"ლურჯა ცხენების" მხატვრის, თემო გოცაძის ცხოვრების ისტორია - Marao

"მარინა იყო ის ადამიანი, ვის გამოც მე სახლში მეჩქარებოდა... ყველაფრის საყრდენია ქალი ოჯახში" - "ლურჯა ცხენების" მხატვრის, თემო გოცაძის ცხოვრების ისტორია

2023-08-23 14:03:26+04:00

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ (თემო) გოცაძე, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხატვა  2-3 წლის ასაკში დაიწყო. იმ დროისათვის ცარიელი გარემო ბავშვებს დიდ გართობას არ ჰპირდებოდა, თავს კი სწორედ ამით ირთობდა. პირველ მასწავლებლად სწორედ მამა ჰყავდა: ,,მამის ჩამოსვლის შემდეგ იწყება ჩემი სერიოზული დაინტერესება ხატვით.  მამა ექიმი გახლდათ. ომში წასვლამდე პათანატომიის კათედრაზე მუშაობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვამებზე, კუნთოვან, ნერვულ სისტემებზე უწევდა მუშაობა. თავის სადისერტაციო ნაშრომებში ჩართული ჰქონდა პათოლოგიური კუნთოვანი სისტემების  ნახატები, რომლებსაც თავად ხატავდა. ფერად ფანქარში იყო სულ შესრულებული. მახსოვს, ამ მასალებიდან  ფრაგმენტებს ვხატავდი.“ 

სწორედ აქედან იწყება მისი სიყვარული მხატვრობისადმი. თეიმურაზ გოცაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (აპოლონ ქუთათელაძის კლასი). მისი მთავარი ნამუშევრებია: ,,ლურჯა ცხენები“, ,,დაბადება“, ეფემერები“, ,,ჩემი საუკუნე“, ,,ჩემი თბილისი“, სერია ,,ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), ,,მეტამორფოზა“, ,,სულიერი საქართველო“, ,,მოტაცებული მშვენიერება“, ,,საქართველო - XX საუკუნე“.

მისი შემოქმედების პირველ  ნამუშევრებად რადგან მაინც ,,ლურჯა ცხენები“ ითვლება, შეუძლებელია ვიხსენებდეთ მხატვარს და არ გავიხსენოთ სწორედ ამ ნამუშევრის შექმნის გენიალური ისტორია: „მახსოვს, ერთ ზაფხულს თბილისში ვარ დარჩენილი... ძალიან ცხელოდა და სახელოსნოშიც დიდი სიცხე ტრიალებდა. ნაბახუსევზე სავარძელში ვიჯექი და ძილბურანში მესიზმრა „ლურჯა ცხენები“... თუმცა ამასაც ჰქონდა წინა ისტორია. გალაკტიონ ტაბიძის გასვენება და პანაშვიდები დეტალურად  დავიმახსოვრე. იქაურობას არ მოვცილებივარ, შემდეგ კი დავხატე კუბოში დასვენებული მწერალი, უკანა ფონზე ლურჯა ცხენებით, მაგრამ ეს ყველაფერი დავწვი. ცოტა ხნის შემდეგ ვნახე ფარაჯანოვის ფილმი, სადაც ერთი კაცი კლავს მეორეს, ნაჯახს არტყამს და ამ ნაჯახიდან გადმოსული სისხლით ეკრანზე რელატიურად გაიწელა წითელი ცხენები. ეს კადრი ეტყობა ქვეცნობიერად ჩამრჩა სადღაც. ობიექტურად რომ გითხრათ, ჯერ ლურჯა ცხენები დავხატე და შემდეგ ვნახე ის კინოკადრი. უფრო სწორად, მერე მოვიდა ფარაჯანოვი გამოფენაზე და თავის სახლში წამიყვანა. მაშინ მაქვს ეს კადრი ნანახი მის კედელზე“. 

