წამხდარი ქალი - თავი 7 - Marao

წამხდარი ქალი - თავი 7

2023-08-30 10:02:55+04:00

წინა თავი

ვერც დავიძინე ნორმალურად. ყოველ ერთ საათში მეღვიძებოდა. ასე რამ გამასულელა ამხელა კაცი? თან მეცინებოდა ჩემს თავზე, თან მიკვირდა. დილით ჩვეულებას არ ვუღალატე, აივანზე დავჯექი და სახე მზეს მივუშვირე, რათა მისი სხივები დამეყნოსა, მაგრამ იმ დილით მზეს სურნელი არ მოჰყოლია…

ის იყო, სააბაზანოდან გამოვედი, რომ ჭიშკრის მიჯახუნების ხმა გაისმა. მივხვდი, ევა ბრუნდებოდა ღამის ცვლიდან. ვიფიქრე, ყავაზე დავპატიჟებ, თან დროს ცოტათი მაინც შევამცირებ საღამომდე-მეთქი. პირსახოცის ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე, ქამარი გადავიჭირე და ფანჯარაში თავი გავყავი.

- ევა!

მეორე დაძახება არ დამჭირვებია, ლამაზმა ევამ მაშინვე ამომხედა.

- ყავაზე გეპატიჟები! - თავი მეორე სართულისკენ ავიქნიე.

- ხუთ წუთში ამოვალ! - ხელი დამიქნია და ისევ მიიმალა.

სანამ ჩემი სექსუალური მდგმური ამოვიდოდა, ყავა მოვადუღე, შოკოლადის ფილა დავამტვრიე და მაგიდაზე პაციენტის მოტანილი ხილიც შემოვდე.

- უჰ, კარგი არომატი დგას! გცოდნია ყავის მოდუღება, - ევა ხელების ფშვნეტით შემოვიდა.

- არამარტო ყავის მოდუღება. სხვა ბევრი რამეც კარგად გამომდის, - ორაზროვნად მივუგე და ეშმაკური გამომეტყველებით გავხედე.

- სხვა რამე კარგად კი არა, ძალიან მაგრად უნდა გამოგდიოდეს, - არ დამრჩა ვალში, - თუ არადა, მშვიდობით, კაცობავ! ქალების ნდობას ეგრევე დაკარგავ.

- ოხ, რა ხართ ეს ქალები! სიტყვას ხომ ვერ იტყვი, საშინელება რომ არ დააყოლოთ.

- მე რა, შენ თვითონ წამოიწყე და… - გულიანად ჩაიხითხითა, - ისე, მიყვარს შენი ასაკის კაცები. უფ! კარგი სექსი იციან.

- ბევრი გყოლია ჩემი ასაკის? - ცალი წარბი ავწიე და იდუმალი სახე მივიღე.

- ნუუუ… იმდენი, რომ საჭირო დასკვნა გამომეტანა, - თვითონაც იდუმალი სახე მიიღო და ვითომ საიდუმლო მიჩურჩულა.

ორივეს გაგვეცინა.

- მაგარი გოგო ხარ. როგორც წესი, შენი ასაკის ქალები პირად ცხოვრებაზე ასე თამამად არასდროს ლაპარაკობენ. შენ კი ზედმეტად გულახდილი ხარ.

- დასამალი რა მაქვს? შენს ცოლობას კი არ ვაპირებ, - მხრები აიჩეჩა და შოკოლადის ნატეხი პირისკენ გააქანა. - რაღაც სხვანაირ ხასიათზე ხარ, მოხდა რამე?

- რაში შემატყვე, რომ სხვანაირ ხასიათზე ვარ?

- რა ვიცი, დაბოლილს ჰგავხარ. თვალები ამღვრეული გაქვს და ჩაწითლებული, თითქოს არ გიძინია… ბახუსის ამბავია?

- არა. არ დამილევია, მაგრამ დალევის გარეშეც შარში ვარ, - რატომღაც, გადავწყვიტე, მისთვის გული გადამეშალა.

- აბა, მოყევი, რა ხდება. - ყავის ფინჯანი დადგა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.

ოჰ, რა ლამაზი თვალები აქვს ამ მაიმუნს და როგორი მაცდური გამოხედვა. ნამდვილი ევაა, ვერაფერს იტყვი!

