წამხდარი ქალი - თავი 14 - დასასრული - Marao

წამხდარი ქალი - თავი 14 - დასასრული

2023-09-07 10:21:38+04:00

წინა თავი

მეც ვაქე და ვადიდე. ისიც ვუთხარი, დეიდამისი თანამდებობის ქალია, კარგი ოჯახი ჩანს-მეთქი. მამა ვინ არისო. შეყვარებული ჰყოლია და იმისგანაა ორსულად, იმას კიდევ შეშინებია და მიუტოვებია-მეთქი. ისეთი დახატული გოგოა, შვილებიც დახატული ეყოლება, ამას ფიქრიც არ უნდა-მეთქი. წამითაც არ შეყოყმანებულა, მაშინვე გულიკო ექიმს დაუძახა და სამივემ დავგეგმეთ, თუ ლალის გოგო გაუჩნდებოდა, ბავშვებს გავცვლიდით, ბიჭს ლალის მოვუყვანდით, გოგოს კიდევ - ნანას. მაგრამ რჩებოდა ერთი ძალიან რთული საკითხი - ნანას ერთის გაშვილება უნდოდა და არ იტყოდა, ეს მეორე გოგო საიდანო? ვეღარ მოვატყუებდით, თურმე მუცელში გოგო და ბიჭი კი არა, გოგოები გყოლიაო. სკანდალი რომ აეტეხა, შარში გავეხვეოდით. და უცებ გულიკოს მოუფრინდა აზრი თავში - იმ შენი დეიდაშვილისთვის ხომ დაეძებთ გოგონას, ჰოდა, იმან წაიყვანოს, ამას კიდევ ფული გადავუხადოთ და ვუთხრათ, ვითომ ბიჭი გავყიდეთო. ამის გაგონებაზე ლალი შეშინდა. ჯერ ერთი, არ უნდოდა, თავისი შვილი საკუთარი დეიდაშვილისთვის გადაელოცა. გული გამისკდება, მაგათთან ჩემი შვილი რომ გაიზარდოს და ამას ყოველდღე ვუყუროო. ამან სამივე შეგვაფიქრიანა. ბოლოს ისევ გულიკომ მოძებნა გამოსავალი. ლალის გოგო ნანასთვის დაგვეტოვებინა, ნანასი კიდევ გაგვესხვისებინა.

დაზაფრული ვუსმენდი ამ ჩახლართულ ისტორიას და მეგონა, საშინელ სიზმარს ვხედავდი. საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ ნანას ღვიძლი შვილი ევა იყო და არა ნინი და ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ქალბატონმა ელზამ ხელით ანიშნა ევას, წყალი დამალევინეო, მერე კი, როცა წყალი მოსვა და სული მოითქვა, გააგრძელა:

- ყველაფერს შეიძლება გამართლება მოეძებნოს ამქვეყნად, ხალხო, ყველაფერს, მაგრამ დედას ღვიძლი შვილი წაართვა და სხვისი შეაპარო გასაზრდელად, მოუნანიებელი დანაშაულია. იმ საწყალ ქალს ალბათ ჰგონია, რომ თავის პირმშოს ელოლიავება, ამ დროს სრულიად სხვა ადამიანის შვილი ჰყავს გვერდით. არ ვიცი, ამ საქციელს რა ჰქვია, მაგრამ ღმერთმა მაპატიოს ჩემი შეცოდება.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, ლალიმ იმ ღამეს ისევ გოგო გააჩინა. ლალის მერე ეგრევე ნანამ იმშობიარა. ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ დაზიანებულა. ჯერ ბიჭი დაიბადა, მერე გოგო. ორივე ძალიან კარგი ბავშვი იყო. რა თქმა უნდა, როგორც დავთქვით, ისე მოვიქეცით. ბიჭი სასწრაფოდ ლალის შევუყვანეთ, ლალის გოგონა კი ეგრევე მივუწვინეთ ნანას, ხოლო ნანას გოგო მაშინვე ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანეთ და მეორე დღეს ცისანას მულს ჩავაბარეთ. ასე ერქვა იმ ქალს, ვისაც უნდა ეშვილა. ამ გაცვლა-გამოცვლით მე კარგა გვარიანად ვიხეირე. ნანას თანხიდანაც მერგო წილი და ლალიმ კიდევ ცალკე გადამიხადა საიდუმლოს შენახვისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე ჩავატარეთ, არავის არაფერი გაუგია და ყველანი კმაყოფილი დარჩნენ. რა თქმა უნდა, ნანას დეიდამაც იცოდა ჩვენი საიდუმლოს ამბავი და ისიც საქმის კურსში იყო, ოღონდ იმანაც იმდენი იცოდა, რამდენიც მისმა დისშვილმა. ისე, დეიდამისს არც სცოდნია თურმე, თავისი დისშვილი ტყუპს რომ ელოდებოდა. მაგიტომაც გადაწყვიტა გაყიდვა, დეიდა მაინც ვერაფერს მიხვდებაო, ჩვენ კი დავიბარეთ დეიდამისი და იმ დღესვე ყველაფერი ვუთხარით. ჯერ გადაირია ის ქალი, არავითარ შემთხვევაში, ორივე ბავშვს წავიყვანთ და ჩვენ თვითონ გავზრდითო, მაგრამ მე და გულიკო ისე შევუჩნდით, რომ გადავაფიქრებინეთ. დავაჯერეთ, რომ თუ ბიჭს გაყიდდნენ, აღებული ფული მეორის გასაზრდელად გამოადგებოდათ. ნანამაც თავი გაიგიჟა, შვილები ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. თუ უარს მეტყვი, შენ მოგიგდებ იმ ბიჭს და თავად გაზარდეო. სხვა რა გზა ჰქონდა, შეშინდა ქალი, სამსახური არ მიმატოვებინოს ამ ჩემმა დიასშვილმა თავისი პრიციპების გამოო და დაგვნებდა.

