მსოფლიო პოპ-ვარსკვლავმა ბრუნო მარსმა კონცერტი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გამართა. ბრუნო მარსი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი პიტერ გეინ ერნანდესია, 1985 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა. პატარა ასაკში ბრუნო სწორედ მამამ შეარქვა მეტსახელად. მუსიკოსების ოჯახში გაზრდილი ბრუნო, ბუნებრივია, ადრეულ ასაკში მიიყვანეს მუსიკაზე, ასაკის მატებასთან ერთად კი, მისი სიყვარული მუსიკისადმი იზრდებოდა. დღეს ის მთელ მსოფლიოში ცნობილია არაერთი წარმატებული ალბომითა და თავისი ცოცხალი შესრულებებით.
კონცერტი თბილისში კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სანახაობრივი კონცერტი ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა.
ქართველმა მსმენელმა ცოტა ხნის წინ მიხეილ მესხის სტადიონზე უკვე უმასპინძლა Imagine Dragons-ს და მოუთმენლად ელოდა ბრუნო მარსსაც, რასაც ბილეთების რეკორდულ დროში გაყიდვაც მოწმობს. დაუვიწყარ შოუს, ყველასთვის საყვარელ ჰიტებსა და შთამბეჭდავ შესრულებას თან პატარა სიურპრიზიც ახლდა - ბენდმა მოულოდნელად რევაზ ლაღიძის "თბილისო" შეასრულა და მსმენელს თბილისობის დღესასწაული ასე მიულოცა.
საქართველოს სპეციალურად ბრუნო მარსის მოსასმენად უამრავი ადამიანი ესტუმრა. კონცერტს არაერთი ცნობილი ქართველიც დაესწრო, მათ შორის იყვნენ: ეკა კახიანი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, მოდელი ქეთი ჟღენტი, ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი შვილთან ერთად, მსახიობები ნინუცა და რუსკა მაყაშვილები, მომღერალი თიკა ჯამბურია, ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, ალექსანდრა პაიჭაძე და სხვ. მათ კადრები დაუვიწყარი საღამოდან საკუთარ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს.






მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