ამასობაში გავიდა თვეები. ერთხელაც მისმა დაქალმა დამირეკა, მშობიარობს და იქნებ მოხვიდეო. რა გამაჩერებდა, მაშინვე გავიქეცი. დედამისი მტრულად შემხვდა და ვერც გავამტყუნებდი. ვითხოვე, დამასწარით-მეთქი მშობიარობას. უარი არ უთქვამთ. მით უმეტეს, ექიმი ვარ და ისედაც შემეძლო ამის გაკეთება. ვერ აგიწერთ, რა დაემართა, მე რომ დამინახა. გგონიათ, ისტერიკაში ჩავარდა? კივილი მორთო? არა, პირიქით. საერთოდ ჩაუვარდა ხმა, ძალა წაერთვა, მოდუნდა და თვალები დახუჭა. მეგონა, გული წაუვიდა. მეანი გაგიჟდა. უყვირა, ახლავე გაიჭინთე, თორემ მიგტყეპავო… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და, ფაქტობრივად, ერთად ვიმშობიარეთ, _ ნიკამ უხერხულად გაიღიმა, ანას გადახედა და თავზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, _ აი, შედეგი. იმ დღეს ისეთი საშინელება გამოვიარე, არასდროს დამავიწყდება და სწორედ იმ დღემ შეცვალა ჩემი ცხოვრებაც და ჩემი პიროვნებაც. მას შემდეგ სულ სხვა ადამიანი ვარ.
_ გაუჭირდა, არა?
_ გაუჭირდა ეს ის სიტყვა არ არის. გაწამდა. მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მშობიარობა კი არა, 100 მეტრის გარბენაა დამღუპველი. და ასეც მოხდა. მას მერე ფეხზე ვეღარ წამოდგა, ლოგინად ჩავარდა და დარჩა ასე.
_ მამიკო, მამიკო, _ სახელოზე ჩამოქაჩა ამ დროს ანამ, _ ვიზე ყვები?
_ ერთ ქალზე, მამიკო, შენ არ იცნობ, _ დაყვავებით მიუგო ნიკამ და გოგონას მკლავი მოხვია.
_ არაჩვეულებრივი პრინცესაა, _ შევნიშნე, _ თვალს ვერ ვაშორებ!
ანამ შეიფერა ქათინაური და კვლავ გაიპრანჭა, თან მამას შეხედა, ხომ გესმის, ეს დეიდა ჩემზე რას ლაპარაკობსო.
ნიკას გაეცინა.
_ საათობით შეუძლია სარკის წინ დადგეს და თავის თავს უყუროს. გონზე არ არის. ყველა ეუბნება, ლამაზი ხარო და ამას მეტი რა უნდა?
_ მართლაც თვალისმომჭრელად ლამაზია და რა ქნას? _ გავამყარე სხვების მოსაზრება და ანას ისევ ჩავუკარი თვალი.
ამ დროს ანა მუხლებზე დადგა, კვლავ მიუტანა ტუჩები მამას ყურთან, ხელი მიიფარა და ისევ ჩასჩურჩულა რაღაც. ნიკას სიცილი ოთახში თითქოს ექოდ გაისმა. ასეთი სასიამოვნო მამაკაცური სიცილი არასდროს მომესმინა. რაღაც უცნაურად მეამა. აი, თურმე, როგორ ხიბლავს ქალებს, არამარტო გარეგნობით, _ გავიფიქრე ჩემთვის და კიდევ ერთხელ, ახლა უფრო დაკვირვებით შევათვალიერე, _ ასეთ მამაკაცს მეც არ ვეტყოდი უარს.
_ იცით, რას მეუბნება? _ გამხიარულებული მამიკო მე მომიბრუნდა.
_ რას?
_ ვუთხრა? _ ნიკამ შვილს შეხედა.
ბავშვმა მორცხვად დააქნია თავი.
_ შენ თვითონ უთხარი, მიდი.
გოგონამ თავი გადააქნია.
_ მიდი, თქვი, რისი გრცხვენია? ყოველთვის უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ, _ დაარიგა მამამ შვილი.
