წამხდარი ქალი - თავი 5 - Marao

წამხდარი ქალი - თავი 5

2023-08-28 09:21:46+04:00

წინა თავი

კარი დეიდამისმა გამიღო და შინ შემიძღვა. უკვე მეორედ ვიყავი აქ და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს პირველად ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ კი არ შემიმჩნევია, რომ შემოსასვლელში უზარმაზარი სარკე ეკიდა, სადაც საკუთარ ფიგურას თავით ფეხებამდე დაინახავდი. არც წიგნებით გამოტენილი თაროები დამინახავს და არც კედელზე ჩამოკიდებული ფერწერული ტილოები, რომლებიც აშკარად დამწყები მხატვრის ნამუშევრებს ჰგავდა.

გავიარეთ სასტუმრო ოთახი და საძინებელს მივადექით. ამ ოთახში არ ვყოფილვარ. კლარამ კარი შეაღო და ანდრია მოვიდაო, ხმადაბლა თქვა. ნანა საწოლზე მიწოლილიყო, ფეხებზე თხელი პლედი ჰქონდა გადაფარებული და ხელში წიგნი ეჭირა.

- წიგნები იცოცხლე, უყვარს, ხელიდან ვერ გააგდებინებ, - ღიმილით მამცნო დეიდამისმა, - მე დაგტოვებთ, ბავშვებო, და ვახშამს მოგიმზადებთ, - ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდა და მარტონი დაგვტოვა.

უცნაურმა ცახცახმა ამიტანა. თითქოს პირველად დავრჩით მარტო. არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა, საუბრის დაწყება გამიჭირდა.

- როგორ ხარ? - ნანამ თვითონ წამოიწყო.

- მე კარგად, შენ? - ამ ერთმა შეკითხვამ უცებ მომიხსნა დაძაბულობა.

- რა ვიცი… როგორ უნდა ვიყო… - და თავისი საოცარი თვალები შემომანათა.

- როგორ და კარგად, - რიხიანად ავლაპარაკდი, - დაივიწყე, რაც იყო. ცხოვრება გრძელდება. ცოტა ხანში ეს ამბავი ცუდი სიზმარივით გაქრება.

- არა, ეს ამბავი აქედან არასდროს არ გაქრება, - შუბლზე მიიკაკუნა თითი, - სულ იმის შიში მექნება, სადმე ოდესმე თავი არ იჩინოს.

- ამიტომაც სულ უნდა აკონტროლო. თუმცა, არა მგონია, მთლად ასე საშიშიც არ არის. რა თქმა უნდა, თუ ნორმალურად იცხოვრებს ადამიანი.

- შეგაწუხე, არა? - სევდა აღებეჭდა სახეზე, - სახლში დაგიბარე… მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, სრულიად მარტო რომ დავრჩი, რომ… შენი ბრალია, რატომ მიმაჩვიე ყოველდღე შენ ნახვას, - მოულოდნელად გაიღიმა, - მერე კი გაქრი.

ისე მსუბუქად მსაყვედურობდა, სიამოვნების ტალღამ მთელი სხეული მოიცვა. შეფარვით მესიყვარულებოდა, თან მანძილს არ ამცირებდა, რათა გაეგო, მე რა შეხედულების ვიყავი ამ საკითხზე.

- სიმართლე გითხრა, მინდოდა მოსვლა, მაგრამ მეუხერხულა. საბაბი არ მქონდა, რომ მენახე, - გამეცინა, - ვიფიქრე, იქნებ არც უნდა ჩემი დანახვა-მეთქი.

- ვითომ?

- რა ვითომ? - ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა.

- ასე რომ იფიქრე, იმიტომ არ გამოჩნდი? მე სხვა მიზეზი მგონია.

- რა მიზეზი?

