ჟურნალ “Life”-ის 1943 წლის 19 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "Girl Pilots" (პილოტი გოგონები). სტატია ეძღვნებოდა ქალი მფრინავების მომზადების ახალ პროგრამას ტექსასის შტატში. ჟურნალის ყდას კი ერთ-ერთი სტაჟიორის, მისის სლეიდის ფოტო ამშვენებდა.
შირლი სლეიდი იყო ერთ-ერთი იმ 1 100 ქალიდან, რომლებიც ქალთა საჰაერო ძალებში მსახურებისთვის აარჩიეს. მას ჰქონდა B-26 და B-39 ტიპის ბომბდამშენის მართვის ცოდნა და გამოცდილება.
რატომ გახდა გოგო ჟურნალის ყდიდან განსაკუთრებით პოპულარული?
თუკი შირლი სლეიდის სახელსა და გვარს ინტერნეტში მოძებნით, ერთ-ერთი პირველი გამოსახულება, რომელსაც საძიებო სისტემა შემოგთავაზებთ, სწორედ ეს კადრია - გოგონა სიგარეტით. ეს ფოტო, რომელიც უკვე წლებია, ინტერნეტში ტიალებს როგორც WASP პილოტის, შირლი სლეიდის პორტრეტი, შესაძლოა სხვა ადამიანს ეკუთვნოდეს. სინამდვილეში, ფოტოზე გამოსახული ქალი არის კეისი დრაბლი, ქალი ლონდონიდან, რომელიც 2016 წელს, დიდ ბრიტანეთში, სურეიში, ბრუკლენდის მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ნიკ კლემენტსის ობიექტივში მოხვდა.
კეისი დრაბლიმ ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კადრში ნამდვილად თვითონაა, ფოტო კი ნიკ კლემენტს ეკუთვნის.
პილოტი შირლი სლეიდი გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს 79 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ კი კონგრესმა WASP-ის წევრი ქალები ოქროს მედლებით დააჯილდოვა.