მას შემდეგ აგერ, ოცდახუთი წელი გავიდა და არასდროს არავისთვის არ მითქვამს, იმ ღამეს რაც მოხდა. ან კი როგორ დავძრავდი კრინტს, ამხელა დანაშაულის ჩადენას ვინ მაპატიებდა? ახლაც არ უნდა მეთქვა წესით და რიგით, მაგრამ უკვე აღარაფერს არა აქვს აზრი. ღმერთმა ყველა დაგვსაჯა, ვინც ამ საქმეში ვიყავით გარეული. ჩვენი სამშობიაროს დირექტორს ეს სიმწრით ნაპოვნი ვაჟიშვილი ავარიაში დაეღუპა რამდენიმე წლის წინ, იმ ცისანას ქმარი კიდევ ციხეში მოკლეს და იმ საწყალმა კაცმა ვერც ის გაიგო, შვილი რომ დაეღუპა და ვერც ის, მისი ცოლი სხვის შვილს რომ დაახვედრებდა ციხიდან გამოსულს. მახსოვს, მაშინ დაბადების მოწმობაც კი შეუცვალეს ბავშვს, ვითომ ერთი წლის იყო, რადგან შვილის დაღუპვიდან უკვე სამი თვე იყო გასული. გულიკოს, მეან-გინეკოლოგს, ვინც იმ ღამეს მშობიარობა ჩაიბარა, მთლად საშინელება დაემართა. ქმარ-შვილი იმ ცუდ წლებში გაზით გაეგუდა. მაშინ გაზით მოწამვლა ძალიან იყო გახშირებული. თვითონ მორიგე იყო საავადმყოფოში და მეორე დილით, მორიგეობიდან შინ მიბრუნებულს, ორივე მკვდარი დახვდა სახლში. კინაღამ გადაჰყვა საწყალი ამ ამბავს. არც მე დამდგომია უკეთესი დღე, რაღა დავმალო. ჩემი ორი ძმა, მთლად ახალგაზრდები, დამეღუპნენ, ერთი ინსულტით, მეორე ინფარქტით… ზედიზედ, ერთ თვეში, ერთმანეთის მიყოლებით… ახლა კიდევ ფეხები მოვიტეხე და სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში ლოგინად ჩავვარდი. ასე რომ, დაუსჯელი არც ერთი არ დაგვტოვა ღმერთმა.

სულ ეს არის, რაც უნდა მეთქვა… ახლა ის მითხარი, შენ რომელი ხარ? რომლის გოგო ხარ? - ევას მიაპყრო ქალმა მზერა და ხელზე ხელი მსუბუქად მოუჭირა.

- მე ცისანას გოგო ვარ, მაგრამ გამოდის, რომ სინამდვილეში ნანასი ვარ, - ძლივს ამოიღო ხმა ევამ. ისეთი დათრგუნული ჩანდა, შემეცოდა.

- ჰოოო. კი, სინამდვილეში ასეა… მიდი, შვილო, უთხარი შენს ღვიძლ დედას, რაც ხდება. ამის გამო ნუ დაკარგავ. მთლად მისი ბრალიც არ არის, ასე რომ მოხდა.

- აბა, ვისი ბრალია?

- რა ექნა იმასაც… პატრონი არავინ ჰყავდა, თავის თავს ვერ არჩენდა და შვილები როგორღა ერჩინა? აი, თქვენ რომ არ გეთქვათ მაშინ უარი და არ შეგშინებოდათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, - მე მომიბრუნდა ელზა.

- მე? - ისე დავიბენი, სათქმელს თავი ვერ მოვუყარე, - იცით? მე არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო, მართლა არ უთქვამს ჩემთვის.

- ეს არაფერ შუაშია, მაშინ დედაჩემი სხვასაც ხვდებოდა, ამიტომ ჯერ არ ვიცით, ვინ არის სინამდვილეში მამაჩემი. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ყველაფრის გარკვევა, - თქვა ევამ და მე გადმომხედა.

- ჩემგან უკვე ყველაფერი გარკვეულია, ჩემო ძვირფასებო, - ამოიჩურჩულა ელზამ, - უცნაურია, არა, როცა საკუთარ ცხოვრებას თავიდან სწავლობ. აბა, შეუსწავლელი ცხოვრება რაღა ცხოვრებაა, - უცნაურად გაიცინა, - მეც გულზე მომეშვა. აწი თუ მოვკვდები, აღარ ვინაღვლებ, შემსუბუქებული სინდისით დავტოვებ ამ ქვეყანას, დანარჩენს ღმერთი შემინდობს…

 

დაძმარებულები წამოვედით იქიდან. ევას პატარა ბავშვივით ჩაებღუჯა ჩემი ხელი, თითქოს მისი ერთადერთი მშველელი მე ვიყავი დედამიწის ზურგზე.

