12 ივნისი
ჩემი საავადმყოფოდან გაწერა გადაიდო. დღესაც არ დამიწია სიცხემ. ყოველ საღამოს ოცდაცხრამეტს ურტყამს. ვფიქრობ, ნიკასთან გავცივდი. ზაფხული კი არის, მაგრამ მთელი საათი შიშვლები რომ ვეყარეთ ლოგინზე, გავოფლიანდი და არც შევიმშრალე. მე თვითონ არ ვუფრთხილდები ჩემს თავს და სხვა გამიფრთხილდება?
მერე კიდევ სხვა რამეზეც მომეშალა ნერვები. ერთი ბაბუცაა, სანიტარი, გუშინ დილით შემოვიდა და დედაჩემს ახარა, ჩვენი ნიკა ექიმი ცოლის შერთვას აპირებსო. მერედა ვის ირთავს? თურმე იმ გაპრანჭულ ელისოს.
გულზე გამხეთქა ამ ამბავმა. რას მოვითმენდი. ეგრევე დავეტაკე პალატაში შემოსულს, ნიკა ექიმო, მართლა მოგყავთ ცოლი-მეთქი? აბა, დედაჩემი იქ იყო და შინაურულად დალაპარაკებას როგორ გავუბედავდი? ისე გაიკვირვა, თითქოს რაღაც საშინელება დავაბრალე. შორეულ გეგმებშიც არა მაქვსო, ბოლოს სიცილით თქვა.
მაინც ვერ დამამშვიდა მისმა სიტყვებმა.
რამდენიმე დღეა, დედაჩემი ღამეც რჩება ჩემთან. სიცხეები რომ მაქვს, ეშინია ჩემი დატოვების. ყველა გავაწამე. მისი ყოფნა არ მაღიზიანებს. მაინც ვერ ვდგები ლოგინიდან და მაინც ვერ ვხვდებით მე და ნიკა, ამიტომ რა აზრი აქვს, დარჩება თუ წავა, მაგრამ დღეს მორიგეობა უწევდა და შევჭამე საწყალი ნატალია, სულ ძალით გავაგდე სახლში, მარტო დარჩენა მინდა-მეთქი. მაშინ ექიმს დავუბარებ, რომ ღამით დაგხედოს ხოლმეო. ამაზე როგორ ვეტყოდი უარს, ოღონდ ნიკამ დამხედოს და უარს ვიტყვი?
გვიან მართლა შემოვიდა, სიცხე გამიზომა, წამალი დამალევინა, პულსი გამისინჯა და ხელისგულებზე მაკოცა. რა უცნაურია ხელისგულებზე კოცნა. ნეტავ ეს მოჭარბებული პატივისცემის გამოხატულებაა თუ მოჭარბებული სიყვარულის? ბოლოს დააყოლა, უმჯობესია, თუ ჩვენს შეხვედრებს დროებით გადავდებთო. გადადებული არ არის, სიცხიანი სად წამსვლელი ვარ-მეთქი. არა, მარტო ახლა კი არა, რომ მომჯობინდები, მერეცო. ელდა მეცა. ალბათ, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ მოსწონს ჩემთან სექსი. აბა, რა ჩემი ბრალია, მე ხომ ჯერ გამოუცდელი ვარ? მასწავლოს და მეცოდინება.
მერე მითხრა, ამგვარი დატვირთვა ცუდად მოქმედებს შენზე, ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, იმუნიტეტი თითქმის ნულზე გაქვსო. ორ კვირაში ერთხელ მაინც არ შეიძლება-მეთქი? ამ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, ასე აჯობებსო. რა უნდა მეთქვა, ხვეწნას ხომ არ დავუწყებდი «აზაბოჩენი» ქალივით? ნუთუ არ ესმის, ჩემთვის რამდენს ნიშნავს მასთან სიახლოვე?
18 ივნისი
ჩემს ცხოვრებაში ერთფეროვნების ხანა დადგა. აღარაფერი მაინტერესებს, საერთოდ არ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. ერთი სული მაქვს, როდის მოვკვდები. სიცოცხლე აღარ მინდა.
25 ივნისი
უკეთ ვარ. გერმანელებმა ჩემი გერმანიაში წაყვანა გადაწყვიტეს, თან განკურნების 90%-იანი გარანტია მომცეს. ვიცი, რომ მაიმედებენ. ამ დაავადების ბოლომდე მორჩენა გამორიცხულია, მაგრამ სხვა რა დამრჩენია, თავი უნდა ვინუგეშო. ჩემთვის მაინც სულერთია ყველაფერი. ხომ გამიხანგრძლივებენ მაინც სიცოცხლეს? ესეც რაღაცას ნიშნავს. ცოტა მეტხანს მექნება ნიკასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. რომ ვხედავ, ესეც დიდი შვებაა ჩემთვის.
