ის დღეც ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ყველა სხვა, სამაგიეროდ, მე არ ვიყავი ჩვეულებრივი. დილიდან ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი, თითები მიცახცახებდა. არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ვინ დამადგებოდა თავს ან როგორი _ გიჟი, გადარეული, დანით შეიარაღებული, თუ მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება. თუ ნათიას დღიურს დავუჯერებდით, ნიკა ერთი თავში ავარდნილი, საკუთარი მდგომარეობით გაბღენძილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, ერთ-ერთი იმათთაგანი, რომლებიც არასდროს კმაყოფილდებიან დღევანდელი დღით და ცხოვრებაში გამუდმებით სიახლის შეტანით არიან გატაცებულნი. ვაითუ, კარის გაღებისთანავე მუშტი მთხლიშოს სახეში და მთელი კორპუსის გასაგონად მაგინოს, სად წავიდე მერე? შიშის მომგვრელი აზრები მაწუხებდა. იქნებ რომელიმე დაქალს დავურეკო და მოვიყვანო? მთლად მარტო როგორ დავხვდე უცნობს? თანაც არ ვიცი, რა ზნისაა. მით უმეტეს, როცა მისი ცხოვრება ასე სახალხოდ გამოვაჭენე!
დიდხანს ვორჭოფობდი, დიდხანს ვებრძოდი ჩემს ფიქრებს. ბოლოს მაინც მარტო დახვედრა ვამჯობინე. რაც იქნება, იქნება. თუ გამარტყამს და მაგინებს, ღირსიც ვიქნები. მთავარია, გავიგო, რა ბედი ეწია ნათიას. იმედია, ამას მაინც მეტყვის…
ასე არასდროს დავუზაფრივარ ზარის დარეკვას… ფეხები უკან მრჩებოდა გასასვლელისკენ მიმავალს… 96 წლის დედაბერივით მივჩანჩალებდი
სხეული დამეჭიმა, კარი რომ გავაღე. პირველი, ვინც თვალში მომხვდა, პატარა, ქერაკულულებიანი გოგონა იყო, დიდრონი გვიმრისფერი თვალებით, რომელსაც პუტკუნა თითებით მოკლე ფუშფუშა კაბის ბოლოები დაეთრია და ანგარიშმიუცემლად აწვალებდა. დიდი ხანია, ასეთი ლამაზი ბავშვი არ მინახავს, თუმცა ამის ხმამაღლა თქმისგან თავი შევიკავე.
მის გვერდით მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იდგა, გაცილებით სიმპათიური, ვიდრე ნათიას ჰქონდა აღწერილი თავის დღიურში. მის დანახვაზე წამიერად ფრანგული ფილმი გამახსენდა: «ქალი და მამაკაცი», რადგან ჩემი სტუმარი გარეგნობით აშკარად ჰგავდა ჟან-ლუი ტრენტინიანს.
ეჭვი არ იყო, რომ ნიკა ქალიშვილთან ერთად მესტუმრა.
_ სწორად მოვედით? გამარჯობა! _ ცივად მომმართა უცნობმა, რომელსაც გაღიმების მცდელობაც კი არ ჰქონია.
_ დიახ, მობრძანდით!.. გაგიმარჯოს! _ გაბზარული ხმით მივუგე და ტუჩები უშნოდ გავარხიე, რადგან მივხვდი, ღიმილის გამოსახვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ყველაზე უნიჭო გაღიმება იქნებოდა დედამიწის ზურგზე.
იმდენად დავიძაბე, საერთოდ ვერ მივაქციე ბავშვს ყურადღება, ვერც კი მოვეფერე.
_ შემობრძანდით! _ გავუმეორე ნიკას და განზე გავდექი, თან კარის ძგიდეს განწირულივით ჩავებღაუჭე, თითქოს ყველაზე «გავლენიანი» მშველელი ყოფილიყო ჩემი.
ნიკა, ნიკა, ნიკა… უაზროდ მხოლოდ ამ სახელს ვიმეორებდი გულში, იმ წუთას სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. არც ის ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო საუბარი და პირველ წინადადებად რა უნდა მეთქვა, თუმცა შედარებით დავმშვიდდი. სამტროდ მოსული ადამიანი მცირეწლოვანი ბავშვით ნამდვილად არ მომადგებოდა.
_ შემიძლია ყავა შემოგთავაზოთ ან ჩაი, _ მასპინძლური დავიკავე.
_ ნუ შეწუხდებით, არაფერი არ არის საჭირო, მალე წავალთ, _ ტონშეუცვლელად მიპასუხა მამაკაცმა, რომელიც მოქუფრულ მზერას არ მაშორებდა და გოგონას გადახედა.