- იცი რა მგონია, ანდრია? - შეფიქრიანებულმა დაიწყო, - რადგან მაშინ არ გითხრა, ორსულად ვარო, არა მგონია, შენი შვილი ვიყო. ალბათ სხვისგან იყო ორსულად, თორემ რაღაცაში მაინც ხომ გთხოვდა დახმარებას, არა? შენ როგორ გგონია?

- საქმე რა არის, იცი? მან მითხრა, ორსულად ვარო და მე რომ სიფათი შემეცვალა, გეხუმრეო, გადაასხვაფერა ნათქვამი… ანუ, აღარ მითხრა ბოლომდე, გადაიფიქრა… ამიტომ ახლა ნამდვილად არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. თუ შენ ჩემი შვილი ხარ და, შესაბამისად, თურმე ბიჭიც უნდა მყოლოდა, გამოდის, რომ ღმერთმა მე ყველაზე სასტიკად დამსაჯა. ერთი შვილი მომიკლა, მეორესთან კი… - სათქმელი აღარ დავამთავრე, რადგან ღმუილი მომინდა.

- რატომღაც, გული სულაც არ მიგრძნობს ამწუთას განგაშს, იცი? ასე მგონია, შენ მამაჩემი არ ხარ. ყოველ შემთხვევაში, ის ხომ არის კარგი, რომ ნინის მამა მაინც არ ხარ. ის მაინც შეგრჩება.

- არავინაც არ შემრჩება, ევა. როგორც უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, მე უკვე აღარ ვვარგივარ ადამიანად. ოღონდ კი ახლა ნუ გამწირავს ღმერთი და ახლოსაც არ გავეკარები არც ნინის და არც ნანას.

- და მე? - სათნო ღიმილი გამოესახა ტუჩებზე.

- შენ… შენ თუ ჩემი შვილი აღმოჩნდი, თავს მოვიკლავ, თუ არ აღმოჩნდი, ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდები. არა, მეგობარი ისედაც ხარ, უნდა მეთქვა, ჩემს საუკეთესო მეგობრად დარჩები-მეთქი. თანაც, ყოველგვარი სექსის გარეშე.

- ჰო, მესმის… - თავი ჩაჰკიდა, - რა უცნაური რამაა ეს ცხოვრება, არა? რას ვიფიქრებდით ან შენ, ან მე, რომ ასეთი რამ გადაგვხდებოდა თავს?

- იცი რა? ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, თუ ნანა მატყუებს და მამა მე არ ვარ, მოვკლავ ცილისწამებისთვის და ციხეში ჩავჯდები.

- აპა, აპა-პა-პა, ეგეთები არ გვინდა, ანდრია! დაივიწყე! მაგას ისედაც მიუზღო ბედისწერამ თავისი. შურისძიება იცი რა იქნება? ხვალ რომ მივალ ნინისთან და ვეტყვი, ეს ქალი დედაშენი კი არა, დედაჩემია-მეთქი და ღვიძლი დედის ამბავს რომ გავუმხელ, მერე ნახე ნანას გაგიჟება. შენი მოკვლა აღარ დასჭირდება, თვითონ მოიკლავს თავს.

- აპირებ ამის გაკეთებას? - ცოტა არ იყოს, შევცბუნდი.

- რა თქმა უნდა, ვაპირებ. ის კი არა, მიკვირს, იმ ქალმა, ლალიმ, აქამდე რატომ არ მოძებნა თავისი შვილი. ის ხომ მოუკვდა, რომელიც იშვილა, ანუ ჩემი ტყუპისცალი, მაგრამ ხომ იცოდა, რომ თავისი ქალიშვილი ცოცხალი იყო? რატომ არ მოიკითხა?

- იმიტომ, რომ გოგოების მთელი არმია ჰყავს სახლში და კიდევ ერთის მიმატება რაღაში სჭირდებოდა?

- აი, ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ, გეხვეწები, ამიხსენი ერთი, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გყავს? შვილები ერთმანეთისგან როგორ უნდა გამოარჩიო?

- ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, ევა, რას გაიგებ. ვისთვის ყველა შვილი ღირებულია, ვისთვის არა. მით უფრო, თუ არ გაგიზრდია. არ გესმოდა, რა თქვა იმ ქალმა? ქმარმა ასე უთხრა, კიდევ გოგოს თუ გააჩენ, მიგატოვებო.

- ჰო, მესმოდა… შენ?

- რა მე? - ვერ მივუხვდი.

- შენ რომ გცოდნოდა, შენგან იყო ნანა ორსულად და ტყუპი ჰყავდა მუცელში, შეირთავდი ცოლად?

დავმუნჯდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი. შემეძლო ევა დამეიმედებინა, აუცილებლად შევირთავდი-მეთქი, მაგრამ შევირთავდი? ამაში დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ ვერაფერი ვთქვი, ევას მოტყუება არ მინდოდა.

- ანრი! რატომ არ მცემ პასუხს?

- არ ვიცი, ევა, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი და რა გიპასუხო?

- ახლა რომ შეგქმნოდა მსგავსი სიტუაცია? - "გამიადვილა" ევამ მდგომარეობა.

- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, სრულიად განსხვავებული შეხედულებებით. ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე წარსული ცხოვრებიდან. ახლა წამითაც არ დავფიქრდებოდი. გგონია, მეშინია, შენხელა შვილი რომ გამომიჩნდა? ჩემი შიში ამჯერად სულ სხვა შიშია.

