არასრულწლოვანი ბიჭების გატაცებების უცნაური ამბავი, რომელმაც ამერიკა შეძრა: უოლტერ კოლინზის რეალური ისტორია - Marao

არასრულწლოვანი ბიჭების გატაცებების უცნაური ამბავი, რომელმაც ამერიკა შეძრა: უოლტერ კოლინზის რეალური ისტორია

2023-09-02 13:16:00+04:00

1926 წლიდან 1928 წლამდე ლოს-ანჯელესის ოლქი შეძრა არასრულწლოვანი ბიჭების გატაცებებისა და მკვლელობების სერიამ. ერთ-ერთი მათგანი უოლტერ კოლინზი იყო.  ბიჭის გაუჩინარების უკან გაცილებით შოკისმომგვრელი ამბავი იდგა.

1928 წლის 10 მარტს ცხრა წლის უოლტერ კოლინზს ძალიან სურდა კინოში წასვლა. დედა, ქრისტინ კოლინზი სამსახურში იყო, ამიტომ შვილი რამდენიმე საათით გაუშვა. გავიდა ორი საათი, მერე სამი, ოთხი... და ბიჭი აღარ დაბრუნებულა. კრისტინი პოლიციაში იმავე დღეს მივიდა და განაცხადა, რომ მისი შვილი დაიკარგა.  

პოლიცია საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი დაკარგული ბიჭის მიმართ. კრისტინის ქმარი, გორდონი ციხეში იხდიდა სასჯელს და იქ ბევრი მტერი ჰყავდა, ამიტომ პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ბიჭი მამაზე შურისძიების მიზნით გაიტაცეს. 

პოლიციელების საქციელმა საზოგადოება აღაშფოთა და მალე ეს ამბავი მედიაში გავრცელდა. უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა საქმის გამოძიება საუკეთესო ოფიცრებს ანდო. 

1928 წლის აგვისტოში, ილინოისის პოლიციამ ქუჩაში ბავშვი დააკავა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკარგული უელტერ კოლინზი იყო.  ბიჭის თქმით, მაშინ, მარტში, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც თავს მის ნამდვილ მამად ასახელებდა, გაიტაცა და სხვა შტატში წაიყვანა. ილინოისის პოლიცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა კოლეგებს ლოს-ანჯელესიდან, მოგვიანებით კი უოლტერი მატარებლით გაგზავნეს სახლში. კალიფორნიის პოლიციის შელახული ავტორიტეტის გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ბიჭის სწრაფად დაბრუნება დედასთან და საზოგადოებისთვის თავის მოწონება.

ნამდვილი სასწაული იყო, რომ უოლტერ კოლინზი ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს ხუთთვიანი ძებნის შემდეგ. მაგრამ სასწაული ხანმოკლე აღმოჩნდა. ჟურნალისტების დასანახად კრისტინი ბავშვს ჩაეხუტა და მასთან ერთად ჩაჯდა პოლიციის მანქანაში, თუმცა მოგვიანებით პოლიციის კაპიტანს უთხრა, რომ ეს მისი შვილი არ იყო, რაზეც კაპიტანმა უპასუხა: რომ ბევრი დრო გავიდა, უოლტერი შეიცვალა და მისი მეხსიერება ექვს თვეში შეიძლებოდა დამახინჯებულიყო. 

კრისტინ კოლინზი დარწმუნებული იყო, რომ მატყუარა ცხოვრობდა მასთან. სამი კვირის განმავლობაში იგი აგროვებდა ამის მტკიცებულებებს. უბედური დედა ოცნებობდა საქმის ხელახლა გახსნაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი ამაზრზენად იქცეოდა – ყველაფრით განსხვავდებოდა კრისტინის ნამდვილი შვილისგან: უხეში და უზნეო იყო. სამი კვირის შემდეგ მისის კოლინზი პოლიციაში დაბრუნდა. 

შეუძლებელი იყო კაპიტანი ჯონსის დარწმუნება - სიმართლის გამჟღავნება მას თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. ამიტომ ქალი ძალით გაგზავნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. კრისტინმა იქ 5 დღე გაატარა.

ბიჭს ყოველ დღე უწევდა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება. ბოლოს კი აღიარა, რომ უოლტერ კოლინზი არ იყო.მატყუარა 12 წლის არტურ ჰაჩენს უმცროსი აღმოჩნდა, რომელიც სახლიდან გაიქცა. ბიჭის თქმით, საკუთარი დედის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა ცოლად სხვა ქალი შეირთო, რომელიც სცემდა. საბოლოოდ, ბიჭი მამასთან დააბრუნეს. 

მკვლელი

გორდონ სტიუარტ ნორთკოტი 1906 წლის 9 ნოემბერს კანადაში დაიბადა. დედამისს, ლუიზ ნორთკოტს, არ სურდა ორსულობა. ქალს ნაყოფი არ აინტერესებდა, ეწეოდა, სვამდა და ყველანაირად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. თუმცა, როდესაც ვაჟი შეეძინა - შვილს ხელიდან არ უშვებდა და არავის აძლევდა შეხების უფლებას. 

