წამხდარი ქალი - თავი 9 - Marao

წამხდარი ქალი - თავი 9

2023-09-01 10:57:53+04:00

წინა თავი

ისიც შევამჩნიე, რომ ბოლო დროს უხასიათოდ იყო. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და შუქსაც არ აანთებდა, იჯდა ასე სიბნელეში გამოკეტილი.

ბოლოს, რომ ვერ მოვითმინე, უგუნებობის მიზეზი ვკითხე. იმის დარდი მქონდა, ჩემზე ხომ არ იყო ნაწყენი. ისეთი არაფერი, რაღაც პრობლემები მაქვსო. ხან საიდან მივუდექი, ხან საიდან, მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე. რა უნდა მექნა, შევეშვი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სიტუაცია გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა და ახლა უკვე არც დღე და არც ღამე შინიდან არ გადიოდა, სალაპარაკოდ ჩავედი და კატეგორიულად მოვთხოვე, მითხარი, რა გემართება-მეთქი.

უბრალოდ, გამიღიმა და მორჩა, ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

_ ევა, გულახდილად მითხარი, მე ხომ არ მემდური?

_ არა, რა სისულელეა, საიდან მოიტანე? _ შორს დაიჭირა.

_ აბა, რატომ გამირბიხარ? სტუმრადაც არ ამოდიხარ ჩემთან.

_ შენ არაფერ შუაში ხარ, ანდრია. სტუმრად კი არა, ხომ ხედავ… სამუშაოდაც აღარ გავდივარ, _ სევდიანი ღიმილით ამომხედა.

_ ჰოდა, რატომ, რა მოხდა ამისთანა, მე ვერაფრით დაგეხმარები?

_ არ ვიცი… არა მგონია. ეს ის შემთხვევაა, როცა მე თვითონ უნდა დავეხმარო ჩემს თავს. მადლობა, მაგრამ არავის შეწუხება არ მინდა, მით უფრო _ შენი.

_ კი არ შემაწუხებ, პირიქით, ძალიან გამახარებ და დამავალებ, თუ რამეში გამომიყენებ, _ დახმარება გულწრფელად შევთავაზე.

_ ამ ეტაპზე არაფერი არ მჭირდება, ანდრია. თუ აუცილებელი გახდა, მერე ვნახოთ. ხომ იცი, არ მოგერიდები, _ ამჯერად მხიარული ღიმილი გამოისახა ტუჩებზე და ფეხის წვერებზე აწეულმა ტუჩებში ნაზად მაკოცა.

რადგან ვერაფერი დავაცდენინე, შევეშვი. ვიფიქრე, გაივლის ცოტა დრო და მერე თვითონ მომიყვება, რა დაეტაკა-მეთქი.

ამასობაში მეორე ფრონტი გააქტიურდა. ნანა დარეკვით არ მირეკავდა, მაგრამ მესიჯს მესიჯზე მიგზავნიდა. ხან მომიკითხავდა, ხან საყვედურს მომწერდა, სად დამეკარგეო, ხანაც გავცივდი და რას მირჩევ, რა წამალი დავლიოო და ასე შემდეგ.

ვბრაზობდი ჩემს თავზე, ასე საზიზღრად რომ ვიქცეოდი. განა რა გახდა ერთი დარეკვა და ადამიანის მოკითხვა? ადრე მეგონა, შევხვდებოდი თუ არა, ყველაფერი შეიცვლებოდა, ძველი გრძნობები ისევ ამეშლებოდა და ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა ეტაპზე გადავიდოდა. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ აი, ფაქტის წინაშე დავდექი და სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. სიყვარულით რომ არ მიყვარდა, გასაგები იყო, მაგრამ სხვა მხრივაც რომ არ მიზიდავდა? ნუთუ ისე შევეჩვიე ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობას, რომ ნანას ასაკის ქალები აღარ მხიბლავდა? იქნებ ეს იყო მიზეზი? ვირტუალურად ნინის ვეფლირტავებოდი, რეალურად ევასთან მქონდა მთელი ვნებათაღელვები…

იქნებ უფრო ხშირად უნდა მენახა ნანა, რომ უკეთ გავრკვეულიყავი ჩემს თავში? ერთი სიტყვით, სასტიკად ავირიე. უკვე აღარ ვიცოდი, სინამდვილეში რა მინდოდა და ვისთან მინდოდა. ვერა და ვერ ჩამოვყალიბდი. იმდენად შევიცვალე, სამსახურშიც კი შეამჩნიეს, რომ რაღაც ვერ მქონდა რიგზე. შეამჩნიეს და წავიდა ჭორები. ზოგი ამბობდა, შეყვარებულიაო, ზოგიც ნაადრევი კლიმაქსი დაეწყოო, ჩურჩულებდა თურმე. რომ იცოდეთ, როგორ არ მანაღვლებდა ეს ჭორები. წამითაც არ გამივლია გულში, რომელიმესთვის საპირისპირო დამემტკიცებინა. ანდროპაუზამდე ჯერ შორს იყო, წესით, მამაკაცებს სამოც წლამდე არ ეწყებათ კლიმაქტერული პერიოდი. რას იფიქრებდნენ სხვები, ნაკლებად მაღელვებდა, მე ჩემი დარდი მქონდა, რომლის განქარვებასაც ვერ ვახერხებდი. მაგრამ როცა საშიშად აგორდა ჭორები და უკვე იმის აქტიურად განხილვა დაიწყეს, რომ თურმე ერექციაში `მოვიკოჭლებდი~, აი, მანდ მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა. ახლა კლინიკის ქალებს თუ არ დავერეოდი, ცუდად წამივიდოდა საქმე.

ავდექი და ლიზით დავიწყე, ორმოცი წლის ექიმით, რომელიც ძირითადად ღამით მორიგეობდა ხოლმე. ქმარს გაშორებულს პრობლემა არ ჰქონდა ღამე ემუშავა, ამიტომ კლინიკის დირექტორი ხელფასსაც მეტს აძლევდა. ლიზისთან ადრეც მქონია `ერთი ღამის თავგადასავლები~, ამიტომ დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია. ხვეწნა კი არა, მგონი, ერთი სული ჰქონდა, `გავესინჯე~, მართალი იყო თუ არა ჩემზე მოარული ხმები.

