ქართულ კინოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, თავმდაბლობითა და ნიჭით გამორჩეული კირა ანდრონიკაშვილია. მისი გამორჩეული გარეგნობა გასაკვირი არც არის, ის ხომ ნატო ვაჩნაძის და უფროსი კირა ანდრონიკაშვილის ძმის შვილია. მამიდებისგან მემკვიდრეობით, გარეგნობსათან ერთად, თავმდაბლობაც მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელოვნების სფეროს არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, უნივერსტეტში ჩაბარებისას, თავად სამსახიობო ფაკულტეტი არ აურჩევია, ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლა გადაწყვიტა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ სხვადასხვა ფილმში ეთამაშა.
"9 წლის ვიყავი პირველად კინოში სინჯი რომ გადამიღო თენგიზ აბულაძემ „მაგდანას ლურჯასთვის“, მაგრამ დამიწუნეს. კინო მე კი არ ამირჩევია, თვითონ ამირჩია რაღაც ძალამ..."
სწვლის დასრულების შემდეგ მუშაობა არქეოლოგიის ცენტრში დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ კინო სხვადასხვა წლებში თავს თვითონ ახსენებდა: „იმის მიუხედავად, რომ მქონდა ჩემი პროფესია, ვმუშაობდი პროფკავშირების სასახლესა თუ არქეოლოგიის ცენტრში, კინო რაღაცნაირად სულ მოლოდინში გამყოფებს, ასეთი თვისება აქვს. ახალ როლზე მუშაობის დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, ალბათ, ამის შემდეგ კარგა ხანს აღარ გადამიღებენ- მეთქ, თუმცა მუშაობის დასრულების შემდეგ მალევე ბრუნდებოდა ფიქრები კინოზე."
მიუხედავად 20-ზე მეტი ფილმისა და მაყურებელთა დიდი სიყვარულისა, თავს ვარსკვლავად არ მიიჩნევს. ხშირად უთქვამთ, რომ უცხო, განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა, ეს მისთვის ერთგვარ დაბრკოლებადაც კი იქცა. თავს გამორჩეულად ლამაზ ქალად არ თვლის, რადგან ასე აღზარდეს, უფროსებისგან არასდროს გაუგია ამ თემაზე ხაზგასმა, მიაჩნია, რომ სილამაზის საიდუმლო, გენეტიკასთან ერთად, განწყობაშია, სწორედ აქ იმალება ყველაზე დიდი სილამაზის საიდუმლო:
„მე მიმაჩნია, რომ, როგორც ყველაფერში აქვს დიდი მშვნელობა განწყობას, ისეა ამ მიმართულებითაც, განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა დიმიტრი უზნაძემ?! ადამიანის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ მის სახეზე, კონკრეტულად თვალებზე აისახება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ფიქრებს. უნდა ვიაზროვნოთ პოზიტიურად, დადებითი კუთხიდან შევხედოთ სიტუაციებს. როცა ჯანმრთელად ხარ, შვილები კარგად გყავს, რაღაც უბედურება არ ხდება, უნდა იყო მადლიერი... მე მეუბნებიან ხოლმე, შენ სადღაც ღრუბლებში დაფრინავო, არ დავფრინავ, ან თუ დავფრინავ, ცუდია?"
"ყველა ჩემი როლი მიყვარს, ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში, განსაკუთრებით მიყვარს ახტაჯანა - "მტრედებში", ცირა - "მე ბებია ილიკო და ილარიონიდან", ძაბული - " მთვარის მოტაცებიდან", რომლის გადაღებებისასაც 27 წლის ვიყავი, ზემო აფხაზეთში ვიღებდით, საკმაოდ ცივ ამინდში და თხელი ტანსაცმელი მეცვა, მაგრამ არ გავციებულვარ, კინოგადაღებას ეს თავისებურება აქვს - არ ცივდება მსახიობი..." ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
რაც შეეხება პირად ცხოვრებასა და სიყვარულს, მისი მოსაზრება ამ ღვთაებრივ გრძნობაზე ასეთია:
"მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის შეყვარებული ვარ, როდესაც ქუჩაში მივდივარ, თვალებით ვეფერები ბავშვებს, მოხუცებს, ნაცნობებს და მათაც, ვისაც არ ვიცნობ. მე სამჯერ შევქმენი ოჯახი, თითოეულ მათგანთან ვიყავი გულწრფელი, ერთგული ადამიანი და, რაც მთავარია, მათზე ძალიან შეყვარებული, იმ სიყვარულით, რომელსაც დღესაც ჩემს გულში ვაცოცხლებ... მაგრამ ვფიქრობ, რომ სიყვარული უნდა იყოს მოკრძალებული, ვინმე არ უნდა გიყვარდეს ისე, რომ ის გახდეს კერპი. გრძნობას გაფრთხილება და მოკრძალება სჭირდება და არა გაფანატება“.
"ჩემი მეუღლე „მთვარის მოტაცების“გადაღებისას გავიცანი, ძალზედ პოეტური შეხვედრა იყო, რომელსაც ოდესმე დავწერ. ერთად ოცდათვრამეტი წელი ვიყავით.გარდაცვალებამდე ცუდად გახდა. საავადმყოფოში წავიყვანეთ, როცა მოვინახულე, სულ სხვა ადამიანი დამხვდა, სრულიად შეცვლილი და მე ის უფრო შემიყვარდა..."
თავად საკუთარ განსაკუთრებულ გარეგნობასა და მოკრძალებას გენებს მიაწერს, ეს გენები კი მის შთამომავლობაშიც გაგრძელდა. კირას ხშირად ამსგავსებენ შვილიშვილის, ლიკა ევგენიძეს, რომელიც ცნობილი მუსიკოსის, დათო ევგენიძის ქალიშვილია. დედისა და დიდი ბებიის გარეგნობა მემკვიდრეობით ლიკას ქალიშვილის, ანა სოფიასაც ერგო.
"ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. სიყვარული თავისით არ მოდის, სიყვარული რომ მოიპოვო, კარგი უნდა დათესო, სიკეთე უნდა აკეთო და მადლად, სიყვარულად დაგიბრუნდება”
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