წამხდარი ქალი - თავი 2 - Marao

წამხდარი ქალი - თავი 2

2023-08-24 10:14:54+04:00

წინა თავი

არადა, მიყვარდა. იმდენად ძლიერად მიყვარდა, რომ თავი დავკარგე, თუმცა ზღვარს მაინც ვერ გადავაბიჯე. იმ ზღვარს, რომელსაც ჰქვია "რას იტყვის ხალხი". იმიტომ კი არა, რომ ბრმა ვიყავი ან კონსერვატორი, ან ქაჯი… უბრალოდ, დრო იყო ისეთი. როცა ბებიას გავენდე პირველად და ვუთხარი, როგორი ქალიც მიყვარდა, ჯერ შეიკრა ორივე წარბი, მერე ზემოთ ასწია და მშვილდს დაამსგავსა, ბოლოს მაგ მორკალულ წარბებზე ორივე საჩვენებელი თითი ერთნაირი მოძრაობით გადაისვა და მტკიცედ გამომიცხადა, თუ გიყვარს, მიაფურთხე ყველასო. დღევანდელი სლენგით ეს ზუსტად ასე ჟღერს: თუ გიყვარს, დაიკიდე! აი, ასეთი "სვეტსკაი ლვიცა" იყო ბებიაჩემი, აბაშიძის ქალი. აი, ის იყო თავადი, თუ იყო! ამ გახსენებაზე, ჩემს "ცისფერსისხლიანობას" მისი თავადური არტერია უფრო აძლევს ელფერს, ვიდრე ჩემი აზნაურული წვრილი სისხლძარღვი. ესეც ხუმრობით, რა თქმა უნდა.

ალბათ კვდებით ცნობისმოყვარეობით, ვინ გიყვარდა ასეთი, ცოლად შერთვა რომ ვერ გაბედეო. ო, ეგ გრძელი ამბავია, ასე უცებ, ორი სიტყვით ვერ მოგიყვებით. ამიტომაც ინტერლუდია დროებით განზე გადავდოთ და პრელუდიის ფაზაში გადავინაცვლოთ. სწორედ იმ დროში, როცა ნანა გავიცანი…

თუმცა, სანამ ნანას ამბავზე გადავიდოდე, იმასაც გეტყვით, რატომ მომინდა ჩემი სამნაწილიანი მუსიკალური გზის თქვენთვის მოყოლა და მაინცდამაინც დღევანდელი დღე, სექტემბრის 9 რიცხვი რატომ ავირჩიე. ორი მიზეზის გამო. პირველი ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ჩემი მდგმური, თესეუდამთავრებული ევა კალაძე, ძალიან ჰგავს იმ ნანას და მეორეც - ერთი კვირის წინ, სახლიდან გასული, გზად ნანას გადავეყარე… შეხვედრა სადღაც 25 წლის შემდეგ.

როდესაც ევა პირველად მომადგა სახლში, გაოგნებისგან პირი გამიშრა და ლუღლუღი დავიწყე. მართალია, ძალიან ვულგარულად კი გამოიყურებოდა, მაგრამ ისე ჰგავდა ჩემს პირველ და დაუვიწყარ სიყვარულს, თავდაპირველად მისი ქალიშვილი მეგონა. ამიტომაც დაწვრილებით გამოვკითხე, ვინ იყო, საიდან, ვისი შვილი, დედას რა ერქვა და ა.შ. კიდევ კარგი, გადავრჩი. არა, ეს არ იყო მისი ქალიშვილი. ჯერ ერთი, დედამისს ცისანა ერქვა, მეორეც, 26 წლის იყო. 26 წლის წლის წინ კი ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით.

ო, როგორ მსიამოვნებდა ყოველდღე ამ ევას დანახვა. ასე მეგონა, ის რომ თვალებს შემომანათებდა, ნანა მიყურებდა. კი ჰქონდა უტიფარი მზერა და თითქოს გაშიშვლებდა თავისი გამოხედვით, მაგრამ ესეც რაღაცნაირად სასიამოვნო იყო. აგვისტოში იქირავა ბინა. იმერელი იყო, სამტრედიიდან, მაგრამ უკვე ისეთი გაქექილ-გამოქექილი, ეტყობოდა, მთლად "ამნაირი" რომ არ იყო, ანუ უფრო "იმნაირს" ჰგავდა. ეტყობა, სტუდენტობისას საკმარისად "გაიკვალა გზა", გაქალაქელდა და "სვეცკი" გახდა. სამსახური უშოვია თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მენეჯარად მოწყობილა და ბინის დაქირავებაც დასჭირდა. ამიტომაც, როგორც კი ერთმანეთს გავუშინაურდით, ერთ შუადღესაც, ყავაზე რომ დავპატიჟე, პირდაპირ მივახალე, არ გეშინია, უცხო მამაკაცთან მარტო რომ გიწევს ცხოვრება-მეთქი. ლამის გადაბჟირდა სიცილით და უსირცხვილოდ მომიგო, ისეთი რა უნდა მიქნა, რაც სხვებს არ უქნიათო. აი, ასეა, ბატონო. მშობლებს ჰგონიათ, თავიანთი ქალიშვილები წესიერების განსახიერებანი არიან, ისინი კიდევ ვის ლოგინებს ათბობენ სახლიდან გასულნი, კაცმა არ იცის.