- მესმის შენი… მოდი, მოვითმინოთ ეს რამდენიმე დღე, დაველოდოთ ტესტის პასუხს და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ, კარგი?

- მართალი ხარ, როგორც ყოველთვის, გენიალური აზრები მოგდის.

- ახლა კი წავიდეთ და დავთვრეთ. თუ რამეა, ერთხელაც გამოვიტიროთ ჩვენი წარსული, შენი და ჩემი უნებლიე შეცდომა და ამით მაინც მოვიოხოთ გული.

- მოვიოხოთ და მოვიოხოთ, - ღრმად ამოვიხვნეშე და მანქანის სიჩქარეს მოვუმატე…

ახლა ერთადერთ იმედად დნმ-ის ტესტის ანალიზი გვრჩებოდა. თუ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა და საშინელების მოლოდინი აგვცდებოდა, პირობას ვდებდი, რომ ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შევცვლიდი; არა მარტო ჩემსას, არამედ ევას ცხოვრებასაც, ოღონდ როგორ, ჯერ არ ვიცოდი…

 

ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე. ნინისაც არ შევეხმიანე საიტზე, მასთან დალაპარაკების სურვილიც კი გამქრობოდა. ისედაც ყველა შემთხვევაში ვაპირებდი მასთან კავშირის გაწყვეტას, როგორიც გინდა ყოფილიყო დნმ-ის ტესტის შედეგი. ჯერ ერთი, ნანამ ყველაფერზე ამიცრუა გული და მეორეც… მასთან ურთიერთობის გაგრძელება ნანასთან ურთიერთობის გაგრძელება იქნებოდა, რაც არ მიმაჩნდა მართებულად. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ალბათ ასეც იყო. მე რომ თავის დროზე რაღაც-რაღაცებზე თვალი დამეხუჭა და ნანა ცოლად შემერთო, ახლა ჩემ გვერდით იქნებოდა, შვილებიც გვეყოლებოდა და შეიძლება - შვილიშვილებიც. კარგი ცოლ-ქმარი ვიქნებოდით თუ არა, ეგ არავინ იცის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გზას მაინც არ ასცდებოდა და ამ სიბერეში არც მე გავერეოდი ასეთ ხათაბალაში.

საღამოობით ევა შემოივლიდა ხოლმე, ხელის აწევით მომესალმებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა, ორ სიტყვას გადმომიგდებდა, მერე ასევე უსიტყვოდ ადგებოდა და გავიდოდა. ორივეს დაკარგული გვქონდა ხალისი.

იმ საღამოსაც ამოვიდა, ოდნავ ნასვამი მეჩვენა.

- ჩაარტყი? - გავუღიმე.

- ჰო. ფხიზელი თვალით უკვე ვეღარ ვუყურებ ამ დამპალ ცხოვრებას… როდის იქნება ჩვენი განაჩენი? - მწარედ ჩაიცინა.

- ზეგ. ცოტაღა დარჩა.

- ჰოდა, როგორც კი პასუხი იქნება, ეგრევე მივადგეთ ქალბატონს.

- ჰო, - ყრუდ მივუგე, ნანას სახელის ხსენება უსიამოვნოდ მივლიდა ტანში.

- სამსახურში არ გასულხარ?

- არა ჯერ და არც ვიცი, როდის გავალ. შეიძლება გავაგრძელებინო შვებულება. ახლა მუშაობის ხასიათზე არ ვარ.

- გიყვარს შენი პროფესია? სიამოვნებით მუშაობ ალბათ, არა?

- ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

- ბავშვობის ოცნებები ყველაზე ადვილად ასახდენი ოცნებებია, - გაიღიმა ევამ.

- ჰო, მაგრამ ოცნება რომ აგიხდება, მერე ის მუღამი აღარ აქვს. პროფესიაც ასეა. ჯერ ხომ ერთი სული გაქვს, სანამ კარგად დაეუფლები, განსაკუთრებით, თუ გიყვარს, მაგრამ რაც უფრო უკეთ ეუფლები და გამოგდის, მით უფრო მცირდება მისი ხიბლი. ახლა ჩემთვის ქირურგობა სულაც არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც წლების წინ იყო.

- შეიძლება ასეცაა… ამ დღეებში იმდენი საშინელება გამოვიარე, ფიქრის უნარი მთლიანად წამერთვა. რა სასწაულია ადამიანის ცხოვრება, არა?

- სასწაულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მე თუ მკითხავ, ეს უბრალოდ, სკოლაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამთავრებს. კარგად თუ ისწავლი საგნებს, ცოდნა დაგიგროვდება, არ ისწავლი და ჩამორჩენილი იქნები. დააშავებ? დაგსჯიან, თავს გამოიჩენ? წაგახალისებენ. მთელი ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართება, როგორც სკოლაში. დაამთავრებ სკოლას და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ დამოუკიდებელი ცხოვრების კართან, გაგიხსნიან და მიდიიი. სიცოცხლის დასრულებაც ასეა. მოკვდები და ზარ-ზეიმით მიგაცილებენ სამარის კართან. მორჩა.

- რა საშინელებებს ჰყვები, ანდრია, გული გამიჩერდა, - წარბები შეყარა ევამ, - მე და შენს ყოფას კიდევ ასეთი კოშმარული შედარებები უნდა? ისედაც სამარისკენ გვაქვს გადადგმული ცალ-ცალი ფეხი.