ამიტომაც, ჩემი მორიგეობის ღამეს არც ვაციე, არც ვაცხელე და ლიზის ხელი მოვუფათურე. ჩემი მრავალმნიშვნელოვანი მზერიდან საჭირო დასკვნა გამოიტანა და კაბინეტში ჩავიკეტეთ. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტას კი ვნერვიულობდი, ოღონდ ახლა არ მიღალატოს ჩემმა მამაკაცურმა ღირსებამ და თანამშრომლების დასაცინი არ გავხდე-მეთქი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოღონდ სხვა დროს თუ ღამით ორ-სამჯერ მოვიგდებდი ხოლმე კაბინეტში, ამჯერად მხოლოდ ერთი აქტით დავკმაყოფილდი.

მეორე მორიგეობაზე მარია დავითრიე, მთავარი ექთანი, ნახევრად ქართველი და ნახევრად უკრაინელი, გათხოვილი, ორშვილიანი. არ დამძრახოთ ახლა, გათხოვილ ქალებს რაღას დაერიეო. სულაც არ არის ჩემი ბრალი. ამ მარიამ სისხლი გამიშრო მთელი ორი წლის განმავლობაში, სანამ თავისას არ მიაღწია. თითქოს ჩემთან სექსი მისთვის პანაცეა ყოფილიყოს, გასაქანს არ მაძლევდა. ბოლოს მეც ჩავიქნიე ხელი, თუ თვითონ არ ენაღვლება ქმრის ღალატი, მე საერთოდ რატომ უნდა ვინაღვლო-მეთქი და მოსახდენი მოვახდინე, თანაც დღისით-მზისით, პირდაპირ საორდინატოროში, ოღონდ შაბათი იყო და ფაქტობრივად, მარტონი ვიყავით კლინიკაში.

მეგონა, ამ ორი ახალი ამბით დაკმაყოფილდებოდნენ ჩემი თანამშრომლები და ჭორაობას აღარ გააგრძელებდნენ, მაგრამ თურმე სადა ხარ! ახლა იმაზე დაიწყეს სჯა-ბაასი, ნეტავ რა ეტაკა ანდრია ექიმს, ასე რამ გაუაქტიურა ლიბიდოო. წარმოგიდგენიათ? ნაბიჯს ვერ გადადგამ კლინიკაში, რომ არ დაგაფიქსირონ. არა მგონია, ლიზის და მარიას თვითონ გაენდოთ სხვებისთვის საიდუმლო, ანდრიასთან სექსი გვქონდაო. როგორც ჩანს, ვიღაცებმა ასი თვალი და ასი ყური გამოიბეს, რომ ეს დაეფიქსირებინათ. მართალია, როცა ამბობენ, კედლებსაც კი ყურები აქვსო.

ასე იყო თუ ისე, ჩემი კოლეგების გაცხოველებული ცნობისმოყვარეობა შედარებით გავანელე და ახლა უკვე აღარ მაინტერესებდა, რა დასკვნას გამოიტანდნენ ჩემი მოზღვავებული სექსუალური ენერგიის, ანუ გააქტიურებული ლიბიდოს შესახებ.

 

მეხუთე კვირა იმით დაიწყო, რომ ნანამ დამირეკა და მთხოვა, სამშაბათს მასთან სტუმრად მივსულიყავი. ლელის დაბადების დღეა და შენი დაპატიჟება მთხოვაო. ასეთ რამეზე უარი რომ მეთქვა, მისი შვილის თვალში პატივისცემას დავკარგავდი, ამიტომ შევპირდი, აუცილებლად მოვალ, ოღონდ მითხარი, რა მოსწონს, საჩუქრად რა ვუყიდო-მეთქი. კაშნეების მოყვარულიაო, მითხრა, თან მწვანე ფერი მოსწონსო. რა ჯობია, როცა იცი, რა უნდა მიუტანო ადამიანს საჩუქრად. ეს ყოველთვის თავსატეხს მიჩენს, როცა ვინმე დაბადების დღეზე მეპატიჟება. ახლო მეგობრებს კი ვიცი, რაც უნდა ვაჩუქო, განსაკუთრებით კაცის საჩუქრის არჩევა მეადვილება, მაგრამ აი, ქალის საჩუქარზე ყოველთვის ვწვალობ. ვინ იცის, რას ელოდება შენგან, შენ კი რას აარჩევ.

მეორე დღესვე გავვარდი მაღაზიებში, რომ კაშნეები შემეთვალიერებინა და თუ უცხო რამეს გადავაწყდებოდი, ბარემ შემეძინა.

ლამის მთელი დღე მოვუნდი სასურველი ფერისა და ფაქტურის კაშნეს შერჩევას. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვიცნობდი ლელის და მინდოდა, გემოვნებიანი საჩუქრით დადებითი შთაბეჭდილება მომეხდინა. მეორეც, ნანას შერცხვენაც არ მინდოდა. რატომ უნდა ეფიქრა მის შვილს, დედაჩემს ერთი გოიმი ქირურგი ჰყვარებია და კარგიც უქნია, ცოლად რომ არ გაჰყოლიაო.

 

ძალიან დიდხანს ვიპრანჭებოდი სარკის წინ. მინდოდა, მის შვილსა და მეგობრებზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მომეხდინა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც დიდხანს ვათვალიერებდი ჩემს თავს, სანამ სახლიდან გავიდოდი.

საჩუქარიც სპეციალურად შემიფუთეს. ულამაზესი კაშნე ვიყიდე, იტალიური. მართალია, ძვირი დამიჯდა, მაგრამ ფასს აღარ დავეძებდი. მთავარი იყო ეფექტი მომეხდინა. ყვავილების თაიგული აღარ ვიყიდე. ცოტა არ იყოს, გოიმური მეჩვენა ასეთი საჩუქრის გვერდით კიდევ ყვავილები. თანაც, მე ხომ მას არ ვიცნობდი. რა საჭირო იყო ამდენი რამით მისვლა?