ჰოდა, თან მსიამოვნებდა, ამ ახტაჯანა გოგომ ნანა რომ გამახსენა, თან გული მეთანაღრებოდა, ეს რომ შემოიმასმექნას, სინდისის ქენჯნას რაღა ვუქნა-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, 30 წლით ვიყავი მასზე უფროსი. თითქმის იმდენივეთი, რამდენითაც ჩემს ვირტუალურ შეყვარებულ ნინიზე. არადა, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, მეორე მდგმური რომ არ ავიყვანე. ჩემსა და ევას ურთიერთობაში მესამე ნამდვილად ზედმეტად მივიჩნიე.

არ ვიცი, რას მიქადის ხვალინდელი დღე, მაგრამ შევეშვათ ახლა ინტერლუდიას, ჩემი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საწყის წლებში გადავინაცვლოთ და დავიწყოთ მოყოლა, როგორ გავიცანი ნანა და რა მოხდა შემდეგ.

მაშინ სწორედ იმ ასაკის ვიყავი, რა ხნისაც ახლა ევაა. დიახ, დიახ, 26 წლის. ორდინატურა გავლილი მქონდა და ქირურგის ასისტენტად ვმუშაობდი საავადმყოფოში. ყველა ერთნაირად იხიბლებოდა ჩემით, თანამშრომლებიც და პაციენტებიც. მათ აღფრთოვანებული მზერების მოგერიება რომ არ გამჭირვებოდა, ყოველთვის სერიოზული სახით დავდიოდი, იშვიათად ვიცინოდი და მედიდური ქირურგის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. ჩემზე ამბობდნენ, ეს ბიჭი შორს წავაო. ასეთი იმიჯი ქალების გამო შევიქმენი, მაგრამ ვისთვის გამენდო ეს? თუმცა, სიტყვა იმიჯი მაშინ, მგონი, არც არსებობდა. ან შეიძლება არსებობდა კიდევაც, მაგრამ ხმარებაში არ იყო. მაშინ უფრო რუსული ბარბარიზმებით და სლენგებით ვსაუბრობდით. ასე რომ, მაშინდელი ტერმინოლოგიით, "სტოიკა" მეჭირა, "ვიდი" მქონდა მედიდური ადამიანის. როგორც ვთქვი, ჯერ ასისტენტი ვიყავი. ქირურგი, რომელსაც ოპერაციების დროს ვეხმარებოდი, ერისთავი იყო გვარად, მაგრამ ის ისე იყო ერისთავი, როგორც მე ვარ, მაგალითად, კლინტონი ან ბუში, რადგან სომეხი იყო და გვარი გადაკეთებული ჰქონდა. სინამდვილეში რა გვარის იყო, არავინ იცოდა, რადგან საგულდაგულოდ მალავდა თავის წარმოშობას, ოღონდ ესაა, ერისთავობაზე რომ ჩამოგეგდოთ საუბარი, კრინტსაც ვერ დაძრავდა თავის წინაპრებზე. არადა, კარგი კაცი იყო. ალექსანდრე ერქვა და ყველანი ალიკას ეძახდნენ. გარეგნობით ნამდვილ ყასაბს ჰგავდა, შავი, ბანჯგვლიანი, ყოველთვის მოღეღილი საყელოთი და ეს ბანჯგვლები ზედ ყელზე ამოსდიოდა, შავი, შავი, როგორც კუპრი. ერთი სიტყვით, იდეალური სომხური "როჟა" იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და დღემდე მადლობელი ვარ, საყვედური არ მეთქმის. ისე აკეთებდა ოპერაციებს, ერთი წვეთი ოფლი არ დაედინებოდა შუბლზე. იცოდა თავისი საქმე და გულარხეინად იყო. წკაპ-წკაპ და მორჩა, ნახევარ საათში მზად იყო პაციენტი. ისე გაჭრიდა და გაკერავდა, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდი.

