25 აპრილი
როგორც იქნა, წყენამ გადამიარა და ნიკაზე გული მომიბრუნდა. იმიტომ, რომ ძალიან მოწყენილი მეჩვენება ბოლო სამი დღეა. ვფიქრობ, რაღაცაზე ნერვიულობს. ისე მინდა გული გადავუშალო, რომ პირდაპირ არ ვიცი. სიყვარული თუ არ გამოვა, მეგობრობას რა დაუდგება წინ? მე ამაზეც თანახმა ვარ. ისე ვამბობ, ამაზეც კი-მეთქი, თითქოს ეს ცოტა იყოს და ადვილად მისაღწევი. ზეგ მორიგეა. თუ ღამით შემოვა და დამხედავს, იქნებ შევიტყუო საუბარში. მის დანახვაზე უკვე გული მიმდის. ნეტავ მალე მოვკვდებოდე, რომ ჩემს ამ ორმაგ ტანჯვას დროზე მოეღოს ბოლო.
28 აპრილი
ეს დღეები არაფერი დამიწერია. რატომღაც ხელები დამიბუჟდა და პასტის ხელში დაჭერაც კი ვერ შევძელი. რაღაც წამალს დააბრალეს და სასწრაფოდ მომიხსნეს. რა საშინელებაა ეს ფარმაკოლოგია. თუ პრეპარატი ერთ რამეს შველის, მეორეს აფუჭებს, ანუ მინდოდა მეთქვა, რომ უკუჩვენებები აქვს, გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
სწორედ იმ ღამეს დამეწყო ხელ-ფეხის დაბუჟება, ნიკა რომ მორიგე იყო. შუაღამემდე საწოლთან მეჯდა, მასაჟიც კი ჩამიტარა თითების. რა მესიამოვნა! ვენაცვალე! ვგიჟდები ამ კაცზე! ახლა უკვე თამამად ვუსწორებ თვალს, სულაც არ მენაღვლება, ჩემს გრძნობებს თუ მიმიხვდება. ბევრი ვისაუბრეთ. ლამის იყო, თავზე დაგვათენდა. ერთი-ორჯერ გავიდა, სხვა პალატებშიც შევივლი, ვინმეს რამე ხომ არ სჭირდებაო და კვლავ ჩემთან დაბრუნდა. იქნებ მოვწონვარ კიდეც, თუმცა არაფერს მაგრძნობინებს. გიჟივით მიხარია, რომ მახსენდება. შენ რა ჭკვიანი გოგო ყოფილხარო, ბოლოს მითხრა. ლამაზი რომ ხარ, ბაზარი არ არის, მაგრამ მაგრამ ეგ კოხტა თავი თუ ასეთი ტვინით გექნებოდა გამოტენილი, არ მეგონაო. ამიერიდან მე შენ «ტვინიერ» გოგოს დაგიძახებო. ლამაზი და ჭკვიანი ქალი ერთდროულად პირველად ვნახეო. და ეს ტვინიერი გოგო თვინიერიც თუ იქნება და დამიჯერებს, ყველაფერი კარგად იქნებაო. კინაღამ ცეკვა დავიწყე საწოლში. მერე მოვიდა, შუბლზე მაკოცა, ძილი ნებისა მისურვა და ოთახიდან რომ გადიოდა, დოპინგად ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. ლამის იყო, ვიკივლე, ისეთი ბედნიერი ვიყავი.
4 მაისი
თითქმის ორი თვეა აქ ვარ. მეგონა, ამ კვირაში გამწერდნენ და გული მისკდებოდა, ნიკას ყოველდღე ვერ ვნახავ-მეთქი, მაგრამ დილას შემოვიდა და ახალი ამბავი ახარა დედაჩემს: გერმანელი ექიმები ჩამოდიან სპეციალური პროგრამით და უფასო მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებსო. მერე შეარჩევენ რამდენიმეს და გერმანიაში წაიყვანენ სამკურნალოდო. ჩემი თავი ჯანდაბას, მე რაღაც მაინც ვნახე ცხოვრებაში, მაგრამ პატარა ბავშვებიც რომ არიან სისხლის გათეთრებით დაავადებულნი? მე, კაი, დავუშვათ, ცოდვილი ვარ, იმათ რაღა დააშავეს? ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!
