კარდაშიან-ჯენერები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი რეალითი-შოუს მონაწილე ოჯახია. ოჯახის თითოეული წარმომადგენელი მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს როგორც მოდის ინდუსტრიაში, ასევე ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ოჯახის ყველაზე პატარა წამომადგენელი კაილი ჯენერი პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. წლების მანძილზე ოჯახის თითქმის ყველა წევრი და, ასევე, კაილიც, მედიებისა თუ ტაბლოიდების განხილვის ობიექტია. მის პირად ურთიერთობებსა თუ მიღწევებს საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება და აკრიტიკებს, იქნება ეს კარიერული წინსვლა, ოჯახური სკანდალები თუ პირადი ცხოვრება.
ფართო მასებისათვის სატელევიზიო რეალითი-სერიალის – Keeping Up With The Kardashians – მეშვეობით გახდა ცნობილი. სერიალში ასახულია კარდაშიანებისა და ჯენერების პირადი და პროფესიული ცხოვრება. კაილი არის კოსმეტიკური კომპანიის, Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი და მფლობელი. გარდა ამისა, მან შეძლო სოციალურ ქსელში რეკორდულად დიდი რაოდენობის მიმდევრების შემოკრება და 2015 წელს ჟურნალ Time-ის მიერ დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თინეიჯერად. ასევე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი "ინსტაგრამზე" 399 მილიონზე მეტი გამომწერით. 2018 წლის ნოემბერში New York Post-მა იგი დაასახელა მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად. ეს ყველაფერი კი 26 წლის ასაკში შეძლო.
„მინდა ინსპირაცია ვიყო ახალგაზრდა გოგონებისთვის” - 13 წლის ასაკში ნათქვამი ეს სიტყვები კაილისთვის დღეს რეალობად იქცა, რადგან მსოფლიოს გარშემო უამრავი ქალისთვის, თინეიჯერისთვის თუ გოგოსთვის ის ნამდვილად არის მისაბაძი.
ადრეულ ასაკში დაწყებული კარიერა და სწორად დალაგებული მიზნები, იდეალური პიარისა და მენეჯმენტის წყალობით, ის არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს, მართონ ბიზნესი და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდებმა საკუთარი საქმე გლობალურ პროდუქტად აქციონ, გაუძღვნენ სწრაფად მზარდ ბიზნესს და თან დანარჩენ ქალებზეც იფიქრონ. „მე ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება მსურს და ვხდები ბიზნესვუმენი, რადგან მე ეს მინდა. ჩემი ტუჩსაცხების ნაკრები მალე გამოვა და მინდა, კოსმეტიკის წარმატებული ბიზნესი მქონდეს” - ამბობდა ის კარიერის დასაწყისში TIME-სთან ინტერვიუში.
წარმატებული კარიერისა და მუდამ სკანდალებით მოცული ცხოვრების პარალელურად, მისი პირადი ურთიერთობებიც მუდამ განხილვის აქტიური თემაა. 2011 წლის ნოემბერში usmagazine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 წლის კაილი ჯენერი ხვდებოდა ავსტრალიელ პოპ-მომღერალ კოდი სიმპსონს. შემდეგ გამოჩნდა ტაიგა, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა და ბევრი თინეიჯერის საყვარელი წყვილი იყო, თუმცა ისინი საბოლოოდ 2017 წელს დაშორდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ შეხვედრა აწ უკვე თავისი შვილების მამასთან, მუსიკოს ტრევის სკოტთან დაიწყო, რომელთან ერთადაც 7 წლის მანძილზე ცხოვრობდა.
დღეს კაილის პირადი ცხოვრება ისევ აქტიური განხილვის თემაა. უცხოური ტაბლოიდები მისი და მსახიობი ტიმოთი შალამეს ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ. წყვილი დიდი ხნის მანძილზე მალავდა ურთიერთობას, მაგრამ US Open-ის ოფიციალურ "ინსტაგრამზე" გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, რომ ისინი ჩაგბურთის მატჩს ერთად ესწრებოდნენ და სოციალურ ქსელში მათი პაპარაცული ფოტოებიც გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილის რომანის შესახებ ჭორები აპრილში გაჩნდა, ისინი სექტემბრამდე საჯაროდ ერთად არ გამოჩენილან.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