 

გაგანია ზაფხული იდგა. ერთ კვირაში შვებულებაში უნდა გავსულიყავი და დღეებს ვითვლიდი, როდის მოვიდოდა ნანატრი დრო, რომ ადამიანურად დამესვენა. ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, რაც მუშაობა დავიწყე და ზღვისკენ ვაპირებდი გავარდნას. წინ თავისუფლების ოცდაოთხი დღე მელოდა - ცხელი, მზიანი და ზღვიანი. ძილშიც კი ზღვა მესიზმრებოდა.

ორშაბათი დღე იყო. შემოვლა რომ დამთავრდა, მთავარმა ექიმმა, როგორც ყოველთვის, თათბირი ჩაგვიტარა. სამსახურში ყველაზე მეტად ეს ორი პროცესი მეჯავრებოდა - შემოვლა და თათბირი. იმიტომ არა, რომ მოწადინებული არ ვიყავი, ჩემი პროფესია არ მიყვარდა ან ვზარმაცობდი, უბრალოდ, წმინდა ფორმალობად მიმაჩნდა ეს ყველაფერი და იმიტომ. არაფერი არსებითი ამ დროს არ კეთდება, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხია და მორჩა. ფუჭი დროის ფლანგვაა, მე თუ მკითხავთ. თუ მძიმეა ავადმყოფი, კონსილიუმია მოსაწვევი და სამსჯელო საქმეა, სხვა ამბავია. დანარჩენ შემთხვევაში კი ყველა ექიმს თავად შეუძლია მიხედოს თავის პაციენტს.

ერთი სიტყვით, ჩავამთავრეთ თათბირი და დავბრუნდი ჩემსა და ალიკას კაბინეტში. ალიკას ერთ საათში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, მეც უნდა მივხმარებოდი, ამიტომ უნდა მომესწრო ყავის დალევა, რომ მხნედ ვყოფილიყავი. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც დღეს ყავით არ იწყებენ. დილით მხოლოდ კარგი საუზმე და ჩაი, ყავა კი მოგვიანებით, საუზმესა და სადილს შორის. ჯანმრთელობისთვის ასეთი რეჟიმი ბევრად სასარგებლოა.

ორიოდე წუთის შესული ვიყავი კაბინეტში, ალიკა რომ შემოვიდა თავისი ნიჩბისხელა ხელების ქნევითა და ეშმაკური ღიმილით.

- აუ, ბიჭო, რა გოგოა, იცი? - ხელისგულები გემრიელად მოისრისა და მომაჩერდა.

- ვინ გოგო? - ზანტად ავხედე და უჯრიდან ყავის პაკეტი ამოვაძვრინე.

- მიდი, გასინჯე, ზუსტად საშენოა, - სიცილით მითხრა და მაგიდას მიუჯდა, - ასეთი ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება გვყავდეს, სხვას არავის.

მეც გამეცინა, მაგრამ არა იმაზე, რომ იშვიათად ლამაზი ქალები მხოლოდ ქართველებს შეიძლება ჰყავდეთ, არამედ იმაზე, რომ თავისი თავიც ქართველებს მიათვალა. არადა, შუბლზე ეწერა, რომ გაქანებული სომეხი იყო.

- რას იცინი? დედა გეფიცები, მართლა უმაგრესი გოგოა. წადი და ნახე.

- ვინ გოგო, რა გოგო, ალიკ! ვერაფერი გავიგე, - ყავა მადუღარაში ჩავყარე, ერთი კოვზი შაქარიც დავამატე და საპროცედურო ოთახში დავაპირე გასვლა, რომ იქ ამედუღებინა. მხოლოდ საპროცედუროში გვქონდა ელექტროღუმლის ჩართვის უფლება, მთავარი ექიმი ამას კაბინეტებსა და საორდინატოროში გვიკრძალავდა.

- ანრი, შე ძველო, როდის იყო, ყავას შენ თვითონ იდუღებდი, ა? ვერ უთხარი ვერიჩკას, უცებ მოგიცუნცულებდა. ისედაც სულ თვალებს გიჟუჟუნებს.

- ალიკ, რამდენჯერ გითხარი, ეგეთი რამეები არ მითხრა-მეთქი. ხომ იცი, რომ ექთანი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.

- კი, აბა, უცებ დაგიჯერე! ლიკა ექთანი არ იყო, თუ? შენ გამო ქალმა სამსახური მიატოვა.

გულზე უსიამოვნოდ მომხვდა მისი სიტყვები, მაგრამ ვამჯობინე, უპასუხოდ დამეტოვებინა, თორემ უნდა ავყოლოდი ლაპარაკში და აუცილებლად გავღიზიანდებოდი. ამიტომ სიტყვის უთქმელად გავედი ოთახიდან.

