„მთავარი საკუთარი გზის პოვნაა, რადგან სწორედ  საკუთარ თავთან საერთო ენის მოძიებას  შეუძლია ნამდვილად ბედნიერი გაგვხადოს” - თანამედროვე კინოს ლეგენდის, მერილ სტრიპის ცხოვრების გზა - Marao

„მთავარი საკუთარი გზის პოვნაა, რადგან სწორედ  საკუთარ თავთან საერთო ენის მოძიებას  შეუძლია ნამდვილად ბედნიერი გაგვხადოს” - თანამედროვე კინოს ლეგენდის, მერილ სტრიპის ცხოვრების გზა

2023-09-28 13:21:13+04:00

1949 წლის 22 ივნისს ნიუ ჯერსიში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი დაიბადა. ქალს, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად "თაობის საუკეთესო მსახიობად" მოიხსენიებენ, კარიერაში 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მერილი კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი დაუვიწყარი როლების გამო 32-ჯერ იყო "ოქროს გლობუსზე" წარდგენილი, ხოლო მსახიობებისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის, "ოსკარისთვის" -  22-ჯერ ნომინირებული. ბავშვობაში ის ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა და 12 წლიდან სიმღერის გაკვეთილებზეც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით იურისტის პროფესიის შესწავლა მოინდომა, მაგრამ, საბედნიეროდ, მერილმა გამოცდა ვერ ჩააბარა და გადაწყვიტა, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან.

ის ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მსახიობადაა ცნობილი. მოღვაწეობა თეატრში მას მერე დაიწყო, რაც ნიუ-იორკში ვასარის კერძო კოლეჯი დაამთავრა დრამის მიმართულებით.

გარდა ამისა, მაგისტრის ხარისხი აქვს იელის დრამის სკოლაში გამომსახველობითი ხელოვნების მიმართულებით. 26 წლისამ გადაწყვიტა კინოში ბედის ცდა, თუმცა პირველი მცდელობა უსიამოვნო იყო, როცა ''კინგ-კონგის'' კასტინგზე აღმოჩნდა. პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელსაც ეგონა, რომ გოგონას იტალიური არ ესმოდა, თქვა: ''რატომ გამომიგზავნე ეს ღორი? ეს ქალი იმდენად უშნოა''. ლაურენტისი გაოგნდა, როცა მსახიობმა აღუშფოთებლად, დახვეწილი იტალიურით უპასუხა: ''ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ''.

მისი "ოსკარზე" ნომინაციის რაოდენობა ნამდვილად რეკორდულია. მსახიობის 497-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოზე, მათ შორისაა: "ოქროს გლობუსი", "გრემი", "ტონი", კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტო", ხოლო ჯილდო 177-ზე აქვს მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ მერილ სტრიპი იმ ბედნიერ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც სიცოცხლეშივე აღიარეს, რაც, ჰო, ნამდვილად იშვიათობაა. სტრიპს მიღებული აქვს "ოსკარები" ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ 1979 წელს, „სოფის არჩევანი“ 1982 წელს და „რკინის ლედი“ 2011 წელს.

შესანიშნავი სამსახიობო ნიჭის გარდა, აღსანიშნავია მსახიობის დახვეწილი გემოვნება, ბევრისთვის ის ფილმთან, „ეშმაკს აცვია პრადასთან“ ასოცირდება.  

მისმა კარიერამ და დამოკიდებულებამ კი ჰოლივუდის აზროვნების შეცვლასაც კი შეუწყო ხელი. მისი ყოველი გამოსვლა, ადამიანებთან შეხვედრა თუ ღონისძიებებზე დასწრება ეთმობა მოწოდებას, რომ ადამიანებმა საკუთარ ოცნებებზე არასდროს თქვან უარი და სურვილების ასასრულებლად ყოველთვის იბრძოლონ. "არ მისცეთ ადამიანებს უფლება, ოცნებების ასრულებაში ხელი შეგიშალონ, მათ აზრს თქვენი უბედურების მიზეზად ნუ აქცევთ", - ამბობს მერილ სტრიპი. უკვე 40 წელზე მეტია, რაც მერილ სტრიპი ერთ მამაკაცზეა დაქორწინებული - მისი ქმარი მოქანდაკე დონ ჰამერია. მომავალი ქმარი ძმამ გააცნო. მომავალ ვარსკვლავს ბინა არ ჰქონდა ნიუ-იორკში და ჰამერმა თავისი სახელოსნო დაუთმო. წარმატებული კარიერის კვალდაკვალ, ბედნიერი პირადი ცხოვრებით ტკბება. სტრიპი 4 შვილის დედაა.

