"უბრალოდ არ მჯერა, რომ მალე 80 წლის გავხდები... „მე მაინც ჩავიცვამ ჩემს ჯინსს, ისევ ვატარებ გრძელ თმას და ისევ გავიკეთებ მაკიაჟს" - ლეგენდარული მომღერალი შერი საკუთარ ასაკზე - Marao

"უბრალოდ არ მჯერა, რომ მალე 80 წლის გავხდები... „მე მაინც ჩავიცვამ ჩემს ჯინსს, ისევ ვატარებ გრძელ თმას და ისევ გავიკეთებ მაკიაჟს" - ლეგენდარული მომღერალი შერი საკუთარ ასაკზე

2023-09-06 11:41:04+04:00

მუსიკისა და კინოს ლეგენდა, უბერებელი და ლეგენდარული ფიგურა, შერი, 77 წლისაა და, როგორც თავად აღნიშნავს, თავს კვლავ ახალგაზრდულად გრძნობს.

1946 წელს შერლინ სარქისიანად დაბადებულმა მომღერალმა ლეგალურად შეიცვალა სახელი და მსოფლიოს „შერის“ სახელით გაეცნო. "კარიერის მანძილზე მან გაყიდა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში და ცნობილია ისეთი სინგლებით, როგორებიცაა: "Turn Back Time", "Believe", "All I Really Want To Do" და "Strong Enough".

„უბრალოდ არ მჯერა, რომ მალე 80 წლის გავხდები. ეს იმაზე ადრე ხდება, ვიდრე ვისურვებდი“, - აღიარა შერიმ. „მე მაინც ჩავიცვამ ჩემს ჯინსს, ისევ ვატარებ გრძელ თმას და ისევ გავიკეთებ მაკიაჟს. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი პაულეტი ვსაუბრობდით, რომ ალბათ მოვიდოდა დრო, როცა თმას მოკლედ შევიჭრიდით, რადგან მისი მოვლის თავი აღარ გვექნებოდა და უარს ვიტყოდით ჯინსებზე, რადგან აღარ მოგვიხდებოდა. ეს დრო ჯერ არ მოსულა...“ - ამბობს შერი.

მომღერალმა ოჯახის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას „საოცარი გენეტიკა“ აქვს. შერის დედამ 96 წლამდე იცოცხლა:

„არ ვიცი, რატომ მაქვს ისევ ისეთი შეგრძნება, თითქოს ახალგაზრდა ვარ. მე მარტივად ვყვები ტენდენციებს, მყავს ბევრი ახალგაზრდა მეგობარი... თავს არ ვაიძულებ, რომ თინეიჯერივით გამოვიყურებოდე და ვიქცეოდე, უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ“ - ამბობს შერი.