ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, არც არავის მოუყოლია ჩემთვის და არც წერილის სახით გამოუგზავნია ვინმეს. ეს არის დღიური, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში და რომელსაც ლეიკემიით დაავადებული 28 წლის ქალიშვილი აწარმოებდა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, უცნობი ქალის ვინაობა ბევრს არაფერს მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ მისი მოძებნა ამხელა თბილისში ძნელად თუ გამომივიდოდა. არც ის ვიცოდი, რომელ წლებში მოხდა ეს სევდიანი ამბავი - უახლოეს თვეებში თუ შორეულ წარსულში…
იმდენად დამაინტერესა დღიურში გადატანილმა ისტორიამ, რომ მიზნად დავისახე, ავტორი მეპოვა და მისი შემდგომი ბედი გამეგო. ვითავხედე და… ამ სულის შემძვრელი ამბის გამოქვეყნება დავიწყე. 120-ფურცლიანი დღიური არასრული სახით იბეჭდებოდა, თუმცა ვეცადე, სიუჟეტი არ გაწყვეტილიყო და მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩენოდა. ჩემთვის უცნობი ადამიანის ხელნაწერში სახელებიც კი არ შევცვალე, რითაც კონფიდენციალობის «დაუწერელი კანონი» დავარღვიე. იმედი მქონდა, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ ვინმე აუცილებლად გამომეხმაურებოდა, რაც ამ იდუმალ ისტორიას ნათელს მოჰფენდა…
დღიურს სოფი სოფრომაძის ფსევდონიმით ვაქვეყნებდი… ისე, მართლა სოფია მქვია.
ფრაგმენტები დღიურიდან
9 მარტი
დღეს ისევ წავიქეცი ქუჩაში. რა სიკვდილი მემართება, ვერ გავიგე. გადაირია დედაჩემი, საავადმყოფოდან რომ დაურეკეს. ერთი ასნაირი ანალიზი მაინც ამიღეს. ხვალ «ეხოზე» უნდა გამიყვანონ. თუ იქ არაფერი გამოჩნდა, მერე ტომოგრაფია დაგჭირდებაო, მითხრეს. რა ენაღვლებათ ექიმებს, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ. ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს. ერთ ცინგლიან სისხლის ანალიზში 17 ლარი გადავიხადეთ.
რა შეიძლება მჭირდეს? საშინელ სისუსტეს ვგრძნობ, თავბრუც მეხვევა, ოფლი მასხამს, სიცხე მიწევს, მერე გონება მებინდება და ბრახ! შუა ქუჩაში გავიშოტები ხოლმე. უკვე მესამედ დამემართა ასე. ცოტა არ იყოს, მეც შევშინდი, კიბო არ მქონდეს. მაგრამ რომ არაფერი მტკივა? რაღაც ხომ უნდა მაწუხებდეს? ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ დედაჩემი ვერ გადაიტანს ჩემს სიკვდილს. სხვა ვინ ჰყავთ ჩემებს? მთელი სანათესაო მე შემომყურებს, თითქმის ყველა შინაბერა და ბერბიჭაა ჩვენს გვარში, მამიდაჩემის გარდა. არა, ისე არც მე მინდა სიკვდილი. 28 წლისა რატომ უნდა მოვკვდე? ვნახოთ, რას მეტყვიან ხვალ, ტყუილად რატომ უნდა გადავიწურო იმედი?
12 მარტი
გიხაროდენ! მაგარი დიაგნოზი დამისვეს! სისხლის გათეთრებაზე აქვთ ეჭვი. რა კარგია, არა? ნერვი არ შემტოკებია. დავიღალე კაბინეტიდან კაბინეტში სირბილით, გასინჯვებით, ამოსუნთქვა-ჩასუნთქვებით. როგორ მეზიზღება საავადმყოფო, ექიმები და საერთოდ - თეთრხალათიანები. ხუთი დღეა აქეთ-იქით დამათრევენ და საერთო აზრამდე მაინც ვერ მივიდნენ. გამაწამეს. ძალიან დავიკელი წონაში. ერთი სულის შებერვაღა დავრჩი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგვწეწეს. მამაჩემს რაც კი ჰქონდა გადანახული, მგონი, სულ აქ მოაზიდვინეს. ზუსტ პასუხს ორ დღეში გვეტყვიან.