დედაჩემს ისე გაუხარდა, ხან ტიროდა, ხან იცინოდა. ნუთუ ასე ცუდად არის ჩემი საქმე? არანაირი წინათგრძნობა არ მაწუხებს. ხომ ამბობენ, გული მიგრძნობს, რომ მალე მოვკვდები ან რაღაც უბედურება მელისო და ა.შ. მსგავსი რამ არ მქონია. ისე, შიში კი დამჩემდა. რა მოხდება, როცა მოვკვდები? ნუთუ მართლა არსებობს ის ქვეყანა? სამოთხე, ჯოჯოხეთი? ნუთუ მართლა სამსჯავროს წინაშე უნდა წარვდგე? ნეტავ ყველაზე მძიმე ცოდვად რას ჩამითვლიან? მაგრამ ამის ნაკლებად მეშინია. კაცი მე არ მომიკლავს და ცირკის წინ მე არ ვმდგარვარ, თუმცა ცოდვა ცოდვაა. რაც მე ტყუილი მითქვამს დედაჩემისთვის…
მე უფრო ის მაშფოთებს, ვაითუ არც არაფერი არსებობს. ყველაფერი სიკვდილით რომ დამთავრდეს და კუბოს მიწაში ჩარახუნებით, მერე? რა იქნება მერე? ნუთუ არაფერი? გაქვავდები, გაიხრწნები და ქვესკნელში ჩალპები. სულ ბოლოს კი მიწად იქცევი. რა საშინელებაა! მაგრამ სული? სული ხომ ეყრება სხეულს? იქნებ სულს ჰქონდეს იმდენი ძალა, რომ ფიქრი მაინც შეძლოს? იფრინოს, მისთვის საყვარელი ადამიანები მოინახულოს ან სულაც ვიღაცის სხეულში ჩასახლდეს? არ ვიცი, არ ვიცი. თუ ჩემი ნააზრევით რამეს ვცოდავ, ღმერთმა შემინდოს. რა ვქნა, არ ვარ ისეთი მორწმუნე, მუხლის ჩოქვით გარს რომ უვლიან ეკლესიას და კედლებს რომ კოცნიან. არც მოძღვარი მყავს და არც მარხვა დამიცავს არასდროს, აღსარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ ღმერთის მწამს, მართლა მწამს, ოღონდ ჩემებურად. ხშირად დავდივარ ქაშუეთში და სანთლებს ვანთებ. სულ მგონია, რომ მე მამაზეციერისთვის გამორჩეულად ურჩი შვილი ვარ, რომელიც არაფერს უჯერებს, ცელქობს, ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ მაინც საყვარელია. ასეთი შვილები ხომ უფრო უყვართ მშობლებს და ყველაზე მეტს ჰპატიობენ მათ. შეიძლება დიდი დებილობა ვთქვი, მაგრამ ასე მაქვს გონებაში ჩაჭედილი ეს აზრი დღემდე იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერში მიმართლებს. ღმერთი ყველა განსაცდელის დროს მიცავს, მხსნელად მევლინება ხოლმე. რაც კი ოდესმე მითხოვია მისთვის, ყველაფერი შემსრულებია. მართალია, ზოგი ძნელად, ზოგიც ადვილად, მაგრამ ხომ შემსრულებია? თუმცა არც დასჯას მაკლებს. საკმარისია, რამე მივქარო, ეგრევე რაღაც ფორმით ვისჯები. ამასაც ვგრძნობ. გამოცდაც ხშირად მოუწყვია ჩემთვის, იქნეს ეს ავადმყოფობაც მორიგი გამოცდაა? თუ იმდენად ვუყვარვარ, რომ თავისთან უნდა წამიყვანოს? იქნებ ვერ ძლებს უჩემოდ?
თუ გადავრჩი, აუცილებლად გავხდები ეკლესიური.
