"ერთი თვეა, რაც არ ყოფილა. "ქლაბერი" გოგოა, მოვა, ცოტა ხანს ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის" - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ყოფილ ცოლზე, ენი გასიევაზე საუბრისას, fortuna.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ზოგადად, მივხვდით, რომ სხვადასხვა ტიპი ვართ. სულ ვეუბნებოდი, რომ ბავშვებს სხვანაირად სჭირდებოდათ მოწესრიგება. ჩვენ შეიძლება სამი დღე არ ვიბანაოთ და ვიყოთ საგულაოდ, მაგრამ როცა ბავშვები გყავს, ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებ. არადა, თავიდან ამბობდა, მესამეც გავაჩინოთო. ჯერ ეს ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ ნელ-ნელა სახლიდან კლუბში რომ ვეღარ მიდიოდა, აღარ მოეწონა. არ მინდა, რამე ეწყინოს, მაგრამ ია ფარულავასთან რა თქვა? ბავშვები ჩემთან ვერ მიმყავს, რადგან დაქალთან ვცხოვრობ და მას ბავშვები არ უყვარსო. ჰგონია, რომ კარგი რამ თქვა…
ჯანმრთელობაზე ახლა არაფერია ცუდი. ცე ჰეპატიტი დამემართა მესამედ, მაგრამ მკურნალობის პროცესი უკვე თითქმის ბოლომდე მივიყვანე. წამალი, რომელსაც ამ დროს სვამ, სიგამხდრეს იწვევს და ხშირად მეკითხებოდნენ, რა მჭირდა. ერთს ვუპასუხე, ვიბრიდები-მეთქი, ხუმრობით და ამაზე ააგეს ჭორები… 8 თვის წინ, ნარკოლოგიურში რომ ვიწექი და ნარკოტიკებთან საბოლოოდ დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა, ანალიზები გამიკეთეს და მაშინ აღმომაჩნდა. ნარკოლოგიურიდან რომ გამოვედი, მაშინ მიმატოვა ცოლმა" - ამბობს ყიფშიძე fortuna.ge-სთან ინტერვიუში.
მანამდე გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი ენი გასოევა ია ფარულავას გადაცემას სტუმრობდა, სადაც მსახიობთან დაშორებისა და შვილებთან ურთიერთობის შესახებ თავადაც ისაუბრა:
"გიორგი შამანებთან ერთად სამდღიან რიტუალზე წავიდა. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ხოლმე და იტოვებს კოსმოს და წაიყვანა. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. ლელას ვეუბნები, გიორგის დედას, რომ ბავშვს დავაძინებ, რომ დაიძინებს, წავალ და დილით დავბრუნდები-მეთქი.
ყველა ჩემი მეგობარი იქ იყო და განტვირთვა მეც მჭირდება, რომ არ გავგიჟდე. ძალიან გვიანი იყო, ბავშვები დავაძინე და წავედი. როდესაც ჩამოვედი, მხვდება ასეთი ამბავი, გიორგის ეს-ემ-ესები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან გიორგიმაც სთორი დადო, რომ დავშორდით და საზოგადოებისგან მთელი შტურმი წამოვიდა.
ჩემოდანი მანამდეც ჩალაგებული მქონდა და ელოდებოდნენ, როდის წავიღებდი. სწორედ ეგ დღე იყო, როდესაც წამოვედი. დაშორებულები ვიყავით და გიორგიმ მითხრა, ბარგს თუ არ წაიღებ, გადაგიყრიო. რა თქმა უნდა, არაფერი არ გადაუყრია”, – ამბობდა ენი გასოევა.