- ამ საღამოს ჩემს პირველ სიყვარულს ვხვდები.

- ვაუ! სად შემიძლია ამდენი! - ხალისიანად შესძახა, - სად იპოვე?

- შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ამას წინათ. დღეს პაემანზე მივდივარ და რაღაც ვერა ვარ მთლად მშვიდად.

- სტოპ! ეგ რას ნიშნავს? ღელავ?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

- აბა, დაგვრხევია და ეგაა. რატომ, ისევ გიყვარს?

- არააა.

- აბა? მოგწონს?

- არც ვიცი, რა ვთქვა. ისეთი აღარაა, წლების წინ რომ იყო, მაგრამ არც ახლაა ცუდ ფორმაში. მოწონებით ყოველთვის მომწონდა.

- იცი, ეგ რა არის? მხოლოდ ნოსტალგია იმ წარსული წლების და მეტი არაფერი. აი, ნახავ. შეხვდები და ეგრევე დამშვიდდები.

- ვითომ? ესე იგი, არაფერი მემუქრება?

- არა, არ გემუქრება. თუ გინდა, დაგენაძლევები.

- არა, რად მინდა.

- მართალი ხარ, ნაძლევი არ გვინდა, თორემ ასე რომც არ მოხდეს, რატომ მეტყვი სიმართლეს, რა, შენი ნებით ხომ არ წააგებ? - თქვა და სიცილი ატეხა.

- ჰო, ისე ეგეც მართალია. რა დამიშლის, რომ მოგატყუო? რას გაიგებ?

- ჰოდა, აღარ გენაძლევები. მე კიდევ საშინელ "პახმელიაზე" ვარ. წუხელ სამსახურში დავლიეთ და თავი მისკდება.

- ლუდი მაქვს, ხომ არ გინდა?

- აუ, მინდა. არაყიც გექნება შენ.

- არაყიც მაქვს, კონიაკიც, ვისკიც და რა ვიცი, ასნაირი სხვა სასმელიც. თქვენ მხოლოდ ინებეთ, სენიორიტა!

- ცოტა არაყი და ცოტა ლუდი. ეგ ვიცი, რომ აუცილებლად გამომიყვანს.

მოვუტანე და დავუსხი ერთიც და მეორეც. ჯერ არაყი დალია, მერე ლუდი მიაყოლა.

& შენ არ გინდა? & დაჯღანული სახით შემომხედა, მუშტი პირზე მიიდო და ისე დასუნა, როგორც რუსები სუნავენ არყის შემდეგ პურის ლუკმას. სიცილი ვერ შევიკავე.

- რა იყო, რუს ალკაშს ვგავარ? - მიმიხვდა.

- დაახლოებით.

- ბოლო დროს ხშირად მიწევს დალევა და ნერვები მეშლება, უარს რომ ვერ ვამბობ. მერე კიდევ ისეთ რამეებს ვაკეთებ სიმთვრალეში, მეორე დღეს რომ მიყვებიან, არ მჯერა, ნუთუ ასეთი რამე მე ჩავიდინე-მეთქი, - ისევ ჩაიხითხითა, - აუ, როგორ შემახურააა! წამოვიდა და წამოვიდა!

- ჰოდა, ჩაწექი ახლა და დაიძინე. ძილში უფრო გამოხვალ.

- კი, ეგრე ვაკეთებ ყოველთვის. ძილი მაგრად მშველის, ძილი და სექსი.

ყურები ვცქვიტე, მე ხომ არ ჩამიკრა-მეთქი და ჩასაფრებული მზერა მივაპყარი.

- არა, არა, მაგიტომ კი არ ვთქვი, რომ რამეს გთხოვ, - ღიმილით გააქნია თავი, - ზოგადად ვახსენე. ახლა შენთვის სექსი მავნებელია. საღამოს ისედაც მოგელის და დასვენებული უნდა იყო.

- არაფერიც არ მომელის. შენ რა გგონია, ვნახავ და მაშინვე მივახტები?

- აბა რა! მონატრება სანამ ცხელია, მანამ უნდა გასინჯო! როგორც ხაში, რა! - გაიხუმრა და ლუდის ბოთლი მოიყუდა.

- ვნახოთ, რა მოხდება.

- მომიყვები, რო?

