"დიდი, სევდიანი შავი თვალები ჰქონდა და კუშტად გამოიყურებოდა; შევხედე და გავიფიქრე: „ეს ბედისწერაა“... მერე გავიგე, რომ მერაბმაც ზუსტად იგივე გაიფიქრა" - მერაბ კოსტავას მეუღლის, რუსუდან ბერიძის მოგონებები - Marao

"დიდი, სევდიანი შავი თვალები ჰქონდა და კუშტად გამოიყურებოდა; შევხედე და გავიფიქრე: „ეს ბედისწერაა“... მერე გავიგე, რომ მერაბმაც ზუსტად იგივე გაიფიქრა" - მერაბ კოსტავას მეუღლის, რუსუდან ბერიძის მოგონებები

2023-08-30 13:45:02+04:00

რუსუდან ბერიძე საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას მეუღლე გახლდათ. მას ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი შვილი - პოეტი ირაკლი კოსტავა. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, ხოლო 90-იან წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. იგი წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების წინ დაწერა მოგონებები თავისი ცხოვრების შესახებ. გთავაზობთ ეპიზოდებს მისი ჩანაწერებიდან, რომელიც ქალბატონი რუსუდანის ნათესავმა ნუგზარ ბუაჩიძემ მოგვაწოდა და წერილის დასაწყისში, სწორედ ბატონი ნუგზარი გაიხსენებს მას.

- მერაბ კოსტავას დედა ოლიკო დემურია და დედაჩემი ცაცა ჩხიკვიშვილი მკვიდრი დეიდაშვილები იყვნენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მიყვარდა მათ სახლში ყოფნა ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე (დღეს მიხეილ ზანდუკელის ქუჩაა). ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ და სულ იქ ვიყავი. ირაკლის ტრაგედია ამ სახლში მოხდა... რუსუდანი იმ დილით ჩამოვიდა ოზურგეთიდან, დედის სანახავად იყო წასული. მას ვაგზალზე დავხვდი, მაგრამ ერთმანეთს ავცდით. ამიტომ სახლში მივაკითხე და მანქანით წამოვიყვანე ჯავახიშვილზე. გზაში მთხოვა, - შენს ორ შვილს გაფიცებ, მითხარი, რა მოხდაო. - ირაკლიმ დალია, ცუდად გახდა და სახლში არ არის-მეთქი. ვიცოდი, რომ ექსპერტიზაზე ჰყავდათ წაყვანილი (ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩო). რუსუდანი გადმოვიდა მანქანიდან და მივაძახე: მაგარი ქალი ხარ, აბა, შენ იცი-მეთქი. შევიდა თუ არა სახლში, ოლიკომ იკივლა. ის ხმა არ მავიწყდება.

ამ ქალბატონს ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდა. უმაღლესში რომ უნდა ჩამებარებინა, იმ წელს მათემატიკაში მოსამზადებლად მასთან ვერ მივედი, გაშორებული იყო მერაბთან (მერე შერიგდნენ). მამაჩემმა სხვასთან მიმიყვანა. ეს რომ გაიგო, ჩვენთან მოვიდა და მამას უთხრა: არ გრცხვენია? მე მოვამზადებო! და იმ წუთში გადამიყვანა თავის ჯგუფში. არაჩვეულებრივი მათემატიკოსი იყო. ცოტა უხერხულად კი ვგრძნობდი თავს, როცა მასთან მივდიოდი, მაინც პატარა ვიყავი და მერიდებოდა. სხვათა შორის, მერაბის ნათესავებს ძალიან პატრონობდა. მე და რუსუდანს კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ვმეგობრობდით. ჩვენ ბოლომდე გვქონდა თბილი ურთიერთობა. ჯერ მარტო იმიტომ მიყვარდა, რომ მერაბს უყვარდა ეს ქალი არანორმალურად. მათემატიკის გარდა, ქართულ ენასაც ისე კარგად ფლობდა, რომ ამაშიც მეხმარებოდა. რუსუდანი უნივერსიტეტში ალგებრის კურსს კითხულობდა. დისერტაცია დაიცვა ცნობილი მათემატიკოსის, გიორგი ლომაძის ხელმძღვანელობით და ძალიან უყვარდა ეს კაცი. რუსუდანისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო ნიკო სამადაშვილი. პოეზია და ლიტერატურა ხომ შესანიშნავად იცოდა. ერთხელ თავად მიამბო, რომ ლექციაზე სტუდენტებმა ცოტა აურიეს და დაიწყო ნიკო სამადაშვილის ლექსის კითხვა. თურმე, ყველა გაისუსა. - ასე დავაწყნარე და მოვაჯადოვე (ამ სიტყვას ამბობდა) ბავშვებიო, - უხაროდა, როცა ამას იხსენებდა.