პატარაც ცნობისმოყვარედ მომჩერებოდა.
_ მაშინ პრინცესას კოკა-კოლა და კამფეტები მოვუტანოთ, _ მხიარული ნოტი გავურიე ხმაში და სამზარეულოში გავედი.
როცა უკან მოვბრუნდი, ნიკა უკვე სავარძელში ჩამჯდარიყო და ქერაკულულებიანი საოცრება მუხლებზე დაესვა.
უეცრად გოგონამ თავი ასწია, ხელები ტუჩებთან მიიტანა და მამას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
_ არ ვიცი, მამიკო, მაგრამ მგონი, ეს სხვისი დედაა, _ რატომღაც, ხმამაღლა მიუგო ნიკამ, _ შენი დედიკო განა შორს არაა აქედან?
ღიმილი ვერ შევიკავე. არც ისე საგანგაშოდ გაისმა ნიკას ხმა. როგორც ჩანს, მთლად სამტროდ არ უნდა ყოფილიყო მოსული, თანაც, ბავშვთან ერთად.
_ მე ჯერ არავის დედიკო არ ვარ, _ ენამოჩლექით ვუთხარი პატარას, _ მაგრამ ძალიან მინდა, შენნაირი პრინცესა მეც მყავდეს.
გოგონა გაიპრანჭა, მხრებში მოიხარა და დამორცხვებული მამის მკერდს საიმედოდ მიეყრდნო.
ჟურნალების მაგიდა სტუმრებისკენ მივაჩოჩე და კამფეტებიანი ვაზა და კოკა-კოლას ბოთლი დავდგი. შემდეგ ხელმეორედ გავედი სამზარეულოში და ჭიქები შემოვიტანე.
ნიკა არ გარხეულა. იძულებული გავხდი, სასმელი მე გამეხსნა. ფრთხილად მოვხსენი სახურავი კოკა-კოლას, რომელმაც მაშინვე შიშინი დაიწყო. გოგონა ბოთლს თვალს არ აშორებდა. მისმა მზერამ მიმახვედრა, რომ ძალიან უყვარდა კოკა-კოლა.
_ იქნებ მიირთვათ რამე? _ დუმილის ორთაბრძოლა მე დავარღვიე.
_ მადლობა, არ მინდა! _ არც ტონი შეუცვლია ნიკას და არც სახის გამომეტყველება.
ნერვიულობისგან პირი გამიშრა. სასმელი ჩამოვასხი და მოწყურებულივით მოვიყუდე. გაზიანმა წყალმა ბჟუილით «ჩაიხრიგინა» ყელში.
_ რატომ გააკეთეთ ეს? _ განაჩენის გამოცხადებასავით გაისმა მისი ხმა, თუმცა ეს ის შეკითხვა იყო, რომელსაც ველოდი და რომლისთვისაც პასუხი მზად მქონდა.
_ ალბათ იმას გულისხმობთ, რომ გამოვაქვეყნე, არა? _ მარცხენა ხელის თითები მარჯვენაში მოვიქციე და ცერა თითი ხელის ზურგს გავუს-გამოვუსვი, _ არ ვიცი, როგორ აგიხსნათ… იმდენად დამაინტერესა ამ დღიურმა, რომ ძალიან მომინდა, ნათიას ამბავი ბოლომდე გამეგო. ვიმედოვნებდი, რომ ვინმე მაინც გამომეხმაურებოდა. თქვენზე არც მიფიქრია… დედას უფრო ველოდი ან რომელიმე მეგობარს… _ დავიწყე ახსნა-განმარტება, _ დამიჯერეთ, სხვა მიზეზი არ მქონია. ვინმესთვის ტკივილის მიყენება ნამდვილად არ მინდოდა.
_ დედამისი გარდაიცვალა.
თითქოს ლურსმანს დავადგი შიშველი ფეხი. ლამის შევხტი.
_ რას მეუბნებით! როდის?
_ ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე.
ნიკამ ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვები. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ მან, ბოლოს და ბოლოს, ნათია ცოლად შეირთო, მაგრამ სამაგიეროდ, იმის მოსმენა იყო საშინელება, რომ ნათია გარდაიცვალა.
თვალები ცრემლით ამევსო. თითქოს კრიჭა შემეკრა, კრინტი ვერ დავძარი, ენა აღარ მემორჩილებოდა.