18 წლის ასაკში გორდონი მშობლებთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. სადაც საუკეთესო მეგობარი, კლოდი გაიჩინა. თუმცა, მალე მიხვდა, რომ გრძნობები ჰქონდა კლოდის 8 წლის ძმის, ფილიპის მიმართ. ბიჭს მიუახლოვდა და არწმუნებდა, რომ მხოლოდ ეთამაშებოდა. მალე ბავშვს ასეთი გართობის შეეშინდა და მშობლებს ყველაფერი უამბო. 1925 წელს ფილიპის მშობლებმა პოლიციაში შეიტანეს საჩივარი და გორდონს ბიჭთან მიახლოება აეკრძალა.

მალე გორდონმა შეიძინა მიწის ნაკვეთი, ქალაქ ვინვილის მახლობლად. ნორთკოტმა ააშენა სახლი, რამდენიმე ქათმის კოტეჯი და მეფრინველეობას მიჰყო ხელი. 19 წლის ასაკში გორდონმა თავისი ფერმის აშენება დაიწყო  - ამაში კი 13 წლის ძმისშვილი სანფორდ კლარკი ეხმარებოდა. მას შემდეგ რაც სანფორდი საბოლოოდ დასახლდა ბიძის ფერმაში, გორდონის ქცევა მკვეთრად შეიცვალა. მან დაიწყო ძმისშვილის შეურაცხყოფა, აიძულა დღეში 15 საათი ემუშავა, შემდეგ კი სცემდა. ფიზიკური ძალადობა სექსუალურ ძალადობაში გადაიზარდა.

ეს კოშმარი ორი წელი გაგრძელდა – სანფორდი ისე იყო შეშინებული, რომ ვერც კი ფიქრობდა ვინმესთვის ეთქვა თავისი გასაჭირის შესახებ. 

ერთ დღესაც ფერმას სანფორდის და ჯესი ესტუმრა. ნათესავებთან რანჩოზე მისვლისას გოგონა კიდევ უფრო შეშფოთდა: გორდონის საქციელი მას საეჭვოდ ეჩვენა. ღამით სანდორფი შეიპარა თავისი დის საძინებელში და მოუყვა ამაზრზენი ამბების შესახებ, რაც ნორთკოტების სახლში ხდებოდა. 

ბიჭის თქმით, ბიძა მას სცემდა და აიძულებდა მონაწილეობა მიეღო რამდენიმე ბავშვის მკვლელობაში. ჯესი დაიბნა. გადაწყვიტა, რომ მისთვის საუკეთესო და უსაფრთხო გამოსავალი იქნებოდა კანადაში დაბრუნება და ხელისუფლებასთან დაკავშირება. გოგონა ამერიკის კონსულს დაუკავშირდა და ძმის სახლში დაბრუნება სთხოვა. 

გორდონმა, რომელმაც შორიდან შეამჩნია პოლიციის მოახლოება, ძმისშვილს უბრძანა პოლიციელებთან გასაუბრება, თვითონ კი გაქცევა მოახერხა. დაკითხვისას სანფორდმა რანჩოში ყოფნის მთელი ამბავი მოყვა. როგორც გაირკვა, გორდონს მასზე ბევრად პატარა ბიჭები აინტერესებდა - პირველი მსხვერპლი 7 წლის მექსიკელი ბიჭი იყო, რომელიც გორდონმა სახლისკენ მიმავალ გზაზე გაიტაცა. ნორთკოტმა ბიჭი მანქანაში შეიტყუა, გააუპატიურა და დაანაწევრა, მოგვიანებით კი ძმისშვილს მისი დამარხვა აიძულა. 

1928 წლის მარტში ნორთკოტმა უოლტერ კოლინზი გაიტაცა. გორდონ ნორთკოტმა უოლტერ კოლინზი რანჩოში „ქათმის ნახვის“ მოტივით აიყვანა. სადაც თავს დაესხა და საკანში ჩაკეტა. 13 წლის სანფორდს მთელი ღამე ესმოდა ბიჭის ტირილი. უოლტერზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობდნენ. გორდონმა ბოლოს ბიჭი მოკლა და მისი დამარხვა ძმისშვილს უბრძანა. უოლტერის გარდა ნორთკოტმა კიდევ 15 ბავშვი მოკლა. 

საბოლოოდ, გორდონი 1928 წლის 20 სექტემბერს, კანადაში დააკავეს. ნორთკოტი 20 ბიჭის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მხოლოდ სამი დადასტურდა. პროცესის მიმდინარეობისას ასევე გაირკვა, რომ შვილის პედოფილური მიდრეკილებების შესახებ გორდონის დედამაც იცოდა. 

1929 წლის 8 თებერვალს გორდონ ნორთკოტს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჯა, ხოლო დედას, ლუიზ ნორთკოტს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ 14 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

კრისტინ კოლინზმა მთელი ცხოვრება შვილის ძებნაში გაატარა. იგი 1964 წელს, მარტოობაში გარდაიცვალა.