- თქვენ, კაცებს, იმის კი არ გჯერათ, რასაც ხედავთ, არამედ იმას ხედავთ, რისიც უკვე გჯერათ. შენს თვალში მე უკვე ხელიდან წასული გოგო ვარ, რომელთანაც ურთიერთობის გაგრძელება მიუღებელია. აბა, ჩემნაირს როგორ გამოაჩენ შენს მეგობრებთან და საერთოდ, შენს საზოგადოებაში? რას იტყვიან…

გავხევდი. თურმე რა შორს მიმავალი გეგმები ჰქონია დაწყობილი…

- შენი აზრით, ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული ჩვენს ურთიერთობას, რომ უკვე უნდა მეფიქრა იმაზე, როგორ მოვქცეულიყავი მომავალში? - და გამჭოლი მზერა მივაპყარი.

სახეზე ალმური წაეკიდა, უხერხულობის დასაფარავად პლედის ზედაპირს ჩაებღაუჭა და წიწკნა დაუწყო.

- ვიხუმრე… - ჩუმად ჩაილაპარაკა და მზერა ამარიდა, - მადლობა, რომ მოხვედი. მეტად აღარ შეგაწუხებ, - ნირშეცვლილმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.

- აი, რაღაც გეწყინა. რა გეწყინა?

- არაფერი, რა უნდა მწყენოდა? უბრალოდ, მარტო მინდა დარჩენა. არ უნდა გამომეგზავნა დეიდაჩემი შენთან. შეცდომა დავუშვი.

- გეყოფა! ძალიან არეულად ლაპარაკობ რაღაც, შენი ვერაფერი გამიგია. ხან ასე, ხან ისე. ჯერ მოვიდეს და მნახოსო, ახლა კი მაგდებ. მოდი, ჩამოყალიბდი, რა გინდა, კარგი?

ნეტავ არ მეთქვა. უეცრად გაფითრდა, ტუჩები მთლად გაუთეთრდა, ნიკაპი აუკანკალდა, თავისი სისუსტის დასაფარავად თავზე პლედი გადაიფარა და იქიდან გამომძახა, თუ შეიძლება, წადიო.

აბა, სადღა წავიდოდი? ახლა რომ წავსულიყავი, სამუდამოდ დავკარგავდი.

მის საწოლზე გადავჯექი და პლედი სახიდან ჩამოვუწიე.

- მომისმინე, ნანა. მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც დღემდე იყო. შენ სრულფასოვანი ადამიანი ხარ, ქალი, რომელსაც არაფერი გაკლია - არც ჭკუა, არც გონება და არც გარეგნობა. შენნაირ გოგოებს შეუძლიათ მთები გადადგან, თუკი მოისურვებენ. მონდომებაც კი არ დაგჭირდება, სურვილიც საკმარისი იქნება ამისთვის. თვითონაც მშვენივრად იცი, რომ ასეა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, არ ვმალავ და არც მიცდია დამალვა, რომ დანახვისთანავე მომეწონე. რა თქმა უნდა, მერე აირია სიტუაცია. ხომ გესმის… მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა, მაგრამ მე მაინც არ მიმიტოვებიხარ. ვერ გელევი და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მთლად მამაკაცური სისუსტის არ უნდა იყოს, მგონი, - გავიხუმრე, რომ ოდნავ მაინც განმემუხტა სიტუაცია.

- შენ მხოლოდ გეცოდები და ეს გალაპარაკებს, - ჩაიჩურჩულა და თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.

- სულაც არ მეცოდები. შესაცოდი რა გჭირს? ნუ მაბრაზებ, ძალიან გთხოვ. ჰო, ვაღიარებ, რომ მომწონხარ, ბევრი მიფიქრია შენზე და ახლაც ვფიქრობ. ყოველდღე მახსოვხარ და ვერ გივიწყებ. ამის აღიარება შვებას მოგგვრის? მაგრამ არც ის მინდა, რომ გული გატკინო. მე ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ ვერ გადამიწყვეტია, რა გზას დავადგე. არც ის შემიძლია, ზურგი გაქციო, მაგრამ…

- მაგრამ ჩემ გვერდით ყოფნაც გიტყდება, არა?

