ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სადაც მანანა სტუდენტის, ლევანი კი პედაგოგის სტატუსით თითქმის ყოველდღე დადიოდა. ლევანსა და მანანას ერთი ქალიშვილი, თინათინ წულაძე ჰყავთ და უკვე პატარა ანდროს ბებია-ბაბუაც გახდნენ. ამჯერად მანანა კოზაკოვა წარსულს იხსენებს და ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილების შესახებ საუბრობს:
„ბავშვობა ბანკია, სადაც ვიგროვებთ ამა თუ იმ კომპლექსს, ტკივილს, ვერგადალახვის ჩვევას და ა.შ. მეორე ნაწილში ვუნდებით ამის დაძლევას. ეს რომ მცოდნოდა 40 წლამდე, არ დავუთმობდი იმ აზრებსა და ფიქრებს დროს, რასაც საჭირო დროს ვუთმობდი, რასაც სხვა რაღაცებში გამოვიყენებდი…
ძალიან მერიდებოდა მატერიალურზე საუბარი. ჩვენს დროს ამაზე უხერხულიც კი იყო საუბარი. ანაზღაურებაზე არ მივაჭრია. ახლა ვხვდები, რომ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებდი. შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს, ფულით ფასდება. რაღაცებზე უფრო მეტი მოთხოვნა უნდა მქონოდა.
დღეს ძალიან ბევრ შეცდომას ვხედავ, რომლებიც თინათინთან მიმართებით დავუშვი. ჯერ კიდევ მეგონა, რომ პატარაა და ვერ ამჩნევდა რაღაცებს. ის არასდროს მეტყვის ამას, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცებს განიცდის და ეს ჩემი ბრალია… თინათინს ყოველთვის ვეუბნებოდი, გარეგნობაზე ნაკლები იფიქრე-მეთქი… გაცილებით მეტი საინტერესო რამ ხდება ადამიანში, როცა ის მხოლოდ ამაზე არ ფიქრობს. 40 წლის ზემოთ ადამიანებს გარეგნობა ეცვლებათ მათი შინაგანი ბუნების მიხედვით. საინტერესო ადამიანი სხვანაირად გამოიყურება ასაკში, ვიდრე ცარიელი ადამიანი…“ - ამბობს მსახიობი.