გამეღიმა. არა, მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებდი. ჭორაობა არ მჩვევია. მართალია, ამბობენ, კაცებს ქალებზე მეტად უყვართ ჭორაობაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო.

- არა, არ მოგიყვები, - თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი, ისეთი სახე მივიღე.

- ამიტომ ხარ მაგარი კაცი! - წამოიძახა უეცრად ევამ, წამოხტა, ხელი მომხვია და პირდაპირ ტუჩებში მეძგერა.

ვახ! როგორი ცხელი ტუჩები ჰქონდა!

რატომღაც, უხერხულობის განცდა დამეუფლა. ეტყობოდა, რომ თავისუფალი გოგო იყო და ასეთ რამეებზე უკან არ დაიხევდა, მაგრამ მაინც რაღაცამ შემბორკა, საპასუხო სვლა ვერ გავაკეთე.

- კარგი, წავედი ახლა მე, უნდა გამოვიძინო, ანდრია ექიმო! - საჩვენებელი თითი მკერდზე მატაკა, - შენ კიდევ მიდი, ფორმაში ჩადექი, საკაიფოდ გამოეწყვე და პაემანზე გაეშურე. მერე რომ გნახავ, ჩემითაც მივხვდები, საღამომ როგორ ჩაიარა. აბა ჰე! - თითებით საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და კიბეზე დაეშვა.

ევასთან მუსაიფმა და მსუბუქმა წახემსებამ მიშველა. გუნება ისე გამომიკეთდა, რომ ღიღინიც კი დავიწყე. მეც რომ დამელია ერთი-ორი ჭიქა, სიამოვნებით დავცხებდი ახლა ერთ კარგ სიმღერას, ევას კი გიჟი ვეგონებოდი. არა უშავს, სხვა დროს რომ დავსხდებით მე და ჩემი მდგმური ლუდზე საქეიფოდ, მაშინ ვაჩვენებ კლასს. იმისთვის, რომ ავმღერდე, ცოტა გადაკრულში უნდა ვიყო, სხვანაირად გულიანად ვერ ვმღერი.

 

მგონი, კარგ ფორმაში ვიყავი. ბოლოს სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. არც კი ვიცი, რატომ ვიპრანჭები ასე. ვითომ მასთან ურთიერთობის ადღგენა მინდა? შეიძლება. ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ მინდა, ცოტათი მაინც ინანოს, რომ მიმატოვა. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, კარი რომ გაიჯახუნა და დამტოვა. უსიტყვოდ, დაუმშვიდობებლად… ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე… არ გავაჩერე… არ გავეკიდე… მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, ვერ შეძლებდა ჩემ მიტოვებას… მეგონა, რომ მისი სიყვარული უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩემი… რომ სხვასთან ვერ გაძლებდა, მოიყირჭებდა და მაინც ჩემთან დაბრუნდებოდა… მე კი ვაპატიებდი… ვაპატიებდი, რადგან ეს გაკვეთილი იქნებოდა მისთვის და მეორედ ჩემს ღალატს და სხვის გაკიდებას გულშიც არ გაივლებდა…

შევცდი. ყველაფერში შევცდი, ერთის გარდა. მისი სიყვარული ჩემსაზე ძლიერი იყო, არა მხოლოდ სიყვარული, თვითონაც ჩემზე ძლიერი იყო… ძლიერი ყველაფრით - ხასიათით, გამბედაობით, სიჯიუტით, პრინციპულობით… ამიტომაც არ დაბრუნდა. ამაშიც შემამოწმა და დარწმუნდა, რა მშიშარაც ვიყავი…

და აი, ახლა, წლების შემდეგ, კვლავ მასთან შესახვედრად მივიჩქაროდი. რას ველოდი ამ შეხვედრისგან? რა უნდა დამემტკიცებინა მისთვის? თუ თავი მემართლებინა? ყველა კითხვა, რომელიც თავში მიტრიალებდა, უპასუხოდ მრჩებოდა. ახლა საკუთარ თავთან ინტერვიუს დრო არ იყო.

