სამყაროში ყველაფერი ენერგიებითა და სიხშირეებითაა სავსე. სწორედ ეს ენერგიები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც მაღალი სიხშირის ტალღაზე ვართ, ასეთ დროს სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს და კიდევ უფრო მეტად ვიზიდავთ პოზიტიურ ენერგიას. მადლიერება მთელ ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, ასეთ დროს ჩვენი ცხოვრებაც სიყვარულით, ბედნიერებით და ყველანაირი სახის დადებითი ენერგიით ივსება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც უარყოფით ენერგიასაც გავცემთ, თუნდაც გაუცნობიერებლად. დაბალი სიხშირის ჩვევები სამყაროში იკარგება და ნეგატიური ვიბრაციების შემომტანი ხდება ხოლმე.
პროცესს, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, ასკეზა ეწოდება. ეს ერთგვარი „გარიგებაა“ სამყაროსთან. შენ იშორებ მავნე ჩვევებს და სამყაროს დადებით ენერგიებში (კონკრეტულ სურვილებში) უცვლი. ასკეზას დასრულების შემდეგ დიდი შანსია, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნდებით მავნე ჩვევებს, ანუ სამუდამოდ გათავისუფლდებით დაბალი სიხშირის ჩვევებისგან - სწორედ ეს ხდის ამ რიტუალს მეტად განსაკუთრებულსა და უნიკალურს.
რას გულისხმობს ასკეზა?
ეს არის პროცესი, როდესაც კონკრეტული დროით რაღაცაზე ვამბობთ უარს. მაგალითად, თუ შენი სისუსტე ნიკოტინის მიღებაა, შეგიძლია სამყაროს დაჰპირდე, რომ, სიმბოლურად, 11 დღის მანძილზე, აღარ მიიღებ ნიკოტინს, სანაცვლოდ კი, ის სურვილის ახდენაში დაგეხმარება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რა ვადით იტყვით სხვადასხვა ქმედებაზე უარს, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
როდის უნდა დავიწყოთ ასკეზა?
ასკეზას დასაწყებად კონკრეტული დღე გამოყოფილი არ არის. ხშირად ადამიანები მათთვის საყვარელ თარიღებს ირჩევენ პროცესის დასაწყებად, იქნება ეს ახალი წელი თუ დაბადების დღე.
ასკეზას დაწყების წესები შემდეგნაირია: იმისთვის, რომ სამყარომ გაიგოს თქვენი სურვილები, საჭიროა მასთან გარკვევით კომუნიკაცია, ვიზუალიზაცია. ასკეზას დასაწყებად საჭიროა მხოლოდ სიტყვები და რწმენა. „მე, (თქვენი სახელი და გვარი) დღეს, (თქვენთვის სასურველი თარიღი) ვიწყებ ასკეზას - უარს ვამბობ სიგარეტის მოწევაზე (თქვენთვის სასურველი პერიოდი) დღის განმავლობაში. სანაცვლოდ, მინდა, რომ ჩემი ენერგია დამიბრუნდეს და ჩემი სურვილი შესრულდეს (დაასახელეთ კონკრეტული სურვილი)“.
მაშინ, როდესაც ასკეზას დაასრულებთ, სამყარო თქვენი სურვილის ასრულებაზე ზრუნვას დაიწყებს, ხმამაღლა უნდა წარმოთქვათ სიტყვები, რომ (კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ) მოცემულ თარიღზე ასრულებთ ასკეზას. დანარჩენი უკვე შეგიძლიათ სამყაროს მიანდოთ.
არ დაგავიწყდეთ, ასკეზას აქვს ერთგვარი ბუმერანგის პრინციპი, თუ არ ხართ საკუთარ ნებისყოფაში დარწმუნებული, არ დაიწყოთ.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