გვაქვს.

ამ წელს "დისნეი" ახალ საინტერესო პროდუქტს გვთავაზობს პატარა ქალთევზის სახით, რომელიც ანიმაციის შემდეგ ფილმადაა ქცეული. მიუზიკლმა გულგრილი არცერთი თაობა არ დატოვა, არიელითა და მისი ხმით პატარებთან ერთად უფროსი თაობაც მოიხიბლა.

კიანუ რივზი კიდევ ერთხელ ირგებს ჯონ ვიკის როლს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუვიწყარი საბრძოლო სცენები, საინტერესო თავგადასავლები და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კიდევ ერთხელ იპყრობს მაყურებელთა გულს.

თანამედროვე საშინელებათა ფილმი "მეგანი" დიდი პოპულარობით გამოსვლის დღიდან სარგებლობს. ფილმი თანამედროვე რობოტის შესახებაა, რომელსაც ობოლი გოგონას მოვლა ევალება. აღებულ პასუხისმგებლობას რობოტი თოჯინა იმაზე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება, ვიდრე ამას საქმე მოითხოვს, საშინელ კოშმარს კი სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს.

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