19 მარტი
დღეს ვიღაც პროფესორი მომიყვანეს. ისტორიას გადახედა, მერე გამსინჯა, რაღაცები გამომკითხა, ექიმების დანიშნულებას კიდევ სამი წამალი დაამატა, 50 ლარი ჩაიჯიბა და გაშპა. რამდენი ფული მიდის წამლებში! ეს რაღაც ანტიბიოტიკი, წვეთოვანით რომ «მისხამენ» ვენაში, ერთი ფლაკონი 76 ლარი დაჯდა. არადა, დღეში ორი გადასხმა მჭირდება. გაგიგონია?! მამას კრედიტი აუღია ბანკიდან. მე სულ ნატალიას თვალებს ვაკვირდები, დედაჩემს თვალებში ვატყობ, რა ხასიათზეა, მის მზერაში ადვილად ვკითხულობ, საგანგაშოა სიტუაცია თუ სანუგეშო. გუშინდელთან შედარებით მშვიდად მეჩვენა. დაწყნარებული სახე ჰქონდა. სხვათა შორის, მამაჩემსაც. უფრო გამოცოცხლდა, გამხიარულდა. ანეკდოტიც კი მომიყვა სვანებზე. ალბათ ძალიან დააიმედეს ექიმებმა.
მნახველების ვიზიტს ვერ აუდიან ორივენი. მე კი დავიღალე. არავის ნახვა არ მიხარია, ხმაურს და ლაქლაქს ვეღარ ვიტან, აქ გაახსენდება ყველას ყველაზე ჭორი თუ მართალი, მოაღებენ პირს და მთელ ქალაქს ენის წვერზე მოიქცევენ ქაქანით. მარტო ნიკას დანახვისას გამიბრწყინდება ხოლმე თვალები. თუმცა მისი ხმის გაგონება კი არ მამშვიდებს, პირიქით, სულს მიფორიაქებს. პალატაში რომ შემოვა, მაშინვე გული გამინათდება. რა ვუყო, მომწონს ეგ ოხერი და ჩემი ბრალია? რა დედამ გაგაჩინაო, რომ იტყვიან, ისეთია. თვალებში შეხედვის მეშინია, თხასავით გავიყიდები. ისეთი ყოვლის მთქმელი მზერა მაქვს, ეგრევე წაიკითხავს დაკვირვებული თვალი ჩემს სახეზე: «მინდა!» რა კაია?! რომ იცოდეს, ალბათ სასაცილოდ არ ეყოფა. არადა, მართლა რა კარგია ეს საძაგელი!
შავგვრემანი მამაკაცები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ამან გადამრია! თითქოს დიდი «ვაიმე და რა ვნახე» არ არის, მაგრამ რაღაც ვიგრძენი შიგნიდან, თითქოს სული შემიტოკდა. ძალიან ოფიციალური იერი აქვს, როცა ვინმეს ელაპარაკება, მკაცრი გამოხედვა, მაგრამ გაიღიმებს თუ არა, სახე მაშინვე ეცვლება, ისეთი თბილი გაუხდება გამოხედვა, ლამისაა ჩავყლაპო, თითქოს ცა გაიხსნაო. ვაიმე, ძალიან საყვარელია, ძალიან! წუხელ მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი. კი არ ვფიქრობდი, ვოცნებობდი, როგორ შევაყვარებდი თავს, როგორ ამიხსნიდა სიყვარულს, როგორ მაკოცებდა, მერე კიდევ როგორ გემრიელად… ვაი ჩემს თავს, რაზე ვფიქრობ! ერთი დედაჩემს წააკითხა ეს დღიური! მიმკურნალებს კი არა, პირდაპირ ფანჯრიდან გადამიძახებს ამ რვეულთან ერთად. აი, რა ფიქრებითაა გართული მისი პატიოსანი ქალიშვილი!