- აუუუ, - შემაწუხა მისმა ეჭვებმა, თუმცა საფუძვლიანმა, - ეგრე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ. ასე მიცნობ?

- ნებისმიერ კაცს გაუტყდებოდა ჩემნაირის გვერდით გავლა, - ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი აიფარა.

- ახლა გცემ, იცოდე! - გავუჯავრდი, - გინდა, დაგიმტკიცო, რომ სულაც არ მიტყდება? გინდა დაგიმტკიცო?

სახიდან ხელი ჩამოიღო და ცრემლიანი მზერა მომანათა.

- გინდა, ერთად წავიდეთ დასასვენებლად? ორი-სამი კვირით სადმე გავიდეთ, კარგი?

- რა? - იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი შეთავაზება, რომ დაიბნა.

- რაც მოისმინე. მე ავიღებ შვებულებას, შენ კიდევ უნივერსიტეტიდან ბიულეტენი გააკეთე.

- ისედაც ბიულეტენზე ვარ, თვის ბოლომდე.

- ჰოდა, მით უკეთესი. ვუთხრათ დეიდაშენს, თუ მოეწონება ჩემი წინადადება….

- არ ვიცი… არა მგონია…

- მე დავარწმუნებ, შენ ნუ გეშინია. - თვალი ჩავუკარი და წამოვდექი.

სამზარეულოდან ისეთი მადის აღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, ვიგრძენი, როგორ მომშიებოდა.

- ქალბატონო კლარა… - კარის ზღურბლთან გავჩერდი.

- ახლავე ყველაფერი მზად იქნება, ჩემო კარგო, ორ წუთში გავშლი მაგიდას, - ღიმილით გამომხედა ნანას დეიდამ, რომელსაც ხელში ტომატით გასვრილი სუფრის კოვზი ეჭირა, - ოჯახურიც მზადაა და სხვა დანარჩენიც.

- თქვენთან წინადადება მაქვს… - გავაგრძელე.

- რაო, გენაცვალე. ცუდი არაფერი მითხრა, ისედაც გახეთქვაზე მაქვს გული.

- არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, ძალზე დროული და საჭირო წინადადებაა.

- აბა, გისმენ მთელი გულისყურით, - ქალმა ტომატიანი კოვზი ცარიელ თეფშზე დადო და მაგიდას მიუჯდა.

- კარგი იქნებოდა, ნანა სადმე დასასვენებლად გაგვეგზავნა ერთი-ორი კვირით.

- გგონია, არ შევთავაზე, შვილო? მეხვეწებოდა ჩემი ბიძაშვილი, გამოუშვი ჩემთან ბორჯომში, შვილივით მივხედავო, მაგრამ არ ქნა. ასე წევს მთელი დღე და ზეზე არ დგება. ჭამა რომ ჭამაა, ისიც არ ახსენდება, მე თუ არ შევახსენე.

- იცით, რა ვიფიქრე, ქალბატონო კლარა? არ ვიცი, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ… მე რომ წამეყვანა სადმე…

- როგორ? - იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემი ნათქვამი, რომ ქალს ეგონა, მომეყურაო.

- აი, მე რომ გავყვე თან, როგორც ექიმი… მას ახლა ზღვის აბაზანები მოუხდება, ჭრილობები ჯერაც არ არის სრულად შეხორცებული. მე… მე შვებულებით წელს არ მისარგებლია, ამიტომ შემიძლია მოვითხოვო. თქვენ ალბათ გეშინიათ, ეს ამბავი ვინმეს სალაპარაკო არ გახდეს. მაგის გარანტიას მე გაძლევთ. ჯერ ერთი, ვინ რას გაიგებს და მეორეც, მე თვითონაც არ ვარ დაინტერესებული, ვინმემ ზედმეტი ილაპარაკოს. ჩემთან წამოსვლაზე ნანა უარს არ იტყვის.

