მაშინ, როდესაც ისეთ ოჯახებზე ვსაუბრობთ, სადაც სიყვარული და ხელოვნება პირდაპირპროპორციული ცნებაა, შეუძლებელია, ყველასთვის კარგად ნაცნობი, დიასამიძეების ოჯახი არ გაგვახსენდეს.
ნიაზ დიასამიძე - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსია დიდი საგვარეულო ისტორიით. მისი მუსიკასთან ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან მალევე ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. კარიერაში მას არაერთი ფილმისთვის შეუქმნია საუნდტრეკები და ათობით საავტორო ნაწარმოების ავტორია. გარდა ამისა, ნიაზ დიასამიძე არის ცნობილი ფესტივალის, „არტ გენის“ თანადამაარსებელი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული მეუღლესთან, მსახიობ მაია გელოვანთან აკავშირებს. წყვილი 20 წელზე მეტია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. მათ ორი ვაჟი - თემურიკო და ანდრია ჰყავთ. "პირველად საერთო მეგობრის, არაჩვეულებრივი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ოჯახში შევხვდით. ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ შემდეგი 2 წელი ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ ისევ შევხვდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ნიაზი ჩემს სპექტაკლებს არასდროს ესწრება. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მოვიდა და, როცა ჩემი სცენაზე შესვლის დრო დადგა, დარბაზიდან გავიდა. გასვლის დროს თვალი მოვკარი, არც ვიცოდი, მოსული თუ იყო. უზომოდ ემოციურია, საკუთარ თავს ეკრანზე არ უყურებს. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მარტოა. მისი კარგად მესმის. არსებობს რაღაც სივრცე, რომელიც ჩემია, იქ აღარ იჭრება. მე მის ყველა კონცერტს ვესწრები, თამამად და ამაყად ვიტყვი, მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და გულშემატკივარი ვარ..." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი მაია გელოვანი.
„ნიაზი არის ჩემთვის ის ძალა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიარსებო და როგორ ვიყავი მანამდე. საკმაოდ დიდი ხანია, 23 წელია, ერთად ვართ და ჩემთვის ნიაზი ენერგიის, შემართების, სტაბილურობის განცდის და სიმშვიდის გარანტია. სიყვარულისთვის, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი…“ - ამბობს მაია გელოვანი.
დიასამიძეებს საფრანგეთთან მშობლიური ფესვები აკავშირებთ. ნიაზ დიასამიძის ბებია, მადლენი, ფრანგი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ბაბუა ლევილში დასახლდა და სწორედ იქ გაიცნო ფრანგი ქალი, რომელთან ერთადაც წლების შემდეგ ჩამოვიდა კიდეც საქართველოში. თუმცა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალბატონი მადლენი საფრანგეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლებიც წელიწადში რამდენიმე თვეს იქ ატარებდნენ.
ოჯახის კიდევ ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი - ჯაბა დიასამიძეა. ჯაბა ყოველთვის ელეგანტურ კაბებს ქმნის, მისი ჩვენებები მხატვრული ხასიათით, გემოვნებიანი მუსიკითა და საინტერესო ლოკაციით გამოირჩევა. ხელოვნების, მუსიკისა თუ მოდის განსაკუთრებლი ხედვით გაგება, თითქოს გენეტიკურ კოდად აქვს ოჯახის თითოეულ წამომადგენელს. მამის გზას გაყვა ნიაზის უფროსი ვაჟი თემურიკო დიასამიძეც. ახლა ის ლონდონში ცხოვრობს და ელექტრონული მუსიკის შესწავლოთაა დაკავებული.
„ჯერ დავიწყე დიჯეობით, შემდეგ კი ელექტრონულ მუსიკაში უფრო ღრმად შევედი. ხმის ინჟინერია არის სფერო, რომელიც მაინტერესებს. მუსიკას რომ აკეთებ, მას შემდეგ უნდა დამუშავება. ამისთვის მთელი პროცესი არსებობს. კონცერტის დროს როგორ უნდა გამართო ხმა, ამასაც სწავლობ. როცა ელექტრონულ მუსიკაზე ვსაუბრობ, პირველად დიჯეი და მძიმე ტექნო მუსიკა ახსენდებათ, მეც ასე ვფიქრობდი თავიდან, მაგრამ ელექტრონული მუსიკა იმხელა რაღაც გახდა და იმდენი რამ მოიცვა, ჯიმი ჰენდრიქსიც ჩემთვის ელექტრონულ მუსიკაში გადის… ასეთი სასწავლებელი საქართველოში არ არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივიღე აქ წამოსვლის გადაწყვეტილება, ისაა, რომ გავაღრმავო ცოდნა და უფრო მეტი რამ ვისწავლო…“
"ნიაზმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მუსიკით დაინტერესებაში. მინდა, ქართული ხალხური ინსტრუმენტები და ელექტრონული მუსიკა გავაერთიანო. გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ მუსიკოსი გამოვალ, მაგრამ ძალიან ვარ გატაცებული მუსიკით… მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა ქართულ ელექტრონულ მუსიკაში...“ - ამბობდა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ახალგაზრდა ხელოვანი.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