3 სექტემბერი
ხვალ გავფრინდები. დედაჩემი ჭკუაზე არ არის, ისე უხარია, მე კი… საკუთარ თავზე ასე გაბოროტებული ადამიანი ჯერ არ მინახავს. რა ვქნა, მძულს ჩემი თავი. მორჩა! დღეს ბოლო სიტყვებს ვწერ და ამით დავამთავრებ. აწი აღარასოდეს მივუბრუნდები დღიურს. თუ დავბრუნდი იქიდან, ალბათ, დავხევ კიდეც. რა საჭიროა!
15 სექტემბერი
ვიფიქრე, დღიურს მეტად აღარ ვაწარმოებ-მეთქი, მაგრამ გულმა არ მომითმინა. ჯობია, ქაღალდზე მაინც გადავიტანო ჩემი ემოციები.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა აქ ჩამოსვლის პირველ დღეებში. სუნთქვა გამიადვილდა, შევმსუბუქდი, ჭამის მადაც მომემატა, მაგრამ აგერ, სამი დღეა, კვლავ ცუდად გავხდი. გული მერევა, ვითენთები, სულ ძილი მინდება…
გაგიჟებულია ჰერ კლაუსი - ასე ჰქვია ჩემს ექიმს - ბატონი კლაუსი, ვერაფერი გამიგიაო. ყველა-ყველა და, ჰემოგლობინი რატომღა დაეცაო ასე მკვეთრად და ასე სწრაფად? ხვალ ხელახალი ანალიზები მჭირდება. დავიღალე. ახლა მართლა ძალიან მინდა სიკვდილი. ალბათ აქამდე ნიკას გვერდით ყოფნა მასულდგმულებდა და როგორც კი მან მიმატოვა, ჩემმა სხეულმაც შეწყვიტა ბრძოლა გადარჩენისათვის. რამდენჯერ ვცადე, დავლაპარაკებოდი ჩემს მეორე მე-ს, რაღაც მაინც მერჩია მისთვის, მაგრამ არა, ახლოსაც არ გამიკარა. სარკეში რომ ვიხედები, ისეთი ზიზღით შემომხედავს, მეშინია ხოლმე. მინდა, პანდორას ყუთის ამბავი მოვუყვე… მინდა, ვუთხრა, რომ ის, რაც მაშინ იმ საშინელ ყუთში დარჩა, იმედი იყო და რომ ეს იმედი დღემდე აიმედებს ადამიანებს, რომ მაშინ ყველა საძაგლობისგან არ დაცლილა ის ყუთი… ამის გაგონებაზე ჩემი ურჩი ორეული ხარხარს იწყებს, ოღონდ ეგ იმედია თუ რაღაც ჯანდაბა, მეტჯერ აღარ მიხსენოო. ნუთუ ადამიანებს ეგეთი სასაცილო რამეების კიდევ გწამთო? ვეკითხები, განა შენ ადამიანი არა ხარ-მეთქი? შენ ხომ ჩემი ნაწილი ხარ, ნუთუ დაგავიწყდა-მეთქი… არაო, შენი ნაწილი კი ვარ, მაგრამ მხოლოდ სულის და არა სხეულისო… მე სხვა განზომილებაში ვცხოვრობ და აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ისე კი არა, როგორც თქვენთან, დედამიწაზეო…
მოდი და ელაპარაკე ახლა!
17 სექტემბერი
ესეც ბედის ირონია! აი, სიურპრიზი! დღეს ჩემს პალატაში ნამდვილი სიმპოზიუმი მოაწყვეს კლინიკის ექიმებმა. ერთი ასი თეთრხალათიანი მაინც შემოვიდა! ისე მათვალიერებდნენ, თითქოს საექსპერიმენტო პაციენტი ვყოფილიყავი! ხელებს შლიდნენ, თათბირობდნენ, შეშფოთებული მისჩერებოდნენ ერთმანეთს და ჩემკენ დამფრთხალ მზერას აპარებდნენ.
რა ხდება-მეთქი, ჰერ კლაუსს ვკითხე, რომელიც ჩემს საწოლთან სკამზე ჩამოჯდა, ჩემი ხელი ხელში აიღო, გამომცდელად მომაჩერდა და გამოკითხვა დამიწყო.