ქალი ერთხანს ყოყმანობდა. თითქოს რაღაცის აწონ-დაწონვას ცდილობდა. ვინ იცის, რამდენმა კითხვის ნიშანმა გაურბინა იმწუთას გონებაში.

- არ ვიცი, ანდრია… მოვიფიქრებ, შვილო. ასე ხელაღებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება, - შეფიქრიანებულმა მომიგო.

- ყოველ შემთხვევაში, ჩემი წინადადება ძალაშია და მე მზად ვარ, თუკი გადაწყვეტთ, - მორიდებით ჩავილაპარაკე და ნანასთან შევბრუნდი.

ერთი სული ჰქონდა, რა პასუხს მივუტანდი. გაფაციცებული შემომცქეროდა.

- მოვიფიქრებო… - ხელები გავშალე.

- ესე იგი, არ გამიშვებს.

- არა, გაგიშვებს. უბრალოდ, ასე უცებ ვერ გადაწყვიტა. ვაცალოთ ცოტა, მოიფიქროს. თვითონაც მიხვდება, რომ ასე უკეთესია.

- ანდრია… - გაბზარული ხმით დამიძახა.

- რა?

- მე შენ მიყვარხარ.

გავქვავდი. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ამ სიტყვებს აუცილებლად მეტყოდა, მაგრამ ამწუთას ნამდვილად არ ველოდი. პასუხად რა უნდა მეთქვა? მეც მიყვარხარ-მეთქი? არ მინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში. იყო კი ეს სიყვარული? ჯერ გაცნობიერებულიც არ მქონდა, რა სახის ურთიერთობა უნდა მქონოდა მასთან. თუ აქამდე მის ცოლობას ვგეგმავდი, მერე კი ეს გეგმა უბრალოდ, სექსუალურმა ლტოლვამ შეცვალა, ახლა სრულიად სხვა გრძნობას შევეპყარი. არც სექსი მინდოდა მასთან, არც მისი დაუფლების ჟინი მკლავდა, კოცნა რომ კოცნაა, ისიც არ მიზიდავდა, მაგრამ მაინც მინდოდა, გვერდით მყოლოდა. ალბათ პროფესიული მიდგომა უფრო ერქვა ამ ყველაფერს, ვიდრე ნდომა ან სიყვარული. თითქოს სანატორიუმის ექიმი ვიყავი, რომელიც ცდილობს, მომაკვდავებს ბოლო დღეები შეუმსუბუქოს, დაახლოებით ასეთი გრძნობით ვიყავი განმსჭვალული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნანას ცხოვრების ხალისს გავუღვიძებდი და კვლავ მოვაბრუნებდი ამ ქვეყნისკენ.

ისე ვივახშმეთ, საუბარი ვერ ავაწყვეთ. თითქოს სამივენი რაღაცამ დაგვაბნია. იმის თქმაც ვერ მოვახერხე, აღმენიშნა, რა გემრიელი იყო ყველაფერი. მართლაც, ასეთი სიამოვნებით კარგა ხანია, არ მივახშმია.

გვიანობამდე დავრჩი. ჯერ სამივემ ერთად ვილაპარაკეთ, მერე მე და ნანა განვმარტოვდით მისსავე საძინებელში და საწოლზე მიწოლილები ისე შინაურულად ვსაუბრობდით ერთმანეთში, თითქოს ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. რაღაცები გავიხსენე ჩემი საექიმო პრაქტიკიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი კურიოზი მექნებოდა ცხოვრებაში ჩემი პროფილის გადამკიდე. ის კი კისკისებდა და კისკისებდა. რაც გამოწერეს მას შემდეგ პირველად ვხედავდი ასე გაცინებულს, ღიმილიც კი უცხო ხილი გახდა მის სახეზე.