- შენ რატომ?

- როგორ თუ რატომ? გგონია, შენზე უკეთეს დღეში ვარ? გგონია, რადგან თავქარიანი ვარ, არ მაწუხებს, მამაჩემთან სექსი მქონდა თუ არა? მთლად ასე არ ვარ ხელიდან წასული, - საყვედური და სინანული ერთად გაუკრთა ხმაში.

- არა, შენ არ ხარ წამხდარი ქალი, - დივანზე წამოვჯექი, ხელი მხარზე გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე, - შენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანი ხარ, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ. საოცრად ერთგული და გამტანი მეგობარი. შენით ყოველთვის ვიამაყებ, როგორც უნდა შემოტრიალდეს ჩვენი საქმე. კიდევ იცი, რა მინდა გითხრა? შენთან განმარტოებისას ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჰავაის კუნძულზე აღმოვჩნდი… აი, ასეთი ხარ - ადამიანი-კომფორტი. გინდა, გავისეირნოთ? ცოტა გავიაროთ, თორემ ეს კვირა მთლად დავკუტდი. აღარც ვვარჯიშობ, აღარც დავრბივარ…

- წამო, კარგი იქნება ძილის წინ გასეირნება, - ევაც გაახალისა ჩემმა წინადადებამ და წამოხტა…

 

მთვარე სამხრეთით გადახრილიყო, ამიტომ ჩვენ-ჩვენი ჩრდილები უკან კი არ მოგვდევდა, წინ, ოდნავ გადახრილად გვისწრებდა. სასაცილო სანახავები იყვნენ ჩვენი ლანდები, აწოწილები და უცნაურად დაბრეცილები.

- შენ ჩემზე მეტი გეცოდინება დედაშენზე… მომიყევი მასზე რამე, - ვთხოვე ევას.

- სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი ვიცი. რაც ვიცი, ისაა, რომ ჩვენ უქმროდ გაგვაჩინა. მერე მალევე გათხოვდა, მაგრამ ის ქმარი რამდენიმე წელიწადში გარდაეცვალა. ცოტა ხანში ისევ გამოუჩნდა ვიღაც და დაქვრივებული ქალის ცხოვრება მეორედ გათხოვილზე გაცვალა. თუმცა, არც ამჯერად გაუმართლა. სცემდა ის კაცი და ამის გამო მიატოვა. მერე თურქეთში დაიწყო გასვლები. იქ სასტუმროში მუშაობდა, კარგა გვარიანად გამოიმუშავებდა თურმე, მერე მგონი, დაიჭირეს თუ დასაჭერად ჰქონდა საქმე და… როგორღაც გამოძვრა. თუ არ ვცდები, ნარკოტიკების ამბავი იყო. არა, ეს კი არ ვაჭრობდა, ვიღაცასთან იყო სასტუმროში და ის ტიპი რომ აიყვანეს, ვიღაც არაბი, ეს მასთან ლოგინში გორაობდა. დეტალურად არ ვიცი, რა როგორ იყო, მაგრამ იქიდან რომ თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა და მას მერე თურქეთისკენ აღარ გაუხედავს, ეგ ზუსტად ვიცი.

- შენ როგორი ცხოვრობა გქონდა? როგორ ფიქრობ, მასთან რომ დარჩენილიყავი, უკეთესი პირობები გექნებოდა?

- არ ვიცი… ალბათ არა. უფრო სწორად, თავისუფლება მეტი დოზით მექნებოდა, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმას მასთანაც გავაკეთებდი, - ჩაიცინა, - ალბათ გენებში ღრმად მაქვს გამჯდარი მსუბუქი ყოფაქცევის ცხოვრება… ჩემი წარსულიდან, სევდიანი მოგონებების გარდა, კარგი არაფერი მახსენდება.

- მოგონებები ყოველთვის ისედაც სევდიანია, სწორედ იმიტომ, რომ წარსულთანაა დაკავშირებული.

- ოხ, რა რომანტიკოსი ხარ, - დამცინა ევამ.

- ვიყავი… უფრო სწორად, მე სხვა დროის რომანტიკოსი ვარ, ამ დროს არ შევეფერები. ხომ ხედავ, ჩემს ნათქვამზე გეცინება. თანამედროვე რომანტიკოსებს სხვა ღირებულებები მოეთხოვებათ. მე კიდევ… მე იმედგადაწურული რომანტიკოსი ვარ.

- თვითმარქვია?

- არა, ვადაგასული, - ამჯერად მეც გამეცინა.

 

ორი დღეც გავიდა და დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მე და ევა ერთი პროცენტითაც კი არ ვიყავით მამა-შვილი.

საოცარი შეგრძნება იყო, ასე თავისუფლად კარგა ხანია, არ მისუნთქია. სიხარულისგან თითქოს ჰაერში ავიწიე. ევა ხომ საერთოდ… აღტყინებული მთელი გზა ყვიროდა მანქანაში.

- ღმერთო, ეს ბედნიერება ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. არასდროს აღარ ვიტყვი, ბედნიერი არ ვარ-მეთქი.

- რომელიღაც მწერალს აქვს ნათქვამი, ბედნიერება მოსაწყენია, უბედურება კი არაო.

- ნუ ფილოსოფოსობ.