მანქანა, როგორც წინა ჯერზე, ახლაც ჩემს ეზოში დავაყენე და ფეხით ავუყევი აღმართს. ნანას ბინამდე სულ რაღაც ორასიოდე მეტრი იქნებოდა.

ეზოში შესულმა მაღლა ავიხედე. ფანჯარაში ვიღაცები მოჩანდნენ. ნანას ბინა გაჩახჩახებული იყო, სასიამოვნო მელოდიის ჰანგები ეზოში იღვრებოდა.

დინჯად ავუყევი კიბეს, სახლში რომ ორ-ორ საფეხურს ვახტებოდი, ისე კი არა. ზარი დავრეკე და შეფუთული საჩუქარი მარცხენა ხელში დავიკავე.

კარი გაიღო და ნანას ჯერაც ლამაზი თვალები შემომეფეთა იმ სასიამოვნო მელოდიასთან ერთად, ეზოში რომ მესმოდა.

_ კიდევ კარგი, რომ მოხვედი! რომ არ მოსულიყავი, არ ვიცი, რას ვიზამდი! _ შესძახა ნანამ და კისერზე ჩამომეკიდა.

რაღაცნაირად მეუხერხულა, ასე შინაურულად რომ შემხვდა. იმდენად ვიყავი გადაჩვეული მასთან სიახლოვეს, რომ მეხამუშა მისი სხეულის სიმხურვალე და ფაფუკი ძუძუების შეხება.

_ ლელის გაუხარდება, _ როცა საპასუხო რეაქცია ვერ მიიღო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მორიდებული მზერა მესროლა, _ ძალიან აინტერესებს შენი გაცნობა.

პასუხი არ გამიცია. ჩემი მოდური მოკლე ქურთუკი გავიხადე თუ არა, ხელში მეცა, გამომართვა და მკლავზე გადაიკიდა.

_ ჩემს ოთახში შევიტან, აქ იმდენი კიდია, არ დაეტევა, _ ახსნა თავისი საქციელი და წინ გამიძღვა.

_ ლელი! _ დაიძახა, როგორც კი სასტუმრო ოთახში შევედით.

სულ ოთხი გოგო დავინახე, ყველანი გაპრანჭულები. რა თქმა უნდა, ნანას ქალიშვილი მათ შორის ყველაზე ლამაზი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ასეთი მქონდა. არც შევმცდარვარ, მაგრამ როგორც კი ლელი ჩემკენ მოტრიალდა და ცნობისმოყვარე მზერა შემავლო, ადგილზე გავქვავდი. მიკვირს, ინფარქტი როგორ არ დამემართა…

ნანას ლელი ულამაზესი იყო და ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, მაგრამ მოულოდნელი სხვა რამ აღმოჩნდა. ჩემ წინ ნინი იდგა, ჩემი ვირტუალური შეყვარებული.

არ გეგონოთ, რომ გავგიჟდი ან ჰალუცინაციები დამეწყო. მართლა ნინი იყო, გოგო, რომელსაც ათას სხვა გოგოში ამოვიცნობდი. შეუძლებელია, მხოლოდ მსგავსება ყოფილიყო. მსგავსება და ასეთი? გამორიცხულია! ადამიანები ასე გაჭრილი ვაშლივით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰგვანან ერთმანეთს, თუ ტყუპისცალები არიან. ორი სრულიად დამოუკიდებელი, სხვადასხვა მშობლის შვილი არ შეიძლება ასე დაემსგავსოს ერთმანეთს.

ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. ხომ ვამბობდი, საოცრებები მხოლოდ მე უნდა დამემართოს-მეთქი. ჩემ გარდა ვინ უნდა დამდგარიყო ამისთანა გამოცდის წინაშე? კიდევ კარგი, თვითონ არ მიცნობდა და ჩემზე არაფერი იცოდა. ამაში კი გამომადგა ჩემი სიფრთხილე და წინდახედულება. აბა, წარმოიდგინეთ, რომ სცოდნოდა ჩემი ვინაობა, რა დღეში ჩავვარდებოდი. მისთვისაც რამხელა შოკი იქნებოდა ჩემი აქ ნახვა. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ჩემი თავის ამ დოზით მადლობელი.

_ ლელი, გაიცანი, ანდრია ჯორჯიკია, ჩემი მეგობარი, _ აი, ასე წარმადგინა ნანამ თავის ქალიშვილთან.

_ ძალიან სასიამოვნოა. რატომღაც, ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ, _ ხელი ჩამომართვა ლელიმ და ნაზად გამიღიმა.

_ ჩემთვისაც სასიამოვნოა. სასიამოვნო კი არა, დიდი პატივია, რომ გაგიცანით, _ არც მე დავაკელი ხიბლი ჩემს ღიმილს და საჩუქარიც გავუწოდე, _ ეს მცირედი ძღვენი ჩემგან, გილოცავთ დაბადების დღეს.

_ რატომ შეწუხდით? უღრმესი მადლობა, არ იყო საჭირო, _ თავმდაბლობად დაიღვარა ნინი-ლელი და გამომართვა თუ არა საჩუქარი, მაშინვე გახსნას შეუდგა.

ეფექტი საოცარი იყო. როცა კაშნე დაინახა, ისეთი შეჰყვირა, სამივე გოგომ მისკენ გამოიხედა. ისედაც არ გვაკლდა ცნობისმოყვარეთა მზერა, ახლა ხომ საერთოდ, ისეთი თვალებით მოგვჩერებოდნენ, შევიშმუშნე.

_ ვაიმეეე! ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი! _ ისევ იყვირა ლელიმ და კაშნე ყელზე შემოიხვია, _ ადა, ნახე! მაკას ზუსტად ასეთი არ ჰქონდა?