პირველი ხდებოდა, რომ წამოვედი. არ კი მინდოდა, მაგრამ არც დარჩენა გამოდიოდა. ვერ ველეოდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მინდოდა, სულ ერთად ვყოფილიყავით. ახლა იმასღა ვნატრობდი, დეიდამისს ხელი შეეწყო ჩვენთვის, დროზე მოეფიქრებინა პასუხი და მე და ნანა თბილისს გავცლოდით.

ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა კლარამ იმაზე ადრე მიიღო გადაწყვეტილება, ვიდრე ველოდი. მეორე საღამოსვე, როგორც კი მათთან გავედი და ჰოლში შევაბიჯე, ქალბატონმა კლარამ გამარჯობის ნაცვლად, მე თანახმა ვარო, შემომაგება.

სასიამოვნო მოულოდნელობისგან ლამის შევხტი. ვერაფრით ვერ შევძელი სიხარულის დამალვა. კლარას მივვარდი, ხელები მოვხვიე, ვაკოცე და ვუჩურჩულე:

- მე თქვენ იმედებს არ გაგიცრუებთ, ქალბატონო!

მეორე დღესვე დავტრიალდი. გადავრეკე, გადმოვრეკე, ბათუმში ნაცნობი გამოვნახე, სასტუმროში ნომერი დავიბევე, ფული გადავრიცხე და როცა ყველაფერი მოვაგვარე, ნანას ვესტუმრე, რომ მეთქვა, ორ დღეში ქალაქიდან გავდივართ-მეთქი.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღეები იწყებოდა. ამას უკვე ვგრძნობდი.

 

ცხრა დღე დავრჩით ბათუმში. მაშინ სადღა იყო ისე, ახლა როგორცაა - ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ სასტუმრო შეგხვდება. თანაც ხავერდოვან სეზონზე ყოველთვის გადაჭედილი იყო ბათუმი რუსი დამსვენებლებით.

როცა ორადგილიან ნომერში ავედით და ნანამ გაიგო, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, შიშისგან ტუჩები გაუფითრდა.

- ნუ გეშინია, არაფერს არ გიპირებ. უბრალოდ, ესეც ძლივს ვიშოვე, გესმის? საერთოდ არ შეგეხები. შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის. პირობას გაძლევ.

- მაგის სულაც არ მეშინია, - მშვიდად მომიგო და თვალი თვალში ურცხვად გამიყარა.

აი, თურმე რა ყოფილა! მას მხოლოდ იმის ეშინოდა, თუ ერთად დავწვებოდით და სექსი გვექნებოდა, მისი სენი მეც არ გადამდებოდა. გამეცინა. ხელი წავავლე და საწოლზე დავსვი. დავუწყე ახსნა, რომ არც ისეთი პატარა გოგოა, ასეთი რამეები არ ესმოდეს. რომ საშიშროებამ უკვე ჩაიარა, მისი სისხლი გაწმენდილია, თუ მთლიანად არა, მაქსიმალურად მაინც. მთავარია, ფრთხილად იყოს. სასურველია, სამი წელი შვილი არ გააჩინოს და მამაკაცები ხშირად არ იცვალოს. ბოლო გაფრთხილებაზე გავიცინე, რომ სერიოზულად არ მიეღო.

თავი უსიტყვოდ დამიქნია, მაგრამ მის თვალებში შიში მაინც შიშად დარჩა. არ ვიცი, რისი იყო შიში, რომელსაც ხელში ჰყავდა გამომწყვდეული - მამაკაცების, საზოგადოებრივი აზრის, ცრურწმენების, სიყვარულის, გასაჭირის, სიმარტოვის თუ ერთფეროვნების… შეიძლება ყველაფრის ერთად. მინდოდა, გამემხნევებინა. ვეუბნებოდი, რომ იგი უკვე აღარ იყო მარტო, რომ მე მის გვერდით ვიყავი და არასდროს მივატოვებდი. ვუმტკიცებდი, რომ ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

კარგა ხანს მისმინა. მერე მოულოდნელად კისერზე მომხვია ორივე ხელი, ყელი ყელზე გადამაჭდო და სულისშემძვრელი ხმით ზედ ყურთან დაიწყო გოდება:

- არასდროს არ გამიშვა ხელი, ანდრია, არასდროს, კარგი?

