მსახიობ ჯაბა კილაძესა და თამთა ჭელიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ჯაბა განსაკუთრებით პოპულარული სერიალიდან "შუა ქალაქში" გახდა, სადაც სანდროს როლს ასრულებდა. ის დღემდე აქტიურადაა დაკავებული საკუთარი პროფესიით და თეატრის სცენიდან მაყურებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჩუქნის. თამთა კი აქტიური მუსიკალური კარიერის შემდეგ ტელეეკრანებზე ხშირად აღარ ჩანს.
თამთასა და ჯაბას განქორწინებიდან 15 წელი გავიდა. მათ დაშორების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა თამთა ხშირად აღნიშნავდა, რომ ოჯახის დანგრევა რთულად გადაიტანა, რასაც თან ჩაკეტილობა და დეპრესიაც ახლდა. თამთა ჭელიძესა და ჯაბა კილაძეს ერთი გოგონა, უმშვენიერესი ლიზა ჰყავთ. ლიზა კილაძე, მშობლების მსგავსად, პატარა ასაკიდანვე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი. ლიზა ბავშვობიდანვე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და ძალები სამოდელო სფეროშიც მოსინჯა. მან მონაწილეობა არაერთ გადაღებაში მიიღო, მისი ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა.
ამჯერად თამთა ჭელიძემ საკუთარი ცხოვრების შესახებ ჟურნალ "სარკესთან " ისაუბრა:
"ჩემი ხასიათი შეიძლება გამოუცდელობის ბრალიც იყო, მქონდა შიშები და კომპლექსები, რომელთაგანაც ზოგი ბავშვობიდან მოდიოდა. ძალიან ფაქიზად ვიყავი გაზრდილი, ყველაფერი სუფთა და მშვენიერი მეჩვენებოდა. მერე შევეჩეხე სირთულეებს, ადამიანებს, რომლებმაც გული მატკინეს. ამის გადახარშვა გამიძნელდა. ძალიან ემოციური ვარ, გამოხატვა მიჭირს. ჩემი ემოციები უარყოფითად მიბრუნდებოდა და მე მტანჯავდა. ვისწავლე ემოციების მართვა, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. 5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია. ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან - სიყვარული, პატივისცემა, თანხვედრა ძირეულ საკითხებში. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს. ორივეს გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევხვდით და ოჯახი შევქმენით" - ამბობს თამთა ჭელიძე.