საპროცედუროს კარი მიხურული დამხვდა. ვიფიქრე, ეს ექთანები რამე ქალურ საქმეში არ იყვნენ გართულნი, უცებ კაბააწეულს არ წავადგე-მეთქი და ყოველი შემთხვევისთვის დავაკაკუნე.

თითქოს მე მელოდნენო, კარი იმწამსვე გაიღო და ვერა შემრჩა ხელში, ახალგაზრდა, შავგვრემანი, თვალებბრიალა პუტკუნა ექთანი.

- ანდრია ექიმო, თქვენ უნდა გასინჯოთ, არა? - მკითხა და ჯეზვე გამომართვა, - მე მოგიდუღებდით, რატომ არ მითხარით? - ამ სიტყვებით ზურგი შემაქცია და მომცრო ოთახში გავიდა, სადაც ჩვენი ექთანები, ჩვეულებრივ, ყავას ადუღებდნენ.

მე კი… მე კი შევრჩი პაციენტს, რომელიც თურმე უნდა გამესინჯა…

ვერ გეტყვით, რა დამემართა… გოგონა სკამზე იჯდა. თივისფერი თმა უკან გადაეყარა და დაძაბული მზერით მომჩერებოდა. ყველაზე გამაოგნებელი მისი თვალები იყო - ლურჯზე ლურჯი, დიდრონი, მზერა თითქოს საიდანღაც, სიღრმიდან მოდიოდა. ჯერ მარტო ამ თვალების შემონათება ღირდა ერთ სიცოცხლედ. ალბათ ამაზეა ნათქვამი, უძიროო. შევყურებდი და ვგრძნობდი, სადღაც უსასრულოდ რომ ვიძირებოდი, ვერ ვხვდებოდი, სად მთავრდებოდა ამ საოცარი თვალების სიღრმე. შავი და ხშირი წამწამები ისე შემოხვეოდა ამ თვალებს, გეგონებათ, შავი ფანქარი უსვიაო, არადა, საერთოდ არ იყო დახატული. მაკიაჟშეუხებელი სახის კანი ჰქონდა და კოცნას დახარბებული ჟოლოსფერი ტუჩები. ოღონდ არ მკითხოთ, საიდან დავასკვენი ეს. უბრალოდ, გუმანით მივხვდი, რომ მის ტუჩებს მამაკაცის კოცნა აკლდა.

ჩემ დანახვაზე ფეხზე წამოდგა.

- გამარჯობათ. მე მეექვსე პოლიკლინიკიდან გამომგზავნეს, - ნაზად ამოთქვა.

- იურამ? - ვკითხე და თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე.

პატარა მკერდი ჰქონდა, მაგრამ ისეთი დაცქვეტილი, აშკარად ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო. თითები - ნატიფი, ფეხები - ჩამოსხმული, სიმაღლე - საშუალოზე მაღალი. სხვა რაღა იყო საჭირო იდეალური სილამაზისთვის? რა ჯინა, რის სოფი, რომელი ბრიჟიტი… ნამდვილად ვერც ერთი მაშინდელი ეკრანული ვარსკვლავი ვერ შეედრებოდა.

რა თქმა უნდა, ალიკა მართალი იყო. ქართველების გარდა ვის შეიძლებოდა ჰყოლოდა ასეთი სრულყოფილი არსება? და უცებ სომეხი რომ აღმოჩნდეს. ამის გაფიქრებაზე კინაღამ გამეცინა.

- დიახ, იურა ექიმმა მირჩია. ალიკა თქვენ ხართ?

- არა, მე ანდრია ვარ. ალიკა ექიმს ამწუთას არ სცალია. რას ვუჩივით? დაბრძანდით, დაბრძანდით, - ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე, გავიარ-გამოვიარე, მერე ექიმის მედიდური მზერა ავიფარე, სკამს ხელი დავავლე და წინ დავუჯექი.

- აი… ეს იქ მომცეს, პოლიკლინიკაში, - და დიაგნოზდასმული თაბახის ქათქათა ფურცელი მომაწოდა.

ჩავხედე დასკვნას. ნანა მელიქიშვილი, 19 წლის… შემდეგ მოდიოდა ჩამონათვალი სამედიცინო ტერმინებისა და ბოლოს დიაგნოზი. მადლობა ღმერთს, ქართველი ყოფილა!

გოგონას სწორი ნაწლავი ჰქონდა დახეთქილი, თუ ამ ფურცელს დავუჯერებდით. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასეთ ნაზ გოგოს საიდან უნდა გასჩენოდა სწორ ნაწლავზე ნახეთქები და შეკითხვებისთვის მოვემზადე. მეშინოდა, ენა არ დამბმოდა, იმდენად არამიწიერად ლამაზი იყო.