ანამ წარბებს ქვემოდან გამომხედა, ენა გამოყო, ტუჩები მოილოკა და რაღაც წაიჩურჩულა.
_ ეგ რა არის? ვერ გავიგეთ, რას ამბობ, ცოტა ხმამაღლა, შენ ხომ თამამი გოგონა ხარ, _ შეაგულიანა ნიკამ.
პატარამ საჩვენებელი თითი გაფშიკა, ჩემკენ გამოიშვირა და თითქოს ლექსს ამბობსო, ხმამაღლა იყვირა:
_ ეს ჩემი დედიკოა!
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. ალმურმა ამკრა სახეზე. ისე დავიბენი, გაღიმებაც კი ვერ შევძელი.
_ იცით, ამას რატომ ამბობს? _ ღიმილით განმარტა ნიკამ, _ სულ მეკითხებოდა ხოლმე, ჩემი დედა სად არისო. მეც ვპასუხობდი, დედაშენი აქედან შორსაა და დიდხანს ვერ დაბრუნდება-მეთქი. ბოლოს იმდენად აუტანელი გახდა წარამარა ამ შეკითხვის მოსმენა, ერთხელ ვუთხარი, შენი დედიკო აქ არის, მაგრამ მე არ გეტყვი, რომელია, შენ თვითონ უნდა გამოიცნო-მეთქი. უცნობ დეიდებს რომ გაგაცნობ, უნდა მიხვდე, რომელია შენი დედა-მეთქი და აი, პირველი შემთხვევაა, როცა ამბობს, რომ მისი დედა თქვენ ხართ.
ხომ წარმოგიდგენიათ, როცა ამას მეტყოდა, რა დამემართებოდა? გავარვარებულ ღუმელს არ ექნებოდა ისეთი სიმხურვალე, როგორიც ჩემს სახეს. სიცხიანივით ვხურდი. ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ, დაბნეულად გავიღიმე.
_ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ და სახელიც არ მიკითხავს თქვენთვის. მართლა სოფი გქვიათ, თუ ეს თქვენი ლიტერატურული ფსევდონიმია? _ ნიკამ ალმაცერად შემათვალიერა, თითქოს კმაყოფილი იყო, რომ დამაბნია.
_ სოფია… სოფია მქვია, _ წავილუღლუღე, _ მაგრამ სოფრომაძე არ ვარ, ფსევდონიმით ვაქვეყნებდი ამ დღიურს.
_ ეგრეც ვიფიქრე, _ ორაზროვნად გაიღიმა მამაკაცმა, _ იცით? რატომღაც, აღარ ვბრაზობ თქვენზე, ოღონდ, არ ვიცი, რატომ… თქვენ ხომ არ იცით?
მისი ორაზროვანი შეკითხვები მაბნევდა და მძაბავდა. თითქოს ფლირტს ჰგავდა ეს ყველაფერი. იქნებ ცდილობს, თავი მომაწონოს, მეც ნათიას დღეში ჩამაგდოს და ამით სამაგიერო გადამიხადოს? ეჭვები მღრღნიდა. რა მეპასუხა, რომ არც აგრესიულად გამომსვლოდა და არც კეკლუცად?
_ ალბათ იმიტომ, რომ დღიურის გამოქვეყნებისას ბოროტი განზრახვა არ მქონია, _ ნეიტრალური პასუხი გამოვნახე.
ნიკამ ეშმაკურად ჩაიღიმა.
_ შეიძლება ასეც იყოს, პასუხი მიღებულია, _ თქვა მან და შვილს მიუბრუნდა, _ არა, ანა?
_ ხო! _ ისეთი ტონით დაუდასტურა გოგონამ მამას, თითქოს ყველაფერი გაიგო და მორცხვად გამომხედა.
უხერხულობის გასაფანტავად ჩავახველე.
_ მაინტერესებს, მერე რა იყო, _ შევეცადე, ნათიას ისტორიას დავბრუნებოდით, შექმნილი სიტუაცია ძალებს მაცლიდა.