25 მარტი
მარცხენა მკლავი მტკივა. გადასხმებისგან სულ ჩამილურჯდა. მძულს ეს სისტემა, ატანა არა მაქვს. ის დარეჯანია თუ ვიღაცა, ნამდვილი ხისთავიანია, ისე ცუდად პოულობს ვენას, რომ პირდაპირ არ ვიცი! სულ დამჯიჯგნა. მეც საბაბი მომეცა და ეგრევე შევაჭერი ნიკასთან, ვინმე სხვამ გამიკეთოს ნემსი-მეთქი, თან ვენები ვაჩვენე. კოპები შეიკრა, შეწუხდა, მკლავზე ხელი წამავლო და ნანემსარებს ყურადღებით დააკვირდა. თითქოს პირველად ნახა, მისი ექთანი როგორ შედის ვენაში. მერე მითხრა, დღეიდან მე თვითონ დაგიდგამ სისტემასო. რა ვიცი, ასე შემპირდა. მეც მეტი რა მინდოდა. რა გავიხარე! ძაან ძაან კმაყოფილი გამოვედი მისი კაბინეტიდან. მალამოსავით მომეცხო გულზე მისი დაპირება. ახლა ყოველ დილით კი არა, ყოველ საათში რომ მჩხვლიტოს ნემსებით, ხმის ამომღები ვარ? სხვანაირად ვინ მაღირსებდა ნიკას უფრო ხშირად ნახვას? განსაკუთრებით ღამით რომ მორიგეობს ის მიხარია. შემოვა, დამხედავს, მეც შევიყოლიებ ხოლმე საუბარში და კარგა ხანს ვჭუკჭუკებთ გუგულებივით. დედაჩემს ხომ, შანსი არ არის, ღამით არ ვტოვებ, მარტო ყოფნა უფრო მსიამოვნებს. ერთადერთი ის არ მომწონს, რომ თმა უნდა გადამპარსონ. ამას ვერ ავცდი. არადა, დილიდან ისე ვიპრანჭები მე საცოდავი, თითქოს წვეულებაზე მივდიოდე. მაკიაჟის «სრულ პაკეტს» ვიდებ სახეზე. ნეტავ რისი იმედი მაქვს ან რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? სხვა რა დამრჩენია, ასე მაინც გავახარებ ჩემს ჭიას.
28 მარტი
ახლა თავხოტორა გოგო ვარ. «კასინკა» წავიკარი. ისე, მგონი მიხდება კიდეც. რა ლამაზი თავის ფორმა მქონია თურმე, არც ვიცოდი. თვალებიც იმხელა გამომიჩნდა, ანჯელინა ჯოლისაც კი შეშურდება, რომ მნახოს. რას ვიქებ თავს, არა? ისე, დღეს რაღაც უგუნებოდ ვარ, მგონი ისევ მიწევს სიცხე. ორი დღეა, ტემპერატურა ნორმაზე დადგა, ახლა კი ისევ რაღაც სიმპტომებს ვატყობ ჩემს თავს. არ მინდა ასე. სულ ცუდად უნდა ვიყო? შეიძლება გავცივდი, თმა რომ დამისველეს. რას გაიგებ.
ნიკას ველოდები. ახლა შემოვლა დაიწყება და შემოუძღვება ექიმების მთელ ჯარს. მერე წვეთოვანს დამიდგამს, მაჯაზე ხელს წამავლებს და «საქმიან პროცედურას» რომ მორჩება, გამიღიმებს მისებურად. სწორედ მაშინ მავიწყდება ყველა პრობლემა, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვარ. მგონი მიყვარს. ჩემი რა მიდის, მაინც ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია, მიყვარდეს რა! მთლად უინტერესო ცხოვრებას და უაზროდ გარდაცვალებას ცალმხრივად შეყვარებული მოვკვდე, ის მირჩევნია. თუ ასე წავიდა საქმე, დედაჩემს ვთხოვ, ეს დღიური მას წააკითხოს. იცოდეს, როგორ ვფიქრობდი მასზე. არა, არა, ცოდოა, მთელი ცხოვრება ვერ მოინელებს მერე ამას. არ არის საჭირო.
