აღმოსავლური სამყაროს ზღაპრის გმირი - შეიხი მოზა, ყველაზე გავლენიანი ქალი ჩადრის გარეშე - Marao

აღმოსავლური სამყაროს ზღაპრის გმირი - შეიხი მოზა, ყველაზე გავლენიანი ქალი ჩადრის გარეშე

2023-09-08 17:02:28+04:00

მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი დაიბადა ყატარის ქალაქ ხორში, გავლენიანი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ოჯახში, მაგრამ მათი ბედი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის დააპატიმრეს მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლისას, ქვეყნის სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით. 

არაბულ სამყაროში მისი სტილი დიდი გამბედაობის მანიშნებელია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე მეუღლეს უფლება მისცა, არა მარტო ჩადრი მოეხსნა, არამედ სახელმწიფო საქმეებში ჩართულიყო, ემართა და გაეტარებინა რეფორმები. 

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი ყატარის ემირის, შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორეა. მესამე ცოლის მოყვანის იდეაც მისი განუსაზღვრელი ძალაუფლებისთვის ბარიერების დაწესებას ემსახურებოდა. ამით მეუღლემ მიანიშნა, რომ ისიც კი არ იყო შეუცვლელი. 

მისი ცხოვრების ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ასაკში ტახტის მემკვიდრე და თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო, დაქორწინება მაშინვე არ გადაუწყვეტია. თავდაპირველად, გადაწყვიტა შესაფერისი განათლება მიეღო. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, შემდეგ კი ერთ-ერთ პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში სტაჟირება  გაიარა. სწორედ ამის შემდეგ  დაოჯახდა.  შემდეგი წლები  ოჯახსა და შვილებს, მათ სათანადოდ აღზრდას დაუთმო.  

შეიხა მოზა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს ზედამხედველობდა, საზოგადოება განებივრებულია მისი მაღალი მოდის სახლების სამოსში ხილვით, ჰიჯაბის გარეშე, შარვლებითა და მდიდრული სამოსით. შეიხა მოზა სამთავრობო და საერთაშორისო პოზიციებს იკავებს. ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდს მართავს; ოჯახურ საკითხებში უზენაესი საბჭოს პრეზიდენტია; ასევე, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი. 

მოზა მეუღლეს ყველა ოფიციალურ ვიზიტზე, რომლებიც პირველი ლედის ყოფნასაც მოითხოვს, თან ახლდა. შეიხ ჰამადის მემკვიდრე სწორედ მოზას 5 ვაჟიშვილიდან ერთ-ერთი გახდა. შეიხს სულ 27 მემკვიდრე ჰყავს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთ გემოვნებიან ქალბატონს, რომელიც სტილის სიმბოლოდაა ცნობილი, არ ჰყავს სტილისტი და მუდამ თავისით იმოსება. მიუხედავად ამისა, იგი ცნობილია თავისი უნიკალური, ინდივიდუალური სტილით და თითქმის 15 მილიარდ დოლარად არის შესფასებული მისი ქონება. თავად შეიხამ თქვა: "მე არ მყავს სტილისტი, რადგან ვერ ვიპოვი ვინმეს, ვინც გაიგებს, რა მინდა. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. როდესაც დაღლილი ვარ, მივდივარ ჩემს გასახდელში, ვათვალიერებ ჩემს კარადებს, ვცდილობ რაღაცები დავალაგო და თავისი ადგილი მივუჩინო”.  შვიდი შვილის დედა არის მოდის ძალა - სიმბოლო, რომელიც არა მხოლოდ ავლენს სტილის შესანიშნავ გრძნობას, არამედ მის დემონსტრირებასაც იდეალურად ახდენს. იტალიური ბრენდი Valentino 2012 წელს ყატარის სამეფო ოჯახმა 860 მილიონ დოლარად შეიძინა. Qatar Holding-მა 2012 წლის მარტში 700 მილიონ დოლარად იყიდა ფრანგული LVMH Louis Vuitton Moet Hennessy-ის 1% წილი.

ყველაზე ძლიერი ქალი ყატარში და ერთ-ერთი ყველაზე მოდური პერსონა მსოფლიოში ფლობდა ლონდონის საკულტო მაღაზია Harrods-საც.  

ყველას, ვისაც მოზასთან შეხება ჰქონია, აღფრთოვანებულია მისი გამჭრიახი გონებით, შრომისუნარიანობითა და ავტორიტეტულობით. ის, "ფორბსის" მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში ერთ-ერთია. 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