ის რომ, ცნობილი ადამიანების შვილები მუდამ ყურადღების ეპიცენტრში არიან, სიახლეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. მედიაც მუდამ ყურადღებით ადევნებს თვალს მათ ცხოვრებას, კარიერასა თუ პირად ცხოვრებას.
მილანის მოდის კვირეული სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე სწორედ ცნობილი ოჯახის - კობი და ვანესა ბრაიანტების უფროსი ქალიშვილი, ნატალი გამოვიდა. „დიდი მადლობა, ვერსაჩე! ახლაც თავს სიზმარში ვგრძნობ. ძალიან დიდი პატივია და მადლიერი ვარ...“
პოდიუმზე ასევე ვიხილეთ, 90-იანების საკულტო მოდელის, ქეით მოსის ქალიშვილი, ლილა მოსი, რომელიც დედის გზას მიჰყვება და სხვადასხვა ბრენდის ჩვენებებსა თუ სარეკლამო კაპანიაში ხშირად ვხვდებით. მისი დებიუტი 2021 წლის „მიუ-მიუს“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას შედგა. ახლა კი კვლავ გამოჩნდა Vogue World-ის შოუზე ლონდონში.
კრისტი ტარლინგტონის ქალიშვილი, გრეის ბერნსი ასევე მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გრეისი პოდიუმზე ვიხილეთ. კრისტი ტარლინგტონის დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელება მან 19 წლის ასაკში დაიწყო, ის ასევე გამოვიდა „ვოგის“ მიერ ორგანიზებულ ჩვენებაზე ფლორენციაში.
ისევე, როგორც ქეით მოსის ქალიშვილი, ვინსენტ კასელისა და მონიკა ბელუჩის პირველი ქალიშვილიც სამოდელო სფეროშია. მილანის მოდის კვირეულზე "დოლჩე და გაბანას" შოუზე გამოვიდა დევა კასელიც. აღსანიშნავია, რომ "დოლჩე და გაბანას" კოლექციების ჩვენებაზე, შვილის მსგავსად, მონიკა ბელუჩიც საკმაოდ ხშირად გამოდიოდა და არაერთხელ ყოფილა ბრენდის სახეც. „დიახ, დევა კასელი და Dolce & Gabbana-ს კავშირი ნამდვილია, რადგან ის განასახიერებს მგძნობიარე და იდუმალ ახალგაზრდა მუზას“ - წერს იტალიური გამოცემა მონიკა ბელუჩის ქალიშვილზე.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