მომღერალი სალომე ბაკურაძე ტელესივრცეში მოზარდობის ასაკიდან გამოჩნდა. მას შემდეგ არჩეულ საყვარელ საქმეს მიჰყვება. ბევრ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა: "ნუცას სკოლა", "ჯეოსტარი", "იმღერე რამე", "იმედის ტალღა", "ბრავო", "ერთი ერთში"...
„სიმღერასთან დაკავშირებული პროფესიული არჩევანი ბევრი ფიქრის გარეშე გავაკეთე: დედაჩემი ვოკალის პედაგოგი გახლავთ. თურმე, როცა დედა და მისი სამეგობრო ოპერიდან ნაწყვეტებს, ოპერეტებს მღეროდნენ, სიმღერას თავად ვაგრძელებდი - მთლიან არიებს ბოლომდე ვასრულებდი. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში სიმღერა მცირე ასაკში, ბუნებრივად შემოვიდა და ყოველთვის იყო: ვთამაშობდი, საქმეს ვაკეთებდი, ვბანაობდი თუ ტანსაცმელს ვიცვლიდი, სულ ვმღეროდი, არასდროს ვჩუმდებოდი. საბავშვო ბაღშიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, ვმღეროდი ასევე სკოლაშიც... 9 წლის ვიყავი, როცა საბავშვო სტუდიაში მივედი, სადაც პროფესიულ სცენაზე დავდექი” - ამბობდა ის.
სალომე ბაკურაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახზეც ისაუბრა. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ლაშა ბასლანძეზეა დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, სანტი ჰყავთ. როგორც სალომე აღნიშნავს, მას მეუღლის ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ხშირად დედამთილის სამოსსაც ირგებს:
„მადლობა ღმერთს, დედამთილი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ჩაცმა, საუკეთესო გემოვნება აქვს. ერთი კონფიგურაციის ვართ და როცა ძალიან მჭირდება, მის გარდერობში შემიძლია შევარჩიო გამოსასვლელი ტანსაცმელი…“ - აღნიშნავს ის.
მომღერალმა ცხოვრების წესისა და საკუთარი გარეგნობის შესახებაც ისაუბრა:
„წონის მატება გარდატეხის ასაკში დამეწყო და მას შემდეგ თანავცხოვრობთ მე და ჩემი წონა. ვცდილობ, ვაკონტროლო ხან ვარჯიშით, ხან დიეტით. ვაიმე, რა გამხდარი გოგოაო, ჩემზე ვერ იტყვიან, მაგრამ ამით ხასიათს არ ვიფუჭებ. შემიძლია სამოსი ისე მოვირგო, რომ მე მომიხდეს…“ - ამბობს სალომე ბაკურაძე.