საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
ამჯერად მარიანა ინტერვიუში საკუთარ მუსიკალურ გამოცდილებაზე ჰყვება:
"ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ...
ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში.
მამის მხრიდან აფხაზი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არასდროს არ ვყოფილვარ. მშობლები აფხაზეთზე განსაკუთრებული სიყვარულით გვიყვებიან.
პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე. შემდეგ პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია.
დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა. დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. მგონია, რომ თვალებში დიდი სიყვარული აქვს და ეს სილამაზეც აქედან მოდის. არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მასთან მეგობრობის გარეშე.
დედაჩემისგან სულ ვსწავლობ შინაგან სისუფთავეს და სიმარტივეს, ეს ძალიან იშვიათია. ბებია და ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, მათთან გავიზარდე", - ამბობს მარიანა აჩბა Movement-თან საუბრისას.