მერილი ამტკიცებს, რომ არასდროს ცდილობდა ყოფილიყო იდეალური. არც პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს აღიარებს. ახლაც კი, როცა, როგორც თავად ამბობს, ასაკში შევიდა. და მაინც, ის ხომ ახლაც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალია. ასევე არ უყვარს ძვირფასი ნივთები, მოდა, წვეულებები. მიუხედავად ამისა, იდელურად ითამაშა  გლამურული ჟურნალის მოდური რედაქტორის როლი, რომელიც ატარებს პრადას.

მიუხედავად იდელური ოჯახისა და შვილებისა, მისი სიყვარულთან პირველი შეჯახება ტრაგიკული აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც მერილი კინოსამყაროში თავს იმკვიდრებდა, არა მხოლოდ საოცნებო როლების თამაში დაიწყო, არამედ იპოვა ცხოვრების სიყვარული. 1975 წელს დაიწყო სპექტალის რეპეტიციები ნიუ-იორკში შექსპირის ფესტივალისთვის. გოგონამ მთავარი როლი შეასრულა, ხოლო მისი სასცენო პარტნიორი 40 წლის ჯონ კაზალი იყო. ის ცნობილი კინომსახიობი გახლდათ და მთელი მსოფლიო, როგორც ფრედო კორლეონეს, ისე იცნობდა ფილმიდან "ნათლია“. მსახიობებს შორის ნაპერწკალი მაშინვე გაჩნდა, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ სცენაზე. 

ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. მერილმა და ჯონმა მალე ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება ნიუ-იორკში. გარედან თითქოს ჩანდა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: გოგონა თეატრის დამწყები მსახიობი იყო, ჯონი კი - უკვე შემდგარი კინოვარსკვლავი. მერილ სტრიპი გარედან ძალიან სერიოზული ჩანდა, ჯონი კი ცოტა მორცხვი, მაგრამ გულისხმიერი. 14-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არც ერთს აწუხებდა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ურთიერთობაში კი მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება იყო. ჯონი მერილისთვის პირველი დიდი სიყვარული იყო. სამწუხაროდ, მათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა, ერთ-ერთი გამოკვლევის შემდგომ მამაკაცს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. სწორედ ამ დროს, მერილმა პირველად და უკანასკნელად გააკეთა რთული არჩევანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. გაფრინდა გადაღებებზე, ჯონი კი ნიუ-იორკში დარჩა. მსახიობი დიდი მონდომებით თამაშობდა, მაგრამ საყვარელ ადამიანზე ფიქრი თავს არ ანებებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მერილმა ძლივს იცნო ჯონი. ის უბრალოდ გამქრალი იყო. სტრიპი სულ ფიქრობდა, რომ ჯონი ამ დაავადებას მოერეოდა. სამი თვის განმავლობაში უვლიდა და ყველა ოცნება, გეგმა ერთ წამში გაქრა. "ყველაფერი კარგადაა, მერილ“, - ჯონმა თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია. ეს 1978 წლის 12 მარტს მოხდა.

"არასდროს შევხვედრივარ ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს, რომლებსაც ასე უყვარდათ და უერთგულებდნენ ერთმანეთს, როგორც ჯონი და მერილი. მისი სიყვარული ჯონისადმი უსაზღვრო იყო“, - იხსენებს რობერტ დე ნირო, რომელიც მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა ფილმში.

მას შემდეგ, მერილი დამნაშავედ გრძნობდა თავს, რომ უკანასკნელი პერიოდი ვერ გაატარა საყვარელ ადამიანთან. გოგონას დახმარება ძმამ შეძლო. შესთავაზა, რომ მისი მეგობრის, ახალგაზრდა მოქანდაკის, დონ ჰამერის ბინაში გადასულიყო. ის ევროპაში გაემგზავრა. მსახიობიც დათანხმდა შეთავაზებას. ერთ დღეს სტრიპი გადაღებებიდან დაბრუნდა და ბინაში სახლის მეპატრონე აღმოაჩინა. ჰამერი სახლში დაბრუნდა. მერილს ძალიან გაუკვირდა, თუმცა მალე დონის სახით ერთგული მეგობარი შეიძინა. "ჯონი არასდროს დამავიწყდება, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო. დონმა კი მაჩვენა, ეს როგორ უნდა გავაკეთო“, - იხსენებდა სტრიპი.მათ შორის გრძნობა არასდროს გამქრალა. წლებია  ერთად ცხოვრობენ და ოთხი შვილი ჰყავთ, ერთმანეთი კი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე 40 წლის წინ. მსახიობი იდელური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული მსოფლიო დონის მსახიობი და ,პარალელურად, გყავდეს მოსიყვარულე ოჯახი, ქმარი და შვილები.  

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