ნიკა თბილად მექცევა, ძალიან დიდ გულისხმიერებას იჩენს, მაგრამ ფიზიკურად არ მეკარება, სულ გამირბის, ცდილობს მარტო არ დარჩეს ჩემთან. იცის, რომ შეხვედრაზე ჩამოვუგდებ ლაპარაკს. ნუთუ შეგნებულად არ უნდა ჩემთან შეხვედრა, თუ მართლა ასე აჯობებს ჩემთვის? ჯერჯერობით ვითმენ ამ ყველაფერს.
1 ივლისი
რატომ მიყვარს ასე საშინლად? ალბათ, რომ არ მეკარება, უფრო იმიტომ. საერთოდ ასეა - როცა გრძნობ, რომ საყვარელი ადამიანი გაგირბის, მეტი ლტოლვა გიჩნდება მის მიმართ. მთელი ღამეები ვტირი, დილით თვალებდასიებული ვიღვიძებ. თან მთელი უბედურება ისაა, რომ ვერავის ვუყვები ჩემს გასაჭირს. ისე, შორიდან ვუთვალთვალებ ელისოსა და ნიკას ურთიერთობის «დეტალებს». მაინცდამაინც საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევ. მე მგონი, ეს მორიგი ჭორი იყო. არა, შეიძლება რაღაც ხდება მათ შორის, შეიძლება საყვარლადაც ჰყავს, მაგრამ ის, რომ ცოლად მოყვანა უნდა, ვფიქრობ, აბსურდია.
16 ივლისი
დღეს საოცრება მოხდა. ნიკა შემოვიდა პალატაში, მარტო ვიყავი. მომიახლოვდა, დაიხარა და ტუჩებში მაგრად მაკოცა. მერე პირი ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა, ძალიან მომენატრე და ხვალ ღამით გაგიტაცებო.
ჩემს სიხარულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.
17 ივლისი
დაუვიწყარი ღამე იყო. მართალია, «გატაცება» მხოლოდ მთავარი ექიმის კაბინეტში ჩაკეტვით შემოიფარგლა, მაგრამ რას დავეძებდი. გამაფრთხილა, ორ საათზე შემოდიო… ერთი სული მქონდა, როდის გახდებოდა ორი საათი…
როგორ ხარბად მეფერებოდა, თითქოს წლებია, ამ ღამეს ელოდაო. თითქოს ჩქარობდა, კოცნას არ მაცლიდა. ვითომ მართლა ასე მოვენატრე? თუ უბრალოდ, ქალი შემოაკლდა? ან იქნებ ცდილობს, მე გამიხალისოს ცხოვრება? არ მაინტერესებს. მთავარი ის არის, რომ ეს მოხდა. თანაც პირველად განვიცადე ორგაზმი. ეს ნამდვილი საოცრება იყო. როგორ მინდოდა სიამოვნებისაგან მეყვირა, მაგრამ ვიცოდი, სადაც ვიყავი და ბოლომდე შევიკავე თავი. აფსუს, რომ ნიკას ბინაში არ მოხდა ეს შეხვედრა. მაშინ კი გავიჯეჯილებდი.
26 ივლისი
წუხელ თავისთან წამიყვანა. როგორ მინდა აღვწერო, როგორი სექსი გვქონდა, მაგრამ მრცხვენია, ვაითუ ვინმემ წაიკითხოს ოდესმე შემთხვევით ეს დღიური. თავი მომეჭრება. მაგრამ რა ვქნა, საშინლად მსიამოვნებს ეს სექსი და მომკალი, თუ გინდა. რომ შეიძლებოდეს, დღე-ღამეში ათჯერაც არ ვიტყოდი უარს. ნეტავ სხვა ქალებიც ასე არიან ხოლმე, კაცს გემოს რომ გაუგებენ? თუ მარტო მე ერთი ვარ ეგეთი დეგენერატი და მხოლოდ მე ვფიქრობ ასე? ისე, ჩემი დაქალებისგან ბევრჯერ გამიგია, ღამეებს ვათენებთ მე და ჩემი ქმარიო. ასე რომ, არანორმალური და ანომალიური მგონი არაფერი მითქვამს.
