"თეატრში ყოფნის სურვილი ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა" - კენეტ ბრანა
ის, ვინც ერთხელ მაინც მოწამლულა თეატრის მტვერით, ერთხელ მაინც უგრძნია სცენის პულსაცია, ვფიქრობ, სამუდამოდ მოხიბლული რჩება ამ სამყაროთი. ერთია, სცენის მიღმა მყოფი აღფრთოვანებაში მოჰყავდე სანახაობას, მეორე კი - თავად შენ იდგე სცენაზე. სწორედ ამიტომაა, რომ ცნობილი მშობლების შვილები ხშირად მიჰყვებიან მათთვის კარგად ნაცნობ გზას და თავადაც თამადად აბიჯებენ თეატრისა თუ კინოს ამ მაგიურ სამყაროში. სტატიაში სწორედ ასეთ მშობლებსა და შვილებზე მოგიყვებით.
ბუკა თოლორდავა
ახალი თაობის მსახიობი ბუკა თოლორდავა მსახიობ კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას შვილია. ისინი ფართო აუდიტორიამ როგორც თეატრიდან, ასევე ისეთი ცნობილი ტელესერიალებიდან გაიცნო, როგორებიცაა "ჩემი ცოლის დაქალები" და "შუა ქალაქში". "დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში ბუკა თოლორდავა იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებაში აირჩია: "ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ - ამბობს ბუკა თოლორდავა. ის ახლა რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობს და, პარალელურად, მონაწილეობს ისეთ პოპულარულ პროექტში, როგორიცაა "ცვალებადი ნიშნები".
ნატალია ყიფშიძე
ცნობილი მშობლებისა და ბაბუის გზას აგრძელებს ნატალია ყიფშიძეც, მოდელ კრისტი ყიფშიძისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი. პირველადი პროფესიით ის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
ირაკლი კვირიკაძე
მშობლების გზას საკმაოდ წარმატებულად ნინო ქორიძისა და დათო კვირიკაძის ვაჟი ირაკლი კვირიკაძეც მიჰყვება. ის რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის შვილიშვილია. მსახიობმა, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთავარი როლი ითამაშა ფილმში "TBILISI I LOVE YOU", შემდეგ კი სამსახიობო კურსების გასავლელად Stella Adler Studio-ში გაემგზავრა. ნიუ-ორკში სწავლის დროს რეზო გიგინეიშვილს შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება ფილმ "მძევლებში" შესთავაზა. ასევე ენტონ ჰოპკინსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში "Now Is Everything". ამჟამად მონაწილეობს ახალ ქართულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები", რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება.
ნია გუგავა
ახალი ქართული სერიალის, "ცვალებადი ნიშნების" ერთ-ერთი გამორჩეული სახე ნია გუგავაა, მსახიობ ეთო გუგავას ქალიშვილი, რომელმაც, დედის მსგავსად, სამსახიობო კარიერა აირჩია. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნია ამბობდა: "4 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე დავდექი - დედასთან ერთად ვთამაშობდი. მგონი, ლაპარაკიც არ ვიცოდი, როცა უკვე ეს პროფესია მინდოდა. 14 წლიდან გოგა პიპინაშვილის სტუდიაში დავდიოდი. მსახიობობა ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული. ფილმში მონაწილეობამ მაჩვენა, რომ თუკი მანამდე მსახიობობა ჩემი სურვილი და ოცნება იყო, ახლა უკვე შეიძლება ამ მიმართულებით ჩემი საქმეები წინ წავიდეს." ამბობს, რომ დედას ბავშვობიდან ხშირად დაჰყვებოდა რეპეტიციებზე, სცენაც სწორედ აქედან შეუყვარდა და ყოველივე ეს კი შემდგომ პროფესიად აქცია.
ელენე მახარაძე
ასაკის მიუხედავად, მამის გზას ელენე მახარაძეც მიჰყვება - გიორგი მახარაძისა და მარიამ როინიშვილის ქალიშვილს, პატარა ელენეს საზოგადოება სერიალიდან "იდეალური დედა" იცნობს. მამასთან, მსახიობ გიორგი მახარაძესთან ერთად, სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და მამა-შვილი საინტერესო ვიდეოებსაც გვთავაზობს. ელენე კარგად ცეკვავს, მღერის და, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