- ნათან! - ასე მომმართავს იგი ყოველთვის, - როგორც ვიცი, თქვენ გათხოვილი არ ხართ, ხომ?
გამიკვირდა, რატომ ჩამომიგდო ამ თემაზე საუბარი. გამიხარდა, მეგონა, ნიკამ დარეკა და რაღაც მსგავსი უთხრა ალბათ, ჩემი ჯანმრთელობის ამბავი რომ გაეგო.
იგი ინგლისურად მელაპარაკება ხოლმე, რადგან ინგლისურს კარგად ვფლობ, გერმანულის კი ინჩი-ბინჩი არ გამეგება. აქ დიდად არ უყვართ ეს «ევროპულ-ამერიკული» ენა, მაგრამ მაინც იციან, განსაკუთრებით, ექიმებმა და იურისტებმა.
- არა, არ ვარ და არც ვყოფილვარ, - თავი გავაქნიე და რატომღაც გავწითლდი.
- ბოიფრენდი გყავთ, არა?
უარესად გავწითლდი. ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა ექიმს საუბარი.
- მყავდა, - დავაკონკრეტე, - რა ხდება? რატომ მეკითხებით? - ცოტა არ იყოს, შიშმა ამიტანა, ნიკას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი.
- იცით?.. - ჰერ კლაუსმა ჩაახველა, მარჯვენა ხელით სათვალე გაისწორა ცხვირზე, მეორე ხელი კი უფრო მომიჭირა თითებზე, - თქვენ ორსულად ხართ.
არაააააააა! ოღონდ ეგ არა! დამბლა დამეცა! ეს იყო შოკი! სიზმარში მეგონა ჩემი თავი. ერთადერთი, რაც იმ წუთას საზარლად ჩამესმა, ჩემი ორეულის დემონური ხარხარი იყო. ღმერთო! საკუთარი ისტერიკული სიცილის ხმა მესმოდა სადღაც შორიდან, სხვა არაფერი. ერთი სიტყვაც არ გამიგია, რაც ექიმმა მითხრა.
როცა გონს მოვეგე, პირველი აზრი, რამაც გამიელვა, ჩემი დედ-მამა იყო.
- ოღონდ ჩემს მშობლებს არ გააგებინოთ, გთხოვთ! - თავი წამოვწიე და საწყალობლად მივაჩერდი კლაუსს.
- უკვე შევატყობინეთ! - ჩემს თხოვნას ცივი წყალი გადაასხა მან.
სასოწარკვეთილი ბალიშზე მივესვენე და ერთბაშად მოვეშვი…
ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო!..
28 სექტემბერი
დედა ჩამოვიდა. დაიწყო ნოტაციების კითხვა. არ მინდა მათი გამეორება. ყველას აზრი ერთია - აბორტი!
არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება ამას, შეიცვლება თუ არა სიტუაცია, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ ვიცი - ამ ბავშვს მაინც გავაჩენ. მე მოვკვდები და ამას არ მოვკლავ! - უკვე მესამე დღეა, დედას ვუმტკიცებ. ის კი, თავის მხრივ…
- მაგრამ…
- არავითარი მაგრამ! ვიცი, ახლა რასაც მეტყვით ყველანი - ამით ხომ შენც სიკვდილი გემუქრებაო, არა? აბორტით მას ისედაც მოვუსპობ სიცოცხლეს, გამოდის, რომ ჩემივე ხელით უნდა მოვკლა საკუთარი შვილი, ამიტომ, თუ მაინცდამაინც სიკვდილი გვიწერია, ბარემ ერთად მოვკვდებით და ეგ იქნება. მთელმა ნათესაობამ რომ მომიძულოს, ბავშვს არაფრის დიდებით არ მოვიცილებ. ტყუილად დგას მთელი კლინიკა ფეხზე! წამიყვანე შინ, რაც შეიძლება სწრაფად, გესმის? - ვყვიროდი, ვყვიროდი, ვყვიროდი…
და ორ დღეში წამომიყვანა!