ფეხის წვერიდან თმის ძირამდე მკოცნა. ნელ-ნელა რაღაც-რაღაცებს მეც ვსწავლობ. არ უნდა ვიყო მთლად ურიგო ინტიმის ხელოვნებაში. ნიკა, მოკლედ, სულ ჩემი სხეულის ქებაშია. მთელი ორი საათი ჩემი მკერდისთვის ხელები და ტუჩები არ მოუშორებია. მომწონხარ, ვაფრენ შენზე, მიყვარხარ კიდევაცო, ქადაგად დავარდა, სულ სიყვარულს მეფიცებოდა. შენც შემიწყვე ხელი, ერთად მოვერიოთ შენს დაავადებას, მიხედე საკუთარ თავს და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ გვერდით ვარ, ეს არასდროს დაივიწყოო.
2 აგვისტო
ამ ბიჭს რა ემართება, ვერ გამიგია. ქამელეონივით იქცევა. ექვსი თვეა ვიცნობ და ბოლომდე მაინც ვერ შევიცანი. სუფთა გამოცანაა, რა. ისევ არ მეკარება. არადა, ერთ თვეში გერმანიაში გამამგზავრებენ. საბოლოოდ გადაწყდა. სულ ხუთნი მივდივართ. ჩემ გარდა ორი პატარა ბავშვია, ორიც - გოგო და ბიჭი, 22-25 წლისანი. არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, ნიკასთან განშორებას რა გადაიტანს. ერთით კი მიხარია, იქნებ მეშველოს რამე, გადარჩენის შანსი მეძლევა, მაგრამ ამ საძაგელთან რომ მირჩევნია?
ის კი… ეს დღეებია, ზედაც არ მიყურებს.
10 აგვისტო
გული გადამელია ნიკას მოლოდინში. რამდენჯერაც პალატის კარი გაიღება, იმდენჯერ ის მგონია და სულ ვცდები. ერთი კვირაა, თვალით არ მინახავს. იმისიც მეშინია, ვინმეს ვკითხო, რამე საშინელება არ მითხრან, არადა, შარშანდელი თოვლივით აორთქლდა.
დღეს დილით ისე, ვითომ შემთხვევით ვახსენე დედაჩემთან, ნეტავ სად დაიკარგა ჩემი ექიმი-მეთქი. ხმა არ ამოუღია. მეც აღარ გამიმეორებია და ცოტა ხანში მიმავიწყდა კიდეც. ის კი გასულა, მთელი გამოკითხვა ჩაუტარებია და შუადღე იყო, პალატაში შემოსულმა სხვათა შორის რომ თქვა, ჩვენი ექიმი შვებულებაში გასულაო.
მეგონა, დამბლა დამეცა. გავშავდი. ჩემდა უნებურად წამოვიწიე საწოლიდან და ამ დროს… დედაჩემის გამომცდელ მზერას წავაწყდი. მივხვდი, რომ გავიყიდე. იგი თურმე ყველაფერს ხვდებოდა. ისევ მივდე თავი ბალიშზე და ჭერს მივაშტერდი. დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია. რა კარგი დედიკო მყავს. იცის, რამდენად მტკივნეული იქნება ჩემთვის ამ თემაზე საუბარი.
მეზიზღება ნიკა. ეს რა გააკეთა! ისე როგორ გაიპარა, ერთი სიტყვა რომ არ მითხრა, არც დამემშვიდობა?
უსინდისო, უნამუსო. ამას არასდროს ვაპატიებ!
15 აგვისტო
ჩემი საბუთები უკვე გაამზადეს. თვის ბოლოს ყველა ვარიანტში გამამგზავრებენ. მარტო მივდივარ, ჩემების გარეშე. როგორ არ მინდა. რა მოხდება, უარი ვთქვა? არ მირჩევნია, აქ მოვკვდე? ჩემთვის ხომ ცხოვრება უკვე დამთავრდა? ერთხელ არ შემეხმიანა. თან იცის, რომ გერმანიაში მივდივარ. როგორ გამიმეტა ასე? ნუთუ იმდენი არ ესმის, რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება? ამან შეიძლება გააუარესოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თანაც ამ ბოლო დღეებში სულ ცუდად ვარ. სიცხე გამუდმებით ოცდაჩვიდმეტი მაქვს, თითქოს გული მერევა. ჭამის მადა საერთოდ დამიქვეითდა. სულ ძალით მატენის დედაჩემი საჭმელს. რა ოხრობად მინდა რამე! ნიკას გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. მის გარეშე ისედაც მკვდარი ვარ. ისეთ ხასიათზე ვარ, შეიძლება თავი მოვიწამლო და ყველაფერს წერტილი დავუსვა, მაგრამ დედაც მეცოდება და მამაც, თორემ აქამდე თავს ნამდვილად არ ვიცოცხლებდი.