_ ხო, ოღონდ ის სხვა ფერებში იყო, _ გაპრანჭულად წარმოთქვა სათვალიანმა ადამ და მზერით გამეკეკლუცა, _ არაჩვეულებრივი გემოვნება გქონიათ, _ შემაქო.

_ უკაცრავად, თქვენ ექიმი ხომ არ ხართ? _ მოულოდნელად მეორე გოგო მომიახლოვდა, რომელსაც წაწვეტებული ცხვირი და ჩინელივით წვრილი თვალის გუგები ჰქონდა.

_ კი, ექიმი ვარ… ქირურგი… _ თავი დავაკანტურე და ხელები ჯიბეებში ჩავიყავი. ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.

_ მე თქვენ გიცნობთ. შარშან ბიძაჩემს გაუკეთეთ ოპერაცია. გრიგოლ ლაფერაძე გახსოვთ? სიმსივნე ჰქონდა სწორ ნაწლავზე.

_ ააა, კი, როგორ არა, მახსოვს. როგორ არის?

_ არა უშავს, კარგად. სხივები გაიკეთა ცოტა ხნის წინ და რა ვიცი, უკეთაა, სამსახურშიც კი გავიდა.

_ გოგოებო, გეყოფათ ახლა, ნუ დაღალეთ კაცი, თორემ ამდენი ქალის შემხედვარე გაგიჟდა. მოდით, დავსხდეთ, დროა უკვე.

ნანას შეძახილმა გადამარჩინა, თორემ ამდენ ცნობისმოყვარე მზერას არ ვიცი, როგორ გადავრჩებოდი. აშკარა იყო, განუმეორებელი შთაბეჭდილება მოვახდინე თითოეულ მათგანზე და ნანამ მგონი, ცოტა იეჭვიანა კიდევაც.

როგორც აღმოჩნდა, ჩემ გარდა სხვას არც არავის ელოდებოდნენ. ალბათ უკვე ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი, ნანასთან რა მაკავშირებდა და როგორ აღმოვჩნდი ამ დაბადების დღეზე. რატომღაც, თავს ზედმეტად შებოჭილად ვგრძნობდი. არ ვიცი, ამაზე რამ უფრო მოახდინა გავლენა. ალბათ ყველაფერმა ერთად: ლელი ნინი აღმოჩნდა, ნანა ჩემ გვერდით თავს ძველ ამპლუაში გრძნობდა და სხვებსაც აგრძნობინებდა, ეს კაცი ჩემია და არავინ გაბედოთ მისი დათრევაო.

ვინატრე, ერთი კაცი მაინც მოვიდოდეს, რომ კაცურად ვიგრძნო თავი და ჭიქა მივუჭახუნო-მეთქი.

ნატვრა არ ამიხდა. არც კაცი შემოგვმატებია და არც ქალი. კარგა ხანს მუნჯივით ვიჯექი. ვერ მოვილხინე ისე, როგორც მჩვევია. დავლიე კიდევაც, შევხურდი, ალკოჰოლმა მთელ სხეულში დამიარა, მაგრამ შებოჭილობა არა და არ მომეხსნა. ვუცქეროდი ლელის და გონებიდან არ მშორდებოდა მასზე ფიქრი. რა უცნაურია ცხოვრება. რატომ მაინცდამაინც ნანას ქალიშვილი შემიყვარდა? ან რატომ ერქვა სოციალურ ქსელში ნინი, რეალურ ცხოვრებაში კი ლელი? იქნებ დაბადების მოწმობაში ერთი სახელი უწერია, მეორეს კი ახლობლები ეძახიან? ამ კითხვებს დამოუკიდებლად პასუხს ვერ გავცემდი. ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგო სიმართლე. ნინის ხომ არ ვკითხავდი, რეალურ ცხოვრებაში სხვა სახელი ხომ არ გქვია-მეთქი? ვერც ლელის შევეკითხებოდი, შემთხვევით ნინისაც ხომ არ გეძახიანო.

ყველაფერს ალბათ დრო დაალაგებდა. როგორღაც თავისთავად გაეცემოდა ყველა ბუნდოვან შეკითხვას პასუხი. ასე ხდება ხოლმე და მეც ამის იმედი მქონდა.

როგორც იქნა, სასმელი მომეკიდა და ცოტათი გავმხიარულდი. დაძაბულობაც ნელ-ნელა მომეხსნა და ბოლოს ისეთ ხასიათზე დავდექი, გიტარაც კი მოვითხოვე.

ლელიმ მაშინვე გამომირბენინა გიტარა. აუწყობელი იყო, კარგა ხანს ვეწვალე, რომ ამეწყო, მერე კი სიმღერები დავაგუგუნე. ჩემი ხმის ტემბრით, როგორც ყოველთვის, ყველა მოიხიბლა. შემდეგ სხვებიც ამყვნენ და მშვენიერი საღამოც გამოგვივიდა.

ბოლოს შევატყვე, რომ სახლში წასვლა არავის უნდოდა. უფრო სწორად, ყველა იმას ელოდა, მე როდის წავიდოდი, რომ მერე ჩემზე ეჭორავათ. ამიტომ იმედი არ გავუცრუე ლელის, ნანას და მათ სტუმრებს. თორმეტს გადასცდა თუ არა, ჩემი წასვლის დროა-მეთქი, გამოვაცხადე.

დიდი ამბით დამემშვიდობნენ. ლელიმ აუცილებლად კიდევ გვესტუმრეთო, მითხრა, ოღონდ მართლა გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე.

ნანა უკან გამომყვა, რომ კარამდე მივეცილებინე, მაგრამ შუა გზაზე ხელით მანიშნა, აქეთ წამოდიო და საძინებლის კარი შეაღო. გამახსენდა, მოსვლისას ჩემი ქურთუკი თავის ოთახში რომ გაიტანა, ამიტომ არ გამკვირვებია.

_ ყველას ძალიან მოეწონე, _ მითხრა გაბადრული სახით, როცა ქურთუკი მომაწოდა.