- არ ვფილოსოფოსობ. აბა, დაფიქრდი, თუ ასე არაა. ვიღაცის ბედნიერება ეგრევე გვავიწყდება, მაგრამ საკმარისია, სხვისი უბედურების ამბავი გავიგოთ, რომ მერე მთელი თვე ამაზე ვლაპარაკობთ, ვწერთ, ვჭორაობთ… ასე არ არის?

- ისე… მართალი ხარ, ასეა. ამაზე არასდროს არ მიფიქრია.

- კარგია, რომ არ გიფიქრია. რაც ნაკლებს იფიქრებ, მით ნაკლები პრობლემა გექნება, - გავეხუმრე.

- იქ როდის წავიდეთ?

- საღამოს.

- რატომ ახლავე არა?

- იმიტომ, რომ ნინი არ იქნება სახლში. მე კი მინდა, ისე მოეწყოს, რომ ყველანი შევიყაროთ. შეიძლება ამწუთას მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ირიბად მეც მეხება ეგ ამბავი.

- როგორ თუ არაფერ შუაში? ზუსტად შენ გამო დაიწყო ეს ყველაფერი, დაგავიწყდა?

- არა, არ დამვიწყებია. და ეს არც მიგულისხმია. კონკრეტულად ეს სიტუაცია არ მეხება მე-მეთქი… ანუ მე არ ვარ შენი მამა, ნინი არაა ჩემი შვილი, შესაბამისად, ნანასთან აღარაფერი მაკავშირებს. ასე რომ, შემიძლია, საერთოდ აღარ ველაპარაკო ამ თემაზე, გავერიდო და სამუდამოდ დავივიწყო. თუმცა ამას არ ვიზამ. მას პასუხი აუცილებლად უნდა მოვთხოვო, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო.

ევამ პასუხი არ გამცა. მივხვდი, ეწყინა, შექმნილ ვითარებას ამ თვალით რომ შევხედე. იმასაც მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ახლა როგორმე უნდა გამომესწორებინა ეს.

- ისე მიხარია დღევანდელი დღე, რომ შემიძლია ყველას ყველაფერი ვაპატიო, - გვერდიდან შემოვუარე მტკივნეულ საკითხს, - და ვისაც საპატიებელი არაფერი აქვს, იმას სასიამოვნო დღე მოვუწყო. სადმე ხომ არ აღგვენიშნა ჩვენი გამარჯვება?

- კონკრეტულად სად? იქნებ ლოგინში? კარგი სექსი ბედნიერების ნაწილია, - მიკბინა ევამ.

გავატარე მისი კბენა, არ ჩავუღრმავდი, ვითომ ვერ შევნიშნე.

- სექსი ზღვის ტალღებს მაგონებს. აი, წარმოიდგინე, შედიხარ ზღვაში, ნელ-ნელა ეხვევი ტალღებში, განანავებს, სიამოვნება სულს გიხუთავს, გაკვნესებს, შენ კი წინ და წინ მიიწევ, სანამ ფეხის ფსკერზე დადგმა შეგიძლია და როგორც კი ქვიშა ფეხქვეშ გამოგეცლება, ეგრევე ტალღებს შეერევი, მკლავებს მოუსვამ და…

მაგრამ შენთან დაწოლაზე ამწუთას საერთოდ არ ვფიქრობ, აი, დალევაზე კი უარს არ ვიტყოდი. შენ დალევის პროცესშიც კარგი კომპანიონი ხარ. - ფრთხილად გავხედე, როგორ იმოქმედა ჩემმა სიტყვებმა-მეთქი.

- შეგიძლია საღამოს შეხვედრაზე არ წამოხვიდე, ეს შენი უფლებაა და ჩემი ხათრის გამო ნუ იზამ ამას, - უეცრად შეცვლილი ხმით წარმოთქვა.

- საიდან მოიტანე, რომ შენი ხათრით მივდივარ? მე ჩემი ანგარიში მაქვს დედაშენთან.

- ძალიან გთხოვ, დედაჩემს ნუ ეძახი. ის დედაჩემი არაა! - გაღიზიანებულმა უკმეხად შემისწორა.

- რაც უნდა იყოს, მაინც დედაშენია და ნუ ბრაზობ, თუ შეიძლება! შენი აგრესია შენთვის დაიტოვე, ჩემზე ნუ გადმოანთხევ, - წამოვენთე, - მამაშენი თუ არ ვარ, მამისტოლა მაინც ხომ ვარ? მეტი პატივისცემა გმართებს.

- საკუთარ სექსუალურ პარტნიორთან, არა? - გააგრძელა ჩემი დამთავრებული წინადადება.

- ახლა ყურებს დაგახევ და ნახავ მერე! - ხუმრობით შევიკარი წარბები და ორივეს გულიანად გაგვეცინა.

მოსალოდნელმა ქუხილმა შეუმჩნევლად გადაიარა.

 

ალბათ, საშინელი ხმა მქონდა ტელეფონში, რადგან ნინიმ შეშფოთებულმა მკითხა, ხომ მშვიდობაა, ასეთი ტონით რატომ მელაპარაკებიო. დიდად ვერ შევძელი მისი დამშვიდება, როცა მოვალთ, ყველაფერს გაიგებ, თან მარტო არ ვიქნები, სტუმარი მომყავს-მეთქი.

კარი ნანამ გააღო. ევა ჩემ უკან იდგა. მის დანახვაზე ნანას გაოცებამ გადაურბინა სახეზე, მერე ეს გაოცება შიშმა შეცვალა. აშკარა იყო, რომ იცნო.