 -0:13 რუსუდანი და მერაბი რამდენჯერმე დაშორდნენ ოფიციალურად, მერე კვლავ რიგდებოდნენ. მერაბს კი ჰქონდა ურთიერთობა სხვა ქალებთან, მაგრამ ცოლის როლში მხოლოდ რუსუდანი წარმოედგინა. ერთს გავიხსენებ: მე-7 თუ მე-8 კლასში ვარ, ოლიკო მოდის ჩვენთან და დედაჩემს ეუბნება, ახლა უნდა წავიდეთ ჩემს ბინაში (თავისი სახლი სოლოლაკში ჰქონდა). მეზობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მერაბს ვიღაც ქალი მოჰყავს ხოლმეო. თან, ბინის გასაღებიც გაქრაო. წავიდნენ და სანამ მოვიდოდნენ, ძალიან ვინერვიულე. მინდოდა მერაბი გამეფრთხილებინა, მაგრამ მობილურები ჯერ არ იყო და იმ ბინის ქალაქის ტელეფონი არ ვიცოდი. ვერც ვმეცადინეობ, დავდივარ წინ და უკან. კარგა ხნის მერე მოვიდნენ და ვატყობ, არ არიან ცუდ ხასიათზე. რა იყო-მეთქი? გაეცინათ. ვინ გამოვიდა სახლიდან? რუსუდანი... დაშორებების მიუხედავად, მთელი ცხოვრება უყვარდათ ერთმანეთი. თუნდაც, ციმბირში როცა ჩადიოდა მერაბთან, რა გზას გადიოდა, იცით? მგზავრობდა ჯერ თვითმფრინავით, მერე მატარებლით, ავტობუსით და ფეხითაც უწევდა სიარული. ამას ყველა არ გააკეთებდა.

მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ირაკლი ახალი დაღუპული იყო და რუსუდანი სახლიდან არ გამოდიოდა. ღამის 12 საათზე ვიღაც აკაკუნებს კარზე, გავაღეთ და შემოდის რუსუდანი. არასოდეს დამავიწყდება, მოკლედ მითხრა: ხომ იცი, შენი მშობლები როგორ მიყვარდაო? და ფულით სავსე კონვერტი გადმოგვცა. იმ თანხით მამაჩემი დავასაფლავე და ორმოციც გადავუხადე...

მინდა, ესეც იცოდეთ - ოლიკო ძალიან ცუდად იყო და რეანიმაციაში იწვა, მალე გარდაიცვალა კიდეც. მკურნალობის მთელი თანხა რუსუდანმა გადაიხადა. ამაზე თავად არასოდეს საუბრობდა და არც არავინ დაინტერესებულა ამით. ძალიან ვაჟკაცური ქალი იყო, საოცარი თანადგომა იცოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეუღლის ბებია-ბაბუასთან (ოლიკოს მშობლებთან), რომ შვილი მათ გვერდით დაასაფლავა და თვითონაც იქვე დავასაფლავეთ. რუსუდანი 20 აგვისტოს 85 წლისა გახდებოდა...

გთავაზობთ ამონარიდს რუსუდან ბერიძის მოგონებებიდან:

ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება

"მამა (ივანე ვლადიმერის ძე) არ მინახავს, ისე მიიბარა ციმბირის მიწამ, ჩემი არსებობაც არ გაუგია. ბავშვობიდან ყველაზე მეტად მამის ერთი სურათი მიყვარდა: სუზდალის ციხის წინ დგას, ჩექმები აცვია, თავზე მუზარადივით ქუდი ახურავს. სურათი ჩემი ძმისთვის არის გამოგზავნილი. მეორე მხარეს მამია გურიელის ლექსია მიწერილი: „ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად, სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუკი გსურს გახდე ადამიანად“. ეს ალბათ, მისი ანდერძი იყო. ჩემმა ძმამ მხოლოდ ცხრა წელი იცოცხლა, ვერ მოასწრო მამის დანაბარების შესრულება... როცა მეკითხებოდნენ, ვინ არის შენი მამაო? ვპასუხობდი, რომ მამა დაპატიმრებულია და სასწრაფოდ ვამატებდი - „პოლიტიკურზეა“ დაპატიმრებული.

მთელი ბავშვობა ისე გავატარე, არც ერთი სათამაშო არ მქონია, მაგრამ მქონდა დიდი ოცნება: მამაჩემს ათავისუფლებენ, მამა ჩამოდის და ხელში შავი პატარა ჩემოდანი უჭირავს. იმ ჩემოდანს მაგიდაზე დგამს, აღებს და იქიდან ულამაზეს თოჯინას იღებს. ეს თოჯინა თვალებს ახელს და ხუჭავს...გაგრძელება