მხატვრის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი მის ოჯახსა და მეუღლეს, მსახიობ მარინა ჯანაშიას ეკავა. როგორც თავად იხსენებდა, ცხოვრების მთავარ სიყვარულს თეატრში შეხვდა: „მარინა პირველად აღმოვაჩინე მიშა თუმანიშვილის „ანტიგონეში“, სადაც ის  სერგო ზაქარიაძის მდივნის როლში გამოდიოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი მსახიობის აღმოჩენა. მე მაქვს ნათქვამი ფრაზა - მე რომ ერთი ნამუშევარი მაინც გამეკეთებინა იმ დონის, რა დონისაც მარინას შესრულებული მარტირიო იყო,  ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე” - ამბობდა თემო გოცაძე ჟურნალისტ თამარ ლეფსვერიძესთან ინტერვიუში. 

„ყველაფრის საყრდენია ქალი ოჯახში. ჯერ ერთი, ქალი თუ არ არის ოჯახში, ოჯახისკენ გული არ მიგდის. თუ ოჯახისკენ გული არ მიგდის, შვილისკენაც გული არ მიგდის და არც არავისკენ საერთოდ. მით უმეტეს, ისეთი პროფესიის კაცს, როგორიც მე ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება გარეთ ვიყავი, სახლში არ შემოვსულვარ საერთოდ. დედაჩემი რომ მეჩხუბებოდა,  ვეუბნებოდი, მაცალე თავისუფლება-მეთქი. მერე ვინანე, რა თქმა უნდა, მაგრამ რას იზამ. ესე იგი, მარინა იყო ის ადამიანი, ვის გამოც მე სახლში მეჩქარებოდა. ვნერვიულობდი, ვეჭვიანობდი, მქონდა ასეთი პერიოდიც. ჩვენ გვიშველა ერთმა სიტუაციამ, ჩვენ ვართ სხვადასხვა დროში მცხოვრები ადამიანები. მე ვარ ტოროლა, დილას ადრე ვიღვიძებ. სახლიდან სამსახურში რომ მივდიოდი, მარინას ეძინა ან არ ეძინა, გამამზადებდა და გამიშვებდა. მერე სადღაც 11-ის ნახევრამდე თავისუფალი იყო. წავიდოდა თეატრში, სადაც რეპეტიცია ეწყებოდა. ორი საათისთვის მოდიოდა სახლში  და  5 საათზე ბრუნდებოდა თეატრში, სპექტაკლში სათამაშოდ. სახლში  ღამით, დაახლოებით 11-ის ნახევარზე მოდიოდა. მე კი სახლში 6 საათზე  მოვდიოდი. ამიტომ ჩვენი უთიერთობა პანდემიური არ იყო, დილიდან საღამომდე ურთიერთობა არ გვქონდა და ამიტომაც იყო ნერვიულობა, ეჭვიანობა, რამაც ზოგჯერ გაამძაფრა ურთიერთობა, ზოგჯერ პირიქით. შემდეგ იყო გასტროლები... ხან მექსიკაში იყო, ხან მოსკოვში, ხან გერმანიაში. ასე რომ, ჩვენი შეხვედრები დღის განმავლობაში 2 საათს არ სცილდებოდა. 

მარინა ჩემთვის ღმერთის საჩუქარი იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ამ საჩუქრისთვის მე ბევრი ვიომე.  მარი კიდევ სხვა რამე არის. მარი, ფაქტობრივად, იყო ჩემი გადარჩენა, იმიტომ, რომ ძალიან აშლილი, არეული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ნამუშევრები დავწვი, როცა დილიდან საღამომდე ვსვამდი, როცა გადაბმული ვიყავი ვიღაცებზე და რას არ ვაკეთებდი. ესე იგი, მარის გამოჩენამ საზღვარი დაუდგა რაღაცებს. მასაც რომ ჰკითხოთ, ძალიან ძნელი იყო მისთვისაც, იმიტომ, რომ მე ვიყავი თავშეუკავებელი. სულიერი საზღვრის მიღმა ვიყავი, იმიტომ, რომ ყველაფერი ნებადართული იყო მაშინ ჩემთვის, არაფერი ფასეული არ იყო უკვე, რადგან იმ ნაბიჯს გადავაბიჯე, რასაც ვაკეთებდი, ის გავანადგურე და მერე უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი” - ამბობდა მხატვარი ინტერვიუში. 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