ჰანაე მორი პირველი იაპონელი დიზაინერია, რომლის შემოქმედება ნიუ-იორკსა და პარიზში დიდი პოპულარობით სარგებლობდა - დიდი ხნით ადრე, სანამ დასავლური სამყარო კენზო ტაკადას, რეი კავაკუბოსა და იოჯი იამამოტოს გაიცნობდა.
ჰანაე მორი 1926 წელს, შიმანეს პრეფექტურაში დაიბადა. მამამისი ქირურგი იყო, დედა კი, როგორც ეს ჩვეულებრივი იყო საშუალო ფენის ადამიანებს შორის, დიასახლისი. თავად დიზაინერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მის მშობელს უყვარდათ ჩაცმა, რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ჰანაეს მომავალზე.
როდესაც გოგონა ათი წლის იყო, სასწავლებლად ტოკიოს საჯარო სკოლაში გაგზავნეს. სკოლის დამთავრების შემდეგ მორი ქრისტიან ქალთა უნივერსიტეტში, იაპონური ლიტერატურის სპეციალობით ჩაირიცხა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას სწავლა შეწყდა და დიპლომის აღება მხოლოდ 1947 წელს მოახერხა.
ომის შემდეგ, აშშ-ს ჯარების მიერ იაპონიის ოკუპაციის დროს, მორის ყურადღება ამერიკელი ჯარისკაცების ცოლების ჩაცმულობამ მიიქცია. გაოცებული იყო იმით, თუ რამდენად განსხვავდებოდა დასავლური მოდა იაპონური მოდისგან.
ჰანაემ გადაწყვიტა ტრენინგი გაევლო სამკერვალო სკოლაში. მანამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა დაქორწინდა, მისი რჩეული კენ მორი, ტექსტილის მრეწველის ვაჟი იყო. კენი ყველაფერში მხარს უჭერდა ცოლს - ფინანსურ საკითხებს აიღო პასუხისმგებლობა, ჰანაეს კი სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა. 1951 წელს მორიმ თავისი პირველი სტუდია-სახელოსნო გახსნა. იმავე წელს შეეძინა ვაჟი.
წყვილის ძალისხმევით, ტოკიოს პატარა ატელიე ბუტიკად გადაიქცა. ჰანაემ დაიწყო თანამშრომლობა რეჟისორებთან: ქმნიდა კინოს, თეატრისა და ოპერის კოსტიუმებს.
1961 წელს ჰანაე გაემგზავრა პარიზში. საფრანგეთში მან ცნობილი მოდის სახლების მონახულება დაიწყო. შეხვდა ჰუბერტ ჟივანშის, მარკ ბოჰანს (დიორი), პიერ კარდინსა და კოკო შანელს.
1965 წელს შედგა ჰანაეს ცნობილი შოუ "აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს" - თუმცა, იგი შედგა არა პარიზში, არამედ ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში. ჰანაეს შემოქმედება პროგრესული დასავლური სტილისა და ტრადიციული იაპონური მოტივების ნაზავი იყო. ჩვენებამ დიზაინერს დიდი პოპულარობა მოუტანა - მისი კაბები ამერიკული Vogue-ს გვერდებზე გამოჩნდა.
1975 წლისთვის ბრენდი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მონაკოს პრინცესა გრეის კელიმ ჰანაე მონაკოჩი ჩვენების გასამართად მიიწვია. შემდგომში გრეისი მორის ნამუშევრების ერთგული გულშემატკივარი გახდა.
2004 წელს დიზაინერმა პოდიუმზე თავისი ბოლო კოლექცია წარადგინა. დიზაინერი 2022 წელს, ტოკიოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.