_ მახარია, თუ ასეა, _ ვთქვი და ქურთუკი ჩავიცვი, მაგრამ ღილების შეკვრა ვერ მოვასწარი, რადგან ნანამ დამასწრო.

_ წასვლის წინ არ მაკოცებ, ადრე რომ მკოცნიდი ისე? _ ზედ ყურთან მიჩურჩულა, როცა ბოლო ღილი შემიკრა და ხელის ზურგი ნიკაპთან მომადო.

სუნთქვა შევიკარი. ვინ იცის, ამდენი ხანი სწორედ ამ კოცნას ელოდა. ხელი მოვხვიე და თვალებში ჩავხედე. ისევ ის მზერა, დაუვიწყარი და ჟრუანტელის მომგვრელი… ვაკოცე… მთელი ვნება ჩავაქსოვე ამ კოცნაში. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, იგი მთელი არსებით ჩემკენ მოიწევდა, მაგრამ მე კვლავ ვერაფერი ვიგრძენი. ამწუთას ჩემი გონება მხოლოდ ერთი ფიქრით იყო დაკავებული და ამ ფიქრს ლელი ერქვა…

 

რამდენიმე დღე გონზე ვერ მოვდიოდი. აღარც ევას თავი მქონდა და აღარც ნანასი. მხოლოდ და მხოლოდ ლელიზე ვფიქრობდი. ლელიზე თუ ნინიზე, ჯერ ეგეც გასარკვევი იყო. თითქოს ჩემს ჯინაზე, საღამოობით კომპუტერს არ ვშორდებოდი, მაგრამ ნინი თუ ლელი არა და არ შემოდიოდა. ვიფიქრე, ალბათ გადაღალა დაბადების დღემ, შეიძლება მეორე და მესამე დღესაც ეწვივნენ მეგობრები და ამიტომაც ვერ ახერხებს შემოსვლას-მეთქი.

როგორც იქნა, ერთხელაც ბედმა გამიღიმა და საიტზე გამოჩნდა. ჩვეულებრივად თბილად მივესალმეთ ერთმანეთს. ბევრი კითხვა დამიგროვდა და არ ვიცოდი, პასუხი როგორ, რა გზით უნდა მიმეღო. წესით და კანონით იმ დღეს მისი დაბადების დღე არ უნდა ყოფილიყო, რადგან აქ მონაცემებში სხვა ეწერა. რა თქმა უნდა, ადამიანმა შეიძლება შეცვალოს თავისი მონაცემები, დაბადების დღეც და წელიც, სახელიც შეიძლება სხვა დაირქვას, მაგრამ ზოგადად, მაშინ აკეთებენ ამას, როცა ვინაობას მალავენ და თავს სხვისი ფოტოთი იწონებენ. იქნებ მართლაც ვინმე სხვააა, ლელის ფოტოები უდევს და იტყუება? ეს კი თავში ფიქრადაც არ მომსვლია. არაა გამორიცხული, ასე იყოს. მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ მაგრად გამაბითურა. როგორც მე ვატყუებდი ამ წლების განმავლობაში, ისე მატყუებდა თვითონაც. ესეც შენ, ბატონო ანდრია! საუკეთესო ქირურგო! ღირსი ხარ, თუ ასეა. ამ ეჭვმა უარესად ამრია. ისე ვღელავდი, როგორც აბიტურიენტი მისაღებ გამოცდაზე. ამ დოზით სანერვიულო მას შემდეგ არ მქონია, რაც ნანას დავშორდი.

მაგრამ გვიან ღამით, როგორც კი ფეისბუკზე შევედი და მისი პროფილი გადავათვალიერე, მივხვდი, რომ არ იტყუებოდა. მას ბლომად მეგობარი ჰყავდა და ყველა ნინითი მოიხსენიებდა. ამას ფოტოების კომენტარები ადასტურებდა. აღარც დაბადების დღის მილოცვები ედო კედელზე. ვიღაც ხომ აუცილებლად მიულოცავდა იმ დღეს? არადა, ის იყო, წყალი არ გაუვიდოდა. რაღაც ხდებოდა, რაც მე არ ვიცოდი და რომლის გარკვევაც ალბათ ან ძალიან გამიჭირდებოდა, ან საერთოდ ვერასდროს ვერ გავარკვევდი.

დიდ ამბით მოვიკითხეთ ერთმანეთი და გულის ფანცქალით ვკითხე, ახალი რა არის შენკენ-მეთქი. იმდენი სიცილი გამომიგზავნა, მივხვდი, მის ცხოვრებაში რაღაც სახალისო მომხდარიყო. აბა, ახლავე მომიყევი, რა მოხდა-მეთქი და…

ისე უცებ აეხადა ჩემს ყველა საიდუმლოს ფარდა, რომ პირდაღებული ვკითხულობდი მის ნაამბობს, რომელსაც გამალებული მწერდა.

თავიდან იმით დაიწყო, რომ წინა კვირას დაბადების დღე მქონდაო. მე გავიკვირვე, შენი დაბადების დღე ხომ 22 თებერვალსაა, რატიომ მატყუებ-მეთქი. საქმეც ისაა, რომ სინამდვილეში 22-შია, მაგრამ დედაჩემის თხოვნით ახლაც მქონდაო.

ესეც პირველი კვანძი.

_ რას ნიშნავს დედაშენის თხოვნით? _ ერთიანად აკანკალებულმა მივწერე. ნელ-ნელა ვხვდებოდი, სინამდვილეში რაც ხდებოდა.

_ აუ, დედაჩემის თხოვნით ბოლო დროს იმდენი რაღაცის დაბრალება და გაკეთება მიწევს, სათვალავი ამერია, _ ისევ სიცილის სმაილები მომაყარა.

_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა ხდება? ცნობისმოყვარეობისგან გული მიმდის, _ რაც შემეძლო, ვაჩქარებდი, რომ სიმართლე გამეგო.