- ეს არ უნდა გექნა… - დაიჩურჩულა და ისე გაფითრდა, მიცვალებულს დაემსგავსა.

- ევას გულისხმობ? - ნიშნის მოგებით შევხედე, - სატყუარასავით გზადაგზა მიყრი შვილებს და მე მეუბნები, ეს არ უნდა გექნაო? - ლამის გავხვრიტე მზერით, ისე შევხედე.

უხმოდ გაბრუნდა და გამოღებულ კართან მიგვატოვა. ევა წინ გავატარე და კარი დავკეტე.

სასტუმრო ოთახში ნინი ტრიალებდა, სუფრა გაეშალა და მაგიდაზე ნამცხვრებით სავსე თეფშს დებდა.

- მობრძანდით! - ჩემ დანახვაზე ნინი წელში გაიმართა და ლოყებშეფაკლულმა ევას ხელი ჩამოართვა, მაგრამ მოულოდნელად თითქოს შეცბაო, დაბნეული ჯერ დედამისს მიაშტერდა, მერე მე და ბოლოს კვლავ ევას შეხედა.

ევა იმდენად ჰგავდა ნანას, უცხო ადამიანს წამითაც არ შეეპარებოდა ეჭვი, რომ დედა და შვილი იყვნენ.

- ასეა, ნინი, ასე, - თვალებიდან სუსხი გამოუშვა ევამ, - მე ნანას ქალიშვილი ვარ… უმცროსი, - დაამატა ცოტა ხნის შემდეგ, რომ გოგონა ბოლომდე არ გაენადგურებინა.

- რას ამბობთ… დე… რაო? ვერაფერი ვერ გავიგე, - გაგონილით თავზარდაცემულმა სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.

ძლივს მოვასწარი მისი დაჭერა, მოულოდნელად წაბარბაცდა და რომ არ მიმესწრო, იატაკზე მოადენდა ზღართანს. გონების დაკარგვას ცოტა დააკლდა.

- ვალიდოლი არ გაქვს ან ვალერიანის წვეთები? ან ნიშადური… - ვიყვირე და ჩემს მკლავზე მისვენებული ნინი ციმციმ საძინებელში შევარბენინე.

- არა მიშავს, კარგად ვარ… - ამოიჩურჩულა, როგორც კი საწოლზე მივაწვინე. ამასობაში ნანაც შემოვარდა ვალერიანის წვეთებით, მაგრამ ნინიმ სასტიკი უარი განაცხადა მის დალევაზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ ოთხივენი გაშლილ სუფრას ვუსხედით და იმის ნაცვლად, რომ მოგველხინა, უცნაურ ამბავს ვყვებოდით და ვისმენდით. უფრო სწორად, ევა ჰყვებოდა, ჩვენ კი ვუსმენდით.

ნანას სახე გაქვავებოდა. ამწუთას ცვილის ფიგურას ჰგავდა, ერთოდროულად მკვდარიც რომ გეგონება და ცოცხალიც. არც ერთი ნაკვთი არ შერხევია, შავი ჩრდილი თუ გადაურბენდა ხანდახან სახეზე.

ევა დიდხანს ჰყვებოდა… ნელა, სვენებ-სვენებით, თითქოს შურისძიების წუთებს იხანგრძლივებსო. თუმცა, საოცარი ის იყო, რომ ისე დაამთავრა ამბის მოყოლა, გოგონების გაცვლის მომენტი არ უხსენებია.

- ნინი, შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი დამალევინო? პირი გამიშრა, - სთხოვა ბოლოს თავის "დას" და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.

როცა გოგონა ოთახიდან გავიდა, სწრაფად მომაყარა:

- მე მთავარი შეგნებულად არ ვთქვი, ანდრია. ეს შენთვის მომინდვია. ამ გოგოს ჩემთვის არაფერი დააუშავებია და არ მინდა გაიგოს დედამისის ვერაგობის ამბავი, მაგრამ ამან უნდა იცოდეს სიმართლე, გასაგებია?

ვდუმდი. ევას საქციელს ტაში დავუკარი, ოღონდ მხოლოდ მზერით.

ნინიმ ჭიქით ცივი წყალი შემოიტანა. ევამ გამოართვა, მადლობა გადაუხადა და მოსვა.

ნანას ცნობისმოყვარეობით ავსებოდა თვალები. ვერ მიხვდა, კიდევ რა საიდუმლოზე ლაპარაკობდა ევა, რა იყო უკვე მომხდარზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი, ამიტომ ადგა და საძინებელში გავიდა, თან თვალით მანიშნა, გამომყევიო.

გავყევი.

იგი სარკესთან იდგა. როგორც კი შევედი, მასში ჩაიხედა და იქიდან შემათვალიერა. მეც სარკეში შევხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მივხვდი, რომ მასთან სარკის მეშვეობით საუბარი უფრო გამიადვილდებოდა. პირისპირ ალბათ ვეღარ გავუძლებდი მისი საოცარი თვალების დაჟინებულ მზერას.

- რატომ მომატყუე? - დახშული ხმით დავიწყე მისი დაკითხვა.

- შენი დაკარგვა არ მინდოდა… - ჩურჩულით მიპასუხა და თვალები ცრემლით აევსო.

ასე კიდევ უფრო საოცარი გამოუჩნდა ულამაზესი თვალები.