ნუკამ ჯიბეები მოიქექა, მივხვდი, სიგარეტს ეძებდა. უეცრად ჩაიცინა, თავი გადააქნია და შერბილებული ხმით მომმართა:
_ დამავიწყდა, რომ მოწევა მივატოვე. მან მაიძულა, მე, ექიმს, მარწმუნებდა, რომ მოწევა კიბოს იწვევს.
_ რაც თავადაც მშვენივრად იცოდით, _ მხოლოდ იმიტომ დავილაპარაკე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა.
_ ჰო, რა თქმა უნდა, მე თავად ვურჩევ ხილმე ჩემს პაციენტებს ამას.
_ მესმის,! _ შვებამოგვრილი ხმით დავეთანხმე, აშკარად ჩანდა, მტრობას არ მიპირებდა.
_ მე ვისწავლე და ისე კარგად შევისწავლე უბედურება, რომ დარდი ჩემთვის მეორეხარისხოვანი ნატურა გახდა, _ სრულიად მოულოდნელად ალაპარაკდა ნიკა, _ იგი ჩაენაცვლა ჩემი ცხოვრების აზრს. მე მან შვილი მაჩუქა და ამით _ ასი წლის სიცოცხლე. ბოლო წამებში იგი ჩემ გვერდით ბედნიერი იყო. სამაგიეროდ, უბედურება მერე მე მომიტრიალდა, ბედისწერამ სამაგიერო გადამიხადა ჩემი სიმხდალისთვის და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. თუმცა, ახლა ვიცი, რისთვისაც ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე: რათა გავზარდო ჩემი გოგონა და დავამტკიცო ჩემი შეუპოვრობა. შესანიშნავია. დიდი წარმატება მარგუნა განგებამ, ასე არ არის? მას წაართვა სიცოცხლე, სანაცვლოდ კი მე შვილი დამიბრუნა. არის სამყაროში სამართლიანობა. მე ჩემი პატარა გოგონა მივიღე ჯილდოდ, მან კი დაკარგა. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო დასაჯა ბედისწერამ?
_ თქვენ! _ იყო ჩემი პასუხი.
_ სრული სიმართლეა! მართალია, პატარა ანას სახით ამნისტია შემეხო, მაგრამ იმ დანაშაულს მაინც ვერასდროს გამოვისყიდი. მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო. მე კი არ მივეცი მას საშუალება, ეს შანსი გამოეყენებინა… ვნანობ… და რაც მეტს ვნანობ, მით უფრო ვმძიმდები, რადგან მრცხვენია, რომ შიშმა მაჯობა, დამჯაბნა და დამაჩოქა, შიშმა, რომელმაც გაქცევისკენ მიბიძგა და ნათიას თავი სწორედ იმ დროს დამაკარგვინა, როცა ჰაერის ნაკადივით ვჭირდებოდი მას!
გატრუნული ვუსმენდი. ოთახში დასადგურებულ სიჩუმეს მხოლოდ პატარა გოგონა არღვევდა, რომელიც კი არ სვამდა კოკა-კოლას, არამედ ხვრეპდა.
_ ანა! რას აკეთებ? ვინ გასწავლა ასე დალევა? წესიერად მოიქეცი, თორემ დეიდა პრინცესას აღარ დაგიძახებს! _ მამამ შვილს შენიშვნა მისცა და ირიბად ჩემკენ გამოიხედა.
დაბნეულმა ღიმილით გავამყარე ნიკას «განაჩენი», მაგრამ გოგონას თვალი ჩავუკარი. ისე საყვარლად ახითხითდა, მისი მოფერება და გულში ჩახუტება მომინდა.
_ ალბათ არ გიყვარდათ, არა? _ ფრთხილად მოვუსინჯე ნიადაგი ჩემს «რესპონდენტს», _ შესაძლოა, ამან უფრო გაგიადვილათ მისი მიტოვება.
_ მინდა მართალი ვიყო და ამიტომ ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, იქნებ მართლა არ მიყვარდა? საშინელება ისაა, მიატოვო ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავადაა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. მაგრამ მე თავის გასამართლებელი მქონდა _ შეიძლება არა წინასწარგანზრახულად, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემი გაუჩინარებით მას თავს დავავიწყებდი. მისთვის იმ ეტაპზე სიყვარული ყველაზე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მას უნდა ემკურნალა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, უნდა ებრძოლა. ამ მიზეზმაც გამიადვილა, მიმეტოვებინა იგი.
_ და გგონიათ, ამაში დაეხმარეთ?
_ უკვე აღარ. კი არ დავეხმარე, პირიქით, დავაჩქარე მისი სიკვდილი. მან ერთხელაც არ სცადა გაბრძოლება, ისე დანებდა სიკვდილს, თითქოს არომათერაპიის სეანსს იტარებდა.