_ კარგი, ჰო, მოგიყვები. ერთი სიტყვით, დედაჩემს ძველი `პაკლონიკი~ გამოუჩნდა (ამაზე ლამის კრუნჩხვა დამემართა, ისე ავნერვიულდი, რადგან აშკარა იყო, ჩემზე საუბრობდა), გადაირია დედაჩემი. რაც მამა გარდაიცვალა, არავინ ჰყვარებია. კი ჰქონდა პატარა-პატარა რომანები, მაგრამ სიყვარულით არა. სიმართლე გითხრა, მე მის საქმეებში არ ვერევი და არც ვეკითხები ხოლმე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. რასააც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმას მიყვება ხოლმე და მეც ვჯერდები მის ნაამბობს. ახლა კი ლამისაა, გადაირიოს. მგონი, ცხოვრებაში ეს ერთადერთი კაცი უყვარდა. ექიმია, ქირურგი. მეტს აღარ გეტყვი, არაა საჭირო, ვინაა და სად მუშაობს ან რამე. ხომ მეთანხმები?

პასუხად გავუღიმე, გულში კი ცეცხლი მეკიდა. კიდევ კარგი, არ იცოდა, ვინ ვიყავი. ის იმდენად მენდობოდა, რომ ვიცოდი, სრულ სიმართლეს მომიყვებოდა. მე კი ყველაფერი მეცოდინებოდა და მათ შორის ისიც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნანასთან მომავალში.

_ მოკლედ, ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს (და მომიყვა, წვიმიან საღამოს როგორ გავუჩერე დედამისს მანქანა და როგორ აღმოჩნდა ჩემი ყოფილი შეყვარებული). ამის მერე ერთხელ მოვიდა ჩვენთან სტუმრად, _ გააგრძელა ნინიმ, _ მე სახლში არ ვიყავი და შეგნებულად არც მოვედი გვიანობამდე, რომ მარტო ყოფილიყვნენ და თუ რამე გასარკვევი ან გასახსენებელი ჰქონდათ, ჩემ გამო ხელი არ შეშლოდათ. დედა ისე იყო გახარებული, ვერ ვცნობდი. წლებია, ასეთ კარგ ხასიათზე არ მინახავს. ადრე, თურქეთში რომ დადიოდა, იქიდან განადგურებული ჩამოდიოდა ხოლმე. ვხვდებოდი, რომ იქ რთული დღეების გადატანა უხდებოდა და მეცოდებოდა. მეცოდებოდა იმიტომაც, რომ ასეთმა ლამაზმა ქალმა ცხოვრება ვერ აიწყო. არადა, ამისთვის ყველანაირი მონაცემი ჰქონდა. ლამაზ ქალს კი არა, მახინჯსაც კი გაუჭირდება თურქეთში თავის პატიოსნად შენახვა, ხომ გესმის? ამის შესახებ მას არასდროს დავლაპარაკებივარ და არც თვითონ მოუყოლია ჩემთვის, რას აკეთებდა სტამბოლში, მაგრამ დაახლოებით ვხვდებოდი. იმ პერიოდში ფული არ მოგვკლებია. მერე რაღაც სერიოზული მოხდა მგონი, რადგან ჩამოვიდა და აღარ წასულა. თურქეთის ხსენებაც კი ზარავდა კარგა ხანს, გამგზავრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ამის გაგონებაც არ სურდა. ჰოდა, გამიხარდა, ვიღაც რომ გამოჩნდა. მინდა, რომ კარგად იყოს. ახლა, ამ წლებში მაინც იგრძნოს თავი ბედნიერად. ჰოდა, რომ გვეგონა, ყველაფერი კარგადააო, ეს ტიპი დაიკარგა. არც დარეკა, არც გამოიარა, საერთოდ ერთხელაც არ მოიკითხა დედა. გაგიჟდა ქალი, სულ ნამტირალევი მხვდებოდა, თვალებდასივებული. დაურეკე-მეთქი, ვეჩხუბე ერთხელ, რას იკლავ თავს, გაიგე მაინც, რას ფიქრობს, ტყუილად რატომ ითხრი ნერვებს-მეთქი. ისეთი ამაყია, ისეთი თავმოყვარე, არაფრით არ დაურეკა. მერე მოიფიქრა, ვეტყვი, ვითომ შენი დაბადების დღე მოდის და დავპატიჟებო. გამეცინა. უკვე მეორედ მაგდებდა უხერხულ მდგომარეობაში.

_ პირველად როდის ჩაგაგდო? _ ვერ მოვითმინე და მივწერე, მაინტერესებდა, კიდევ რა შემომატყუეს.

_ როდის და… პირველად რომ მოვიდა ის კაცი, უთქვამს, ჩემს შვილს ლელი ჰქვიაო, არადა, მე ხომ ნინი მქვია.

_ და რაში დასჭირდა?

_ თურმე იმ კაცის დედას ერქვა ლელი და ამით აგრძნობინა, ისე მიყვარდი, ჩემს ქალიშვილს დედაშენის სახელი დავარქვიო.

ნინის მოწერილ ყოველ ახალ წინადადებაზე ელეთმელეთი მომდიოდა. სიბრაზე უფრო და უფრო მიპყრობდა. ამ დონის გახრწნილი თუ იქნებოდა ეს ერთ დროს ანგელოზივით გოგო, რას ვიფიქრებდი?

_ მერე? _ მივწერე, რომ ამბის თხრობა გაეგრძელებინა, მე კი უკვე კბილებიც კი მიკანკალებდა ნერვული შოკისგან.

