ცოდვის გემო - თავი 9 - დასასრული - Marao

ცოდვის გემო - თავი 9 - დასასრული

2023-09-18 10:04:21+04:00

წინა თავი

მისმა შეკითხვამ გამაწითლა.

_ გქონდათ კი ამის მცდელობა? _ კითხვა უნებურად გამექცა.

_ არ დაგიმალავთ და, როგორც კი დაგინახეთ, იმ წუთიდანვე, _ შემომღიმა, _ არადა, საჩხუბრად მოვედი, რომ იცოდეთ. პასუხი უნდა მომეთხოვა თქვენთვის დღიურის უნებართვოდ გამოქვეყნების გამო. საბოლოოდ რა გამოვიდა? მოვინუსხე თქვენით. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ახლა ისეთი გულწრფელი ვარ, როგორც არასდროს.

_ არა მგონია, ამ კუთხით საუბრის გაგრძელება ღირდეს, ნიკა, _ უფრო და უფრო მიპყრობდა რაღაც გამოუცნობის შიში, _ არა მგონია, მე ვიყო ის ქალი, რომელიც მას მოგაგონებთ, _ ვეღარ გავბედე, მეთქვა, რომელიც მას შეგიცვლის-მეთქი.

_ ის თქვენ არ გგავდათ, სოფია, თქვენ სულ სხვა ხართ. ამასთან, საქმე არც თქვენშია და არც ჩემში, არც იმაში, რა გვაერთიანებს მე და თქვენ… მისი არარსებობა… მთავარია, მიხვდე, დროზე მიხვდე, რომ ის ის არის, გულმა უნდა გიკარნახოს ეს და არ შეგეშინდეს. ახლა თქვენს პირისპირ ვზივარ და ვგრძნობ, რომ არ მეშინია. სწორედ ასე იწყება სიყვარული. სიყვარული კი ბედნიერებასთან ასოცირდება. ბედნიერება არსებობს მანამ, სანამ სიყვარული შეგიძლია… მე ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებ, რათა შევინარჩუნო მისი ხსოვნა. მე მექნება სახლი, მიწა, წყარო, ბაღი და მეყოლება სხვა ქალი, ქალი, რომელიც მას მომაგონებს. მე მუდამ მექნება სამყარო ზოგადად ქალის სახით. და თუკი მარტოობაში მომიწევს წლების განვლა, მაინც მოლოდინი მექნება, როგორც საპატიო ყარაულს შემცვლელის გამოჩენაში. რაც დავკარგე, სწორედ ის შთამინერგავს ცხოვრების… ქალის წრფელი სიყვარული, მისი თავდადება და თავგანწირვა. მე გულზე მაწვა პასუხისმგებლობის ეს უზარმაზარი ტვირთი და ვგრძნობდი, რომ შევძელი ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა, მან მაპატია ჩემი სისუსტე. «მე მივდივარ შენგან, მაგრამ მინდა კვლავ ქალად დავრჩე». აი, ეს ვერ გავიგე. ვერ გავიგე, რა იგულისხმა ამ ფრაზაში, ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება მისი ეს სიტყვები. იქნებ თქვენ მიხვდეთ? ქალი ხართ და ქალის ლოგიკას უკეთ ჩახვდებით…

_ ქალად დარჩენაში ის იგულისხმა, რომ როცა სხვას შეიყვარებთ, აუცილებლად შეადარებთ მას, ყოველთვის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, _ პირი გამიშრა, როცა ამას ვამბობდი, _ ფაქტობრივად, ნათია დარჩება თქვენთვის ქალის ეტალონად და ის სხვა არაფრით უნდა იყოს მასზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში თქვენს თვალში ქალურ ხიბლს აუცილებლად დაკარგავს და განიხიბლებით.

_ სოფია! თქვენ გენიოსი ხართ! მხოლოდ ჟურნალისტი თუ მიხვდებოდა ამას! როგორც ჩანს, გულმა მიგრძნო, რომ თქვენ გამორჩეული იყავით. ვინ იცის, იქნებ იქ, მაღლა, ზეცაში გადაწყდა, რომ ის დღიური აუცილებლად თქვენ გეპოვათ და გამოგექვეყნებინათ, რათა შემდეგ მე მოვსულიყავი აქ? რათა ანას თქვენს დანახვაზე ეთქვა, ეს არის ჩემი დედაო? რას იტყვით? გული მკარნახობს, რომ თქვენ ჩემთვის მწვერვალი ხართ.

თითქოს დავმუნჯდი. ის ურთიერთობას მთავაზობდა, არადა, რაღაც ერთი თუ ორი საათის წინ გავიცანით ერთმანეთი. რა სიგიჟეა! იმდენად ავნერვიულდი, ისტერიკული სიცილი ამივარდა.

_ იცინეთ, იცინეთ, ასე უფრო გემატებათ სისადავე. ოღონდ არ მითხრათ, რომ ცუდად მიცნობთ, ან კიდევ უკეთესი: მეშინია, არ შევცდეო. ან კიდევ, სისულელეა ეს ყველაფერიო. ხომ არ დამიწყებთ ხვეწნას, თავი არ დაკარგოო? ვფიქრობ, ორივეს ერთად მეტი შანსი გვაქვს გაუგებრობის წინააღმდეგ. დახუჭეთ თვალები და შემომხედეთ. ყოველთვის კი არ არის ჭეშმარიტება _ «სტუმრად კარგია, მაგრამ საკუთარ სახლში უკეთესია». ხანდახან იქ არ არის გათბობა და სიცივით ითოშები. არარაობა არ მაინტერესებს და სწორედ იმიტომ, რომ იგი არ არსებობს. შექსპირმა შეცდომით შეადარა იგი დედაკაცს.