კვლავ საცობში მომიწია სიარულმა. კუს ნაბიჯებით მივიწევდი წინ და იმაზე ვფიქრობდი, ადგილზე მისულს მანქანის დასაყენებელი ადგილი თუ გამომიჩნდებოდა. იქნებ ჩემს ეზოში დავაყენო და მერე ფეხით გავაგრძელო მის სახლამდე გზა? ეს ჭკვიანური აზრი იყო და ასეც მოვიქეცი.

ცხრა დაიწყო, როცა მის ეზოში შევედი. ეზოში შესულს მარცხნივ უნდა გამეხვია და პირველსავე კიბეს მეორე სართულზე ავყოლოდი. მერე მეორე კარზე უნდა დამერეკა ზარი, შავად შეღებილ რკინის კარზე.

დავრეკე… წამიც და გაიღო… იმაზე ადრე, ვიდრე მოველოდი. ესე იგი, სულმოუთქმელად მელოდა.

- შემო! - ღიმილით მითხრა და განზე დადგა, გზა დამითმო.

ვარდების თაიგული გავუწოდე. უფრო სწორად, ხელში მივაჩეჩე, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ერთი ბოთლი კონიაკი, შამპანური და ბამბანერი იდო, შესვლისთანავე მრგვალ მაგიდაზე შემოვდე.

- მარტო ხარ? - ვკითხე და მიმოვიხედე.

ძველებური ბინა იყო, გაურემონტებელი. ოდესღაც ვიღაცას მსუბუქი რემონტი გაეკეთებინა და მას მერე ხელიც არ იყო ნახლები არც კედლებისთვის, არც იატაკისთვის. საღებავი კარგა ხნის გახუნებული ჩანდა, შპალერი კი - გაუფერულებული.

- კი, მარტო ვარ. ლელის აგვიანდება.

- ლელი ჰქვია შენს შვილს?

- ჰო.

- დედაჩემსაც, - გავიღიმე.

- ვიცი…

იქნებ ამიტომაც დაარქვა თავის შვილს დედაჩემის სახელი? რაღაცნაირად შემიფართქალდა გული. რატომ, წარსული რომ არ დავიწყებოდა?

- ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. ამ მხრივ მაინც ავიხდინე ოცნება, - სევდა გაურია ხმაში.

გული მეტკინა. ვხვდებოდი, რომ გადამიკრა და თავისი აუხდენელი ოცნებები მე გადმომაბრალა, მაგრამ ვერ გავამტყუნებდი. ასი პროცენტით მართალი იყო.

- არა უშავს, ჯერ არც ისე ბებრები ვართ, ადამიანები ამ ასაკშიც კი იწყებენ თავიდან ცხოვრებას.

- ალბათ…

- რა ვქნათ, დაველოდოთ ლელის? - მოხერხებულად დავჯექი სკამზე და ნანას მივაჩერდი, რომ სინათლეზე კარგად შემეთვალიერებინა.

ისეთი სხივი აღარ ჰქონდა თვალებში, როგორც ახალგაზრდობაში, ნაოჭებიც მომრავლებოდა. ცოტა მოსუქებულიყო კიდევაც… ცოტა კი არა, ბევრად, მაგრამ ფორმა არ ჰქონდა დაკარგული. მკერდი გაზრდოდა, საგანგებოდ დეკოლტეიანი კაბა ჩაეცვა და გეგონებოდათ, ძუძუები დასკდომაზე აქვსო, ისე გამომწვევად ამოფუებულიყვნენ კაბის ოვალური ჭრილიდან.

ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ევა მართალი აღმოჩნდა. ისე დავმშვიდდი, მიკვირდა, რა მაღელვებდა-მეთქი. თითქოს არაფერი. თითქოს ერთი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი მენახოს და მორჩა. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რამე მინდოდა მისგან? მიხაროდა მაინც, რომ ვხედავდი? ალბათ მიხაროდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მისგან წამოსვლა დამზარებოდა. ვნებათაღელვა წამითაც არ მიგრძნია, მისი მოფერების სურვილი ახლოსაც არ გამკარებია. რატომ? ნუთუ ვერ ვპატიობ, ოდესღაც რომ მიმატოვა? რა დროს ეგ არის ამდენი წლის შემდეგ?

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- დაჯექი, რატომ დგახარ? - ნანას მივაჩერდი.

- ახლავე, სუფრას გავშლი და დავჯდები. ლელის ნუ დაველოდებით, ვერ ვუკავშირდები.