_ აბა, როგორია, ვიღაც უნდა გაიცნო, რომელიც მომავალში შეიძლება შენი მამინაცვალი და ოჯახის წევრი გახდეს და მასთან ურთიერთობის დაწყება ტყუილებით გიწევს? არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ მამშვიდებდა, ოღონდ ახლა დამეხმარე და ისე მოვაგვარებ ყველაფერს, რომ ბოლოს ნაწყენი არ დარჩესო. რა ვქნა, დედაა ჩემი და მე თუ არ დავუდექი გვერდით, ვიღა დაუდგება? ერთი დეიდა ჰყავდა მაგ საცოდავს და ისიც გარდაეცვალა. ფაქტობრივად, ნათესავი არ გვყავს ისეთი, რომ მისვლა-მოსვლა და სიახლოვე გვქონდეს. მარტო ერთმანეთი გვყავს, ამიტომ ხათრი ვერ გავუტეხე. ასე რომ, გავითამაშეთ ჩემი დაბადების დღე. ჩემს სამ დაქალს დავურეკე, ავუხსენი საქმის ვითარება და მკაცრად გავაფრთხილე, გარდა იმისა, რომ ვითომ ჩემს დაბადების დღეზე მოდიხართ, სახელიც უნდა შემიცვალოთ და ლელი დამიძახოთ, ოღონდ არ შეგეშალოთ და სირცხვილი არ მაჭამოთ უცხო კაცთან-მეთქი. შენ წარმოიდგინე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისეთი საჩუქარი მომიტანა, რაზეც დიდი ხანია, ვოცნებობდი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი

_ რა იცოდა, რა გაგიხარდებოდა? _ ყასიდად ვკითხე. თან მეღიმებოდა მის ნაამბობზე, თან ბრაზი მახრჩობდა.

_ დედაჩემს უთქვამს.

_ კარგი ტიპია მაინც? _ მაინტერესებდა, რა შთაბეჭდილება დავტოვე მასზე.

_ ძალიან მაგარი. რატომღაც, ზუსტად ეგეთს ველოდი. ისეთი სიმპათიურია, დედაჩემი კი არა, მეც არ ვიტყოდი უარს, ეგეთი რომ შემხვედროდა, _ მომწერა და სიცილებიც მოაყოლა.

_ მართლა ეგეთი კარგია? _ მინდოდა, დამეზუსტებინა, რა დონეზე მოვეწონე, _ ცოლადაც ხომ არ გაჰყვებოდი? _ და მეც გავუცინე.

_ არა, რა ცოლად, მამაჩემის ხნისაა, მაგრამ მართლა ძალიან სიმპათიურია. უბრალოდ, მე არ ვარ ეგ ნატურა, თორემ სხვა ჩემ ადგილას მართლა არ იტყოდა უარს მის ცოლობაზე.

_ და შენ რატომ ამბობ უარს?

_ გაგიჟდი? ჯერ ერთი, დედაჩემს უყვარს და მეორეც, მე სხვა მიყვარს.

გული მომიკვდა. როგორ არ მინდოდა, ასე, ვირტუალურად ვყვარებოდი.

_ ხომ გითხარი, იმ სხვის შეყვარების უფლება არ გაქვს-მეთქი? შენ არც იცი, ვინ გიყვარს. ეს ილუზია უფროა, ვიდრე სიყვარული.

_ მერე რა? მე მყოფნის ეს ილუზია და მავსებს. სხვა სულაც არ მაინტერესებს.

_ მე მაინც მგონია, რომ როცა ვინმე კარგი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვირტუალურ სიყვარულზე ხელს აიღებ და გონების კარნახით იმოქმედებ.

_ მოვეშვათ ამაზე ლაპარაკს. შენ მე არ მიცნობ და არ იცი, როგორი ვარ. ასი წელი რომ გავიდეს, მაინც შენ მეყვარები და იცოდე, გაუთხოვარი თუ დავრჩი, სულ შენი ბრალი იქნება, _ და ისევ სიცილის სმაილები დამაყარა.

_ ვნახოთ!.. ახლა კი გააგრძელე, მერე რა მოხდა?

_ სულ ეს იყო, პრინციპში. კარგი დრო ვატარეთ, იმღერა, გიტარაზე დაუკრა, მაგარი ხმა აქვს, არაჩვეულებრივად მღერის და უკრავს. ჩემს გოგოებს ისე მოეწონათ, მეშინია, არ დაიმეგობრონ და დედას კაცი არ დააწერონ.

_ საიდან უნდა დაიმეგობრონ?

_ თუნდაც აქედან. მე შენ გეტყვი, დღეს ფეისზე კაცის მოძებნა და დამეგობრება გაუჭირდება ვინმეს თუ რა?

_ ჰო, ეგ მართალია, მაგრამ დედაშენი თუ მოსწონს, სხვები ვერ გამოიჭერენ, მაგაზე არ ინერვიულო.

_ მე რა მაქვს სანერვიულო, დედამ იკითხოს. ახლა მთავარია, თვითონ გააქტიურდეს. სულ დედა ხომ არ მისწერს და დაურეკავს?

_ ხოო, ეგეც არის… და რომ არ დაურეკოს?

_ აი, მეც მაგას ვფიქრობ. ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა ეშველება.

_ შენ უნდა გააქტიურდე მაშინ, გაიგე? _ ვურჩიე.

_ მე-ე? მე როგორ? _ გაიკვირვა.

_ შენ უნდა დაურეკო და დაპატიჟო. ან ცალკე შეხვდე და მერე დაპატიჟო.

_ გაგიჟდი? რა ცალკე უნდა შევხვდე, რატომ, რა მიზეზით?

_ ვითომ დედაშენზე სალაპარაკოდ.

_ და რაზე უნდა ველაპარაკო? მოვთხოვო, დედაჩემს შეხვდი და არ გაბედო მისი მიტოვება-მეთქი?

_ არა, ეგრე არა, _ თან ვუხსნიდი, თან შინაგან ცახცახს ვერ ვიოკებდი, რომ დედა-შვილის თამაშს მეც ავყევი, _ უბრალოდ, უნდა ელაპარაკო იმ კაცს დედაშენზე და შეაგნებინო, თუ არაფერს აპირებს, აქედანვე უთხრას და იმედი არ ჩაუსახოს, რომ მერე სატანჯველად არ გაუხდეს-თქო. დამიჯერე, ასე აჯობებს.

_ არ ვიცი… იქნებ არც მივიდეს იქამდე საქმე. იქნებ აწი დაპატიჟება და დარეკვა აღარ დასჭირდეს და თავისით მოვიდეს. ხომ შეიძლება? ისე კარგად ჩაიარა საღამომ, მე რომ მის ადგილას ვიყო, აუცილებლად მივიდოდი კიდევ ერთხელ.

