მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს - და საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორია, იყო 3 შვილის დედა.
"ზოგადად, ბავშვების ყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, გამძლეობასა და მუშაობას მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ რთული და ძალიან სასიამოვნოდ რთული განსხვავდება. მე მარტო არ ვარ, მე და ჩემი მეუღლე რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის. ვასწავლით, რომ ჰაერიდან არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ განებივრებასაც თავისი ოქროს შუალედი აქვს.
განტვირთვის დღეები მე და ჩემს მეუღლეს იშვიათად გვაქვს. სამი ბავშვია სახლში და ფიზიკურად დროის უქონლობის გამო მთვარის შუქზე, პიკნიკებზე ვერ ვსხდებით. ჩვენი განტვირთვაა, როცა ღამე დგება და ვცდილობთ, სიმშვიდეს ყური შევაჩვიოთ (იცინის). დილიდან დაღამებამდე ჩემი რუტინა რომ ჩამოვწერო, იმდენ საქმეს ვაკეთებ კონკრეტულად სახლში, მაშინაც კი, როდესაც სამსახური მაქვს, ერთი წიგნი ვერ დაიტევს. მიყვარს, სახლის საქმეს თვითონ რომ ვაკეთებ, დახმარებაზე, გარდა ჭურჭლის გარეცხვისა, ძირითადად, უარს ვამბობ. მგონია, რომ ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს, ვერ გაფენს, ვერ დაკეცავს, ვერ გახეხავს და ასე შემდეგ. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მთლიანობაში, 30 წუთი თუ გამომდის დაჯდომა და დასვენება, ისიც იმიტომ, რომ ან სარეცხის მანქანას ველოდები, რომ დაასრულოს გაწურვა ან სხვა რამ ხდება, მაგალითად, წყალი წავიდა, შუქი გაითიშა და ასე შემდეგ" - ამბობს ნუკა კვალიაშვილი.
![](/media/images/stories/nuka1_a822f.jpg)