_ ჰო, რა თქმა უნდა… _ ნიკა მიმიხვდა, რამაც შემაწუხა და ამბის მოყოლა გააგრძელა, _ როგორც ვთქვი, ის ლოგინად ჩავარდა. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მას შემდეგ გვერდიდან არ მოვცილებივარ. სამსახურიდან პირდაპირ მასთან გავრბოდი. ერთხელ თავის მოკვლაც სცადა, სულზე მივუსწარი, მაგრამ არ ვიცი, სწორად მოვიქეცი კი? იქნებ ჯობდა, მიმეცა მისთვის უფლება, დროზე გათავისუფლებულიყო ტანჯვისგან. რომელ მომენტში უფრო უმოწყალონი ვართ? მაშინ ხომ არა, როცა საკუთარ პრინციპებს ვიცავთ? და რას ნიშნავს _ «ცხოვრება წმიდათაწმიდაა», როცა თვით ცხოვრებაში არავინ და არაფერია წმინდა? მე არ მქონდა უფლება, გადამეწყვიტა… იმიტომ, რომ უკვე აღარ ვიცოდი: თუკი თავის მოკვლაში დავეხმარებოდი, ამას მისთვის გავაკეთებდი თუ ჩემთვის.
სასწრაფოდ ამოვურეცხე კუჭი და გადარჩა. გადარჩა, მაგრამ არ მაპატია, რომ გადავარჩინე. ერთ დღეს მანიშნა, გვერდით დამიჯექიო და მითხრა:
_ მზარავს იმაზე ფიქრი, რომ უნდა მოვკვდე და თან წავიყოლო ჩემი ცხოვრების აზრი. დამპირდი, რომ არ დაიწყებ თავის მართლებას ჩემი გარდაცვალების გამო, არ ამოეფარები საკუთარ ნაღველს. არ მინდა, ჩემმა სიკვდილმა იმაზე მეტი გაატანოს ხელს, რამდენის წაღებაც შეუძლია. არ ჩაიკეტო მოგონებების წყვდიადში. მე შენთან ბედნიერი ვიყავი. ახლა კი ვალში ვარ ბედნიერების წინაშე.
რა უნდა მეთქვა… მართალია, ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მე მას ყველაფერი მივეცი, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მევე დამრჩა. სიყვარული ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც უფრო ძლიერდება, როცა მას ანიავებ, რაც მეტს გასცემ, მით მეტი გრჩება. მე ამ ქალმა სიყვარულით ცხოვრება მასწავლა და ახლა უკვე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო სხვანაირად. თუ შეიძლება, რაღაცას გავიხსენებ და მოგიყვებით: ის იწვა. მაშინ უკვე ძალიან იტანჯებოდა. მისკენ დავიხარე. მამაკაცის გვერდით არსებობა, ძლიერი ხელი, თანადგომა მინდოდა ეგრძნო, «მე შენთან ვარ» _ მინდოდა გამომეხატა. მან თითები ლოყაზე შემახო და მითხრა: «ახლა მე შენ აღარ მჭირდები. ანას მიხედე. გახსოვდეს, დღეიდან შენ ხარ მისთვის ყოველი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა».
