„ყოველი სიცოცხლე, ისიც კი, რომელიც შედარებით შეუზღუდავი და თავისუფალია დროსა და სივრცეში, მაინც ხანმოკლეა! შენ უნდა გაიარო ეს შენთვის განკუთვნილი გზა – შენი სიცოცხლე, რომელიც სამყაროში განფენილი იდუმალების ძალით – და ისე, რომ შენ ეს არც კი იცი – შენ მიერვე არის არჩეული და, იმავდროულად, თავის არსში ამოუცნობია. მაგრამ შენ გაგების წყურვილით ხარ შეპყრობილი და ამიტომ ცდილობ გაიაზრო, ჩაუღრმავდე, აღმოაჩინო ის, რაც საგულისხმოა არამარტო შენთვის, ჩასწვდე შენი არსებობის მარადიულ საიდუმლოს. და მაშინ იწყებ წერას…“ - ამ სიტყვების ავტორი ლანა ღოღობერიძეა - ლიტერატორი და რეჟისორი, არაერთი შესანიშნავი ფილმის ავტორი. ტკივილიანი ბავშვობა, ბნელი დღეები და კიდევ უფრო შავი ღამეები - სწორედ ასეთ დროს სწავლობდა, ასწავლიდა და ქმნიდა შედევრებს, რომლებზეც თაობები იზრდებიან.
როგორც თავად რეჟისორი, თავისი წარსულითა თუ აწმყოთი, მას პირადი ცხოვრებაც სწორედ ასეთივე მიმზიდველი, მომნუსხველი და საინტერესო ჰქონდა. მის პირველ სიყვარულს ხომ მთელი თბილისი შეჰნატროდა. ეს სწორედ ის სიყვარულია, თაობებს რომ შემორჩა. მას ხომ რეზო თაბუკაშვილი უძღვნიდა სონეტებს, გამოუქვეყნებელი, საზოგადოების თვალს მოკლებული სონეტები სწორედ რეჟისორის უნიკალური მეხსიერების დახმარებით შემორჩა თაობებს. ,,რეზო თაბუკაშვილმა სასიყვარული ლექსი რომ დამიწერა, სიცხემ ამიწია...“ მიუხედავად ძლიერი გრძნობისა, მათი სიყვარული მალევე დამთავრდა, მაგრამ, როგორც თავადვე იხსენებენ, ასეც უნდა მომხდარიყო, სხვანაირად ხომ ვერცერთი შეხვდებოდა ცხოვრების მთავარ სიყვარულს, ლადო-ალექსი მესხიშვილსა და მშვენიერ მედეა ჯაფარიძეს.
ლანა ღოღობერიძემ მომავალი მეუღლე ლადო-ალექსი მესხიშვილი ბაკურიანში გაიცნო. მრავალი პრობლემის, დაბრკოლებისა თუ ვნებათაღელვის მიუხედავად, მათმა სიყვარულმა ყველაფერს გაუძლო. ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ბაკურიანის დათოვლილი მთები თბილისის ქუჩებმა ჩაანაცვლა. ლანა 20 წლის იყო, ლადო - მასზე 13 წლით დიდი. ორივე ძლიერ გრძნობას გულში იკლავდა და ერთმანეთს არ უტყდებოდა. ,,ერთი წამი მონუსხულებივით ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ორივე ადგილს მოვწყდით, ერთმანეთისკენ გავქანდით და გამზირის შუაგულში შევხვდით… გარშემო მანქანები დაქროდა, მძღოლები რაღაცას გვიყვიროდნენ, ჩვენ კი ვიდექით ჩახვეულები და გაქვავებულები და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდით. აი, ასე დრამატულად და უჩვეულოდ, ხალხმრავალ ქუჩაში, დღისით-მზისით, თითქოს ჩვენდაუნებურად მოხდა იქამდე ჩვენი ღრმად ჩამალული გრძნობების ერთმანეთისთვის გაცხადება!“ - წერს ლანა ღოღობერიძე.
მიუხედავად დიდი სიყვარულისა, რეალობა დღითი დღე მეტად იჭრებოდა მათ სიყვარულში; პასუხისმგებლობები, რომლებიც გააჩნდათ სხვა ადამიანების მიმართ, მეტად რთულს ხდიდა სიყვარულს. ამიტომ გადაწყვიტეს დაშორება. შემდგომ მემუარებში ლანა ღოღობერიძე იხსენებს: ,,ვიყავი ამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა…“, მაგრამ არც ეს განშორება აღმოჩნდა გრძელვადიანი მათთვის, სიყვარული ხომ ბუნებრივად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან. მათი გზები ახლიდან გადაიკვეთა ბაკურიანში. მაშინ, როდესაც ლანამ ლადოს ხმა გაიგონა, ეს სანუკვარი ხმა, მუხლები მოეკვეთა და სრიალის დროს სწორედ მის ფეხებთან დაეცა. „მე კარგა ხანს ვწევარ უღონოდ მიწაზე გართხმული, ლადო მიახლოვდება, თავის მძლავრ ხელებს შემომაჭდობს, ადგომაში მეხმარება… და უცებ სიცილი უტყდება… მე უეცრად ახლად ვიწყებ არსებობას და იმ წუთიდან ცას თავის სილურჯე უბრუნდება, თოვლს სითეთრე, ცხოვრებას გემო, მე საერთოდ მავიწყდება, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მქონდა მიღებული… და ისევ იწყება ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება… ხანდახან მგონია, რომ 1949 წლის დიდთოვლიან ზამთარში, პლანეტის ერთ გადაკარგულ წერტილში, ბაკურიანში, ჩვენ იმისთვის შევხვდით ერთმანეთს, 20 წლის მრავალჭირგამოვლილი და მაინც მიამიტი და თავქარიანი გოგო და 33 წლის, საქვეყნოდ გახმაურებული რომანების შლეიფიანი, მშვენიერ ქალთა სათაყვანებელი შეჭაღარავებული კაცი, არიქტექტორი, მოთხილამურე და მთამსვლელი, რომ სიყვარულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევრკინებოდით ერთმანეთს, ამ ბრძოლაში საბოლოოდ ორივე გადავრჩენილიყავით და მაღალი გამარჯვება მოგვეპოვებინა, არ ვიცი, საკუთარ თავზე თუ ერთიმეორეზე“. ყველაფერი ქორწინებით დაგვირგვინდა და შეეძინათ ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი - ქეთი და ნუცა.
პირადი ცხოვრების იქით, კარიერულად არაერთ წარმატებას მიაღწია და საკუთარი სახელი ოქროს ასოებით შეიტანა ქართულ კინოინდუსტრიაში. არის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმის სცენარის თანავტორი და რეჟისორი: "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ფერისცვალება", "როცა აყვავდა ნუში", "აურზაური სალხინეთში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "დღეს ღამე უთენებია", "ორომტრიალი", "ვალსი პეჩორაზე" და "ოქროს ძაფი". ასევე ავტორი ერთი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებისა ,,რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ და ,,ვისთვის გალობს შაშვი“.