- ნამშობიარები ხართ? - დავსვი პირველი სამედიცინო შეკითხვა.

- არა, გათხოვილიც არ ვარ, - თავი გააქნია და ანერვიულებულმა თითები ერთმანეთს ჩააწნა, თითქოს გამომძიებელთან ყოფილიყო დაკითხვაზე.

- ნუ ნერვიულობთ, საშიში არაფერია. უბრალოდ, მიზეზს ვიკვლევ, რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია, - თან გავუღიმე, - ცხარე საჭმელი გიყვართ?

- არა, არც ისე… - დაბნეულმა მომიგო და თვალები დახარა.

- კუჭის მოქმედება როგორი გაქვთ? ყაბზობა ან…

- ნორმალური, - სიტყვა შუაზე გამიწყვიტა, - არც შეკრული მაქვს და არც აშლილი.

- მდა… კარგი, გაიხადეთ და სავარძელზე ადით, გაგსინჯავთ.

- სულ გავიხადო? - გაუფართოვდა ისედაც ფართო თვალები.

- არა, სულ არა, მხოლოდ წელს ქვემოთ.

- ყველაფერი?

ჩამეცინა.

- იურამ როგორ გაგსინჯათ? ჩაცმული?

- ა..რაა… მაგრამ…

- არავითარი მაგრამ. გაიხადეთ! - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, მომეჩვენა, რომ სპეციალურად მიამიტობდა ასე, თორემ მშვენივრად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

გაიხადა და სავარძელზე ავიდა. ცხოვრებაში პირველად შევცქეროდი პაციენტს სხვა თვალით. ანუ, არა ექიმის თვალით, არამედ მამაკაცის, რომელიც ქალის სილამაზემ მონუსხა. "ქვედა სართულიც" ისეთივე მშვენიერი ჰქონდა, როგორიც დანარჩენი სხვა. მართლაც უნაკლო გოგო იყო.

დავათვალიერე პრობლემური ადგილი, რაც ერთობ მტკივნეული პროცესია, მაგრამ გაუძლო, ერთი-ორჯერ დაიკვნესა მხოლოდ და ეგ იყო. დიაგნოზს გადამოწმება არ სჭირდებოდა, იურას სწორად ჰქონდა ყველაფერი შეფასებული. ჩემი პაციენტი ოპერაციას ვერ ასცდებოდა, რამაც გამახარა, რადგან ბევრჯერ მომიწევდა მისი ხილვა.

- ჩაიცვით! - მოკლე ბრძანება გავეცი და ხელთათმანები გავიძრე, მერე ონკანს მივადექი და ხელების დაბანას შევუდექი.

ამასობაში ჩაიცვა და კვლავ დაჯდა. მოუხერხებლად იჯდა, სკამის კიდეზე. მივხვდი, უჭირდა დაჯდომა, ტკივილი აწუხებდა.

- დაჯდომას ვერ ახერხებთ?

- დაჯდომას კი არა, სიარულსაც ვერ ვახერხებ. ძალიან მეწვის, - თვალები ცრემლით აევსო.

უჰ, თვალცრემლიანი უკეთესი სანახავი იყო. მზერას ვერ ვწყვეტდი, მინდოდა, სულ მეყურებინა.

- არა უშავს, მოვუვლით მაგ საქმეს, - დავამშვიდე, - წამობრძანდით.

- ყავაც გაიყოლეთ, ანდრია ექიმო! - მომაძახა ვერამ, რომელსაც ჯეზვე ხელში ეჭირა.

- მერე საოპერაციოში შემომიტანე, ვერიკო, ხო? - ხვეწნის გამომხატველი მზერით გავხედე.

- როგორც მეტყვით, - მხრები უკმაყოფილოდ აიჩეჩა ვერამ.

კაბინეტში გავედი და ნანაც თან გამოვიყოლე. ალიკას უზარმაზარი ღვეზელი ეჭირა ხელში და გემრიელად იღმურძლებოდა. თითები ერთიანად ცხიმში მოსვროდა და გაზეთილი ტუჩებიც უბზინავდა.

- უი, ბოდიში, მაპატიეთ… - უცებ დაფაცურდა, როგორც კი ნანა დაინახა და ღვეზელი მაგიდაზე შემოდებულ პარკში ჩადო, - ახლავე მოგხედავთ, - თქვა და ოთახიდან გავარდა ხელ-პირის დასაბანად.

გაგრძელება იქნება