1 ოქტომბერი
თბილისში ვარ. მშვიდად ვარ. მსუბუქი ტოქსიკოზი მაქვს. გადასხმებს შინ მიკეთებენ. ჩემი მონახულება ყველას ავუკრძალე. ერთადერთი, ნინი მოდის, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ის საბერძნეთში იყო, იქ მუშაობდა და ეს ამბავი რომ გაიგო, ჩემ გამო ჩამოვიდა. ნამდვილი მეგობარი ამას ჰქვია! ამიტომაც აქვს უფლება, ყოველდღე მნახოს.
ერთ დღესაც შემაპარა:
- იქნებ დავურეკოთ ნიკას, ნათი? არ გიცდია?
- არა, არ მიცდია. მე რატომ უნდა მეცადა? არ ვეკუთვნი ქალთა იმ კატეგორიას, კაცის დათრევის მიზნით თავს რომ აცოდებენ, ორსულად ვარ, მომაკვდავი ვარ, იქნებ ერთხელ მაინც შემხვდე, იქნება ასე და იქნებ ისეო… რომ ჩამოვედი, დავურეკე, მოვიკითხე, ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და მორჩა.
- ხომ იცის შენი ორსულობის ამბავი?
- იცის, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია ამაზე. რა ვიცი, ალბათ ჩემგან ელოდა მონოლოგს. მე კი ჩემი მდგომარეობით მასთან შვილით ვაჭრობას ვერ დავიწყებდი. არ მჩვევია ეგეთები. ძალით მოპოვებული არც სიყვარული მინდა და არც ქმარი. რა ვქნა, ასეთი ვარ. ან კი რას ვერჩი მას, მე ხომ იმთავითვე ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი. იგი არაფერს შემპირებია. რა უნდა მოვთხოვო? რატომ შემაცდინე-მეთქი? ეს არ იყო შეცდენა. მე ჩემი სურვილით გადავდგი ის ნაბიჯი. ასე რომ, არანაირი უფლება არ მაქვს, ნიკაზე განაწყენებული ვიყო.
- მერე? ნუთუ მისმა საქციელმა შენს გრძნობებზე არ იმოქმედა?
- არა! მაინც მიყვარს და ისევე მიყვარს, როგორც აქამდე… ის კი არა, განშორებამ კიდევ უფრო გამიმძაფრა ლტოლვა. საშინლად მენატრება მისი ხმა, სუნთქვა, შემოხედვა, ღიმილი, შეხება… და არ მრცხვენია ამას რომ გეუბნები, ნინი!. ან კი რა აზრის აქვს დამალვას, ჩემთვის სულერთია. არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. ასეა თუ ისე, ის ჩემი შვილის მამაა.
- იქნებ ერთხელ კიდევ დაურეკო?
- არა, მეორედ არ დავრეკავ! არ მიმაჩნია საჭიროდ. სურვილი რომ ჰქონოდა, თვითონ დამირეკავდა.
- იცი, რა მგონია? ნიკა ალბათ ფიქრობს, რომ ბავშვის გაჩენით შენ მას ცხოვრებას უმრუდებ… იქნებ შეუცნობლად მართლა შურისძიება გამოგდის? - ნინი ფრთხილობდა, ეშინოდა, მის შეკითხვებს ჩემი გაღიზიანება არ გამოეწვია. თან მეფერებოდა, თან მეჩურჩულებოდა.
- არა, ეგ რა შუაშია. მის ჯინაზე ნამდვილად არ ვაპირებ ამ ბავშვის გაჩენას. ერთი წამით არ იფიქროთ ეს არავინ. ცხოვრებას რატომ ვუმრუდებ? არ ვაპირებ, ოდესმე თავი შევახსენო, ეგ გამორიცხულია. გვარს არ ვითხოვ და ხელის მოწერას, არც ქონებას ვედავები და არც ბრალს ვდებ არაფერში. თავისუფლად შეუძლია იცხოვროს იმასთან, ვინც უყვარს, დაოჯახდეს, ვისთანაც სურს, ასი წელი ხელს არ შევუშლი და არც ჩემი შვილი გაებლანდება ფეხებში არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება არარაობაა. ჩემში სერიოზული სიყვარული მისით დაიწყო და მისით დამთავრდება. სულ რომ ღრმა სიბერემდე ვიცხოვრო, არასდროს ვიფიქრებ სხვა მამაკაცზე. მას კი სიკვდილამდე დაველოდები. თუკი ცოცხალი დავრჩი და ოდესმე გამოჩნდა, აუცილებლად მივიღებ. თუმცა მგონია, რომ სიკვდილი უფრო ადრე მომაკითხავს, ვიდრე ნიკა…
პ.ს.
