ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან პატარას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.
ხატია შვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და პატარა შარლოტთან დიდ დროს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის კარიერაზე უარის თქმას არ აპირებს, რამდენიმე კონცერტის გაუქმება მაინც მოუწია.
ამჯერად შვილის დაბადების შემდეგ ხატიამ პირველი კონცერტი გამართა და ემოციები გამომწერებსაც გაუზიარა.
"ჩემი მზის სხივის დაბადებიდან სამი თვე გავიდა და მშობიარობის შემდეგ ჩემი პირველი კონცერტი სწორედ დღეს შედგა. ეს იყო დღე, როცა წარსული და ცხოვრების ახალი ჰორიზონტი შარლოტას თვალით დავინახე - დასაწყისისა და დასასრული დღე" - წერს ხატია ბუნიათიშვილი.