_ თქვენ რომანტიკოსი ხართ? _ ეჭვნარევი ხმით ვკითხე.

_ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ყოველგვარ სიბინძურეს ეხება. სულაც არ არის აუცილებელი, უარყო რეალობა. საკმარისია, ურთიერთობა არ იქონიო მასთან. ადამიანები ბედნიერები რომ არ ვყოფილიყავით, არ დაგვავიწყდებოდა მტრის არსებობა და ყველანი დროზე აღმოვაჩენდით, რომ ნათია მძიმე სენით იყო დაავადებული. მაშინ შეიძლება კიდეც გადაგვერჩინა იგი. არ შეიძლება შემჩნეული არ გქონდეთ, რომ სიტყვა «სული» დიდი ხანია ჩვენი ცნობიერებიდან შეუმჩნევლად გაქრა. ჩვენ ვამჯობინებთ, ახლოს არ გავეკაროთ მაღალ მატერიებს, რადგან მაშინვე შევამჩნევთ საკუთარ არარაობას. მე არ მინდა თქვენ ერთი წამით მაინც შეგეპაროთ ეჭვი ჩემს ერთგულებაში იმის მიმართ, ვინც უკვე აღარ არსებობს. ის, რაც იყო, აღარ მოკვდება, ახლა ჯერი თქვენზეა, სოფია.

ის კვლავ ალაპარაკდა. მის ხმაში უიარაღო აგრესია იგრძნობოდა, შიში, პანიკა იმისა, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია გჯეროდეს სხვისი.

_ ვერ ვხვდები, რას მიპირებთ… _ მინდოდა, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა.

_ მინდა, შეგიყვაროთ. არ ვიცი, ასე უეცრად რა მოხდა ჩემში, მაგრამ რომ მოხდა, ფაქტია და უნდა დამეხმაროთ, _ ხელები გაშალა, თითქოს რჩევას მთხოვდა.

_ არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, როგორი გულგრილობით და სიმკაცრით ჩქარობთ ჩემს შეყვარებას, _ ურწმუნოდ გავაქნიე თავი.

_ მერე რა?

_ მერე ის, რომ… საწყენია, გიტარაზე რომ არ ვუკრავ, ჩვენ საუკეთესო ნომერი გამოგვივიდოდა. მუსკომედიის დირექტორს ვიცნობ, დაგვეხმარებოდა, _ ჩავიცინე.

_ ირონიის გამოყენება თქვენ უფლებაა. ახლა კი, ვატყობ, დროა, წავიდე, _ ცივად თქვა და წამოდგა, _ დროა, ანა გავაღვიძოთ!

_ მაპატიეთ… თქვენი წყენინება არ მინდოდა, _ მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა, რომ მის ჯერ დაუბადებელ გრძნობებს ჩანასახშივე ლახვარი ჩავეცი.

_ არც მწყენია… მე მესმის თქვენი… ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვა მოლოდინი არც მქონია, _ გამამხნევებელი მზერა მესროლა და თვალებით გამიღიმა. ამით მიმახვედრა, რომ არ მატყუებდა.

ვერაფერი მოვიფიქრე, რომ შემეკავებინა. რაოდენ უცნაური იყო, მაგრამ არ მინდოდა, წასულიყო. სულ ორიოდე საათის განმავლობაში ისე შევეჩვიე და იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს.

საძინებელში შესულებს სასაცილო სურათი გადაგვეშალა _ პატარა ანა საწოლზე წამომჯდარიყო და ფეხსაცმლის თასმის შეკვრას ცდილობდა. წვალობდა და ვერ ახერხებდა. რთული ამოცანა იყო, სხვისი დახმარების გარეშე არ გამოუვიდოდა. ნიკას გადავხედე. მან მხრები აიჩეჩა.

_ მეც ვერ ვკრავ, რატომღაც ცუდად გამომდის, თასმების შეკვრა არ მეხერხება… შეეცდები? _ ორაზროვნად გაისმა მისი შეკითხვა.

შევხედე. შემომხედა… ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… მრავლისმთქმელი… ყველაფრისმთქმელი…

_ შევეცდები, _ მივუგე, მუხლებზე დავეშვი და მშვენივრად გავართვი ამ რთულ ამოცანას თავი. ნიკაც ჩემ გვერდით დაეშვა მუხლებზე. მისკენ რომ მივიხედე, თმით მის ღაწვებს შევეხე… შევეხე და ისეთი ნაზი, მსუბუქი ქროლვა ვიგრძენი, რომ თვალები დავხუჭე.

_ გმადლობ, შენ კარგი ხარ, _ მან ყურადღებით შემომხედა და მაგრძნობინა, რომ გამოვდგებოდი დედობისთვის…

ხელი ხელზე წამავლო.

_ წამოდი ჩვენთან, _ მითხრა მან, _ ცხოვრების გაგრძელებაში დაგვეხმარე.

იმ წუთას თანხმობა არ მითქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ დავეხმარებოდი… რომ ამის გაუსაძლისი სურვილი მქონდა… რომ არაფერს წავაგებდი… უფრო მეტიც, მე კი არა, ისინი დამეხმარებოდნენ ცხოვრების გაგრძელებაში, რადგან ჩემს სიმარტოვეს მარტოობა ემუქრებოდა, მე კი _ ყველაზე ფერადი ბედნიერება…

ნუთუ ფორტუნამ ყურებამდე გამიღიმა?.. «ნუთუ-ს» გარეშე…

დასასრული