7 მაისი
სულ ნიკაზე ვფიქრობ. მაგრად დავმეგობრდით. ისეთი გულახდილია ჩემთან, თითქოს ბავშვობის მეგობრები ვიყოთ. უზომოდ მიხარია. შეყვარებული არ ჰყოლია. ვერ ვიტან, როცა ქალები თვითონ აქტიურობენ, ლამისაა ზედ შემოგახტნენო, გული გადამიშალა. მე ამას ნამდვილად ვერ დამაბრალებს, მაგრამ დღეს ისეთი «შტუკა» გავუკეთე, რომ… ეს წუხელ მოვიფიქრე. დილით დერეფანში დავხვდი სამსახურში მოსულს და შევჩივლე, ეს დღეებია მკერდი მეწვის-მეთქი. სახე შეეცვალა. ორ წუთში შემოვალო, მითხრა. ხელები გავასავსავე. იქნებ საღამომდე გადავდოთ, არ მინდა დედაჩემმა გაიგოს, შეეშინდება-მეთქი, ვთხოვე. კარგიო, შემპირდა. ნუ გეშინია, საშიში არაფერი იქნება, ალბათ გაცივდიო. ამ სიტყვებით გამეცალა. რას იფიქრებდა, თუ ვიტყუებოდი. მისი თითების შეხება მომენატრა მხოლოდ, მეტი არაფერი. თანაც მკერდი მაქვს ისეთი მგრძნობიარე, ოდნავაც რომ შემეხოს ვინმე ან შემთხვევით გამეხახუნოს, ტანში მბურძგლავს. მით უმეტეს, საყვარელი ადამიანი…
საღამოს ცხრაასჯერ მაინც შემოიხედა, სანამ სახლში წავიდოდა, მაგრამ დედაჩემის გამო ვერაფერი მითხრა. ბოლოს, როგორც ჩანს, მოიფიქრა, თავი შემოყო პალატაში და ექიმისთვის დამახასიათებელი ტონით მითხრა, ნათია, ერთი წუთით წამომყევით კაბინეტში, გერმანელებისთვის ანკეტა უნდა შევავსოთო. ამის გაგონებაზე დედას გული აუჩუყდა და დაიწყო უცხოელი ექიმების დალოცვა თავისებურად, რა თქმა უნდა, ნიკაც «ზედ მიაყოლა».
ფეხდაფეხ მივყევი. განყოფილების გამგის კაბინეტი გააღო და წინ გამატარა. დივანზე წამომაწვინა და პერანგი ამაწევინა. სანამ სკამს მოიტანდა და დაიდგამდა, ერთი გემოზე შემათვალიერა თითქმის შიშველი. შემაჟრიალა. დაჯდა და მკერდზე დამაშტერდა, აბა, მაჩვენე სად გტკივაო. ამ დღეებში მენსტრუაციას ველოდები და მკერდი ქვასავით მაქვს გამაგრებული, ამიტომ თამამად ვუთხარი, მარცხენა ძუძუ მთლიანად მტკივა-მეთქი. მარცხენა ისედაც უფრო დიდი მაქვს, ვიდრე მარჯვენა. ჯერ ფრთხილად შემეხო, თითებით ჯირკვალი მოსინჯა. მე თვალები მივლულე, ისე დამიარა სხეულში სასიამოვნო ტალღამ. მერე მეორე ხელიც შეაშველა და ორივე ძუძუ ერთდროულად «მოირგო» ხელებში. კინაღამ კვნესა აღმომხდა. იმწუთას რამე რომ ეკითხა, ალბათ პასუხს ვერ გავცემდი, ისეთ დღეში ვიყავი. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ მისი თითების მოძრაობა გასინჯვას აღარ ჰგავდა… მივხვდი, რაღაც სხვა ხდებოდა და უცებ გავახილე თვალები. ერთმანეთს შევხედეთ. სახე აშკარად არეული ჰქონდა. შიშმა ამიტანა. არადა, ასე მეგონა, სურვილი რომ გასჩენოდა, რომ მოენდომებინა, ეგრევე დავნებდებოდი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, სულ სხვანაირად შევხვდი ამ ამბავს. ჩემი დაძაბულობა მაშინვე შეამჩნია და ოდნავ შეცვლილი ხმით, მაგრამ მაინც მშვიდად მითხრა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ გინეკოლოგს მაინც გამოვიძახებ, რომ დაზღვეული ვიყოთ გართულებებისგანო. ახლა უარესად შემეშინდა, მაგრამ არ დავიბენი. ვუთხარი, თვიურის წინა პერიოდი მაქვს, იქნებ ამის ბრალია, დაველოდოთ, რა იქნება-მეთქი და წამოვჯექი.
ლამაზი სხეული გაქვსო, მითხრა უცებ. სახე წამომენთო, გავხურდი. შევხედე. ყველაფერი შუბლზე მეწერა. გაკოცოო? - მკითხა. თავი დავუქნიე და თვალები ისევ დავხუჭე.