მინდოდა, გარდაცვალებამდე ჯვარი დაგვეწერა. მინდოდა, სუფთად წარმდგარიყო ზეციური სამსჯავროს წინაშე, მაგრამ სასტიკად იუარა, არ მომცა ამის უფლება. ის კი არა, კვდებოდა და მთხოვდა, დროზე მეპოვა სხვა ქალი და ის შემეყვარებინა. ხელის მოწერაზე დამთანხმდა მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ ბავშვს ოფიციალური მამამ ჰყოლოდა. «მოვა დრო და სხვა ქალი დაიკავებს ჩემს ადგილს და ის სხვაც მე ვიქნები _ ყველა ქალი ერთნაირია, მერწმუნე, _ დღეში ათჯერ მიმეორებდა, _ წადი, იპოვე იგი, აჩუქე მას ის, რაც მე წამართვი. ქალის გარეშე შენ ვერ შეძლებ დაძლიო ის წლები, საათები, ის სიგიჟე, რასაც მაღალფარდოვნად ბედისწერა ჰქვია. გისურვებ, ისევე ძლიერად, როგორც მიყვარხარ, მას ყვარებოდე და რაც შეიძლება მალე გეპოვოს იგი. ვიმედოვნებ, ის გადაარჩენს იმას, რაც ჩვენ გვაკავშირებდა და ვერ შევინარჩუნეთ. არის რაღაც, რაც არ შეიძლება მოკვდეს. ნუ გეშინია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე დამივიწყებ, რომ ამით «ჩემს ხსოვნას უღალატებ», როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს ჩვევიათ თქმა. არა! პირიქით _ ეს იქნება ბრძოლა ერთგულებისთვის ან შეიძლება გამოწვევა იმ ყველაფრის მიმართ, რამაც ჩვენი ურთიერთობის განადგურება გამოიწვია. უაზრობად მეჩვენება, თავი მსხვერპლად შესწირო მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ მოვალეობებს არ უღალატო. წადი მასთან, იმ უცნობ ქალთან და უთხარი, მეც როგორ მჭირდება მისი არსებობა… მან ჩვენი შვილი ღვიძლი შვილივით უნდა გაზარდოს! სწორედ ამას დააკისრებს მას ბედისწერა. იმედია, იპოვი ასეთს… რა თქმა უნდა, რომ შემეძლოს, არ წავიდოდი შენგან, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა ცხოვრებამ. მიუხედავად ამისა, მინდა ქალად დავრჩე… ჩვენ ზედმეტად ვართ დამოკიდებული ბიოლოგიაზე, ხოლო ჩვენი ცხოვრება ჰგავს იმ ფლაკონს, რომლის ეტიკეტსაც აწერია: «ხმარების წინ შეანჯღრიეთ». მინდა ჩემ მერეც გიყვარდეს ვინმე, მე მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ თავს ქალად. მართალია, ამქვეყნად არ ვიქნები, მაგრამ მაინც. იქ ხომ გრძელდება სიცოცხლე! ამით მე ვეცდები წარმოვიდგინო, რამდენი წლის ვიქნები ხვალ, როგორი ვიქნები, რა მეცმევა, რა ფერის თვალები მექნება… მხოლოდ ასე შეიძლება ჩემი ცხონება.» _ ასეთი სიტყვებით დამემშვიდობა ჩემი საყვარელი ქალი.
ვუსმენდი ნიკას და გული უცნაური გრძნობით მევსებოდა. რაღაც მომენტში შიშიც კი დამეუფლა, არ შემიყვარდეს-მეთქი, ისე ემოციურად მიყვებოდა ამ ყველაფერს. სულგანაბული ვუსმენდი, სუნთქვაშეკრული, გარხევის მეშინოდა.
მოულოდნელად ანა გვერდზე გადაგორდა. ნიკა ფეხზე წამოიჭრა. ღიმილი ვერ შევიკავე, ბავშვს ჩასძინებოდა.
_ ლოგინში ჩავაწვენ, _ ჩურჩულით ვთქვი, _ სანამ გაიღვიძებს, ვისაუბროთ, იმედია, არ გეჩქარებათ, _ მორიდებით მივმართე აფორიქებულ მამაკაცს.
პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თავი დამიქნია. პატარა ანა ფრთხილად ავიყვანე და საძინებელში გავედი, ჩემს საწოლზე მივაწვინე… ფეხზე გავხადე, რომ უფრო თავისუფლად გაეგრძელებინა ძილი. ძალიან ლამაზი იყო და მე უკვე მიყვარდა იგი. მიყვარდა განსაკუთრებულად, გამორჩეულად, ისე, როგორც არასდროს მყვარებია აქამდე სხვა ბავშვი. რატომ მაინცდამაინც ის? არ ვიცი… ალბათ გული მკარნახობდა ამას…
როცა ნიკასთან დავბრუნდი, უარესად დავიძაბე. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით _ ქალი და მამაკაცი. მამაკაცი, რომელმაც სიყვარულში მარცხი იწვნია და ქალი, რომელიც მზად ვიყავი სიყვარულისთვის…
საუბარი ვერა და ვერ აეწყო. მეჩვენებოდა, რომ ამწუთას ნათიაზე არ სურდა საუბრის გაგრძელება, სულ სხვა თემაზე უნდოდა გადართვა და ვერ ბედავდა…
_ თქვენ მე მომისმინეთ. ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან, _ თქვა მან და ამით მიმახვედრა, აღარ მინდა წარსულზე ლაპარაკიო.
