პირველი ფემინისტური ფილმის ავტორი საბჭოთა კავშირში - ძლიერი ქალები ლანა ღოღობერიძის ფილმებიდან - Marao

პირველი ფემინისტური ფილმის ავტორი საბჭოთა კავშირში - ძლიერი ქალები ლანა ღოღობერიძის ფილმებიდან

2023-09-15 18:44:49+04:00

პირველი ფემინისტური ფილმი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, სწორედ ლანა ღოღობერიძეს ეკუთვნის. მისი ფილმები  გამოირჩევა ძლიერი პერსონაჟებით, რომლებიც არიან სტერეოტიპებთან და მარტოობასთან მებრძოლი ქალები. ისინი საკუთარ ბედისწერას თავად ქმნიან.  

"რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ - ფილმი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც გაუცხოებულ საზოგადოებაზე გვიყვება. სწორედ ასე დაახასიათა  The New York Times- მა ეს სურათი. ფილმში მთავარ როლს მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ასრულებს, გმირსაც სოფიკო ქვია. ეს არის ინტერვიუების ნაკრები ცხოვრებასთან და სტერეოტიპებთან მებრძოლი ქალებისა, რომელსაც პერიოდულად სწორედ სოფიკო წერს. აქ ქალები ღიად საუბრობენ შიშზე, მარტოობაზე, სიყვარულზე და ყველა იმ ადამიანურ გრძნობაზე, რაც აწუხებთ და რისკენაც მიილტვიან. თავად სოფიკო ძლიერ, დამოუკიდებელ ქალად გვევლინება, რომელიც მზადაა სტერეოტიპების დასამსხვრევად.  იმ დროს არასერიოზულად აღიქმებოდა დასაქმებული ქალი, რომელსაც ისეთივე წარმატებული კარიერა ჰქონდა, როგორც პირადი ცხოვრება - ეს კაცების საქმე იყო. სწორედ ამ მოსაზრების დანგრევის მკაფიო მცდელობას ვხვდებით ფილმში.  

ფილმში ასევე ვაწყდებით ღალატის ეპიზოდსაც, რას გრძნობენ და განიცდიან ამ დროს ქალები თუნდაც უთქმელად, ჩუმად, მაგრამ მთელი ემოციებით. სწორედ ასეთი სცენაა, როდესაც სოფიკო თავის მეუღლესთან ერთად სხვა ქალს დაინახავს.

ქალის ბედისწერაზე მოგვითხრობს 1984 წელს გამოსული ფილმით „დღეს ღამე უთენებია“.  ახალგაზრდა ევას საქმროს უკლავენ , თითქოს მისი ცხოვრებაც აზრს კარგავს. მიჰყვება ისეთ კაცს, რომელიც არ უყვარს და იწყებს ბედისწერასთან ჭიდილს.   

რეჟისორის ასევე განსაკუთრებული ნამუშევარია ფილმი „ორომტრიალი“, რომელმაც არაერთი წარმატება და ჯილდო მოიპოვა. თავბრუდამხვევი ქალის ისტორია, რომელიც მუდამ ყურადღების ეპიცენტრში იყო, არასდროს აკლდა სიყვარული და თაყვანისმცემლები , უეცრად ბოროტ რეალობას აწყდება. რელობას, სადაც ვერავინ სცნობს, უჭირთ მისი სახელის გახსენება.  მთავარ როლს უძირო სევდითა და სილამაზით სავსე მსახიობი ლეილა აბაშიძე თამაშობს.

 „ყოველთვის მაინტერესებდა ქალების ადგილი საზოგადოებაში, მათი პრობლემები. სულ უბრალოდ, თუნდაც იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ... ზოგადად, კულტურა და, კონკრეტულად, კინოხელოვნება მასკულინურია, კაცებმა შექმნეს და  როცა ქალი მოდის ამ სფეროში, ის გზა აღარ უნდა გაიარო, შენ საკუთარი ხაზი უნდა გქონდეს"

ფილმი "ოქროს ძაფი" რეჟისორმა 90 წლის ასაკში გადაიღო. ფილმში კიდევ ერთხელ არის წამოჭრილი ქალის როლი და განსაკუთრებული გუნება. ,,ოქროს ძაფი“ ელენეს ამბავს გვიყვება, რომლსაც საკუთარი ცხოვრების გამთელება ოქროს ძაფით სურს.  მთავარ როლებს ნანა ჯორჯაძე, ზურა ყიფშიძე და გურანდა გაბუნია ასრულებენ. სიუჟეტი 80 წლის მწერალი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს –  ყველაფერი კი მისი ნათესავის, მირანდას გამოჩენით იწყება.

 

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