- თუ ღმერთი გწამს, არაფერი არ გინდა. არ მშია. უბრალოდ, თითო ჭიქა დავლიოთ და წავალ, არ მოგაცდენ.

- მომაცდენ, თორემ მეც თავზე მაყრია საქმეები. მიხარია, რომ შეგხვდი, რომ უარი არ მითხარი და მოხვედი, - თან ლაპარაკობდა, თან გადი-გამოდიოდა და სუფრას კერძებს ამატებდა.

- ნან, არ გინდა ამდენი რამე, რა, მოდი, დაჯექი, - ისევ ისე მივმართე, როგორც შეყვარებულობის დროს მოფერებით ვეძახდი.

- რამდენი წელია, ეს სიტყვა არ გამიგონია, - აკვნესებული ხმით წარმოთქვა.

- რატომ, ჩემ გარდა "ნან" არავისთვის ყოფილხარ?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ შენ მერე ბევრი მამაკაცი მყოლია.

- ბევრი რამდენი?

- რა მნიშვნელობა აქვს… რაც შენგან წავედი, ცხოვრება ამეწეწა. მას მერე ვერა და ვერ დავლაგდი.

- ოღონდ მე არ დამაბრალო ეგ აწეწვები. შენ ხომ გინდოდა, რომ შენი ცხოვრება დაუსრულებელი ფლირტის ჯაჭვი ყოფილიყო, რომლის ყოველი რგოლი ახალი მამაკაცი იქნებოდა? მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით მიყვებოდი ხოლმე, ამას მოვწონვარ, იმას მოვწონვარ, ამან ეს მითხრა, იმან…

- მინდოდა, შენ გეეჭვიანა, სხვა მიზნები არ მქონია.

- კარგი ერთი… მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე, თორემ გული მიგრძნობს, ვიჩხუბებთ.

- შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. რაც იყო, იყო. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ შენი დაკარგვით ჩემი ცხოვრების გაუგონარი მსხვრევა დაიწყო.

- როდის დაქვრივდი? - ბანზე ავუგდე სიტყვა.

- დიდი ხანია.

- ახლა გყავს ვინმე?

- მუდმივი არა.

- ეგ როგორ გავიგო?

- ჩვეულებრივად. ჩემი ასაკის ქალი აღარავის სჭირდება გამუდმებით გვერდით. ახლა ინვალიდს თუ მოუნდება ჩემი ცოლად შერთვა, თორემ სხვას არავის. თანაც, სხვა დრო დადგა. ახლა ქალები არჩენენ კაცებს და არა კაცები ქალებს. ნაღდად არ მინდა სარჩენი კაცი. სექსი რომ მომინდება, როგორღაც ვახერხებ ჩემი სურვილების დაკმაყოფილებას.

იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი აზრები, რომ გაოცებულმა შევხედე, ვინმე სხვა ხომ არ ზის ჩემ წინ-მეთქი. თან ისე თამამად გაახმოვანა თავისი სურვილები, თითქოს მისი უახლოესი დაქალი ვყოფილიყავი.

- რატომ მიყვები ამ ყველაფერს? - ვერ მოვითმინე და ვკითხე.

- იმიტომ, რომ შენ არასდროს არაფერს გიმალავდი და არც ახლა ვაპირებ.

- ახლა როდის, დღეს? თუ დღეიდან?

- დღეიდან. იმედია, ამ საღამოთი არ ამოიწურება ჩვენი ურთიერთობა. რაღაც ფორმით მაინც ხომ გავაგრძელებთ ერთმანეთის ნახვას, არა?

- არ ვიცი… ალბათ… ეს შენზეა დამოკიდებული.

- მე უარს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ძალიან გამახარა შენმა ნახვამ. არ მეგონა, აწი რამე თუ გამიხარდებოდა.

- ცუდი წლები იყო, მაგრამ კარგი მოგონებები დაგვიტოვა.

- კარგი, მაგრამ სევდიანი… ახლაც იმავე აზრზე ხარ?

- რა აზრზე?

- ჩემნაირი მდგომარეობის ქალს ცოლად ვერ შეირთავ, რამე რომ იყოს?

- შენს თავს გულისხმობ?