უცნობი გოგონას დღიური აქ მთავრდებოდა… როცა მისი გამოქვეყნება დავამთავრე, მოთმინებით დაველოდე, რა შედეგს გამოიღებდა… ვიჯექი და ველოდებოდი…
ერთი კვირა…
ერთი თვე…
ორი… სამი…
იმედი ლამის გადამეწურა… არავითარი რეაქცია… არსაიდან… არავისგან… ბოლოს ხელი ჩავიქნიე. ვიფიქრე, ალბათ ვიღაცის მოგონილი ამბავია-მეთქი. შეიძლება რომანის დაწერა მოუნდა ვინმეს და შუა გზაზე გაწყვიტა, ან ვეღარ მოიფიქრა, როგორ გაეგრძელებინა…
ასე ვიმშვიდებდი თავს…
ერთხელაც, ერთ მშვენიერ დღეს, როცა გარეთ გაგანია ზაფხული იდგა და ჩემს ფანჯარასთან ჩიტები ჟღურტულებდნენ, ჩანთიდან ჩემმა მობილურმა ატეხა განგაში. ვიღაც დაფარული ნომრით მირეკავდა.
უცხო ნომრები არ მიკვირს. ხშირად მირეკავენ უცნობები, რომელთაც თავიანთი ცხოვრების დრამისა თუ ტრაგედიის ჩემთვის გაზიარება, შემდეგ ამბად ქცევა და გამოქვეყნება სურთ. მეც ვისმენ ამ ადამიანების ტკივილიან ისტორიებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ნოველადაც ვაქციო. თავად აუწყობელი ცხოვრების პატრონი, სიყვარულის ხელმოცარული მაძიებელი ჟურნალისტი, სხვის ოცნებებს ვასხამ ფრთებს. :)) რას ვიზამთ, როგორც ფრანგები იტყვიან - სე ლა ვი - ასეთია ცხოვრება!
- გისმენთ!
- თქვენთან მსურს შეხვედრა! - ცივად გაისმა მამაკაცის ხმა.
- ვინ ბრძანდებით? - ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე რომ ითხოვდა ვიღაც პიროვნება ჩემთან შეხვედრას, თანაც ასეთი ოფიციალური ტონით.
- ნიკა ვარ.
წამით სუნთქვა შემეკრა, მაგრამ მსწრაფლ მოვეგე გონს, რათა გადამემოწმებინა, ეს ის ნიკა იყო თუ ვინმე მორიგი ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელსაც შეიძლებოდა, სრულიად სხვა თხოვნა თუ მოთხოვნა ჰქონოდა ჩემთან.
- ნიკა? ვინ ნიკა? - თავი გავისულელე.
- ის ნიკა, რომელმაც ლეიკემიით დაავადებული ორსული ქალი მიატოვა და მიიმალა.
მეგონა, მისი ზარი გამიხარდებოდა. მეგონა, სიხარულით ცას ვეწეოდი… მე კი შემეშინდა. შემეშინდა, რადგან სრულიად უცხო ადამიანის პირად ცხოვრებაში სრულიად დაუკითხავად შევიჭერი, ქვეყანას მოვდე მისი ამბავი და მას სრული უფლება ჰქონდა, პასუხი მოეთხოვა… მოეთხოვა და დავესაჯე კიდეც!
ამაზე აქამდე არ მიფიქრია… მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილზე გამუდმებით ვფიქრობდი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნათიას მხრიდან ვინმე სხვა გამომეხმაურებოდა - დედა, მეგობარი, ნაცნობი, მეზობელი… ნიკა სათვალავში არც მყოლია.
გაგრძელება იქნება