_ ვფიქრობ, ცოტათი მაინც შევძელი თქვენი დახმარება, შეგემსუბუქებინათ დარდი.
_ რა თქმა უნდა. ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ამას, ბოლოს ყოველთვის მოდის ვიღაც ჩვენს დასახმარებლად, _ მომიგო და თავისი საფირმო ღიმილით გამიღიმა.
_ ახლა რას აპირებთ? მარტო როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი? მით უმეტეს, თუ ბებიაც აღარ არის ცოცხალი? _ ძალაუნებურად ვუბიძგე ყველაზე მგრძნობიარე თემაზე სალაპარაკოდ.
_ ჯერჯერობით ვართმევ თავს, ავად თუ კარგად. დედაჩემიც მეხმარება. ამასობაში გამოჩნდება ალბათ ვინმე, ვინც სწორად გაიგებს ჩემს მდგომარეობას და ვინც მის თავს მომაგონებს. ამით ნათია დამიბრუნდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე მზად ვარ ამისთვის. დაე, გამოიყურებოდეს სხვანაირად, იყოს თუნდაც ჭაღარაშერეული, ჰქონდეს სხვა ცხოვრება, სხვა პრობლემები, ოღონდ დაბრუნდეს. დაბრუნდეს სხვა ქალის სახით. მე შეიძლება იმიტომ «ვგოდებ» ასე, რომ გავამხნევო საკუთარი თავი, იმიტომ, რომ დავამარცხო ჩემი მარტოობა… არ ვიცი, არ ვიცი… შეიძლება თავში რაღაც ვერა მაქვს წესრიგში, არ ვარ სრულ ჭკუაზე. თქვენ იმიტომ გელაპარაკებით, რომ ფიქრი არ შემიძლია, სიტყვები კი ამ დროს მალამოსავითაა, მათ ჩვენი განკურნება შეუძლიათ. გიყვებით იმიტომ, რომ წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდები. ის უკვე აღარ არის და ირგვლივ ყველაფერი ქალით გაივსო. მისი გარდაცვალება ხომ არაა დასასრული, მე ვარსებობ, მე ვცოცხლობ. ბედისწერის როკვა არ წყდება, იგი ბედნიერების ტყავშია გახვეული, როგორც მგელი და ელოდება ნებისმიერ ბნელ შემთხვევას. იქნებ მისი მოციქულები ყოველ ღამით იკრიბებიან იქ, მაღლა და იყურებიან ძირს, რათა შეაფასონ ჩვენი ყოველდღიური გასართობი პროგრამა. მათ უნდათ, დაგვცინონ, რადგან სიყვარული არ შეუძლიათ. მაგრამ ჩვენ? ჩვენ ხომ შეგვიძლია?.. ეს კი იმაში გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ უბედურება. სწორედ ამ ბრძოლაზე გელაპარაკებით, იმაზე, რომ უკან დასახევი გზა არ მაქვს. ამწუთას გამახსენდა, როგორ მისმენდა ნათია, როცა ველაპარაკებოდი ყველა იმ სენზე, რომელიც მედიცინამ ჯერაც ვერ დაამარცხა. ეს მხოლოდ მას არ ეხებოდა, ეს გვეხებოდა ჩვენ ყველას… ჩვენზე იყო საუბარი. არ ვიცი, გესმით თუ არა ჩემი, იგებთ თუ არა იმას, რაზეც გელაპარაკებით, მაგრამ მინდოდა გული გადამეშალა.
_ ლამაზად საუბრობთ, _ თავი ვერ შევიკავე, _ დიდი ხანია, ასეთი სიტყვები არ მომისმენია.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მოხიბვლა შევძელი?
გაგრძელება იქნება