- არა, რას ამბობ, - გაიცინა, - ზოგადად ვამბობ. დღევანდელ ცხოვრებაში რომ მომხდარიყო ჩვენი წარსული, ისევ ისე მომექცეოდი?

- არა, ახლა სულ სხვა ჭკუაზე ვარ და ბევრი რამ ფეხებზე მკიდია.

- ცოლი? შვილი?

- მსგავსი არაფერი! ქარივით თავისუფალი ვარ.

- რატომ მერე? - მკითხა, მაგრამ ისე შეეფაკლა ღაწვები, აშკარად ესიამოვნა, როცა ჩემი ბერბიჭობის ამბავი შეიტყო.

ადამიანი საოცარი არსებაა. ყოველთვის იპოვის ან აღმოაჩენს რაღაცაში იმედის ნაპერწკალს.

- რა ვიცი… შენ შემდეგ ვეღარ ვენდე ქალებს.

- მე მაბრალებ შენს მარტო დარჩენას? - ირონიულად გამომხედა.

- ვხუმრობ. შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, თავისუფლებას ვერ შეველიე. დროებითი კავშირები უფრო მხიბლავს, ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ.

- ჰო, ეგ კი. ეგ ყოველთვის ჭარბი დოზით იყო შენში, - სარკასტულად გაიცინა.

- ერთი შვილის მეტი რატომ არ გააჩინე?

- აღარ მომინდა და იმიტომ. მეც თავისუფლება მინდოდა, შენი არ იყოს. ჩემ გემოზე მსურდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდევაც. არაფერი დამიკლია, რაც ცხოვრებამ შემომთავაზა. ვიგრიალე, სანამ ლამაზი და ახალგაზრდა ვიყავი.

- შენ ახლაც ახალგაზრდა ხარ.

- მაგრამ ისეთი ლამაზი აღარ ვარ, თუმცა რაღაც-რაღაცებზე არც ახლა ვამბობ უარს. აი, დავუახლოვდებით ერთმანეთს და უკეთ გამიცნობ. ცუდი დღეებიც ბევრი მქონია და კარგიც. მაგრამ არაფერსაც არ ვნანობ. მთავარია, შვილი მყავს ისეთი, არავის რომ არ ჰყავს. საამაყო. საუკეთესო. გაიცნობ და მიხვდები, რომ არ ვცდები. იმედია, მას მაინც გაუმართლებს… შენ კი ახლა უფრო სიმპათიური ხარ, ვიდრე მაშინ. სასწაულად გამოიყურები. მიკვირს, მარტო რომ ხარ. შენნაირი კაცი როგორ გამოეპარათ ქალებს?

- ნან, ცოტათი მაინც არ ნანობ? - ხმადაბლა, შეცვლილი ხმით ვკითხე.

- შენ? - შემომიტრიალა კითხვა და თვალი თვალში გამიყარა…

იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, რომ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. არა, ამიტომ არა, უფრო იმიტომ გავწითლდი, რომ არასდროს მიფიქრია ამაზე. არასდროს მიფიქრია, ვნანობდი თუ არა მის ხელიდან გაშვებას. რომ შემეკითხა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდი. და რადგან არ მიფიქრია, გამოდის, არც ვნანობდი. მეთქვა ეს? ვერ ვეტყოდი… ეწყინებოდა. მომეტყუებინა? ტყუილის თქმაც არ მინდოდა.

- შენ რომ არ მიგეტოვებინე, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, - მაინც მას დავაბრალე.

- ესე იგი, ჩემი ბრალია? - ჩაიცინა, - ტყუილად ცდილობ გადმობრალებას, შენ მაინც არაფრის შეცვლას არ აპირებდი, მე კი ისე ცხოვრება აღარ შემეძლო.

- მერე?

- რა მერე?

- შეცვალე შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდოდა?

- რა თქმა უნდა. მართალია, ქმარი გარდამეცვალა, მაგრამ შვილი დამრჩა.

- მაშინ რომ გნახე, იმ ბიჭს გაჰყევი ცოლად? სხვათა შორის, კარგი ტიპი ჩანდა.

- არა, იმას არა, სხვას.

- სხვას? - გაოცება ვერ დავმალე.

