ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
ამჯერად ნანიკო „დილის ტალღასთან“ მამის მდგომარეობისა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ საუბრობს:
"ეს არის უცნაური დაავადება და არ გინდა, რომ დაიჯერო. უყურებ, როგორც ხდება შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა სხვა ადამიანი. პირველი, რაც მოდის შენგან, არის აგრესია. არ გინდა დაიჯერო, რომ რაღაც ხდება. სულ ცდილობ, დააჯერო, გაუმეორო, ახლიდან, როგორც ბავშვს გაკვეთილს ასწავლი. მერე ხვდები, რომ სულ ტყუილად ჩხუბობ, ტენი ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს გვიან გესმის.. იმ წუთისთვის, როცა ეს დაიწყო, არაფერი ვიცოდი. მისი ელემენტარული გულმავიწყობა ჩემთვის იყო ნორმალური, ერთ დღეს მივხვდი, რომ მორჩა. როცა მამას დიაგნოზმა დაიწყო გამწვავება, მას ვეჩხუბებოდი და ვუმტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო… ნელ-ნელა ვისწავლე, რომ სწორი კომუნიკაცია შესაძლებელია… რადგან ეს მანამდე არ ვიცოდი, მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე…“ - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.