- ხომ იცოდი, რომ აუცილებლად შეგამოწმებდი?

- შენ გამოსავალს ყოველთვის პოულობდი…

- შენ შემთხვევაში ვერა, უკვე მეორედ შევცდი.

- მაპატიე… - მისი ხმა ძლივს მესმოდა, - და რას ამბობდა ის გოგო? კიდევ რა უნდა მითხრათ? რაღაც საიდუმლოზე ჰყვებოდა…

- ჰო… არ მინდოდა, მაინცდამაინც ჩემგან გაგეგო ეს ამბავი, მაგრამ….

- მითხარი… ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

- ნინი შენი ქალიშვილი არ არის. ევაა შენი შვილი და არა ნინი.

პირველად ვნახე, უეცრად, მოწყვეტით როგორ გაუშრა ადამიანს ცრემლები. მოულოდნელად შუბლის ყველა ნაოჭი გაუსწორდა, სახე და თვალები თითქოს უფრო გაუდიდდა, ისე შეშინდა, კითხვის დასმაც ვერ გაბედა, უმწეოდ შემომხედა მხოლოდ, ეს იყო და ეს.

მეც ავდექი და მოვუყევი, როგორც იყო, რა მოხდა მისი მშობიარობის ღამეს და როგორ მოატყუეს…

მისი დაჭერა ვერ მოვასწარი. სანამ მივხვდებოდი, რომ გონებას კარგავდა, მოწყვეტით დავარდა იატაკზე…

 

ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ორი ფაზა - პრელუდია და ინტერლუდია. პოსტლუდიის ფაზაში დიდი ტკივილით გადავედი. ეს ის ტკივილი იყო, რომელიც წარსულიდან გადმომყვა, მაგრამ ასე თუ ისე დამცხრალი მქონდა.

ევა სხვა ბინაში გადავიდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადაგვხვდა, ჩემთან დარჩენა არ ისურვა. იშვიათად თუ შევეხმიანებით ერთმანეთს… თითქოს ჩვენ შორისაც გაცივდა რაღაც.

მე და ნანამ საბოლოოდ გავწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. იმ ყველაფრის შემდეგ მისი დანახვა აღარ შემეძლო.

ნინისთანაც ყველაფერი დავამთავრე, რადგან ბოლოს გულმა არ მომითმინა და საიტზე მივწერე, ვინც ვიყავი. რეაქცია ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ველოდი. საერთოდ წამშალა თავისი ცხოვრებიდან - რეალურიდანაც და ვირტუალურიდანაც. მაგრამ სანამ დავშორდებოდით, შეხვედრა მთხოვა. ამაზე უარი არ მითქვამს. ის დღე არ დამავიწყდება… სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ თვალებში ჩამჩერებოდა, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხს იქ ეძებსო. საშინელი ქარიანი ამინდი იყო, ქარი თმას უწეწავდა. მერე პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მე დავასწარი:

- ვიცი, რაც უნდა მითხრა, ნინი… ვიცი, რომ მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. მე ეს ყოველთვის ვიცოდი, ამიტომაც ვერიდებოდი შენთან რეალურ შეხვედრას.

- რატომ, რა გვიშლიდა ხელს? - მკითხა და ტუჩუბმოკუმული გამომცდელად მომაჩერდა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ მივუგე:

- ქარი, რომელიც ამწუთასაც სახეში გვიბერავს…

- რა ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი… თუმცა, შენ ისედაც არ აპირებდი ჩემთან დაახლოებას. უნდა გიხაროდეს… ტუზი დაგეცა, - ღიმილისგან ტუჩები დაებრიცა.

მინდოდა, გამეპროტესტებინა მისი ბრალდება, მაგრამ კრინტი ვერ დავძარი. ის შეძრწუნებული იყო. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.

ბოლოს ტუჩები ყურთან მომიტანა და ავისმომასწავებელი ჩურჩულით ამოთქვა:

- ქარი არაფერ შუაშია, ქარს ნუ აბრალებ! მან, უბრალოდ, უფრო დრამატული გახადა დაშორების სცენა, ეგაა და ეგ!

შევხედე. ესე იგი, ვშორდებით-მეთქი? თვალებით შევეკითხე.

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია… სიტყვა ჩვენ შორის არ თქმულა, უსიტყვოდ გავიგეთ ერთმანეთის…

ასე სჯობდა. მე რომ უკვალოდ გავმქრალიყავი, მისთვის უფრო ძნელი გადასატანი იქნებოდა, მე კი ეს არ მინდოდა, ის ამას არ იმსახურებდა. მას უნდა სცოდნოდა, ვინ ვიყავი და რატომ ვამბობდი ურთიერთობაზე უარს. სამაგიეროდ, ამ ნაბიჯით მე უფრო მტკივნეულად დავისაჯე. მდგომარეობიდან გამოსასვლელად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ნინი ისევ ისე მიყვარს, ისევ ისეთი მიუწვდომელი, მაგრამ სასურველია ჩემთვის და ძველებურად მენატრება.

ამ ამბების შემდეგ ექვსი თვე გავიდა. ახლა ჩემი ტკივილი ნელ-ნელა კვლავ უკან იხევს, დაცხრომისკენ და მალე დავუბრუნდები ძველ მდგომარეობას, იმ მდგომარეობას, მხოლოდ მონატრების შორეული, სუსტი სიგნალი რომ შეგათრთოლებს ხანდახან…

 

დასასრული