და პირველად ვაკოცე. ისე ვცახცახებდი, თითქოს ქალისთვის ჯერ არ მეკოცნა. რამდენი მიოცნებია ამ ტუჩებზე, რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ვაკოცებდი. ახლა კი… არ ვიცი, თითქოს ისე არ გამომდიოდა, როგორც უნდა გამომსვლოდა. რაღაცნაირად ვფრთხილობდი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ დამეფრთხო. ერთი ზედმეტი მოძრაობა და მორჩა, შეიძლება მერე საერთოდ აღარ გავეკარებინე ახლოს. ამიტომ მხოლოდ ნაზი მოფერებით და კოცნით შემოვიფარგლე. მერე ბევრი საალერსო სიტყვა ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. გამუდმებით მოლოდინში ვიყავი, როდის მკითხავდა, გიყვარვარ თუ არაო, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არც უკითხავს და არც მზერაში ჩასდგომია მსგავსი შეკითხვა. იქნებ იცოდა, რასაც ვუპასუხებდი და სწორედ ამ პასუხის ეშინოდა? მინდოდა, რომ ასე არ ყოფილიყო. ძალიან მეწყინებოდა, თუ იფიქრებდა, რომ არ მიყვარდა. ეს ხომ ტყუილი იყო. მე მიყვარდა, გულწრფელად მიყვარდა, შეიძლება სიცოცხლეზე მეტადაც მიყვარდა… ან… არ ვიცი. მაგრამ რომ მიყვარდა, ეს ნამდვილად ვიცი. თუმცა, ამაში გამოტყდომას ჯერ ვერ ვბედავდი. თუ სიყვარულს ავუხსნიდი, მაშინ იმედიც უნდა მიმეცა, რომ ცოლად შევირთავდი. ამის გაკეთებას კი არ ვაპირებდი. ერთადერთი, რასაც მისი გულისთვის ვერ გავაკეთებდი, მხოლოდ ეს იყო. ამის თქმა კი მიმძიმდა. ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ აზრის გაუთვალისწინებლად საბჭოთა პერიოდში კარიერას ვერ გაიკეთებდი, ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდი წინ. თუმცა, იმედს ვიტოვებდი, რომ დროთა განმავლობაში რაღაცები შეიცვლებოდა, ადამიანებს დაავიწყდებოდათ ნანას პრობლემები და ყველაფერი დალაგდებოდა. მაშინ შეიძლება შემეცვალა აზრი და…

მაგრამ ეგ ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა იყო. მე კი ახლა მხოლოდ ამ წუთებით უნდა დავმტკბარიყავი, მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა მეცხოვრა და ხვალეზე არ მეფიქრა.

იმ დღეს ნომრიდან არ გავსულვართ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გემრიელად გამოვიძინეთ…

 

ღამე უკვე შემოპარულიყო, როცა გამეღვიძა. ნანას ჯერ ისევ ეძინა. ფრთხილად მოვაშორე ჩემი ხელი, რომელზეც თავი ედო და აივანზე გავედი.

აქედან ზღვა ხელისგულივით მოჩანდა, მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდნენ ცივი ტალღები. სასიამოვნოდ ისმოდა ტალღების ტლაშუნის ხმა, თითქოს ვიღაც გასაფენ სარეცხს ფერთხავსო. დაკვირვებიხართ ოდესმე ამ ხმას? იგი ძალიან წააგავს ზღვის ტალღის ხმას, ნაპირს რომ მოასკდება ხოლმე.