- ჰო. იმას მალევე დავშორდი და უცებ სხვა გამოჩნდა. საერთოდ რომ არ ველოდებოდი, ისე და ერთ თვეში დავქორწინდით. არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, გიჟდებოდა ჩვენზე, თავზე გვევლებოდა.

- რა დაემართა, რისგან გარდაიცვალა?

- ავარია. ავტობუსს შეეჯახა მანქანით და საჭემ გულმკერდი შეუნგრია.

- მდაა… ცუდია.

- ჰო, ცუდია, როცა დაქვრივდები და შვილის მარტო გაზრდა გიწევს. დედამთილ-მამამთილი კი ისე გიყურებენ, თითქოს მათი რძალი კი არა, ვიღაც გადამთიელი იყო… მერე მეორედაც გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. შევცდი არჩევანში.

- რა მხრივ?

- სმა უყვარდა. ისე საზიზღრად იქცეოდა მთვრალი, რომ მის შემყურეს გული მერეოდა. მერე ჩემს გოგოსაც დაუპირა ღლაბუცი. ბავშვმა მაშინვე მითხრა და აი, მანდ გადამეკეტა. იმ დღესვე დავახვევინე. კიდევ კარგი, ოფიციალურად არ ვიყავით დაქორწინებულები.

- საინტერესო თავგადასავლები გქონია, - თავის კანტურით წარმოვთქვი და შემწვარი კარტოფილი გადავიღე.

- ეჰ, ამაზე უარესებიც გადამხდენია, შენ ჯერ ყველაფერი არ იცი.

- თავგადასავლები ლამაზი ქალების ხვედრია, რას იზამ.

- მართალი ხარ. ამიტომ ვცდილობ, ლელი დროზე ჩავაბარო პატრონს, რომ ჩემი ბედი არ გაიზიაროს. მარტოობაზე საშინელება არაფერი არ არის.

- მარტო ყოფნა სულაც არ ნიშნავს მარტოობას. ბევრი ვიცი, გარშემო უამრავი ახლობელი ახვევია, შვილიც ჰყავს, ოჯახიც, მეგობრებიც, მაგრამ მაინც მარტოა.

- ეგეცაა… შენი ამბებიც მომიყევი, სულ ჩემზე რომ ვლაპარაკობთ.

- არც არაფერია სათქმელი. ვცხოვრობ ცალკე, ჩემთვის. ვცხოვრობ კარგად, უპრობლემოდ. ვმუშაობ. ვარ კარგი ქირურგი. არ მყავს არც ცოლი, არც შვილი. ოჯახის შექმნას აღარ ვაპირებ. მორჩა, სულ ეგაა.

- ცოლი რომ არ მოგიყვანია, არ მიკვირს. უღლის დადგმა ყოველთვის სიკვდილივით გეზარებოდა, მაგრამ შვილის ყოლა რატომ არ მოგინდა, არ მესმის. მაშინ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას? რისთვის ცოცხლობ? რას ელოდები მომავლისგან? რა მოტივაცია გაქვს?

გამეცინა.

- სანამ საჭირო ვარ, როგორც პროფესიონალი ქირურგი, მოტივაციაც მექნება. დანარჩენი მერე გამოჩნდება. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ეგეთ რამეებზე არასდროს ვფიქრობ. შენ შემდეგ არავინ მყვარებია. არც მოწონებით მომწონებია ვინმე ისე, რომ გავგიჟებულიყავი. უცოლოდაც ალბათ ამიტომ დავრჩი. დედაჩემსაც ისეთი რძალი უნდოდა ყოველთვის, მგონი, მსგავსი დღემდე არ დაბადებულა. ჰოდა, ყველაფერს ერთად გავუწიე ანგარიში.

- ახლა გყავს ვინმე? მეგობარი ქალი მაინც?

- შენი არ იყოს, მუდმივი საყვარელი არ მყავს, თუ ამას გულისხმობ. სხვა მხრივ, ქალები არ მაკლია. ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მთლად ლოველასური ცხოვრებით არ ვცხოვრობ.

- მიკვირს. შენ ყველანაირი მონაცემი გაქვს ამისთვის, - გულიანად გაიცინა ნანამ და ვაშლი ჩაკბიჩა, - დაასხი, ერთი ჭიქა მაინც დავლიოთ, დავილოცოთ.

გაგრძელება იქნება