,,ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია“ - ქართული ავანგარდული ხელოვნების ფუძემდებლის, კარლო კაჭარავას პორტრეტი - Marao

,,ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია“ - ქართული ავანგარდული ხელოვნების ფუძემდებლის, კარლო კაჭარავას პორტრეტი

2023-08-24 13:09:24+04:00

,,ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებელია კარგად დამთავრებულიყო“, - კარლო კაჭარავა.

მაშინ, როდესაც ქართულ ავანგარდულ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია მხატვარი, პოეტი და არტ-კრიტიკოსი, გენიალური კარლო კაჭარავა არ გაგვახსენდეს, რომელმაც, ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ და არამარტო ქართულ სახელოვნებო სივრცეში. მის ნახატებში ხშირად ვაწყდებით სახელმწიფოს და მასში არსებულ ქაოსს. გამორჩეული ინდივიდუალიზმის წყალობით, შეუძლებელია ნახატს შეხედო და ვერ მიხვდე, რომ სწორედ კარლოს შექმნილია. ,,მხატვრებისთვის ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხელოვნებათმცოდნეებისთვის ვარ გაურკვეველი ავანგარდისტი, რომელიც რაღაცას ვხატავ და რატომ ვხატავ, არავინ იცის და პოეტებისთვის ვარ დემაგოგი, თუმცა მე ვარ პოეტი“ - სწორედ ასე ახასიათებდა ის საკუთარ თავს.

,,დაჯექი, დაწერე, დახატე“ - ამბობდა კარლო. ეს სიტყვები ერთგვარ უკვდავ დევიზად აქცია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატა. იმ დროის მანკიერებებთან ბრძოლაც ხომ სწორედ ფანქრით და მხატვრობით, რითმული ლექსებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, როგორც მისი და, ლიკა კაჭარავა იხსენებს, ის საკუთარ თავს მხატვარზე მეტად სწორედ პოეტად აღიქვამდა. „მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ მხატვარი იყო".

მას შემდეგ, რაც თბილისის 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლა დაამთავრა, სწავლა ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. პოეტად ჯარში ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, შეუძლებელია მისი მხატვრობისა და პოეზიის ერთმანეთისგან განცალკევება - ორივე ერთი მთლიანობაა. ახალი თაობისათვის ის მეტად მხატვრის სტატუსითაა ცნობილი, მაგრამ ლექსების გაცნობის შემდგომ უკეთ სწვდები ნახატების არსსა და კონცეფციას. მისი პოეზია ხომ წარსულში მოგზაურობის ტოლფასია, თითქოს ლექსები და ნახატები ერთობლივად გიყვებიან იმდროინდელ საქართველოზე, რეჟიმზე, გაჭირვებასა და სიყვარულზე...

... „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია.

ჩვენ კენტავრებს ვგავართ, პატარა მისტიკურ

კლოუნთა მომუწულ ტუჩებს,

წიგნებს, რომელთა პატარა თეთრი გულები ფეთქავს.

ჭარბწარმოება

მითოლოგიზირებული სახელების სახე-ხატების.

კიდევ უფრო მეტად, ვერმოსახილველი სიჭრელე.

კარავი შეკრული ცის ირმებად

იერცვლილი სახე-ხატებისაგან.

და მათ შორის ჩვენი ფატალური ჯანყი-ბოჰემა.

საღამოს ჩამავალი მზისგან გაყვითლებული დანებით,

რომლებითაც იჭრება ჩვენი ნერვიული პური-ფურაჟი.

ცუდი პურის მჭრელთა ერთობა წყევლით

ამოანთხევს უენობას.

განწირულთა არშემდგარი ცხოვრება

არშემდგართა განწირულობით -

ითვლის… ერთი, ორი… „

... აქ ხომ ყველა პერსონაჟი უცნაური ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, ფიქრებსა და ბურუსში ჩაკარგულ სახეთა მრავალფეროვნება ინდივიდუალურ ისტორიებს გვიყვება, გვიზიარებს ტკივილსა თუ სიხარულს, ჩვენ მხოლოდ მისი ამოკითხვა გვევალება. მისი განმარტებით კი, საკუთარი ნახატებით ადამიანთა პიროვნული სამყაროს დაცვას ცდილობდა. მის შემოქმედებაში მრავლადაა კინო, ლიტერატურა, პოეზია. ხშირად ვაწყდებით გერმანულ წარწერებს, გამოგონილ პერსონაჟებს და თავად მხატვარსაც. ის, ვინც კარგად იცნობს მის ნახატებს, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ მოხიბლულიყო მისტიკური ელენათი, რომელიც მისი მუზა იყო, რეალური ცხოვრების გადმონაშთი, ნახატებში აღბეჭდილი მშვენიერება. ,,ჰელენა ჩემთვის ყველაფერია: უბედურებაც და ბედნიერებაც“. მისი შემოქმედების უმეტესობაც ასევე მას ეძღვნება, მის სახელს ვხვდებით ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარზე „ინგლისი, დიდია სერ!“ - ,,ეძღვნება ჰელენას“.

სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, პერსონალური გამოფენები მისი გარდაცვალების შემდეგ გაიმართა. მისი შემოქმედება მოიცავს 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერულ და 3700-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, 1 500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს სათაურით: ,,თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი’’.

"მას ეშინოდა, რომ ცხოვრებას მალე დაასრულებდა, — ამბობს ლიკა კაჭარავა, — როცა ერთად ვიყავით, იგი საუბრისას ყოველთვის წამოჭრიდა სიკვდილის თემას". ერთ-ერთ ბოლო ნახატში მან საკუთარი თავიც გაუცხოებულ, უცხო სხეულად წარმოიდგინა, თითქოს გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. უსათაურო ტილოზე თავად მხატვარი სულ დაბლა მოჩანს, თავი გადახრილი აქვს, თითქოს რაღაცაში გამორკვევას ცდილობს. ცნობილია, რომ ამ ნახატის შექმნამდე ცოტა ხნით ადრე მას თავს მოსკოვში დაესხნენ. თითქოს განცალკევებით დგომა სწორედ უბედურების მოლოდინს წინასწარმეტყველებს, თავთან მდგომი ანგელოზიც ამის მომასწავებელია პოეტისთვის...

და მაინც ,,ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია“ - კარლო კაჭარავა. 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