5 აპრილი
ბევრად უკეთესად ვარ. იქნებ სიყვარულის ბრალია? შინაგანად ვებრძვი ჩემს ავადმყოფობას. ახლა უფრო მომეძალა ცხოვრების წყურვილი. «ნიკა ექიმსაც» ისე უხარია ჩემი ჯანმრთელობის «წინსვლა», რომ ემოციებს ვერ მალავს. ყოველ შემოსვლაზე მეკითხება, ნათი, როგორ ხარ? ძალიან გამიშინაურდა. ისეთი ოფიციალური აღარ არის. ცოტა წონაშიც მოვიმატე. ჭამას მოვუხშირე და იმიტომ. პირველ დღეებში საერთოდ არ ვეკარებოდი საჭმელს, მერე ნიკამ დამტუქსა, ასეთი რამეები მეორედ აღარ გამაგონოო და მეც მისი ხათრით მივეძალე და მივეძალე საჭმელს. დედა ყოველდღე ნაირ-ნაირებს მიკეთებს. სხვებსაც მოაქვთ. მთელი ნათესაობა ზედ დამკანკალებს, ოღონდ მე რამე მოვისურვო. ჰემოგლობინიც მომემატა. ფერიც ნელ-ნელა დამიბრუნდა, ცვილივით ფერმკრთალი აღარ ვარ, მაგრამ გაწერაზე ჯერ უარს მეუბნებიან. არც მინდა. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ ნიკას ზედამხედველობის ქვეშ, თუნდაც მთელი სიცოცხლე. როგორ შევეჩვიე. შაბათ-კვირას, როცა ისვენებს, ჭკუაზე არ ვარ, ისე მენატრება. დიდის ამბით ველოდები ორშაბათს, ერთი სული მაქვს, როდის შემოაღებს პალატის კარს და როდის მეტყვის _ აბა, ნათი, როგორ ვართ, ხომ არ მოიწყინე? მეც რაც შეიძლება სევდიანი გამომეტყველებით შევხედავ და მიკნავებული ხმით ვცემ პასუხს, მაგრამ გავა თუ არა, სახეგაბადრული მივესვენები ხოლმე ბალიშზე. ნეტავ არასდროს არ გამწერდეს. ბედნიერი ვიქნები, მის ხელში თუ დავლევ სულს. ბოლო წუთებში მაინც ჩავხედავ თვალებში ისე, როგორც მე მინდა, რომ ყველაფერს მიხვდეს.
18 აპრილი
მთელი დღეა საშინელ ხასიათზე ვარ. დილით, შემოვლა რომ დამთავრდა, დერეფანში გავედი, ყოველ წუთს დედაჩემს ველოდი და ვიფიქრე, შემოსასვლელთან დავხვდები-მეთქი. საორდინატოროს კარი, როგორც ყოველთვის, ღია იყო და მეც ჩვეულებისამებრ შევიჭყიტე, რათა კიდევ ერთხელ შემეხედა ნიკასთვის. კი შევხედე, მაგრამ ვაი ამ შეხედვას! ის ერთი გადაპრანჭული ექიმი რომ არის, ელისო თუ რა სიკვდილი ჰქვია, ყელზე ჰყავდა ჩამოკონწიალებული და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ის სტერვაც ტკარცალებდა და ტკარცალებდა უშნოდ. როგორ ვერ ვიტან მაგ ქალს. თავიდან ფეხებამდე გავფითრდი, ბოღმისგან გული ყელში მომებჯინა. ისედაც ვერ ვიტანდი, ახლა კი მთლად შემძულდა. დანახვის დღიდან ავითვალწუნე, ალბათ გულმა მიგრძნო. რას ჰგავს! ერთი შეღებილი აყლაყუდა ქალია, ორმოცის მაინც იქნება თუ მეტის არა. დიდი მკერდი აქვს და გრძელი ფეხები. თავისი ასაკისთვის შეუფერებლად აცვია. გოგოშკასავით მოკლე კაბაში გამოწკეპილი შემოპლაკუნდება ხოლმე პალატაში და კაი დაქალივით მომიკითხავს. ნეტავ რაში მჭირდება მაგის მოკითხვა! როგორ გავბოროტდი. რას ვერჩი, რა მინდა. ცუდი რა გაუკეთებია ჩემთვის? უბრალოდ ის ვერ ავიტანე, ნიკას მკლავებში რომ იყო ჩაგორებული. აბა რა მეგონა! ამისთანა კაცზე რომ ნადირობა იქნებოდა გამოცხადებული, დიდი მიხვედრა სჭირდებოდა? ამაში დარწმუნებული ვიყავი და ვარ კიდეც, მაგრამ მაინც გამიტყდა. ისე ვინერვიულე, მთელი დღე საჭმელიც კი არ მიჭამია. ასე ჩემი ავადმყოფობა არ განმიცდია. დედაჩემმა ბოლოს ტირილი დაიწყო, ჩემი სიკვდილი გინდაო? შემეცოდა და მისი ხათრით ცოტა წავიკიკნე, თორემ სულ არ ვიყავი მაგის ხასიათზე. დღეს გადასხმაც არ მიწევდა, გუშინ მომიხსნეს, რამდენიმე დღე დავასვენოთო. მარტო ნემსები დამიტოვეს და აბები. ამიტომაც ნიკა დილის მერე არც ერთხელ არ შემოსულა პალატაში. ამაღამ რა დამაძინებს! ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი ამქვეყნად.
გაგრძელება იქნება