მაკოცა, მაგრამ რა მაკოცა, ლამის იყო, გონი დავკარგე. ხელები კისერზე მოვხვიე, წამოვდექი და პირდაპირ მუხლებზე დავუჯექი. ჩამიხუტა, ისე მომიჭირა ხელები, ძვლები გამიტკაცუნდა. მერე ყელზე გადავიდა. არ ვიცი, მას ჰქონდა ასეთი ცხელი ტუჩები თუ მე გამიცივდა სხეული ნერვიულობისგან, მაგრამ საოცარ ნეტარებას ვგრძნობდი მისი კოცნით. მერე საფეთქლებზე მოვავლე ხელები და მისი ტუჩები პირდაპირ ჩემს «მტკივან» ძუძუებს «მივაყენე». ისე ნაზად შემეხო, ისე ნაზად, თვითონ არ ვიცი, როგორ ავკვნესდი. ალბათ ეშინოდა, მკერდი არ ვატკინოო. არ მინდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ მივხვდი, რომ უკვე ძალიან უჭირდა თავის შეკავება და როგორც იქნა, მოვიშორე თავიდან. თან მეშინოდა, დედაჩემს არ დაეწყო ჩვენი ძებნა. სახე სულ აწითლებული მქონდა. ნიკამ მითხრა, ცოტა გადაგიაროს და მერე წადიო, მაგრამ მაინც არ დავიცადე. რომ მეგონა, საუკუნე გავიდა-მეთქი, დედას გაუკვირდა, ასე უცებ მორჩით ანკეტის შევსებასო? აი, თურმე რა ყოფილა წუთიერი სიამოვნება.
8 მაისი
დილიდან გულის ფანცქალით ველოდი ნიკას გამოჩენას. შემოვლაზე უკლებლივ ყველა ექიმი შემოლაგდა, მის გარდა. გულზე მომხვდა. რატომ? ხომ არ ნანობს წუხანდელ ამბავს? მე ხომ არ მიბრაზდება? იქნებ ეს უბრალო დამთხვევაა და ტყუილად ვნერვიულობ?
როგორც კი ექიმები გავიდნენ, მაშინვე დერეფანში გავვარდი. საორდინატოროში არავინაც არ იყო. განყოფილების გამგის კაბინეტის კარის სახელურიც კი ჩამოვწიე, მაგრამ დაკეტილი დამხვდა, თუმცა ნაკლები ალბათობა იყო, იქ დამხვედროდა. ის იყო, გადავწყვიტე პალატები დამევლო, რომ ლიფტიდან გამოვიდა. ეგრევე ცეცხლი მომეკიდა ლოყებზე, პულსი, მგონი, ორასს ურტყამდა. იმანაც დამლანდა შორიდან, ვიგრძენი. გატრიალებას და «ვითომ ვერ დავინახეს» აზრი აღარ ჰქონდა. გზა გავაგრძელე. ერთმანეთს რომ გავუსწორდით, ნაბიჯი შევანელე, მაგრამ… ცივად მომესალმა და ისე ჩამიქროლა, თითქოს ვიღაც რიგითი პაციენტი ვყოფილიყავი. სუნთქვა ისე შემეკრა, კინაღამ ნერწყვი გადამცდა სასულეში. ეს რა ქნა? რატომ მოიქცა ასე? რას ნიშნავს მისი საქციელი?
პალატამდე ძლივს მივაღწიე. ლოგინში შევძვერი და კედლისკენ გადავტრიალდი. დედაჩემი რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კი არაფერი მესმოდა, არც მსურდა არაფრის გაგონება. მთელი დღე ჩამეშხამა. ამას ველოდი? მეგონა, პირველი შემოვარდებოდა პალატაში, ღიმილით და სითბოთი მომიკითხავდა, ხელს ხელზე მომიჭერდა, თვალს ჩამიკრავდა. ამან კი… ნასვამი ხომ არ იყო-მეთქი, ან კაიფში. აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა, სანანებელი რა ჩაიდინა? დღის განმავლობაში ერთხელ არ შემოიხედა. გადასხმაც ნუცამ გამიკეთა, მთავარმა ექთანმა. საშინელ ხასიათზე ვარ. დედაჩემიც დავცოფე, რამდენს მერატრატები-მეთქი. ტვინი შემიჭამა, რატომ ხარ მოწყენილი, ნამდვილად რაღაც გტკივა და არ მეუბნებიო, მთელი ორი საათი ტიროდა. ისედაც ნერვები მქონდა მოშლილი, მთლად მომშხამა. მეზიზღება ყველა და ყველაფერი.
10 მაისი
ასე გაგრძელება არ შეიძლება. მე მაგას ვინ ვგონივარ?! ისე მიყურებს, თითქოს ვიღაც გადამთიელი ვიყო. რა უნდა, დავუშავე რამე? მე ხომ არ მითხოვია, მომეფერე-მეთქი. დეგენერატი! გულზე ვარ გამსკდარი. მობილურის ნომერი რომ ვიცოდე, დავურეკავდი და ერთი გემრიელად შევაფუცხუნებდი - ერთი, რა უნდა, რა თავს იფასებს.
