"ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება ქალებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან − უფრო ძლიერები, ვიდრე მამაკაცები" - დიზაინერი დეივიდ კომა, განსხვავებული ხელწერა და კარიერული გზა - Marao

"ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება ქალებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან − უფრო ძლიერები, ვიდრე მამაკაცები" - დიზაინერი დეივიდ კომა, განსხვავებული ხელწერა და კარიერული გზა

2023-09-08 16:54:10+04:00

მკაცრი, ინტელექტუალური, სხეულზე იდეალურად მორგებული ქალის სამოსის წარმოდგენისას შეუძლებელია  ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე - დევიდ კომა არ გაგახსენდეთ.  მისი სამოსისადმი პერფექციონისტული დამოკიდებულება, არქიტექტურული სილუეტები, ელეგანტურობისა და გრაციოზულობის ნაზავი მეტად მომხიბვლელს ხდის დიზაინერის თითოეულ ნამუშევარს. 

პირველი კაბა რვა წლის ასაკში დახატა. ხშირად აღნიშნავს მოდით დაინტერესების ადრეულ ეტაპებს, იმას, თუ როგორ ხატავდა ქალის სილუეტებს, სხვადასხვა სამოსს, იღებდა კონკურსებში მონაწილეობას და თავს კომფორტულად გრძნობდა მაშინ, როდესაც ქმნიდა და წარმოიდგენდა სამოსს ქალებისთვის. წლების განმავლობაში ბრენდს DΛVID KOMΛ უამრავი პრიზი აქვს მიღებული, რომელთაგან აღსანიშნავია: Vauxhall Fashion Scout 2009 წელს, NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს და Fashion Forward 2013 წელს. 

„ქალის ფორმებით შეპყრობილი ვარ. როდესაც დიზაინს ვქმნი, ყოველთვის სხეულზე ვმუშაობ, რათა ქალის ბუნებრივი სილამაზე უფრო გამოიკვეთოს… ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება მანდილოსნებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან − უფრო ძლიერები, ვიდრე მამაკაცები. მოხიბლული ვარ მათი უნარით, როგორ შეუძლიათ, კარიერის პარალელურად, უპრობლემოდ მოირგონ ქალისა და დედის როლი“. 

„ბავშვობიდან მინდოდა, მხატვარი გავმხდარიყავი. მე ავირჩიე, გამომეხატა საკუთარი გრძნობები ტანსაცმელების საშუალებით. ამიტომ ვცდილობ, ისე წარმოვიდგინო ყველაფერი, როგორც ფოტო ან ნახატი. ამ დროს უკეთ შევიგრძნობ დროის უწყვეტობასა და მარადიულობას".

2009 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სასწავლებლის, Central Saint Martins-ის დამთავრების შემდეგ, საკუთარი ბრენდი შექმნა. მალევე მიიპყრო ისეთი დიდი ვარსკვლავების ყურადღება, როგორებიც არიან: რიანა, ლედი გაგა და ბიონსე. მისი წარმატების ერთგვარი ათვლაც აქედან იწყება. დღეს მისი სამოსითა და აქსესუარებით არაერთი ცნობილი მოდელი, მუსიკოსი, მსახიობი თუ ხელოვანი იწონებს თავს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერული საქმიანობის გამო ბევრ სხვადასხვა ქვეყანაშია ნამყოფი, დღესაც ლონდონსა და პარიზში მოღვაწეობს. ხშირად სტუმრობს საქართველოსაც და მისთვის არაერთი კოლექციის ინსპირციის წყარო გამხდარა მშობლიური მხარე. ერთ-ერთი  ჩვენებაც მთელი კონცეფციით სწორედ საქართველოს დაეთმო.  ეს იყო შემოდგომა-ზამთრის 2017-18 წლის კოლექცია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზეც დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.

ის ფემინური, კლასიკური  ძალა, რაც მის ყველა კოლექციაში იგრძნობა, მუდამ განსაკუთრებულს ხდის ნამუშევრებს. ფერთა განსხვავებული შეხამება, სიზუსტე და სიახლების მიმართ გაბედულობა - სწორედ ეს არის მისი სავიზიტო ბარათი.  და ყოველივე ამის მიუხედავად, ხელწერა მუდამ ერთია, არ ცვლის და კარგავს სავიზიტო ბარათს, რომელიც დავით კომას სახელითაა ცნობილი. მისი  დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან:  ჯენიფერ ლოპესი, სინდი კროუფორდი, პენელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემპბელი, გალ გადოტი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ივანკა ტრამპი და სხვ.   

"შეპყრობილი ვარ 1960-იანი წლებით. ჩემი ესთეტიკა არის 1980-იანი წლების ფორმების, ძალისა და პოზირების მიქსი, გასული საუკუნის 60-იანი წლების გრაფიკული გაფორმების ელემენტებით“. 

სტატიაში გამოყენებული ციტატები ამოღებულია დიზაინერის ინტერვიუებიდან British Vogue-თან, Numero-სთან და The Glass Magazine-თან საუბრისას. მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