15 მარტი
დღეს საბოლოოდ გადაწყდა და საავადმყოფოში დამაწვინეს. რამდენი ვიტირე! ისე, პალატაში მარტო ვარ. საკმაოდ მყუდრო ოთახია, ორადგილიანი. მეორე საწოლი დედაჩემმა დაიკავა. მთელი დღე გვერდით მიზის, ერთი წამით არ მშორდება, მაგრამ ღამით არაფრის დიდებით არ გავაჩერებ, მარტო ყოფნა მირჩევნია. ყოველდღიურ ფულს არ გადავიხდით, მამაჩემს სამსახურმა გაუკეთა უფასო მომსახურება. ეგეც საქმეა. მინიმუმ ერთი თვე მომიწევს აქაური კედლების «ხეხვა». თან რა უცნაური სუნი დგას დერეფანში, განსაკუთრებით, საპირფარეშოს კართან. ასეთი სუნი მარტო საავადმყოფოში იცის. სწორედ ამას გამოვყავარ წყობილებიდან. გული მერევა. უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. კი მეუბნებიან, საწყისი სტადიაა და საშიში არ არისო, მაგრამ მაგათი არ მჯერა, ალბათ, ჩემ გასამხნევებლად იძახიან. განყოფილების გამგემ ისეთი შესავლებით შემაპარა ჩემი დიაგნოზის ამბავი, თითქოს სამძიმარს მიცხადებდა. ეგონა, კივილს დავიწყებდი. მშვიდად შევხვდი მის ნათქვამს. რა ვქნა, არ მჯერა, რომ მოვკვდები. ასე მგონია, სულ ცოცხალი ვიქნები. იქნებ ცდებიან კიდეც? განა ერთხელ და ორჯერ შემცდარან დიაგნოზის დასმაში? მაგრამ თმის ცვენა რატომ დამეწყო? უნდა გადაგპარსოთ, ასე აჯობებს, უკეთესი თმა ამოგივაო. ეს კი ნამდვილად არ მომეწონა. ერთი, ცოტა რომ გავშინაურდები და აქაურობას კარგად ავითვისებ, ჩემი ისტორია უნდა მოვიპარო და წავიკითხო, სინამდვილეში რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა. მამუკასაც ლეიკემია არ სჭირდა? ერთ თვეში მოუღო ბოლო. ვაიმე, არა! არ მინდა სიკვდილი და რა ვქნა! რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მემატება შიში, სიკვდილის შიში. ამის დედაც, ჯეკ! ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ, რა დროს ეგაა! ჯერ რა ვნახე ცხოვრებაში? ყველა სიკეთესთან ერთად, ქალიშვილიც ვარ. კაცის უნახავი როგორ წავიდე ამ ქვეყნიდან? თან როგორ მინდა ვინმე მიყვარდეს. მინდა, მინდა და მინდა. ორი წელია ამაზე ვოცნებობ. რაც ლაშას დავშორდი, არავისკენ გამიხედავს. მას მერე ყველა კაცი არარაობად მეჩვენებოდა. მერე კი გადამიარა ნელ-ნელა, მაგრამ ჩემი მოსაწონი მაინც ვერავინ ვნახე. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ ხომ ჩავდგამდი ვიღაცის ცოდვაში ფეხს, ხომ გავაუბედურებდი ვიღაცას?
16 მარტი
თურმე ტყუილად არ ვლაპარაკობდი სიყვარულზე. მკურნალი ექიმი ისეთი დამინიშნეს, სულ გადამავიწყდა შენი ლეიკემია. დღეს დილით ისეთი ნიკა ექიმი შემოვიდა ჩემს პალატაში. რომ მთხოვოს, არც კი დავფიქრდები, ისე დავუწვები. აუ! ასეთ კაცზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ძალიან მაგარია, ძალიან! ნიკა ექიმი! რა თითები აქვს! სანთელივით ჩამოქნილი. საწოლზე ჩამომიჯდა, ღამის პერანგი ამაწევინა, გამსინჯა… სულ მაჟრჟოლებდა, ხელს რომ მაჭერდა მუცელზე. არ დავმალავ და ნამდვილი ნირვანა განვიცადე. რა იქნება, ჯანმრთელი ვიყო! ამას კი მოვაწონებდი თავს, მაგრამ რად გინდა! სნეული ვის რაში ვჭირდები. ავადმყოფობაც არის და ავადმყოფობაც! ისე, საბანი ბოლომდე რომ გადამხადა, მზერა ჩემი ფეხებისკენ გაექცა. რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ მისი დასაწუნი ფეხები ნამდვილად არ მაქვს. თავის დროზე მოდელობაც კი მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა დამიშალა, შვილი ბოზობისთვის არ გამიზრდიაო. მოდელს ბოზთან რატომ აიგივებს, არ ვიცი, ვერ გავიგე. შიშველ ფეხებს პოდიუმზე რომ აპლაკავ, მაგას სხვა სახელი არ ჰქვიაო, მიმტკიცებდა. ოღონდ სად და ვისი ფეხები ნახა პოდიუმზე აპლაკული, არც ეგ ვიცი. ასეთი უცნაური კაცია. მეც დავანებე თავი და ისევ ჩემს უცხო ენებს მივუბრუნდი. აღარ მინდა ახლა ამის გახსენება. ჯობია შუქი ჩავაქრო და ნიკაზე ვიფიქრო. მომწონს.
გაგრძელება იქნება