მსახიობი სოფო გორელაშვილი მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის არაერთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობდა და თეატრის სცენაზეც თამაშობდა. როგორც თავად აღნიშნავს, მსახიობობა ყოველთვის უნდოდა:
"ჩემთვის არ იყო ერთი ცხოვრება საინტერესო, მინდოდა, ბევრი მეცხოვრა და ამისთვის მსახიობობა ყველაზე შესაფერისი პროფესია აღმოჩნდა. ოჯახის მოთხოვნით, თავიდან სხვაგან ჩავაბარე და ერთი წლის შემდეგ გადმოვედი თეატრალურში. გამიმართლა და როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მთავარ როლზე მოვხვდი რუსულ-უკრაინულ-ბელარუსულ პროექტში" - ამბობდა სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად ის ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და მისი პერსონაჟი სერიალში "სიყვარულს მიღმა" მაყურებლისთვის საყვარელი სახე გახდა. ამის შესახებ მან ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა:
„ანა საკმაოდ შეუყვარდა მაყურებელს, რადგან რეალობაა. ეს აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენს სოციუმში კაცებს მეტის უფლება აქვთ და მათ მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს. სერიალში სხვა პერსონაჟების არაერთი საქციელი იყო იმაზე მეტად გასაბრაზებელი და არასწორი, ვიდრე ანასი, მაგრამ ქალის ღალატი იმდენად ვერ მიიღო მაყურებელმა, რომ ყველაფერზე მწვავედ ეს აღიქვეს… ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ცუდი საქციელია, მაგრამ ზუსტად ასეთივე ცუდი საქციელია კაცის ღალატი. ღალატი ღალატია, სულ ერთია, ვისგან მოდის ის, მაგრამ ჩვენს რეალობაში კაცისას მტკივნეულად არ აღიქვამენ და არც ასეთი რეაქციებით ხვდებიან“, - ამბობს სოფო.