22 აგვისტო
რაღაც ძალიან გაჯანჯლდა ჩემი საბუთების მოგვარების საკითხი. სულ არ მადარდებს. ისემც უქნიათ, საერთოდ ვერ გაუკეთებიათ ვერაფერი. არ მინდა წასვლა. აქ ყოფნა მინდა. ხომ ვიცი, იქაც ქიმიოთერაპიას ჩამიტარებენ. რა, აქ ვერ მოახერხებენ, თუ? რა საჭიროა ზედმეტი წოწიალი, არ მესმის.
ნიკასი არაფერი ისმის. დღეს დილით ელისო მოვიკითხე, რაღაც ისიც დამაკლდა თვალში. ექთანმა მითხრა, შვებულებაში გავიდაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდებოდი? მგონი წნევამ ამიწია. დარწმუნებული ვარ, ერთად არიან და მშვენივრად ატარებენ დროს. საზიზღრები! როგორ მძულს ორივე! მასთან თუ რომანი ჰქონდა, ჩემგან რაღა უნდოდა? ისედაც გაუბედურებული ვიყავი, კიდევ ეს მინდოდა? რატომ შემაყვარა თავი, რატომ, რატომ! ჩემი ცოდვა არ გაახარებს ერთსაც და მეორესაც. აგერ ვნახავ!
დღითი დღე უარესად ვხდები, მაგრამ არ ვიძახი. მეშინია, დროზე ადრე არ გამამწესონ გერმანიაში. ისე ვიქცევი, თითქოს ყველაფერი რიგზეა. წუხელ ორჯერ ამერია გული. მთლად მოშლილი ვარ. თავბრუს ხვევებმაც მიმატა. ფეხზე დიდხანს დგომა მიჭირს, სულ დაწოლა მინდა. ალბათ უკვე ბოლო სტადიაში გადამივიდა ავადმყოფობა, ეგენი კი ვერ ხვდებიან.
აი დარდი, თუ ვერ ხვდებიან.
29 აგვისტო
ერთ კვირაში მივფრინავ. ჩემი გული აქ რჩება. მართალია, ნიკაზე მაგრად ვარ გაბრაზებული, მაგრამ ისე მიყვარს, ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ყოველ წუთს მასზე ვფიქრობ. დედაჩემი არაფერს მეუბნება, მაგრამ სახეზე ვატყობ, რომ ყველაფერს ხვდება. ვერავისგან ვერ გავიგე ნიკას მობილურის ნომერი, თორემ აუცილებლად დავურეკავდი. ვნახავდი ერთი, რით იმართლებდა თავს. ასეთ მომენტში შეიძლებოდა ჩემი მიტოვება? სულ რომ ვძულდე, არ უნდა მოქცეულიყო ასე. თავს მაინც მოვაჩვენებდი ადამიანს, რომ ვზრუნავ მასზე, გავუადვილებდი ცხოვრებას. მან კი… ჩემი გრძნობები არაფრად ჩააგდო, ფეხზე დამიკიდა. არა უშავს, ჩემი დროც მოვა. თუ ცოცხალი ჩამოვედი იქიდან, სპეციალურად მოვალ მის სანახავად და ჩემს სათქმელს ბოლომდე ვეტყვი. არაკაცი ყოფილა!
1 სექტემბერი
სამ დღეში მივფრინავ. ჩემი გული მკვდარია, თუმცა ერთი გამონათება მაინც მოხდა. გუშინ დილით ელისო შემოვარდა პალატაში ხმაურით, დიდი ამბით მომიკითხა, გადამკოცნა, მომეფერა. როგორც ჩანს, ჩვენ შესახებ არაფერი იცის, თორემ წარმომიდგენია, რას მოიმოქმედებდა. რადგან ეს გადაპრანჭული ქალი დავინახე, ვიფიქრე, ნიკაც ჩამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. მთელი შვებულება ჩამიშხამდა, მამაჩემს წნევამ დაარტყა და დასვენების დღეები ქუთაისის საავადმყოფოში გავატარეო. ნიკა საერთოდ არ უხსენებია. მეც ავდექი და ჩემი ექიმის ადგილსამყოფელის გარკვევას შევეცადე. ექთანმა გადასხმა რომ გამიკეთა, ვკითხე, ნიკა ექიმი როდის გამოვა სამსახურში-მეთქი. ბათუმში ისვენებს, ხუთ სექტემბერს უმთავრდება შვებულებაო, დამიზუსტა. კინაღამ ვიტირე. მე ოთხში მივფრინავ, ის კი ხუთში ჩამოვა.
რა ცუდია. არაფერში ბედი არა მაქვს.
გაგრძელება იქნება