უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში, დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა, სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.
ნუცა და უმცროსი ოტია ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, დაჩის მშობლები გახდნენ. ნუცა ცისკარიშვილი fortuna.ge-ს საკუთარ ძალიან საინტერესო ცხოვრებაზე ესაუბრება.
"ყველაფერი ბევრად მარტივია, როცა ოჯახთან ერთად აკეთებ. ერთმანეთს ვუდგავართ მხარში. ბავშვის მოვლაშიც მეხმარებიან მეუღლე და დედამთილ-მამამთილი და სხვა საქმეებშიც.
ოტია კომპლიმენტებით არასდროს გამოირჩევა. შეფარვით თუ მეუბნება ხოლმე რაღაცას. სიტყვების ნაცვლად, ძირითადად, საქმით გამოხატავს. მეც ასე მირჩევნია. ოტიას ვიდეოები ხან მოსწონს, ხან არ მოსწონს, ხან მეკამათება, ხან მთხოვს, მოდი, ეს არ გადაიღოო. ხან არ მაქცევს ყურადღებას, ვითომ საერთოდ არ იცის, რომ ვიღებ. ძირითადად, არ მოსწონს. ურჩევნია, ჩვენი სივრცე დარჩეს ჩვენად. ვცდილობ, ამ საქმიანობით ჩემი ოჯახის წევრები არ გავაღიზიანო" - ამბობს ნუცა fortuna.ge-სთან საუბრისას.