შუადღისას ძლივს იკადრა, მოვეკითხე. შემოიხედა და საკმაოდ ოფიციალური ტონით მკითხა, როგორ მიდის შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაო. მე ვუთხარი, მკურნალი ექიმი შენ ხარ და შენ უკეთ გეცოდინება-მეთქი. ჩაიცინა და გავიდა. მორჩა, ეს იყო და ეს. გავგიჟდები. ხვალ და ზეგ შაბათ-კვირაა, ეგ შანსი არ არის, არ გამოჩნდება. რა ვქნა? ლამისაა ბოლო ხმაზე ვიკივლო და ვიყვირო. რა დაიცდის ორშაბათამდე. ისე, შაბათს მორიგეობა უწევს. დავიჯერო, ვინმეს გაუცვლის? მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ, სადაც ასე იქცევა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
16 მაისი
დღეს ბევრი რამ მოხდა, ამიტომ მინდა თანმიმდევრობით დავწერო ისე, რომ არაფერი გამომრჩეს. გერმანელი ექიმები ჩამოვიდნენ. ყველა ავადმყოფი მოინახულეს განყოფილებაში, ყველას მდგომარეობით დაინტერესდნენ. ახლა ისტორიებს შეისწავლიანო, თქვა განყოფილების გამგემ და მერე თავიანთ ჩამოტანილ პრეპარატებსაც დაგინიშნავენ სათითაოდ სუყველასო. როგორ არ მენაღვლება, რას გააკეთებენ გერმანელები! ნიკას გარდა, არაფერი არ მენაღვლება. რამდენი დღეა, ერთი ნაპერწკალი ვერ დავიჭირე მის მზერაში ისეთი, რომ რაღაცას ნიშნავდეს. მჯერა, საშინლად ვეზიზღები. ალბათ, რომ წარმოიდგინა, როგორ დაავადებულ ქალს კოცნიდა, საკუთარი თავი შესძულდა. მე შენ გეტყვი, ქალი გაუჭირდება თუ რა?
ისე, გადასხმამ რომ მომიწია, თვითონ შემოვიდა და მითხრა, ნუცა დაგიყენებს სისტემას, მე სტუმრებს უნდა მივხედოო და ბოდიში მომიხადა, არ გეგონოს, უყურადღებოდ დაგტოვეო. ესეც რაღაცას ნიშნავს, მთლად იგნორირება არ მოუხდენია ჩემი. ცოტათი დავმშვიდდი. იქნებ ჯერ ყველაფერი არ არის დამთავრებული? იქნებ კვლავ მოუბრუნდეს გული, თანაც ამაღამ მორიგეა.
საღამოს დედაჩემი ძალზე გახარებული წავიდა სახლში. გერმანელებისგან დიდი იმედი ჩაესახა. მეც ყველაფერზე თავს ვუქნევდი, ვითომ მეც ერთი სული მაქვს, როდის დამიწყებენ გერმანულ ექსპერიმენტს.
ცხრა საათზე, როგორც იქნა, წავიდა. ცოტა ხანს დავიცადე, მერე კი საორდინატოროსკენ გავეშურე. იქ იყო. ტელევიზორს მიშტერებოდა, ფეხები, როგორც იცის ხოლმე, სკამზე შემოეწყო და რაღაც ფილმს უყურებდა. ჩემ დანახვაზე წამოხტა. მაგარი დაღლილი მეჩვენა. თანაც დაიბნა, უცერემონიოდ რომ შევედი კაბინეტში. ყოველგვარი შესავლის გარეშე ვკითხე, რამე ხომ არ გაწყენინე-მეთქი. არა, რას ამბობ, პირიქით, მე რომ გაწყენინე, ბოდიში უნდა მომეხადა და ვერ შევძელი, სამაგისო ფორმა ვერ გამოვნახეო. მებოდიშებოდა, თან თვალს მარიდებდა. რა გჭირს ბოდიშის მოსახდელი-მეთქი. იმ ღამეს ვერ მოვზომე და ზედმეტი გავაკეთეო. გამეცინა - თუ იმის გეშინია, ჩემი სენი შენც არ გადაგედოს-მეთქი? ცინიკურად კი გამომივიდა, მაგრამ ღირსი იყო. მეტი არაფერი მითქვამს, გამოვტრიალდი და წამოვედი. ჩემი თავი შემეცოდა. საწოლზე წამოვწექი და ჩემ გემოზე ერთი გემრიელად ვიტირე.
ახლა კი დღიურს ვწერ. როგორც ჩანს, ყველაფერი დამთავრდა, ტყუილად მქონდა იმედი. უკვე ღამის ორი საათია და არ შემოსულა, არ მოვუკითხივარ.
გაგრძელება იქნება