_ თქვენ ჩემს შეკითხვას არ უპასუხეთ… არ გიყვარდათ? _ აღარ მოვეშვი.
_ არა, არ მიყვარდა, მაგრამ მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. მოგვიანებით შევეცადე, თავი გადამედო ადამიანისთვის, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ თვითონ არ დამთანხმდა ამაზე, არაფრის დიდებით, თუმცა, მაინც გავიტანე ჩემი. მას საათობით ეჭირა ჩემი ხელი და გაუგებარ ენაზე მიხსნიდა სიყვარულს. ეს მომაბეზრებელი იყო. რაც უფრო მეტად ვბრაზდებოდი მასზე, მით უფრო ძლიერად ვცდილობდი, შემყვარებოდა. არ ვიცი, როგორ მოხდა… ნუთუ მაინცდამაინც მომაკვდავი უნდა ყოფილიყო, შემყვარებოდა? ძალიან მეცოდებოდა, თან ვნანობდი, კრიტიკულ მომენტში რომ ვაქციე ზურგი და ბოლოს ეს ორი გრძნობა ერთ დიდ სიყვარულად იქცა.
_ დედამისს რა მოუვიდა? _ არეულად ვსვამდი შეკითხვებს, ყველაფრის გაგება მაინტერესებდა, რადგან ყოველ წუთს ველოდი, რომ იგი უცაბედად შეწყვეტდა მოყოლას და საბოლოოდ დაუსვამდა წერტილს ამ შეხვედრას.
_ დედამისი… შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წელი მხოლოდ ერთი და იმავე ხასიათით ცხოვრობდა. ვერასდროს იტყოდით, ეს ქალი რამ შეცვალაო. ვერ მიხვდებოდით, რა უხაროდა ან უხაროდა კი, ტკიოდა თუ შიოდა, ბრაზობდა თუ ჯავრობდა. ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქვისგან გამოთლილი ქალი იყო. მას ნამდვილად ვერ შევედრებოდი. მიაჩნდა, რომ ნათიას გარეშე ვერ გაძლებდა, ეს მის ცხოვრებისეულ კანონს წარმოადგენდა. მის გარეშე ვერ იქნებოდა ბედნიერი, არც ღირდა, ეცადა _ ასეთი გახლდათ მისი თვალით დანახული სამყაროსეული წესრიგი. ჩემი აზრით, ჰუმანურობაში სიგიჟისთვისაც არის ადგილი და ეს ადგილი მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის. აი ასე. მან დაამტკიცა ეს. სამ თვეში უკან მიჰყვა თავის ქალიშვილს…
_ თქვენ როდის… როგორ დაბრუნდით მასთან?
_ შემატყობინეს, მშობიარობსო და მაშინვე მის გვერდით გავჩნდი. იქამდეც მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ერთი დაძახება მინდოდა, ერთი თითის აქნევა, მაგრამ არავინ გააკეთა ეს ბოლო წამებამდე.
მინდა, ყველაფერი გიამბოთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მინდა. ასეთი გულახდილი არავისთან ვყოფილვარ აქამდე. რამდენჯერმე დათრობაც კი ვცადე, მეგონა, ეს გულის გადაშლაში დამეხმარებოდა, მაგრამ შევცდი. რაც მეტს ვსვამდი, მით უფრო გულჩათხრობილი ვხდებოდი. თქვენ პირველი ხართ, ვისთანაც გულწრფელობა გამოვიჩინე. თითქოს აღსარებაზე ვარ, თითქოს თქვენშია ჩემი ხსნა.
ღიმილი ვერ შევიკავე. ისე მელაპარებოდა, გეგონებოდათ მოძღვართანაა აღსარებაზეო. ვისარგებლე მისი გულახდილობით და ჩემს საქმეს შევუდექი.
_ იქნებ თავიდან დავიწყოთ? ანუ რა მოხდა მას შემდეგ, ნათია გერმანიიდან რომ ჩამოვიდა.
_ ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვილაპარაკეთ. მითხრა, ორსულად ვარო, მაგრამ შენგან არაფერს ვითხოვო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვიცოდი, დამნაშავე ვიყავი, ამიტომ თავის მართლება არ დამიწყია. მერე კარგა ხანს არ შემხმიანებია. რამდენჯერმე თავს ძალა დავატანე, მივალ, ვინახულებ-მეთქი, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. რა უნდა მეთქვა? რაზე მელაპარაკა მასთან? ცოლად უკვე აღარ გამომყვებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამის სურვილი არც არასდროს მქონია.
გაგრძელება იქნება