უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
ამჯერად ნუცა ცისკარიშვილი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, როგორია ცნობილი ოჯახის რძლობა:
„მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ. მთავარი დიასახლისი ჩემი დედამთილია. დიდ ოტიას ძალიან სწორი მიმართულება ჰქონდა. ჩემი იდეები მწერლის და მისი ოჯახის იდეებთან თანხვედრაში იყო, ამიტომ მათთვის ნაბიჯის შეწყობა არ გამიჭირდა.

მე მომწონს უფროსების გვერდით ცხოვრება, მათთვის ყურისგდება, მათი რჩევების გათვალისწინება, გარკვეული შეზღუდვების, ჩარჩოების არსებობა. პატივს ვცემ მორალურ კანონებს, საუკუნეებგამოვლილი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილ კანონს, ადათ-წესებს…“
ნუცამ ინტერვიუში მანდილის ტარებაზეც ისაუბრა:
„2015 წელს გავიკეტე მანდილი და მას შემდეგ არ მომიხსნია. ყველას უკვირდა… გავა დრო და გადაიფიქრებსო, მე კი არ გამიარა, ან რატომ უნდა გაევლო, როცა გული მთხოვდა, ასე მევლო? ეს ჩემი ბუნებრივი თავსაბურავი მსიამოვნებს…“