ზღვასთან საოცარი ასოციაციები მაკავშირებს. ამის ორი სიტყვით ახსნა შეუძლებელია. ყოველთვის ასე იყო იმ დღიდან, როცა ზღვა პირველად ვნახე. ეს კი მოზარდობაში მოხდა, როცა მეგობარ ბიჭებთან ერთად სოხუმში გავიპარე. ო, იქ სულ სხვანაირი იყო ზღვაც, ჰაერიც და მიწაც. იქაურობა უცხო პლანეტას ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემში ძალზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სადღაც ტროპიკებში ამოვყავი თავი, აი, ფილმებში რომ მენახა ან რომანებში წამეკითხა.

მაგრამ ეს მხოლოდ ბავშვური შთაბეჭდილება იყო და იმიტომაც მეჩვენებოდა ასე გამძაფრებულად, რასაც გვიან მივხვდი, როცა მიუწვდომელი თითქმის აღარაფერი დამრჩა - ახალგაზრდა კაცს ზღვაზეც თავისუფლად შემეძლო წასვლა, მთაშიც და ოკეანეზეც, თანაც - სადაც გამიხარდებოდა, რომელ ქვეყანაშიც. ოცდაათი წლის ასაკში ჩემს ოცნებებს მსგავსი ნატვრები გამოაკლდა.

მიუხედავად ამისა, ზღვა მაინც განსაკუთრებულად ჩამრჩა გულსა და გონებაში. თითქოს იმ ქალივით იყო, რომელიც გიყვარს, გეფლირტავება, ახლოსაც გიშვებს, მაგრამ შენი ვერასდროს გახდება და მხოლოდ შორიდან ეტრფი…

კარგა ხანს ვიჯექი აივანზე და შორეთს გავყურებდი, თუმცა უკვე აღარაფერი ჩანდა. ზღვა კარგა ხანია, ფანჯრებს მოშორდა და ჰორიზონტში ჩაიკარგა, რადგან მთვარე ღრუბლებმა ჩაითრია და ზღვაც თან გაიყოლა.

მოულოდნელად ზურგიდან თბილი მკლავები ჩამომისრიალდა მკერდზე, თითქოს ჩანჩქერი კლდიდან გადმოვარდაო. ნეტარად ამოვიგმინე და თვალები მივლულე.

- შენ ჩემი სევდის სამეფოს პრინცი ხარ, თეთრ რაშზე ამხედრებული, - მიჩურჩულა გახურებული ტუჩებით და ამონასუნთქი ჰაერის ცხელი ნაკადი სახეზე შემომაფრქვია, - და მინდა, რომ მეთეთრრაშო, ახლავე, ამწუთას!

როგორ მინდოდა, თავი შემეკავებინა, ყველანაირად ვცდილობდი.

- ამწუთას აუცილებელია? ცოტა ხომ არ გადაგვედო გაგიჟების წუთები?

- ამ წუთებში ჩემთვის მხოლოდ ამ წუთებს აქვს მნიშვნელობა, - გახელებულმა ჩამჩურჩულა და გამშორდა. მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო. ისე გამახელა, ამწუთას მართლაც სიგიჟე ვიყავი, რომელიც უარესად გაგიჟდა. საძინებლის კართან დავეწიე და ქორივით დავაცხრი თავს.

ყველაფერი მოულოდნელად და უცებ მოხდა. წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ ნანასთვის ეს პირველი სექსი იყო, ამიტომ ცოტათი მაინც მოვფრთხილებოდი, უხეშობა არ გამომეჩინა და ნაზად მოვპყრობოდი. არც იმაზე მიფიქრია, რომ მაქსიმალურად დავმტკბარიყავი მისი სხეულით და გამესიგრძეგანებინა, რა განძის მფლობელიც ვხდებოდი. არაფერზეც არ მიფიქრია. გიჟი ვიყავი და სიგიჟეს ჩავდიოდი. ჟინმორეული მხოლოდ იმას ველტვოდი, რომ გახელებული ვნება დამეოკებინა, დანარჩენზე აღარ ვფიქრობდი. არც იმაზე, თავად ნანა რას ფიქრობდა ამ წუთებში…

გაგრძელება იქნება