_ ნუ, თუ ეგრე იყო, ესე იგი, კიდევ მოვა, _ დავეთანხმე, რომ თავი არ გამეცა. არადა, მინდოდა, თვითონ დაერეკა ჩემთან და ცალკე შევხვედროდით. რამდენი წელი ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე, ვერ წარმოიდგენთ. ახლა ამის შანსი მეძლეოდა და არ მინდოდა ხელიდან გამეშვა. თანაც, მას არ ეცოდინებოდა, რომ ეს მე ვიყავი. ვინ იცის, იქნებ ისე შევაყვარო თავი? ხომ შეიძლება, შევუყვარდე? მერე აღარ დავუმალავ, ვინც ვარ და…

არ დამიწყოთ ახლა, დედამისთან ასეთი ურთიერთობა გქონდა და როგორ შეიძლება მის შვილთან რომანი გააბაო. მერე რა? დედამისთან წლების წინ მქონდა ურთიერთობა, რომელიც თავისი სურვილით გაწყვიტა. თანაც, ნინი რომ შემიყვარდა, სულაც არ ვიცოდი, ნანას შვილი თუ იყო. განა ჩემი ბრალია, მისი ქალიშვილი რომ შემიყვარდა? ჩემი შვილი ხომ არ არის, რომ ვინმემ ამიკრძალოს? ცოლად მოვიყვან თუ არა, ეგ ჯერ არავინ იცის. ასე ადვილად რომ შემძლებოდა ასეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, დღეს უკვე დახუნძლული ვიქნებოდი ცოლ-შვილით. როგორ შეიძლება ურთიერთობა გაგრძელდეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, მთავარია, რაღაც დონეზე გამოიკვეთოს და გზა მერე გამოჩნდება.

იმ ღამეს კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ მე და ნინიმ და დავემშვიდობე. სამაგიეროდ, მთელი ღამე ვერ დავიძინე. რამდენჯერაც წამთვლიმა, იმდენჯერ მესიზმრა. აი, გამთენიისას კი ღრმად ჩამეძინა და ისეთი ეროტიკული ზმანება მქონდა, ვერავის რომ ვერ მოვუყვები…

 

რამდენიმე დღე ნანაზე დაბოღმილი დავდიოდი. თურმე როგორ მოუნდომებია ჩემი გაცურება. ერთხელ ხომ გამაცურა, როცა მალულად სხვას ხვდებოდა და ბოლოს დამაყენა ფაქტის წინაშე. ახლა უარესი მომიწყო. თურმე ტყუილებით უნდა ჩემთან ურთიერთობის აწყობა. როგორ მთლად ხელიდან წასულა! ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა, რატომაც არა? თურქეთში თუ დარბოდა საგრიალოდ და ფულის საკეთებლად, ვერაგობის ჩადენა გაუჭირდება? წამხდარი ქალი! ასეთ ქალებს არასდროს ვწყალობდი. მისი საქციელი ყველანაირ საფუძველს მაძლევდა, რომ საბოლოოდ გამეწყვიტა მასთან ურთიერთობა და ახლოსაც არ გავკარებოდი, მაგრამ ნინი მაყოვნებდა. იგი ისე მიყვარდა, მის გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებდი. აქამდე თუ ვირტუალური მიწერ-მოწერა მაკმაყოფილებდა, ახლა უკვე აღარ. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, როდის შევეხებოდი, თვალებში როდის ჩავხედავდი, მისი სუნამოს და სხეულის სურნელს როდის შევისრუტავდი. შეგნებულად არ ვეხმიანებოდი ნანას, რომ ნინი ჩემი დარიგებისამებრ მოქცეულიყო, ჩემთან დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა. ვიცოდი, ამას იგი დედის გულისთვის აუცილებლად გააკეთებდა. ჰოდა, მეც მაგრად ვიჯექი და ველოდი. ნანასთან კი ჯიუტად არ ვრეკავდი.

ამავდროულად, ევას მდგომარეობაც არ მომწონდა. სულ უფრო და უფრო ცუდ ხასიათზე მხვდებოდა. ასეთი სევდიანი არასდროს მენახა. რამდენჯერაც ვცადე გამოლაპარაკება, იმდენჯერ თავაზიანად მომიშორა თავიდან, ცუდად ვარ და მარტო ყოფნა მინდაო.

ერთ საღამოს, როგორც იქნა, გავახსენდი, უფრო სწორად, გულის გადასაშლელად დავჭირდი და დამირეკა, რომ ამოვიდე, თუ გეცლებაო. სიამოვნებით-მეთქი. ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო ჩემი, ამიტომ გამიხარდა, რომ შემეხმიანა.

ისევ ნამტირალევი ჩანდა. სახელდახელო სუფრა გავშალე. რაც ერთად არ ვიყავით, სადილების მზადება შევწყვიტე, ამიტომ რაც მქონდა, ის გამოვიტანე _ ძეხვი, მწნილი, პური და ყველი, თან ლუდი და არაყიც მოვაყოლე. მე და ევა ორივე ლუდისტები ვიყავით.

_ ბოლო დროს ვერ გცნობ… რა მოგდის? _ შემპარავად ვკითხე, თან ლუდს ბოკალებში ვასხამდი.

_ არ მკითხო… ისე ცუდად მიმდის საქმეები, რომ არ ვიცი, თავი რომელ ქვას ვახალო, _ ისევ აევსო თვალები ცრემლით.

_ მოდი, არ იტირო და ისე მომიყევი, რა პრობლემა გაქვს, კარგი?

თავი დამიქნია და ყელთან მომდგარი ცრემლი რომ ჩაებრუნებინა, უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა, მერე არყის სირჩას ხელი დაავლო, მომიჭახუნა, ჩვენ გაგვიმარჯოსო, თქვა და გადაჰკრა. მეც მივბაძე.

გაგრძელება იქნება